Cyber Monday Sale! 50% Off All Access

როგორ იქმნებოდა დასაქმების ევროპული სტანდარტი პროკრედიტში - ბანკი ოპერირების 25 წელს აჯამებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

25 წლის წინ პროკრედიტმა საქართველოში შემოიტანა ბიზნესის მართვის ახალი ხედვა და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული კორპორაციული კულტურა, რაც თანამშრომლის ინდივიდუალური როლის სწორად განსაზღვრასა და და მის განვითარებაზე ზრუნვას ნიშნავს. როგორც დაფუძნების დღეს, ისე ახლა, კომპანია აღნიშნული ღირებულებების ერთგული რჩება და სჯერა, რომ თანამშრომლებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნა წარმატების მთავარი ქვაკუთხედია.

პროკრედიტი თავისი კორპორაციული კულტურით, ღია და გამჭვირვალე კომუნიკაციაზე დაფუძნებული სტრუქტურითა და მკაფიოდ განსაზღვრული ხედვებით უკვე 25 წელია, საქართველოში ევროპულ მიდგომებს ნერგავს. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, თითოეული თანამშრომელი თავისი პოზიციისთვის საჭირო უნარით იყოს აღჭურვილი, ამისათვის მათ დამსახურების შესაბამისად ეძლევათ შესაძლებლობა, კვალიფიკაცია აიმაღლონ მენეჯმენტისა და ბანკირების აკადემიებში, რომელიც ფრანკფურტში მდებარეობს.

როგორც აღნიშნული პროგრამების უპირატესობებზე, ისე კომპანიის სხვა მნიშვნელოვან პროექტებზე, კორპორაციულ კულტურასა და ღირებულებებზე დეტალურად საუბრობს პროკრედიტის ადამიანური რესურსების განყოფილების ხელმძღვანელი - ხატია ქირია:

პროკრედიტი საქართველოში 1999 წლიდან ოპერირებს და ერთ-ერთი პირველია იმ კომპანიებს შორის, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის მართვის ევროპული მიდგომები შემოიტანა. საინტერესოა, როგორ დანერგეთ ქართულ წარმომადგენლობაში საერთაშორისო ჯგუფის კორპორაციული კულტურა?

პროკრედიტთან ჩემი 17-წლიანი თანამშრომლობა საშუალებას მაძლევს, რეტროსპექტიულად შევაფასო კომპანიის საქმიანობა კორპორაციული კულტურის განვითარების კუთხით. პროკრედიტს ყოველთვის ჰქონდა თანმიმდევრული ხედვა, რომლის თანახმადაც თანამშრომელი ყველაზე ღირებული აქტივია და ბიზნესის განვითარებასა და წარმატებაში მთავარ როლს ასრულებს, შესაბამისად, მის განვითარებაში ინვესტიციის განხორციელება დაფუძნებიდანვე მნიშვნელოვანი იყო. დღეს თუ კომპანიებში ეს ბუნებრივ მიდგომად მიიჩნევა, 90-იანების ბოლოს საქართველოს დასაქმების ბაზრისთვის სიახლეს წარმოადგენდა.

25 წელია, პროკრედიტი პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული და თანამშრომლობაზე დაფუძნებული გარემოს შექმნაზე ზრუნავს. ჩვენი მიდგომა ასეთია: ინდივიდუალურად ვეცნობით თანამშრომელთა საჭიროებებს, ვზრუნავთ მათ ორგანიზაციაში ინტეგრაციასა და თავიანთი როლისა და მნიშვნელობის გაცნობიერებაზე კომპანიაში. ვცდილობთ დავნერგოთ მიდგომები, რომელიც თანამშრომლებს პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაში დაეხმარება. ასევე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ მათ, სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის პოვნაში და მუდმივად ძიებაში ვართ, აღნიშნული მიმართულებით დამატებით რა სიახლეების დანერგვა შეგვიძლია.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც 90-იანები წლების ბოლოს პროკრედიტმა დასაქმების ბაზარზე გააკეთა, იყო ის, რომ პრაქტიკულად ღია გვქონდა კარი ბიზნესსა და საბანკო საქმიანობაში ნულოვანი გამოცდილების მქონე პირებისთვის, რომელთაც ახალი ცოდნის მიღების მზაობა ჰქონდათ. თუ ჩვენსა და კადრს შორის იყო მთავარი გადაკვეთის წერტილი - განვითარებისკენ სწრაფვა, მაშინ ეს თანხვედრა საშუალებას გვაძლევდა, ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი შეგვეთავაზებინა მისთვის. ამასთან, თანამშრომლის მრავალფეროვანი გამოცდილება სხვა სფეროებში ჩვენთვის ყოველთვის საინტერესო იყო, რადგან ეს მას შესაძლებლობას აძლევდა, უკეთესი გადაწყვეტილებებისა და გამოსავლებისთვის მიეგნო.

25 წლის თავზეც პროკრედიტის კორპორაციული კულტურა დაფუძნებულია ღია და გამჭვირვალე კომუნიკაციაზე, მაღალ ეთიკურ და პროფესიულ სტანდარტებზე, თანამშრომლების განვითარებასა და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნაზე.

რამდენად მნიშვნელოვანი იყო 90-იანი წლების ბოლოს ასეთი მიდგომებისა და სტანდარტების დანერგვა ქართულ დასაქმების ბაზარზე?

ვიტყოდი, რომ სწორედ პროკრედიტმა შემოიტანა და დაამკვიდრა უწყვეტი განვითარების კულტურა, ასევე, მაღალი პროფესიული და ეთიკური სტანდარტები როგორც ორგანიზაციის შიგნით, ისე მის გარეთ.

ბანკში ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო უკუკავშირის კულტურა, რათა თანამშრომლებს სწორი და მკაფიო წარმოდგენა ჰქონოდათ, სად იდგნენ განვითარების კუთხით, როგორი იყო მათი როლი ორგანიზაციაში და თავადაც გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები კომპანიაში მიმდინარე პროცესებსა და თავიანთი საქმიანობის შესახებ. ეს იყო ღია დიალოგი დასაქმებულსა და მის უშუალო ხელმძღვანელს შორის, რომელიც შემდეგ ტოპ-მენეჯმენტის დონეზეც გრძელდებოდა.

ღიაობა, გამჭვირვალობა, დისკუსია გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, მკაფიოობა და ღირებულებების თანხვედრა საშუალებას გვაძლევდა, თანამშრომლებს დაენახათ თავიანთი პროგრესი და უკეთ განესაზღვრათ საკუთარი როლი კომპანიაში. ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის დასაქმების ბაზარზე აღნიშნული ტენდენციების დანერგვა მნიშვნელოვანი მიღწევა იყო.

უფრო დეტალურად, დღეს რას სთავაზობს პროკრედიტი თითოეულ თანამშრომელს ან პოტენციურ კადრს? რა პროექტებს ახორციელებთ მათი პროფესიული განვითარებისთვის?

ჩვენ გვაქვს უნიკალური პროგრამები, რომელიც განვითარების შესაძლებლობას აძლევს როგორც გამოცდილ თანამშრომლებს, ისე ახალგაზრდებს, რომლებიც მხოლოდ ახლა იწყებენ თავიანთი ინტერესების პროფესიად გარდაქმნას.

პროკრედიტს აქვს Onboarding პროგრამა, რომელიც ღიაა ყველა მსურველისთვის, იმისდა მიუხედავად, აქვთ თუ არა მათ საბანკო სფეროში გამოცდილება. პროგრამის მიზანია ახალი თანამშრომლების მომზადება და ორგანიზაციაში ინტეგრაცია, რისი მნიშვნელოვანი ნაწილიც არის პროკრედიტის საქმიანობის სიღრმისეულად გაცნობა მათთვის.

ეს არის უნიკალური შესაძლებლობა მონაწილეებისთვის, მულტიკულტურულ გარემოში გაეცნონ ბანკის საქმიანობასა და ხედვებს. პროექტის შესახებ ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზეა განთავსებული და განაცხადის შევსება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

Onboarding პროგრამა შედგება როგორც ონლაინ სესიებისგან, ისე ფიზიკური შეხვედრებისგან, რომელსაც ჯგუფის წარმომადგენლობა სერბეთში მასპინძლობს. მისი ხანგრძლივობა 6 თვეა, რომლის განმავლობაშიც მონაწილეები იღებენ თეორიულ ცოდნას და ასრულებენ პრაქტიკულ დავალებებს. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის მხოლოდ საგანმანათლებლო პროგრამა, არამედ არის ერთგვარი შესაძლებლობა იმ თანამშრომლების შესაძენად, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ კომპანიის წარმატებით ოპერირებაში.

როგორც აღვნიშნე, პროკრედიტ ჯგუფი თანამშრომლების უწყვეტ განვითარებაზე ზრუნავს, რისი მნიშვნელოვანი ნაწილიც არის მენეჯმენტისა და ბანკირების აკადემია, სადაც სწავლის შესაძლებლობა ეძლევათ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ თანამშრომლებს. აქაც მულტიკულტურული გარემოა შექმნილი, რადგან სწავლება ფრანკფურტში მიმდინარეობს და მასში მონაწილეობენ ჯგუფში შემავალი სხვადასხვა ბანკის თანამშრომლები. ეს პროგრამას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის, რადგან ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაზე დაფუძნებული სწავლება აკადემიის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია.

რას ნიშნავს პროკრედიტისთვის წამახალისებელი სამუშაო გარემოს შექმნა?

მამოტივირებელი გარემოს შესაქმნელად კომპანია საუკეთესო ევროპულ გამოცდილებას ნერგავს, რაც უწყვეტი პროცესია. ღია კომუნიკაცია და დისკუსია, ასევე კონსტრუქციული კრიტიკული აზროვნება ჩვენი კორპორაციული კულტურის მთავარ გასაღებს წარმოადგენს.

პროკრედიტისთვის მნიშვნელოვანია, თანამშრომელმა სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის პოვნა შეძლოს, რაც მის განწყობასა და შესრულებულ სამუშაოზე პირდაპირ აისახება. სწორედ ამიტომ, ერთ-ერთი პირველები ვიყავით ჩვენ, ვინც თანამშრომლებს შესაძლებლობა მისცა, კვირაში ერთი სამუშაო დღე დისტანციურ რეჟიმზე გადასულიყვნენ ან თვეში ერთი კვირა ემუშავათ სხვა ადგილიდან, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ყველა სტანდარტის დაცვით, რადგან საბანკო სერვისებზეა საუბარი. ასევე დავნერგეთ მოქნილი სამუშაო გრაფიკიც, რაც დღის უფრო ეფექტიანად დაგეგმვის საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, შევქმენით თანამშრომლის ყოველდღიური საბაზისო ხარჯების სუბსიდირების პროგრამა, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობასაც მოიცავს.

მიგვაჩნია, რომ თანამშრომლების ერთმანეთთან ინტეგრაცია არაფორმალურ გარემოშიც მნიშვნელოვანია, ამიტომ გვაქვს პროგრამა, რომელიც გუნდების მიერ შერჩეული ღონისძიებისა თუ გასვლითი აქტივობების დაფინანსებასა და ხელშეწყობას ითვალისწინებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი კადრების ჰარმონიული ინტეგრაციისთვის.

საინტერესოა, როგორ აისახება ბანკის კორპორაციული კულტურა მომხმარებლებზე და როგორ უკუკავშირს იღებთ მათგან?

პროკრედიტს ოპერირების 25 წლის განმავლობაში მომხმარებლისგან აქვს დიდი ნდობა, რაც სწორ კომუნიკაციას, მათზე მორგებული პროდუქტების შეთავაზებასა და ხარისხიან მომსახურებას ეფუძნება. აღნიშნული ნდობა, რა თქმა უნდა, კომპანიის საერთაშორისო, მათ შორის ევროპულ გამოცდილებაც განაპირობებს. ჩვენი ეთიკური მიდგომები და თანამშრომლების მაღალი პროფესიონალიზმი ქმნის ხარისხიან სერვისს და უზრუნველყოფს ღია კომუნიკაციას მომხმარებელთან, რაც მათ კმაყოფილებაში გამოიხატება.

რა გამოწვევების წინაშეა პროკრედიტი და თანამშრომლების განვითარების ხელშეწყობისთვის რა სიახლეების დანერგვას გეგმავთ?

ჩვენი თანამშრომლებისთვის კომფორტული გარემოს შექმნა მუდმივი პროცესია, შესაბამისად, ვაგრძელებთ როგორც არსებულ პროგრამებს, ისე ვმუშაობთ სიახლეებზეც.

პროკრედიტი 25-წლიან იუბილეს მნიშვნელოვანი სამომავლო გეგმებით ხვდება: კომპანია აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას, იწყებს მიკრო ბიზნესის კიდევ უფრო აქტიურად ხელშეწყობას და გეგმავს, მნიშვნელოვნად გაზარდოს პორტფელი საცალო გაყიდვების მიმართულებით. შესაბამისად, წლის ბოლოსთვის დაახლოებით მესამედით მოიმატებს თანამშრომელთა რაოდენობა, რაც ადამიანური რესურსების მართვის კუთხით მართლაც გამოწვევაა და ჩვენი მიზანია, მას სწორი შემხვედრი ნაბიჯებით ვუპასუხოთ. კერძოდ, ჩვენი პროგრამებითა და მიდგომებით შევძლოთ ახალი კადრების ინტეგრაცია კომპანიის კორპორაციულ კულტურასთან და დავეხმაროთ ისეთი უნარების შეძენაში, რაც მათ მიერ შესრულებულ სამუშაოს უფრო ეფექტიანს გახდის.

ინვესტიციის ჩადება თანამშრომლებში, კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნა მათთვის და იმ კორპორაციული ხედვებისა და კულტურის კიდევ უფრო განვითარება, რაც აქამდე ჰქონდა ბანკს - ეს არის პროკრედიტის ამოცანები ადამიანური რესურსების მართვის კუთხით და მის შესასრულებლად კიდევ უფრო მეტს ვიმუშავებთ.

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

სიახლეები

ოქროს შუალედი

ქვეყნად რამდენი ადამიანიცაა, იმდენი რეცეპტი არსებობს წარმატების, ბედნიერებისა და შთაგონების