Cyber Monday Sale! 50% Off All Access

საბუკოს მდგრადი განვითარების გეგმები კახეთის რეგიონში: ცხვრის რძის პროდუქტისა და ქართული მატყლის ექსპორტის პოტენციალის კვლევა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საბუკო (საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის) ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა აქტივობას კახეთის რეგიონში. 2019-2022 წლებში "მდინარე ივრის ჭალის ტყისა და მიმდებარე ტერიტორიების აღდგენის" პროექტის წარმატებით დასრულების შემდეგ, საბუკომ განახორციელა ინიციატივის მეორე ფაზა: "კახეთის სტეპები: ბალანსი ცოცხალ ლანდშაფტსა ან მომავალ უდაბნოს შორის". პროექტის მიზანია კახეთის რეგიონში ადგილობრივი ფერმერების მხარდაჭერა, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, საძოვრების მდგრადი მართვის მიდგომების დანერგვა და ადგილობრივი თემის გაძლიერება.

აღნიშნული მიმართულებები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. საძოვრების მდგრადი მართვა მრავალშრიანია, რომელიც გულისხმობს ადამიანისა და ველური ბუნების ჰარმონიულ თანაარსებობას. საბუკომ, ადგილობრივი თემის გაძლიერების მიზნით, ისე, რომ საპროექტო არეალში ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაც უზრუნველყოფილი ყოფილიყო, გადაწყვიტა ფერმერების გაძლიერება. ეს გულისხმობს ყურადღების გამახვილებას ფასეულობათა ჯაჭვის განვითარებაზე, ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზების ხელშეწყობასა და ექსპორტზე გატანის პოტენციალის შესწავლას.

ცხვრის რძის ნაწარმისა და მატყლის ექსპორტის შესაძლებლობებზე კვლევა ექსპორტის განვითარების ასოციაციამ ჩაატარა. ექსპორტის განვითარების ასოციაცია (EDA) დაარსდა 2012 წელს ქართული საწარმოების ექსპორტის ზრდისა და დივერსიფიკაციის მიზნით ადვოკატირების, კონსულტაციებისა და პოპულარიზაციის გზით. EDA არის წევრობაზე დაფუძნებული ასოციაცია, რომელიც აერთიანებს ექსპორტზე ორიენტირებულ 100-მდე ქართველ მეწარმესა და მომსახურების მიმწოდებელს. ასოციაცია ქართველ ექსპორტიორებს სთავაზობს პოტენციალის გაფართოებას, უზრუნველყოფს საექსპორტო მარკეტინგული გეგმის შემუშავებას, ექსპორტის მართვის მომსახურებას, სამიზნე საექსპორტო ბაზრის შერჩევასა და სავაჭრო ბარიერების დაძლევას. სხვადასხვა სერვისის მიწოდებით ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, სამთავრობო უწყებებთან და მათი დახმარებით ახორციელებს ექსპორტის ხელშეწყობის სხვადასხვა ინიციატივას. საქმიანობის არეალი ფართოა, თუმცა გამოცდილების გათვალისწინებით ასოციაციის გუნდი აქტიურად მუშაობს სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით.

საბუკოსა და ასოციაციის თანამშრომლობის ისტორია 2020 წლიდან იწყება, როდესაც პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში, ასოციაციამ ჩაატარა კვლევა − "ცოცხალი ცხვრისა და ცხვრის პროდუქტების საექსპორტო პოტენციალზე ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში". ხოლო მეორე ფაზის ფარგლებში კვლევის ფოკუსი ქართული ცხვრის რძის ნაწარმისა და მატყლის ექსპორტის პოტენციალის დადგენა იყო ასევე ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში.

კვლევის მეთოდოლოგია მოიცავდა ონლაინწყაროებზე დაყრდნობით ასოციაციის გუნდის მიერ მონაცემების შეგროვებას, ბენეფიციარებთან კონსულტაციასა და ინფორმაციის მოგროვებას, კვლევის მასალის დახარისხებასა და დამუშავებას, კვლევის დოკუმენტის შექმნასა და მის განთავსებას ონლაინსივრცეში. აღსანიშნავია ისიც, რომ მოხდა 2020 წლის კვლევის მონაცემების განახლება და ახალი რეგულაციების თუ ტექნიკური მახასიათებლების ასახვა.

"მატყლის ნაწარმი, როგორც ევროკავშირის ქვეყნებისთვის, ისე სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვისაც საინტერესოა და აქვს ექსპორტის პოტენციალი. თუმცა, მატყლის წარმოების სხვადასხვა ტექნიკა საჭიროებს მაღალი სტანდარტის ინტეგრაციასა და დახვეწას, რათა გახდეს კონკურენტული საერთაშორისო ბაზარზე. მათ შორის, გასათვალისწინებელია ნარჩენების მართვის განვითარება. დადებითად შეიძლება შევაფასოთ ის, რომ საქართველოს სურსათის ნაწილში დაშვება აქვს ექსპორტზე, მათ შორის თაფლზე, შავი ზღვის თევზ ქაფშიაზე და მატყლზე. თუმცა, წარმოების ხარისხი უნდა განვითარდეს, რათა ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი ნედლეულის მიწოდება შევძლოთ. რაც შეეხება რძის ნაწარმის ექსპორტის პოტენციალს, მოკვლევა მხოლოდ სპარსეთის ყურის ქვეყნებში ჩავატარეთ. ზოგადად, საქართველოდან აღნიშნული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში ჯერ დაშვებული არ არის, თუმცა შესაძლოა კერძო კომპანიებს ჰქონდეთ ევროკავშირის სპეციალური აუდიტის ნებართვა და ახორციელებდნენ რძის ნაწარმის ექსპორტს", − გიორგი გუდაბანძე, ექსპორტის განვითარების ასოციაციის დირექტორი.

ექსპორტის განვითარების ასოციაციამ (EDA) ჩაატარა კვლევა საქართველოს ყველა რეგიონში, შეისწავლა ექსპორტზე ორიენტირებული ფერმერების პრობლემები და სწორედ ამ გამოწვევებისა და საჭიროებების იდენტიფიცირების გათვალისწინებით, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის დაფინანსებით შექმნა ვებგვერდი: crop2shop.ge.

ვებგვერდის მიზანია კომპანიებმა მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია ექსპორტის პროცედურების, ტექნიკური მახასიათებლების, საექსპორტო ბაზრების და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ. ვებგვერდი წარმოადგენს პრაქტიკულ გზამკვლევს ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიებისათვის და ამარტივებს მათთვის საჭირო ინფორმაციის მიღებას.

crop2shop.ge -ზე წარმოდგენილია 22-მდე პროდუქტი, მათ შორის რძის ნაწარმი და მატყლი. მომხმარებელს თითოეულ პროდუქტზე შეუძლია იხილოს მოთხოვნად ქვეყანაში ექსპორტისთვის საჭირო აუცილებელი ინფორმაცია. ვებგვერდის მიზანია ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიებისთვის კონკრეტული პროდუქციების რეგულაციებისა და ტექნიკური მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. სწორედ საბუკოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, ჩამონათვალში განთავსდა ცხვრის რძის ნაწარმი და მატყლი, და მოხდა შესაბამისი ინფორმაციის დამატება.

საქართველო-ევროკავშირის 2014 წლის ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, საქართველო ვალდებულია განავითაროს სურსათის წარმოება და გაუთანაბროს ხარისხი ევროკავშირის სტანდარტს. დადებითი ცვლილებები მუდმივად ხდება, თუმცა სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია, რათა აღნიშნულის აღიარება და ევროკავშირის ბაზრის ათვისება მოხდეს.

საბუკოს პროექტის მიზანი, ხელი შეუწყონ ადამიანისა და ველური ბუნების ჰარმონიულ თანაარსებობას, გულისხმობს ნარჩენების მართვის მდგრადი მექანიზმის შემუშავებასაც, მათ შორის მატყლის გადამუშავებას, რეალიზაციასა და ექსპორტს. კვლევებისა და მონაცემების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ადგილობრივი ფერმერები არ არიან გათვითცნობიერებულნი ექსპორტის რეგულაციებსა და სტანდარტების საკითხებში. ასევე, რეგიონში მცხოვრები ფერმერები უძველესი მეთოდებით ამზადებენ რძის პროდუქტებს და წარმოების ხარისხი არ პასუხობს ევროსტანდარტს. აღსანიშნია ისიც, რომ რძის ნაწარმი, სხვა სასურსათო ნაწარმთან შედარებით, არის მაღალი რისკის შემცველი და საჭიროებს შესაბამისი ხარისხის უზრუნველსაყოფად რამდენიმე ეტაპის გავლას, თუმცა არსებობენ კერძო ბიზნესები, რომლებიც გეგმავენ ინდივიდუალური ნებართვების მიღებას ევროკომისიის აუდიტისგან, რათა მოახდინონ რძის პროდუქციის რეალიზება ევროკავშირში.

საქართველოშიც ნელ-ნელა ვითარდება წარმოების მიდგომები და ეტაპობრივად მკვიდრდება მაღალი სტანდარტი. მეტიც − ქართველი მომხმარებლებისგან არის ინტერესი მიიღონ შესაბამისი მაღალი ხარისხითა და რეგულაციების დაცვით წარმოებული სასურსათო პროდუქცია.

ექსპორტის განვითარების ასოციაციის კვლევა საჯაროა და ხაზგასმულია ყველა ის რეგულაცია თუ მიგნება, რომელიც ფერმერებმა და მწარმოებლებმა უნდა გაითვალისწინონ ექსპორტის სურვილის შემთხვევაში. კვლევის რეკომენდაციაა, დაიხვეწოს წარმოების ტექნიკა იმგვარად, რომ საქართველომ შეძლოს განვითარებული სამყაროს ნაწილად ყოფნა და საერთაშორისო ბაზრების ათვისება. ამასთან, უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს ჩართულობა და შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებების შექმნა, რათა წარმოების სტანდარტი განვითარდეს და კერძო ბიზნესს ჰქონდეს განვითარების შესაძლებლობები. სახელმწიფო უწყებებს კარგად ესმით ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, ხდება ამ სიახლეების ეტაპობრივი ინტეგრირება საქართველოს კანონმდებლობაშიც. ამ კანონების აღსრულება და მონიტორინგის მექანიზმები განვითარებას საჭიროებს, რათა ერთიანი მიდგომით გაუმჯობესდეს ზოგადი გარემო ისე, რომ ევროკავშირის სტანდარტს მიუახლოვდეს ქართული წარმოება.

"მნიშვნელოვანი ნაწილია საბუკოს საპროექტო არეალში, სახელმწიფოს მიერ, მყოფი ფერმერების რეგისტრაცია და წარმოების აღრიცხვაც. ასევე, ფერმერების გადამზადება და ცნობიერების გაზრდა, რათა სწორად შეძლონ სასურსათო პროდუქტის წარმოება და რეალიზება. სურსათს, რომელსაც ყველა ადამიანი მოიხმარს, შეუძლია ჩვენს ჯანმრთელობაზე დიდი გავლენა მოახდინოს. შესაბამისად, სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციების დახმარებით, ფერმერებმა უნდა აიმაღლონ ცოდნა, რათა შეძლონ ხარისხიანი ნაწარმის შექმნა, რომელიც უვნებელი იქნება ადამიანისთვის. ეს არის ყველაზე კრიტიკული ნაწილი, რომელზეც დიდი მუშაობაა საჭირო. გარკვეულწილად შემორჩენილია საბჭოთა წარმოების მეთოდები, რაც გულისხმობს ნაკლები დანახარჯით, დაბალი ხარისხით, მასობრივი და ბევრი პროდუქციის წარმოებას. ასევე, რეგიონში მცხოვრები ფერმერები უძველესი მეთოდებით ამზადებენ პროდუქციას, რაც დიდ რისკ-ფაქტორებს ქმნის ადამიანისთვის", − გიორგი გუდაბანძე, ექსპორტის განვითარების ასოციაციის დირექტორი.

საბუკოს გეგმები კახეთის რეგიონში გრძელვადიანია. მიმდინარე პროექტი − "კახეთის სტეპები" 2027 წელს დასრულდება. კვლევამ, რომელიც ეხებოდა ქართული ცხვრის რძის ნაწარმისა და მატყლის ექსპორტის პოტენციალის შესწავლას, ბევრი საინტერესო მიგნება აღმოაჩინა. უახლოეს მომავალში, საბუკო, ექსპორტის განვითარების ასოციაციასთან ერთად, გეგმავს ტრენინგ-კურსებს "მარკეტინგისა და გაყიდვების თემაზე", რომელიც მოიცავს სურსათის წარმოებასა და უვნებლობას. სწორედ კვლევის შედეგებზე დაყრდნობით იგეგმება პროექტის სამომავლო აქტივობებიც, რათა საბუკომ უპასუხოს არსებულ გამოწვევებს და ხელი შეუწყოს რეგიონის მდგრად განვითარებას.

თიკი ბაღაშვილი

Entrepreneur Staff

კულტურის მენეჯერი, შემოქმედებითი მეწარმეობის მენტორი, მხატვარი

კულტურის მენეჯერი, შემოქმედებითი მეწარმეობის მენტორი, მხატვარი
Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი