Get All Access for $5/mo

საერთაშორისო აკადემია ლოგოსი - წარმატების 10 წელი მიღწეული შედეგები საიუბილეო წლისთვის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ლოგოსი

კერძო სკოლა "საერთაშორისო აკადემია ლოგოსი" ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში 2010 წელს გამოჩნდა და წელს საიუბილეო 10 წლისთავს ზეიმობს. სკოლის მიზანი, კურსდამთავრებულთათვის თავისუფალი არჩევანის საშუალება მიეცა, მიღწეულია. დღეს "ლოგოსელები" წარმატებით და დიდი დაფინანსებებით საქართველოს, ევროპისა და აშშ-ის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში აგრძელებენ სწავლას. მათ საერთაშორისო წარმატებისთვის საჭირო ცოდნა და უნარები სწორედ "ლოგოსმა" მისცა. აქ მიაჩნიათ, რომ სკოლამ მოსწავლეს არა მხოლოდ საგნობრივი ცოდნა, არამედ ცხოვრებისეული უნარებიც უნდა განუვითაროს, რათა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში საკუთარი თავის რეალიზება შეძლოს. სწორედ ეს იყო წლების წინ გიორგი ჩავლეიშვილის მთავარი მოტივაცია და მიზანი, როდესაც მან ჯერ საგანამანათლებლო ცენტრი LEAF, შემდეგ კი სკოლა "ლოგოსი" პარტნიორებთან ერთად დააარსა და გადაწყვიტა ქართული სკოლის ისტორიაში ახალი თავის წერა დაეწყო.

ყველაფერი კი 2000 წელს ლატვიაში, ევროპის ჩემპიონატზე დაიწყო. კალათბურთის ახალგაზრდულ ნაკრებში მოთამაშე 17 წლის გიორგი ჩავლეიშვილი, ჩემპიონატზე ახალგაზრდა ტალანტებით დაინტერესებულმა ამერიკელმა აგენტმა შენიშნა. მან გიორგის აშშ-ში გადასვლა და კერძო სკოლაში დაფინანსებით სწავლის გაგრძელება შესთავაზა. როგორც თავად იხსენებს, ამერიკაში მოხვედრა მისი ოცნება იყო. ცხადია, აგენტს მაშინვე დათანხმდა და ქალაქის ტელეფონის ნომერი ჩააწერინა. ზარი მალე გაისმა და შეატყობინეს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, სამხედრო სკოლა Fishburn Military Academy თანახმა იყო, ის სრული დაფინანსებით მიეღო. 1990- იანი წლების საქართველოდან, გიორგიმ შორეული ამერიკული გამოცდილებისკენ სულ რაღაც 500 დოლარით და შემართებით აიღო გეზი, რამაც მის ცხოვრებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

"მივდიოდი და წარმოდგენა არ მქონდა, სად ან რა მელოდა. აგენტის გარდა, ნასაუბრებიც კი არავისთან მქონდა. დედაჩემის მხრიდან ეს საოცრად გაბედული ნაბიჯი იყო. ჩასვლისთანავე დამხვდნენ და წამიყვანეს ვირჯინიის შტატის პატარა ქალაქ ვეინსბოროში, სადაც სამხედრო სკოლა მდებარეობდა. იქ სამხედრო წესრიგის პრინციპებით 2 წელი გავატარე. ვფიქრობ, ამ პერიოდმა შეუფასებელი გამოცდილება და ყველა აუცილებელი ცხოვრებისეული უნარი მომცა, რამაც აქამდე მომიყვანა. 2 წლის შემდეგ St. Anne's-Belfield School-ში გადავედი. იქაც სრული დაფინანსებით სწავლა შემომთავაზეს (სკოლაში სწავლის ღირებულება $50 000-ია). სწორედ იქ დამებადა აზრი, რა მაგარი იქნებოდა ასეთი სკოლა საქართველოშიც გვქონოდა. ეს სკოლა დღემდე პატარა სამოთხეა.

1990-იანების საქართველოდან წასული ბიჭისთვის ძალიან შთამბეჭდავი იყო ეს ყველაფერი. როცა გაკვეთილებს ვესწრებოდი და ვხედავდი იქაური მოსწავლეების აზროვნების სტილსა და პედაგოგების მიდგომებს, ვფიქრობდი, რა მაგარი იქნებოდა მსგავსი სწავლების სტილი და სწავლისადმი დამოკიდებულება საქართველოს სკოლებშიც ყოფილიყო. მართალია, იმ მომენტიდან არ დამიგეგმავს საგანმანათლებლო საქმიანობის წამოწყება, თუმცა ყოველდღე ვრწმუნდებოდი, რამდენად სასიამოვნო და საინტერესო იყო სასკოლო ცხოვრება, განსაკუთრებით არააკადემიურ აქტივობებთან ერთად", − იხსენებს გიორგი ჩავლეიშვილი პირველ ამერიკულ შთაბეჭდილებებს.

სასკოლო ეტაპის დასრულების შემდეგ, გიორგიმ უმაღლესი განათლების მიღება Hamilton-ის კოლეჯში კვლავ სრული დაფინანსებით გააგრძელა (უნივერსიტეტში სწავლის ღირებულება $64 000-ია). მსოფლიო ეკონომიკისა და პოლიტიკის ორმაგი დიპლომი განათლებასთან დაკავშირებული თემის კვლევით დაიცვა. მეოთხე კურსზე გიორგიმ კალათბურთს თავი დაანება და ენერგია მთლიანად აკადემიურ სფეროს დაუთმო. "ვერც კი ვფიქრობდი, რომ ჩემს საქმიანობას განათლებისკენ წავიყვანდი, თუმცა ისე მოხდა, რომ სადიპლომო ნაშრომი, ორივე მიმართულებით ავაგე თემაზე, თუ

რამდენად მნიშვნელოვანია განათლება მდგრადი ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარებისთვის. ეს საკითხი საქართველოს მაგალითზე განვიხილე".

უნივერსიტეტის დასრულებისა და ნიუ იორკის სადაზღვევო კომპანიაში მუშაობის შემდეგ, გიორგი საქართველოში დაბრუნდა და საინვესტიციო კომპანიაში დაიწყო მუშაობა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამო, კომპანიამ მუშაობა შეაჩერა. გიორგიმ გადაწყვიტა შექმნილი სიტუაციით ესარგებლა და მისი დიდი ხნის ოცნება აესრულებინა − დაეარსებინა საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც ბავშვებს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებაში დაეხმარებოდა. ამ მიზნის მისაღწევად უარი თქვა რამდენიმე სერიოზულ შემოთავაზებაზე აშშ-ში და პარტნიორებთან ერთად 2009 წელს ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF დააარსა.

"შემოვიკრიბე გარშემო ის გუნდი, რომელთან ერთადაც დღემდე ვმუშაობ. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ამ ადამიანებს: ქეთევან ბაცანკალაშვილს, ირინა შარაბიძეს, გია მურღულიას, ბარბარა ჯიმელი სულაშვილს. საქართველოში პირველად, საგანმანათლებლო სისტემაში ჩვენ შემოვიტანეთ ცნება Liberal Arts, რაც გულისხმობს ძალიან კარგ ზოგად განათლებას ყველა აკადემიურ საგანში და იმ საბაზისო უნარებს, რომელიც ასე საჭიროა ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად. მალე გავრცელდა ხმა, რომ ჩვენს ცენტრში რაღაც განსხვავებული ხდებოდა. პირველივე წელს ჩვენი ბავშვები დიდი დაფინანსებით პრესტიჟულ უცხოურ და ქართულ უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ. პირველსავე წელს 72 მოსწავლე გვყავდა. ძალიან გვიხაროდა, რომ ბავშვები სკოლის მერე ჩვენთან გვიანობამდე საკუთარი სურვილით რჩებოდნენ. ისინი გვთხოვდნენ სკოლა გაგვეხსნა, რომ მთელი დღე ჩვენთან გაეტარებინათ. ასე დაიბადა სკოლის გახსნის იდეა. მის გასახორციელებლად ძალიან სწრაფად ავმოქმედდით, გავიარეთ კონსულტაციები ბატონ გია მურღულიასთან და ლიცენზიაც მივიღეთ. 2010 წლის სექტემბერში "ლოგოსმა" სასწავლო წელი 22 მოსწავლით დაიწყო. პირველი წელი წარმატებული აღმოჩნდა და შემდეგი სასწავლო წელი 63 ბავშვით გავაგრძელეთ".

დაარსებიდან 10 წლისთავზე სკოლას 400-ზე მეტი მოსწავლე ჰყავს. "ლოგოსის" წარმატებას მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ის, რომ სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები და მოსწავლეები თანაბრად იზიარებენ აზრს, რომ მათი ურთიერთობა პატივისცემას უნდა ემყარებოდეს. ღიაობა, ნებისმიერ თემაზე სკოლის პედაგოგებსა და ადმინისტრაციასთან საუბარი, პრობლემების ერთობლივი გადაჭრა და ერთმანეთის მხარდაჭერა, "ლოგოსის" ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

სულ ერთი წელია, რაც სკოლაში სტუდენტური ცენტრი ამუშავდა. ამან კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი სხვადასხვა კლასგარეშე სპორტული აქტივობისა და თემატური კლუბის ფუნქციონირებას. სტუდენტური ცენტრის მუშაობაში ჩართულები არიან კლასების პრეზიდენტები, სკოლის პრეზიდენტი და ცენტრის ხელმძღვანელები. ყოველივე ამან სკოლას კიდევ უფრო ცოცხალი ორგანიზმის სახე შესძინა. სტუდენტური ცენტრი ონლაინსივრცეშიც აქტიური დარჩა და ბევრი საინტერესო ღონისძიება შესთავაზა ბავშვებს.

"სკოლის აქტივობებისა და ღონისძიებების ინიციატორები თავად მოსწავლეები არიან. ჩვენ კი ყველანაირად მხარში ვუდგავართ. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სკოლა იყოს ის ადგილი, სადაც ისინი ბედნიერები იქნებიან. რაც შეეხება "ლოგოსის" სასწავლო პროგრამას, აქაც ძალიან საინტერესო მიდგომები იკვეთება. ჩვენ გვაქვს ქართულ რეალობაზე მორგებული პროგრამა და არა მექანიკურად გადმოტანილი რომელიღაც წარმატებული მოდელი. ფაქტია, ეს ძალიან ამართლებს. სკოლის პროგრამაში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებთან ერთად შედის საავტორო საგნები, როგორებიცაა College Counseling-ის კურსი, Fun Science, Practical English, English & History, ცხოვრებისეული უნარები, მსოფლიო ლიტერატურა, ფილოსოფიის შესავლები, აკადემიური წერა, წერის სახელოსნო, კომპიუტერული მეცნიერებები და სხვა. გარდა ამისა, დამამთავრებელ კლასებში "ლოგოსელები" აქტიურად ემზადებიან საერთაშორისო გამოცდებისათვის და SAT, TOEFL და IELTS-ტესტებს წარმატებით აბარებენ. მიგვაჩნია, რომ საავტორო კურსები ხელს უწყობს იმ უნარების განვითარებას, რომელიც აუცილებელია ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად", − ამბობს გიორგი ჩავლეიშვილი.

"ლოგოსელები" მსოფლიოს მრავალ წერტილში ახალ გარემოსთან სწრაფ ადაპტირებას, მულტიკულტურულ რეალობაში საკუთარი თავის წარმოჩენასა და ცხოვრებას წარმატებით ახერხებენ. ამის საფუძველი კი მათ სკოლამ მისცა.

"დიდ ყურადღებას ვუთმობთ პრობლემის გადაჭრის უნარის გამომუშავებას. მაგალითად, თუ ბავშვი ახსნილ მასალას ვერ გაიგებს, თავად უნდა შეძლოს გაკვეთილების შემდეგ მასწავლებელთან მისვლა და გულახდილად თქმა, რომ ვერ გაიგო და დამატებით ახსნას საჭიროებს. ჩვენი პედაგოგები ამისთვის მუდამ მზად არიან. "ლოგოსი" ურთიერთპატივისცემაზეა აგებული. როდესაც ბავშვი რაღაცას აშავებს, უპირველესად ვცდილობთ გავარკვიოთ, რატომ გააკეთა ეს? ჩვენი მიზანი ბავშვის დასჯა არ არის. აუცილებელია გავარკვიოთ საქციელის ჩადენის მოტივი და მის გამოსწორებაში დავეხმაროთ, დავანახოთ, რომ მარტო არ არის. თავად ბავშვების მოფიქრებული სლოგანია: "ლოგოსი ოჯახია". ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს მაგალითით ასწავლო. ჩვენ ვცდილობთ თითოეულ მათგანს ვაგრძნობინოთ, რომ პატივს ვცემთ, და ისინიც ანალოგიური პატივისცემით გვეპყრობიან", − გვეუბნება გიორგი ჩავლეიშვილი.

"ლოგოსში" პედაგოგების პროფესიულ განვითარებასაც დიდი ყურადღება ექცევა. ტრენინგები, ახალი მეთოდების დანერგვა, სიახლეების გაცნობა, დისკუსიები და სამომავლო განვითარების შესახებ ხედვების გაზიარება სკოლაში მუდმივი სამუშაო პროცესია. ამოცანა ყველასთვის ერთია − როგორ გახადონ "ლოგოსი" უკეთესი. სკოლის გუნდი მუდმივად ცდილობს პედაგოგების ციფრული წიგნიერებაც განავითაროს. სასწავლო პროცესში ელექტრონული სწავლების კომპონენტების შეტანა და ციფრული პლატფორმების გამოყენება "ლოგოსში" ჯერ კიდევ 6 წლის წინ დაიწყო. ამის შედეგია, რომ აუცილებელი დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადასვლისას, სკოლის პედაგოგებს სრულფასოვანი ციფრული და კომპიუტერული კომპეტენციები აღმოაჩნდათ, სასწავლო პროცესი კი არცერთ კლასში არ შეჩერებულა.

"ჩვენ Google-ის სასწავლო პროგრამებითა და პლატფორმებით ვსარგებლობთ, რისთვისაც გარკვეული ტიპის აკრედიტაციის გავლაა საჭირო. უკვე მე-6 წელია ამას ეტაპობრივად ვნერგავთ სკოლაში. ამიტომ შექმნილი რეალობა ჩვენთვის უცაბედი სიახლე არ ყოფილა. ძალიან გაგვიადვილდა ონლაინსწავლებაზე შეუფერხებლად გადასვლა", − ამბობს გიორგი ჩავლეიშვილი, რომლის აზრითაც, შექმნილი მდგომარეობა კარგი შესაძლებლობაა, ონლაინსწავლების მექანიზმი მეტად დაიხვეწოს და ქართულმა საგანმანათლებლო სისტემამ განვითარებულ სამყაროს აუწყოს ფეხი. სასწავლო პროცესში ელექტრონული სწავლების მძლავრად ინტეგრირება კი ჰიბრიდულ სწავლებას განაპირობებს, რასაც განათლების სფეროს სამომავლო პერსპექტივად მიიჩნევს. ამ მოდელს უამრავი უნივერსიტეტი წარმატებით იყენებს და მისი ათვისება სკოლასაც კარგად შეუძლია.

"ლოგოსი" კი მომავლისკენ სვლას არაერთი ინოვაციური მიდგომითა და მუდმივ განვითარებაზე ორიენტაციით გუნდურად აგრძელებს. სკოლის უმთავრესი საზრუნავი და მიზანი − ბავშვების მრავალმხრივი განვითარება, უცვლელი რჩება.

"აქ ყველას გვაქვს განცდა, რომ ერთი დიდი ოჯახი ვართ. მიმაჩნია, რომ ჩვენი წარმატების მიზეზი სწორედ ესაა. ერთმანეთი ვიპოვეთ იმ ადამიანებმა, ვისაც ერთმანეთის გვჯერა და საერთო ხედვები გვაქვს. ვიზიდავთ ისეთ ადამიანებს, ვისაც სჯერა, რომ წარმატების მიღწევა ყველას შეუძლია, რომ სკოლა მხოლოდ გაკვეთილების ადგილი არაა, და რომ გაცილებით მეტი უნდა მისცე ბავშვს, რათა ის რეალური ცხოვრებისთვის მოამზადო", − გიორგი ჩავლეიშვილი.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

მენეჯმენტი

რატომ არის საჭირო კრიზისი კომპანიების შესაცვლელად?

ცვლილებების განხორციელებაზე რომ დათანხმდეთ, შფოთვაც უნდა დაძლიოთ, ჯილდოების მიღების ცდუნებაც და სოციალური სტატუსიც

ლიდერობა

5 უმნიშვნელოვანესი ლიდერული თვისება

ლიდერი ყოველთვის უსმენს თავის გარშემომყოფებს და საკუთარ აზრს უპირატესად არ მიიჩნევს

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია