როგორ გახდა ქართველი ინოვატორი ახალი წლის ისტორიის ნაწილი - რა უნდა იცოდე ჯორჯ კობის შესახებ?

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დღეს ახალი წელი წარმოუდგენელია განათებული ნაძვის ხის გარეშე - ფერადი ნათურები, მბზინავი მინის სათამაშოები და უსაფრთხო ელექტრული დეკორაცია იმდენად ბუნებრივ კომპონენტად იქცა, რომ იშვიათად ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ და ვის მიერ შეიქმნა ეს ტრადიცია. ამ ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა ქართველი ემიგრანტი და ინოვატორი - გრიგოლ კობახიძეა, რომელიც ამერიკაში ჯორჯ კობის სახელით გახდა ცნობილი.

მისი გზა რაჭის პატარა სოფლიდან ამერიკული ინდუსტრიის ცენტრამდე არ არის მხოლოდ პირადი წარმატების ამბავი - ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ინოვატორულმა აზროვნებამ, იდეამ და დასახული მიზნისკენ სწრაფვამ ყოველდღიური კულტურა შეცვალოს.

ჯორჯ კობი, ადამიანი რომელმაც ახალი წელი გააფერადა

კობის სახელი ყველაზე ფართოდ დაკავშირებულია არა მხოლოდ ბიზნესთან, არამედ ახალი წლისა და შობის კულტურასთან.

იმ პერიოდში ნაძვის ხის დეკორაციად ხშირად იყენებდნენ სანთლებს, რაც ხანძრის მაღალი რისკის მატარებელი იყო. კობის ინოვაცია - ნაძვის ხის ფერადი მინის დეკორაციები და ქიმიური სითხით სავსე ელექტროსანთლები ე.წ Bubble Lamps, გახდა ის, რამაც ნამდვილი სანთლები შეცვალა.

ფერადი მინისგან დამზადებულ სხვადასხვა ფორმის სათამაშოებს "ორნამენტები" უწოდა. 12-14 ცალი სათამაშო შინდისფერ ყუთში იყო ჩაწყობილი, რომელსაც შეფუთვაზე ეწერა "კობი".

ასე გავრცელდა ამერიკაში ფრაზა "Christmas is Coby", რაც მიუთითებდა, რომ შობის ატრიბუტიკა კობის პროდუქტებთან ასოცირდებოდა.

ჯორჯ კობის მიერ წარმოებული შობის განათებები არ იყო მხოლოდ დეკორაცია - ისინი ნიშნავდა: უსაფრთხოების ზრდას, ელექტროენერგიის გამოყენების პოპულარიზაციას საყოფაცხოვრებო სივრცეში და ახალი წლის ვიზუალური კულტურის სტანდარტიზაციას. მისი პროდუქცია გავრცელდა არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ სხვა ქვეყნებშიც, რის შედეგადაც შობისა და ახალი წლის თანამედროვე ვიზუალი თანდათან გლობალურ ნორმად ჩამოყალიბდა.

მოდით, ერთად გადავხედოთ ჯორჯ კობის მიერ განვლილ გზას.

რაჭიდან ინდუსტრიულ სამყარომდე

ჯორჯ კობი 1883 წელს, რაჭაში, სოფელ თხმორში დაიბადა. წერა-კითხვა სოფლის მღვდელთან შეისწავლა, თუმცა ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა ხელსაქმისადმი ინტერესითა და ნიჭით. თავგადასავლების სიყვარულით შთაგონებული 10 წლის ასაკში სახლიდან გაიპარა და ბორჯომში, მის უფროს ძმასთან ჩავიდა, რომელიც იმ პერიოდში ახლად გახსნილ მინის ქარხანაში მუშაობდა. აქ გაეცნო ჯორჯ კობი მინის დამუშავების ტექნოლოგიას, დაეუფლა ქარხანაში არსებულ ყველა ტექნოლოგიას, სამეწარმეო პროცესებსა და ბიზნესის მართვას - ცოდნას, რომელმაც მისი მომავალი განსაზღვრა.

ამერიკა: რისკი და შანსი

ჯორჯ კობიმ ბორჯომიდან ნიუ-იორკამდე გრძელი გზა განვლო - ჯერ იყო თბილისი, შემდეგ პოლონეთი, გერმანია, ინგლისი და ბოლოს ამერიკა.

1909 წელს ჯორჯ კობი, მეუღლესთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა. ამ პერიოდში, ამერიკაში ბევრი ქართველი ცხოვრობდა, რომელთა ნაწილი ხელობით იყო დაკავებული და მეპურეობას ეწეოდა. სწორედ აქ დასაქმდა პირველად ჯორჯ კობი, რომელიც თავდაპირველად პურის ცხობით ირჩენდა თავს. შემდეგ მეუღლესთან ერთად დაიწყო მუშაობა "ჯენერალ ელექტრიკის" კომპანიაში.

ინოვაცია და ბიზნესი

გამომგონებელ-ანტრეპრენერობა პირდაპირ დაკავშირებულია ნოვატორულ ხედვასთან. რადგან უმთავრესი მისიაა გაბედო და შექმნა ის, რაც აქამდე არავინ გამოსვლია.

ჯორჯ კობი მუშაობდა ავტომატური საწერი კალმის გაუმჯობესებაზე - მისმა გამოგონებამ რამდენიმე პატენტი მოიპოვა.

ჯორჯ კობის აღმოჩენები არა მხოლოდ ტექნიკურ პროგრესს ემსახურებოდა, არამედ რეალურ პრობლემებს აგვარებდა და მთლიანად ცვლიდა წარმოების სტანდარტებს.

ამის ნათელი მაგალითია ამპულის მინის ჩამოსხმის უნიკალური ფორმულა, რამაც მედიცინაში სრულიად ახალი სტანდარტები დაამკვიდრა. აღსანიშნავია, რომ მანამდე არ არსებობდა მეთოდი, რომელიც ფლაკონში ჰაერის შეპარვას გამორიცხავდა.

აღსანიშნავია, რომ მისი გამოგონებები 60-ზე მეტი პატენტის მფლობელია.

მრეწველობა, როგორც ხელოვნება

1919 წელს ჯორჯ კობიმ დააარსა Coby Glass Products Company - საწარმო, რომელიც 45 დასახელების პროდუქციას უშვებდა, მათ შორის იყო როგორც სამედიცინო, ქიმიური, ლაბორატორიული დანიშნულების, ასევე ფანჯრის მინები, გასატიხრი მინები და სხვა.

თუმცა, ჯორჯ კობის სამრეწველო ხედვა და ტექნოლოგიური შესაძლებლობები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენდა მაშინ, როდესაც საქმე დიზაინსა და ხარისხის უმაღლეს სტანდარტებს ეხებოდა. სწორედ ამ მოტივით დაიწყო თანამშრომლობა ქართველ არისტოკრატთან და პარფიუმერთან გიორგი მაჩაბელთან.

მაჩაბლის მიერ დაარსებული სუნამოების ბრენდი Prince Matchabeli გამორჩეულ შეფუთვასა და ვიზუალურ იდენტობას ითხოვდა. ხოლო ჯორჯ კობის ქარხნებში დამზადებული ფლაკონები გამოირჩეოდა სისუფთავით, ფორმის სიზუსტითა და სინათლის განსაკუთრებული გარდატეხით. მისი შექმნილია "საქართველოს დედოფლის" სუნამოს ფლაკონი, რომელმაც ბრენდის წარმატება განსაზღვრა.

ორი ქართველი ემიგრანტის თანამშრომლობა ამერიკაში არა მხოლოდ ბიზნეს პარტნიორობის მაგალითი გახდა, არამედ კულტურული თანადგომის სიმბოლოც. ჯორჯ კობის ტექნოლოგიამ და გიორგი მაჩაბლის ესთეტიკურმა ხედვამ ერთობლივად შექმნა პროდუქტი, რომელმაც ამერიკულ ბაზარზე ქართული სახელის ხარისხთან და დახვეწილ გემოვნებასთან ასოცირება გაამყარა.

ინოვაცია, რომელმაც ცათამბჯენები ააგო

ამერიკის სამშენებლო განვითარებაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის ჯორჯ კობის "ქართველი მეფე" შეარქვეს. კერძოდ, ფლორიდაში ყოფნისას, კობი მიხვდა, რომ ტროპიკულ, ტენიან ჰავას ვერც აგური უძლებდა და ვერც ხე. მეტიც, ყველაფერი ძალიან მალე ფუჭდებოდა და ხელახლა გასაკეთებელი ხდებოდა.

რამდენიმე წელიწადში გამოიგონა ცემენტი, რომელიც ტენს უძლებდა. ასევე აგურის შედგენილობაშიც მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა. შექმნა მინა-ბლოკი, რომელიც შენობის გარედან მოსაპირკეთებლად იყო განსაზღვრული და მზის შუქს ირეკლავდა. ამ გამოგონებებმა ამერიკის მრეწველობაში გადატრიალება მოახდინა და მოგვიანებით 30-იან წლებში, პირველი ცათამბჯენების, მათ შორის Empire State Building-ის აშენებისას, ფართოდ დაინერგა.

კავშირი სამშობლოსთან

მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება ამერიკაში გაატარა, ჯორჯ კობი საკუთარ თავს ქართველად მიიჩნევდა. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ის ფინანსურად ეხმარებოდა საკუთარ სოფელს და ინტერესდებოდა საქართველოს განვითარებით. მისი ბიოგრაფია დღეს ქართული ემიგრაციის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მაგალითად ითვლება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი