როგორ ცვლის Collab.ge ინფლუენსერ მარკეტინგის თამაშის წესებს საქართველოში
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველოში ინფლუენსერ მარკეტინგი სწრაფად ვითარდება, თუმცა სფერო ჯერ კიდევ არაერთი გამოწვევის წინაშეა - არაორგანიზებული პროცესები, არასტრუქტურირებული კომუნიკაცია და მონაცემების დეფიციტი ხშირად კომპანიებს ინტუიციაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას აიძულებს. სწორედ ამ პრობლემების საპასუხოდ შეიქმნა Collab.ge - პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს ბაზარზე წესების შეცვლასა და ინფლუენსერ მარკეტინგის სისტემურ ჩარჩოში მოქცევას.
Collab.ge-ს დამფუძნებლის, კონსტანტინე ჟორჟოლიანის თქმით, კომპანიები ხშირად რისკავენ, როდესაც ინფლუენსერებთან სხვადასხვა ჩათების მეშვეობით, ყოველგვარი გარანტიისა და ზუსტი მონაცემების გარეშე თანამშრომლობენ.
"ჩვენი პლატფორმა ამ რისკებს მინიმუმამდე ამცირებს და კომპანიებს აძლევს რეალურ სტატისტიკას, რათა მათ ინტუიციის ნაცვლად ფაქტებზე დაყრდნობით მიიღონ გადაწყვეტილებები", - ამბობს ის.
იდეის წარმოშობა
კონსტანტინე ჟორჟოლიანი აღნიშნავს, რომ იდეა პირადი გამოცდილებიდან წამოვიდა.
"როდესაც შესაბამისი ინფლუენსერის პოვნას ვცდილობდი, პირადად დავინახე თუ რამდენად რთული და არაეფექტური იყო ეს პროცესი. ძებნა სხვადასხვა სოციალური ქსელის ჯგუფებსა თუ საძიებო სისტემებში დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვდა. სწორედ ამან გააჩინა ინსპირაცია შემექმნა პლატფორმა, რომელიც კომპანიას ამ გზის გავლას გაუმარტივებდა და ერთიან სივრცეში მოაქცევდა ყველა საჭირო რესურსს", - ამბობს ის.
კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ მთავარი გამოწვევა სისტემური მიდგომის ნაკლებობაა, რის გამოც კომპანიებს უწევთ გადაწყვეტილებების ინტუიციით მიღება. მისი თქმით, ბაზარზე არ არსებობს ერთიანი სივრცე, სადაც კომპანია მარტივად შეძლებს მის საჭიროებებზე მორგებული კრეატორის პოვნას, რაც ართულებს მარკეტინგული მიზნების მიღწევას.
"Collab.ge-ს გამოჩენით ქართულ ბაზარზე მკვიდრდება ახალი სტანდარტი, რომელიც ურთიერთობებს უფრო სისტემურს ხდის. ნაცვლად გაფანტული კომუნიკაციისა, კომპანიებს ეძლევათ საშუალება, მთელი სამუშაო პროცესი ერთ სივრცეში მოაქციონ. პლატფორმის შიგნით კამპანიების განთავსება და შეკვეთების წარმოება პროცესს ხდის გამჭვირვალეს და პროგნოზირებადს. ეს ცვლილება კომპანიებს ეხმარება დროის ეფექტურ დაზოგვასა და მარკეტინგული კამპანიების უკეთეს კონტროლში", - ამბობს კონსტანტინე ჟორჟოლიანი.

კამპანიების მართვა ერთიან სივრცეში
პლატფორმა კომპანიას აძლევს სტრუქტურას, რომელიც მანამდე ბაზარზე არ არსებობდა. კონსტანტინე ჟორჟოლიანი ამბობს, რომ დაგეგმვის ეტაპზე კომპანია ერთ სივრცეში ხედავს ყველა ხელმისაწვდომ რესურსს, რაც გამორიცხავს გაურკვევლობას და არასწორი კანდიდატის შერჩევის რისკს.
"მართვის პროცესში კი Collab.ge მოქმედებს როგორც ცენტრალური ჰაბი, სადაც ნებისმიერი დეტალი ან შეთანხმება ფიქსირდება. ეს კომპანიას საშუალებას აძლევს, თითოეულ კამპანიას მიუდგეს როგორც გათვლილ ბიზნეს პროცესს და არა როგორც სპონტანურ აქტივობას, რაც საბოლოოდ რესურსების ოპტიმიზაციას და უკეთეს შედეგებს უზრუნველყოფს", - აღნიშნავს ის.
ინფლუენსერული კამპანიის განხორციელების პროცესი ორ ძირითად მიდგომას ეფუძნება. პირველი გზა კამპანიის საჯაროდ განთავსებაა, სადაც კომპანია აქვეყნებს თავის მოთხოვნებს, ხოლო დაინტერესებული ინფლუენსერები თავად გამოხატავენ მზაობას თანამშრომლობაზე. კომპანია ამის შემდეგ აანალიზებს კანდიდატებს და ირჩევს მისთვის ყველაზე შესაფერის პირს. მეორე გზა კი არის პირდაპირი ძიების ფუნქცია, რომლის საშუალებითაც კომპანიას შეუძლია ფილტრების გამოყენებით თავად იპოვოს სასურველი ინფლუენსერი და გაუგზავნოს პირდაპირი შეკვეთა. Collab.ge-ს დამფუძნებლის თქმით, ეს მოდელი კომპანიას აძლევს სრულ თავისუფლებას, თავად მართოს შერჩევის პროცესი და დროის მინიმალურ მონაკვეთში დაიწყოს თანამშრომლობა.
"ინფლუენსერების შერჩევა ხდება დეტალური ფილტრაციის სისტემით, რომელიც კომპანიას საშუალებას აძლევს კანდიდატები რამდენიმე პარამეტრით დაახარისხოს. სისტემა ითვალისწინებს ისეთ მონაცემებს, როგორიცაა სოციალური პლატფორმა, კატეგორია, კონტენტის ტიპი, გამომწერების რაოდენობა, ლოკაცია და ფასი. ასევე შესაძლებელია შერჩევა სქესის, ასაკის, ეთნიკურობისა და ენის მიხედვით. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს იმას, რომ კომპანიამ იპოვოს ზუსტად ის კრეატორი, რომელიც მის სამიზნე აუდიტორიას და ბიუჯეტს საუკეთესოდ შეესაბამება", - აღნიშნავს ის.
მონაცემები, ავტომატიზაცია და ეფექტურობა
კომპანიის დამფუძნებელი ხაზს უსვამს, რომ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ინტუიციას რეალური სტატისტიკით ანაცვლებს, რაც გადამწყვეტია ბიზნეს რისკების შესამცირებლად. პლატფორმა კომპანიებს აწვდის ზუსტ ინფორმაციას აუდიტორიის დემოგრაფიის, ჩართულობისა და აქტივობის შესახებ. ეს უზრუნველყოფს კამპანიის პროგნოზირებადობას და ბიუჯეტის ოპტიმალურ განაწილებას, რათა ინვესტიცია მხოლოდ მიზნობრივ და შედეგზე ორიენტირებულ კრეატორებში ჩაიდოს.
"Collab.ge შედეგების გაზომვას სრულად ავტომატიზებულს ხდის, რაც გამორიცხავს მონაცემების ხელით შეგროვების აუცილებლობას. პლატფორმა რეალურ დროში აგენერირებს სტატისტიკას თითოეული პოსტისა თუ ისტორიის გარშემო, რაც მოიცავს ნახვებს, ჩართულობას და სხვა მნიშვნელოვან მეტრიკებს. ეს კომპანიას აძლევს საშუალებას, დაუყოვნებლივ დაინახოს კამპანიის ეფექტურობა სუბიექტური შეფასებებისა და სტატისტიკის სქრინშოტების გარეშე, რაც პროცესს სრულად გამჭვირვალეს ხდის", - ამბობს კონსტანტინე ჟორჟოლიანი.
ის ასევე აღნიშნავს, რომ Collab.ge-ზე ტექნოლოგია მთელ რთულ და დამღლელ საქმეს თავის თავზე იღებს, რაც ბიზნესს საშუალებას აძლევს ინტუიცია ზუსტი ციფრებით ჩაანაცვლოს.
"ნაცვლად იმისა, რომ საათობით ითვალოთ მონაცემები ან ინფლუენსერებს სტატისტიკის სურათები სთხოვოთ, სისტემა ამას წამებში აკეთებს და ავტომატურად გაჩვენებთ, რეალურად რამდენი ადამიანი დაინტერესდა თქვენი რეკლამით. პლატფორმა პროცესს მაქსიმალურად მოქნილს ხდის: თქვენ შეგიძლიათ არა მხოლოდ კამპანიების წარმოება, არამედ ინფლუენსერების მზა შეთავაზებების (listing-ების) დათვალიერება და პირდაპირი შეკვეთის გაფორმება, ან თუნდაც სრულიად ინდივიდუალური პირობების (custom order) შეთანხმება. ეს ყველაფერი ხდება ერთიან სივრცეში, სადაც ყველა პირობა და დავალება წინასწარ არის გაწერილი, რაც გამორიცხავს უსასრულო მიმოწერებსა და ადამიანურ შეცდომებს. საბოლოო ჯამში, ავტომატიზაცია მარკეტინგს ხდის მარტივს, გამჭვირვალეს და ეყრდნობა მხოლოდ რეალურ შედეგებს", - ამბობს ის.
ახალი ეკოსისტემა და ბაზრის მომავალი
აღსანიშნავია, რომ Collab.ge ინფლუენსერებს სთავაზობს პროფესიულ გარემოს, სადაც მათი საქმიანობა უფრო ორგანიზებული და შემოსავლიანი ხდება. პლატფორმა მათ აძლევს პირდაპირ წვდომას აქტიურ კამპანიებზე, რაც გამორიცხავს დამკვეთების დამოუკიდებლად ძიების საჭიროებას და ზრდის მათ ხილვადობას ბიზნეს სექტორში. სისტემაში არსებული ფილტრების წყალობით, კრეატორები ხვდებიან იმ კომპანიების თვალსაწიერში, რომლებიც ზუსტად მათნაირ აუდიტორიას ეძებენ.
"გარდა ამისა, პლატფორმა უზრუნველყოფს დაცულ კომუნიკაციას, სადაც ყველა პირობა და ტექნიკური დავალება წინასწარ არის გაწერილი, ხოლო ავტომატიზებული რეპორტინგი ინფლუენსერებს სტატისტიკის ხელით გაგზავნის დამღლელი პროცესისგან ათავისუფლებს. საბოლოო ჯამში, წარმატებული კამპანიები და პლატფორმაზე დაგროვებული დადებითი შეფასებები ეხმარება მათ პროფესიული რეპუტაციის განმტკიცებასა და ახალი, მასშტაბური შეკვეთების მიღებაში", - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
ის ასევე აღნიშნავს, რომ Collab.ge წარმოადგენს ორმხრივ ეკოსისტემას, რომელიც ორივე მხარის ინტერესებს თანაბრად ითვალისწინებს, რადგან ერთი მხარის წარმატება პირდაპირ დამოკიდებულია მეორეზე. ბიზნესისთვის პლატფორმა არის ეფექტური მართვისა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების ინსტრუმენტი, რაც მათ მარკეტინგულ რისკებს მინიმუმამდე ამცირებს. ინფლუენსერებისთვის კი ეს არის პროფესიული სივრცე, სადაც მათ ეძლევათ სტაბილური წვდომა ქართულ ბიზნეს სექტორთან და დაცული სამუშაო გარემო.

"Collab.ge იდეალურია ქართულ ბაზარზე მოქმედი ნებისმიერი ბიზნესისთვის, რომელსაც სურს ინფლუენსერ მარკეტინგი "ქაოტური მიმოწერებიდან" სისტემურ პროცესად აქციოს. პლატფორმა ყველაზე ეფექტურია მათთვის, ვინც აფასებს დროს, ეძებს მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს და სურს კამპანიის მართვა ერთ სივრცეში.
Collab.ge ქართულ ბიზნესს აძლევს საშუალებას, ინტუიცია და "იღბალზე" დაყრდნობილი გადაწყვეტილებები რეალური ციფრებით ჩაანაცვლოს. სტრატეგიული მიდგომა სწორედ მაშინ იწყება, როცა კომპანიამ ზუსტად იცის, რატომ ირჩევს კონკრეტულ კრეატორს და რა შედეგს მიიღებს მისგან. პლატფორმა აერთიანებს შერჩევის, მართვისა და ანალიზის ყველა ეტაპს ერთ სისტემაში, რაც ბიზნესს ეხმარება დაინახოს მთლიანი სურათი, დაზოგოს რესურსი და მარკეტინგული კამპანიები გრძელვადიან ზრდაზე ორიენტირებულ ბიზნეს პროცესად აქციოს", - ამბობს კონსტანტინე ჟორჟოლიანი.
მისი თქმით, ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელზეც დღესაც აქტიურად მუშაობენ, მომხმარებლის ქცევის შეცვლა და პლატფორმის რეალიზებაა - ქართულ რეალობაში ინფლუენსერები ჯერ კიდევ მიჩვეულები არიან სხვადასხვა საშუალებებით კომპანიების თავად ძებნას. გუნდის მთავარი ამოცანა ამ მიდგომის შეცვლა და ისეთი სტანდარტის დამკვიდრებაა, სადაც ბიზნესი თავად პოულობს და უკავშირდება კრეატორს.
"ეს არ არის მხოლოდ ტექნიკური საკითხი - ეს ბაზრისთვის სრულიად ახალი წესების გაცნობა და ხალხის გადაჩვევაა ძველი მეთოდებისგან. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ინფლუენსერი დღესაც სხვადასხვა გზით ცდილობს კომპანიებთან გასვლას, ჩვენ ვმუშაობთ იმ გარემოს შესაქმნელად, სადაც სისტემა თავად დააკავშირებს სწორ მხარეებს ერთმანეთთან და პროცესს ორივე მხარისთვის უფრო პროფესიულს გახდის", - ამბობს ის.
კონსტანტინე ჟორჟოლიანი აღნიშნავს, რომ მომხმარებლების უკუკავშირი პოზიტიურია და ეს მათ შეფასებებშიც ნათლად აისახება. პარალელურად, ბიზნესის მიდგომაც ნელ-ნელა იცვლება - კომპანიები უფრო ხშირად აცნობიერებენ, რომ გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ ვარაუდზე აღარ არის ეფექტური და უპირატესობას რეალურ მონაცემებს ანიჭებენ. მიუხედავად იმისა, რომ კრეატორების ნაწილი ჯერ კიდევ ტრადიციული გზებით ცდილობს პარტნიორების მოძიებას, Collab.ge-ის გუნდი მუშაობს იმაზე, რომ პროცესი პირიქით წარიმართოს - ბიზნესი თავად დაუკავშირდეს შესაბამის ინფლუენსერებს პლატფორმის მეშვეობით.
"ინფლუენსერ მარკეტინგის მომავალი საქართველოში სრულ გაციფრულებასა და პროფესიონალიზმშია. ბაზარი ეტაპობრივად გადავა იმ მოდელზე, სადაც არაორგანიზებულ მიმოწერებსა და ინტუიციით შერჩევას ჩაანაცვლებს მონაცემებზე დაფუძნებული სისტემები. მთავარი ცვლილება ის იქნება, რომ კომპანიები თავად გახდებიან აქტიურები და პლატფორმის მეშვეობით პირდაპირ დაუკავშირდებიან მათთვის საინტერესო კრეატორებს, ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ სხვადასხვა საშუალებებით შეთავაზებებს დაელოდონ", - ამბობს ის.
მისი თქმით, ტექნოლოგია ამ სფეროს უფრო გამჭვირვალეს გახდის, სადაც გადამწყვეტი იქნება არა მხოლოდ გამომწერთა რაოდენობა, არამედ რეალური შედეგები და ზუსტი ციფრები. საბოლოო ჯამში, ინფლუენსერ მარკეტინგი ჩამოყალიბდება ბიზნესის სრულფასოვან, გაზომვად ნაწილად, რაც ორივე მხარეს მეტ ნდობასა და სტაბილურობას მისცემს.
"Collab.ge-ს მთავარი მიზანი საქართველოში ინფლუენსერ მარკეტინგის ახალ, პროფესიულ საფეხურზე გადაყვანაა. ჩვენი გეგმაა დავამკვიდროთ თანამშრომლობის ისეთი კულტურა, სადაც კომპანიები თავად მართავენ პროცესებს და მარტივად უკავშირდებიან მათთვის საინტერესო კრეატორებს. ვმუშაობთ პლატფორმის ფუნქციონალის მუდმივ დახვეწაზე, რათა კამპანიების დაგეგმვა, ინდივიდუალური შეკვეთების გაფორმება და შედეგების კონტროლი ერთიან, გამჭვირვალე სისტემაში მოექცეს. ჩვენი პრიორიტეტია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ბიზნესს დაზოგილ დროსა და ზუსტ მონაცემებს მისცემს, რაც საბოლოოდ ამ სფეროს უფრო პროგნოზირებადსა და ეფექტურს გახდის", - ამბობს კონსტანტინე ჟორჟოლიანი, Collab.ge-ს დამფუძნებელი.