Cyber Week Sale! 50% Off All Access

Roommate Georgia - ანტრეპრენერული პასუხი ბინის ქირის გაზრდილ ფასებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

განურჩევლად იმისა, ფლობთ თუ არა უძრავ ქონებას თბილისში, უზრუნველყოფილი ხართ თუ არა საცხოვრებლით ან გიწევთ თუ არა ყოველთვიური ქირის გადახდა ბინაში ცხოვრების სანაცვლოდ, აღარავისთვის საიდუმლო არაა, რომ დედაქალაქში ქირის ფასი კოლოსალურად გაიზარდა ბოლო თვეების განმავლობაში.

ცხადია, ფასების მკვეთრ მატებას არაერთი მიზეზი განაპირობებს, მათ შორის ინფლაცია, მშენებლობის გაძვირება დეველოპერული კომპანიებისთვის, მიგრანტთა რაოდენობის ზრდა და ა.შ. თუმცა ყველაზე მტკივნეულად ეს პრობლემა რაიონებიდან ჩამოსულ ქართველ სტუდენტებს შეეხოთ, რომლებიც ლამის გაორმაგებული საფასურის გამო, იძულებულნი გახდნენ რაიმე სხვა, ალტერნატიული გზებისთვის მიემართათ. სწორედ გამოსავლის ძიების პროცესში, მარიამ ხანთაძემ, დავით ლილუაშვილმა და თაკო გამყრელიძემ გადაწყვიტეს შეექმნათ პლატფორმა − Roommate Georgia, რომელიც საცხოვრებლის მაძიებელ სტუდენტებს ერთმანეთთან აკავშირებს, "ოთახის მეზობლები" მათთვის სასურველ ბიუჯეტზე თანხმდებიან და შემდგომ უძრავი ქონების აგენტი მათთვის შესაფერისი ბინის პოვნაში ეხმარება.

"ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, საგრძნობლად გაიზარდა ბინის ქირის თანხა. უშუალოდ ჩვენც შეგვეხო ეს პრობლემა, რადგან ბინას ვქირაობთ და ბოლო რამდენიმე თვეში ორჯერ გაგვიზარდეს ფასი. ამ პრობლემას რომ წავაწყდით, მივხვდით, თუ რამხელა გამოწვევა იქნებოდა ჩვენი ქვეყნის მცხოვრებლებისთვის და განსაკუთრებით სტუდენტებისთვის, რომლებიც რეგიონებიდან ჩამოდიან. გადავწყვიტეთ, თვითონ მოგვეძებნა გამოსავალი, რადგან ინდივიდუალურად ამ პრობლემის გადაჭრა საქართველოს ეკონომიკაში წარმოუდგენლად გვეჩვენა, მივხვდით, რომ ერთობა იყო ის პასუხი, რომელიც დაგვეხმარებოდა. სწორედ ამიტომ შევქმენით roommategeorgia.ge რომელიც ოთახის მეზობლის პოვნასა და ბინის ქირის დაზოგვაში გვეხმარება", − აცხადებს მარიამ ხანთაძე.

Roommate Georgia საკმაოდ მარტივ და კარგ სამომხმარებლო გამოცდილებაზე ორიენტირებული პლატფორმაა, რომლის გამოყენება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. თავდაპირველად საჭიროა რეგისტრაცია, კითხვარის შევსება, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი ქმნის პროფილს. ამის შემდეგ შესაძლებელი ხდება ძიების პროცესის დაწყება (სხვადასხვა ფილტრის გამოყენებით ვეძებთ "ოთახის მეზობელს"). სასურველი Roommate-ის შერჩევის შემთხვევაში, ვგზავნით მოთხოვნას, რათა მისი საკონტაქტო ინფორმაცია ჩვენთვის ხელმისაწვდომი გახდეს. თუკი ადრესატი დაეთანხმება მოთხოვნას, "ოთახის მეზობლებს" უკვე შეეძლებათ ნახონ ერთმანეთის ტელეფონის ნომერი ან სოციალური ქსელი და დაუკავშირდნენ ერთმანეთს. მას შემდეგ, რაც "დაიმეთჩებიან" (ორივე მხარე გამოთქვამს მზადყოფნას საკონტაქტო ინფორმაციის გაცვლის შესახებ), პლატფორმა შესაბამისი, წინასწარ გაწერილი კრიტერიუმების მიხედვით, უძრავი ქონების აგენტის საკონტაქტო ინფორმაციას უგზავნის ბინის მაძიებლებს, რომელიც "ოთახის მეზობლებს" ბინის მოძებნაში დაეხმარება.

პლატფორმის კონცეფციასა და პრინციპებზე დაყრდნობით, Roommate Georgia-ს მომხმარებლები არიან ის ადამიანები, რომლებიც ოთახის მეზობელს ეძებენ ბინის ქირის ხარჯების გაყოფის მიზნით. ამ ეტაპზე, სტარტაპერები განსაკუთრებულ ყურადღებას სტუდენტებს და მათ საჭიროებებს უთმობენ, ვინაიდან სწავლის განახლებასთან ერთად, შექმნილი ვითარების ფონზე, სწორედ სტუდენტებს შეექმნათ ყველაზე დიდი პრობლემები.

მიუხედავად იმისა, რომ Roommate Georgia სულ ახლახან გაეშვა, დამფუძნებლებმა უკვე მოახერხეს მნიშვნელოვანი უკუკავშირის მოგროვება მომხმარებლებისგან. "ვფიქრობთ, რომ მხოლოდ უკუკავშირის მიღებითა და გათვალისწინებითაა შესაძლებელი განვვითარდეთ და მივიდეთ იმ პროდუქტამდე, რომელიც ჩვენს მომხმარებელს დღეს ყველაზე მეტად სჭირდება. ამიტომ, რა თქმა უნდა, უკუკავშირს ვიღებთ პერიოდულად. ვცდილობთ ვესაუბროთ ჩვენს მომხმარებელს ჯგუფში არსებული გამოკითხვებითა თუ სატელეფონო საუბრებით. უკუკავშირი, ამ ეტაპზე, ძირითადად ეხება პლატფორმაზე უნივერსიტეტების დამატებას, ან ვებგვერდის კონკრეტულ ფუნქციონალს. მომხმარებლის კომენტარები ძალიან გვეხმარება სწრაფ წინსვლაში", − აღნიშნავს სტარტაპის თანადამფუძნებელი თაკო გამყრელიძე.

რაც შეეხება უშუალოდ სტარტაპის დამფუძნებლებს, როგორც თავად ამბობენ, ისინი საერთო ღირებულებებმა და დამოუკიდებელი პროექტის შექმნის სურვილმა გააერთიანა. დავით ლილუაშვილი ძირითადად ტექნოლოგიური მიმართულებით უძღვება პლატფორმას, ამ კუთხით საკუთარი გამოცდილების დამსახურებით. თაკო და მარიამი პროექტის მართვისა და მარკეტინგის განხრით მუშაობენ, თუმცა როგორც ნებისმიერ სტარტაპში, Roommate-ის შემთხვევაშიც, პარტნიორები ყველა მოვალეობას თანაბრად ითავსებენ და სრულყოფილი პროდუქტის შექმნას ისახავენ მიზნად.

დღესდღეობით, პლატფორმაზე 200-მდე ადამიანია რეგისტრირებული, 40-მა მოახერხა "ოთახის მეზობლის" პოვნა, ხოლო სამმა უნივერსიტეტმა Roommate-თან პარტნიორობის სურვილიც კი გამოთქვა. სტარტაპერები სამომავლოდ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლასაც გეგმავენ, თუმცა ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა პლატფორმისთვის ახალი ფუნქციონალის დამატებასა და გაუმჯობესებაზე.

"ჩვენი მთავარი მიზანია, სტუდენტებს გავუმარტივოთ თბილისში ცხოვრება, ამიტომ მათი თანაცხოვრების პერიოდში არსებული პრობლემების გადასაჭრელად, ვფიქრობთ ბევრ ფუნქციონალს დავამატებთ სამომავლოდ ჩვენს ვებგვერდზე. უპირველესად კი, "რუმმეითის" მოძებნასთან ერთად ვცდილობთ ბინების მოძებნაც შესაძლებელი გავხადოთ უშუალოდ ჩვენს ვებგვერდზე", − განმარტავენ Roommate Georgia-ს დამფუძნებლები.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი