სალომე სულაბერიძე: კარიერის მენტორი, რომელიც ცვლის სამუშაოს მაძიებელთა მომავალს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
რამდენჯერ მიგიღიათ უარი სამუშაოზე, მიუხედავად იმისა, რომ გქონდათ შესანიშნავი გამოცდილება და უნარები? რამდენ CV გაუგზავნეთ დამსაქმებლებს, მაგრამ პასუხი ვერ მიიღეთ? სალომე სულაბერიძე ამ რეალობას პირადად იცნობს, რადგან ისიც იმავე გამოწვევების წინაშე იდგა.
სალომეს ამბავი საერთაშორისო გამოცდილებით იწყება. ის იტალიაში გაიზარდა, თუმცა 18 წლისა საქართველოში დაბრუნდა საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხის მისაღებად. შემდეგ კი ბარსელონაში, ესპანეთში, მაგისტრატურაში სწავლობდა, რაც მას გლობალური შეხედულებების ჩამოყალიბებაში დაეხმარა. სამი ენის (ესპანური, იტალიური და ინგლისური) მცოდნე სალომე წლების განმავლობაში მუშაობდა როგორც სინქრონული თარჯიმანი ტელევიზიაში, კონფერენციებსა და პრეზენტაციებზე, ასევე იყო იტალიური ენის პედაგოგი. თუმცა, მიუხედავად ფართო გამოცდილებისა, სხვადასხვა ქვეყანაში სამსახურის ძიება მასაც იმავე სირთულეებს უქმნიდა, რასაც უამრავი პროფესიონალი აწყდება – დაუსრულებელი აპლიკაციები, უარი და გაურკვევლობა.
"ვიცოდი ოთხი ენა, მქონდა სამუშაო გამოცდილება, მაგრამ ძალიან რთული იყო შედეგის მიღწევა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ესპანეთში ვსწავლობდი და ადგილობრივი შრომის ბაზრის მოთხოვნებთან ადაპტირება მჭირდებოდა", – იხსენებს იგი.
სწორედ მაშინ მიხვდა, რომ სამუშაოს პოვნა მხოლოდ გამოცდილებაზე არ არის დამოკიდებული – მთავარია, როგორ წარმოაჩენ საკუთარ თავს. როდესაც მიხვდა, რომ რაღაცას არასწორად აკეთებდა, დაიწყო პრობლემის ძირეულად შესწავლა. კითხვა, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებდა, იყო: "თუ ყველა საჭირო უნარი მაქვს, რატომ არ მიკავშირდებიან?"
მან დაიწყო ღრმა კვლევა, გამოსცადა სხვადასხვა სტრატეგია და საბოლოოდ "საიდუმლო ამოხსნა " – სწორი მიდგომის მეშვეობით მან უკეთესი სამუშაო შეთავაზებები და წარმატებული გასაუბრებები მიიღო. ამ გამოცდილებამ შთააგონა, რომ სხვებსაც დახმარებოდა. 2021 წლიდან ის აქტიურად მენტორობს პროფესიონალებს, ასწავლის მათ, როგორ უნდა აქციონ სამუშაოს ძიება სტრატეგიულ პროცესად და არა ქაოსურ მცდელობად.
პასუხის საპოვნელად შეისწავლა, როგორ მუშაობს ATS სისტემები, როგორ უნდა იყოს სტრატეგიულად აგებული რეზიუმე და როგორ უნდა დაამყაროს კანდიდატმა კავშირები, რომლებიც კარიერულ წარმატებას ხელს შეუწყობს. ამ ყველაფერზე კი თავდაპირველი აღმოჩენები ახლობლებისთვის გამოიყენა.
"ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ვეხმარებოდი, როგორ გაეუმჯობესებინათ რეზიუმე, როგორ ეძებნათ სამუშაო უფრო ეფექტურად. მალე გაიგეს სხვებმაც და ჩემს კართან უამრავი ადამიანი გამოჩნდა, ვისაც დახმარება სჭირდებოდა", – ამბობს ის.
სწორედ მაშინ გადაწყვიტა, რომ ამ მიმართულებით ემუშავა და მისი საქმიანობაც უფრო საჯარო გაეხადა. 2024 წელს კი LinkedIn-ის საშუალებით კარიერის მენტორობა ოფიციალურად დაიწყო.
სალომეს გზა LinkedIn-ზე მას შემდეგ დაიწყო, რაც გადაწყვიტა, სრულიად უსასყიდლოდ დახმარებოდა სამუშაოს მაძიებლებს. ორ თვეში მან 1000-ზე მეტი ადამიანის რეზიუმე და პროფილი გადაამუშავა, ინდივიდუალურად დაუბრუნა უკუკავშირი და ძალიან მალე უამრავმა მათგანმა წარმატებული დასაქმების შესახებ მოსწერა. სწორედ ეს გახდა მისი მთავარი მოტივაცია, საჯაროდ გაეგრძელებინა კარიერის მენტორობა.
დღეს მისი დახმარებით ადამიანები როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე პოულობენ სამუშაოს. მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება, და სალომეც განაგრძობს ინდივიდუალური კონსულტაციების ჩატარებას მათთვის, ვისაც სტრატეგიული მხარდაჭერა სჭირდება კარიერულ გზაზე.
სალომეს საქმიანობა მხოლოდ LinkedIn-ის პოსტებით არ შემოიფარგლება – ის აქტიურად აწარმოებს პირად კონსულტაციებს და ცოტა ხნის წინ ონლაინკურსებიც შექმნა, რათა უფრო მეტ ადამიანს დაეხმაროს კარიერულ განვითარებაში. ეს ნაბიჯი მისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინსვლა იყო, რადგან მასთან ინდივიდუალური მუშაობის სურვილი ყოველდღიურად იზრდება.
მისი წარმატება მალე შენიშნეს სხვა ორგანიზაციებმაც, რაც უნივერსიტეტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში მოწვეულ სპიკერად გადაქცევის წინაპირობად იქცა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მას არაერთი საინტერესო შემოთავაზება ჰქონდა, რაც მის მეთოდების ეფექტურობას ადასტურებს.
როცა წარსულზე და პირად თუ სხვების გამოცდილებებზე ფიქრობს, იხსენებს, რომ უკუკავშირის არარსებობა ის მთავარი პრობლემა იყო, რომელმაც ყველაზე მეტი იმედგაცრუება მოუტანა.
"როდესაც მუშაობ და სწავლობ, რათა პროფესიონალი გახდე, გგონია, რომ ეს გზა აუცილებლად მოიტანს წარმატებას, მაგრამ სამუშაოს მაძიებლებისთვის რეალობა ხშირად სხვანაირია. რეზიუმეს ვგზავნიდი, მაგრამ არავინ მიკავშირდებოდა. რაღაც აშკარად არასწორად კეთდებოდა", – აღნიშნავს სალომე.
ამ მდგომარეობის ანალიზმა მიიყვანა იქამდე, რომ საქმე მხოლოდ გამოცდილებასა და უნარებში არ იყო. დასაქმების პროცესში მუშაობს სტრატეგია, რომელიც მოიცავს როგორც რეზიუმეს სწორად სტრუქტურირებას, ისე პროფესიული ქსელის შექმნას.
"როდესაც არ გაქვს სტრატეგია, უბრალოდ, ბრმად ეძებ და შედეგი არ მოდის", – ამბობს იგი.
როცა საქმე რეზიუმეს მორგებას ეხება, ხელოვნური ინტელექტი სამუშაოს მაძიებლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო იარაღია.
"რეზიუმეს თითოეული ვაკანსიისთვის მორგება ძალიან დიდ დროს მოითხოვს. AI ამ პროცესს საგრძნობლად აჩქარებს", – ამბობს სალომე. თუმცა აღნიშნავს, რომ მისი ბრმად მინდობა არ შეიძლება.
"AI საოცარი დამხმარეა, მაგრამ ის არ არის მაგიური ინსტრუმენტი. თუ სწორად არ გამოიყენებ, შეიძლება დაგაზიანოს კიდეც. უნდა ვიცოდეთ, რა დავტოვოთ რეზიუმეში, რაზე გავაკეთოთ აქცენტი და რა არ უნდა მივანდოთ ტექნოლოგიას", – ამბობს ის.
კომპანიები თავადაც აქტიურად იყენებენ AI-ს კანდიდატების რეზიუმეების სკანირებისა და ფილტრაციისთვის, სამუშაოს აღწერილობის გენერირებისთვის, ამიტომ სამუშაოს მაძიებლებსაც ესაჭიროებათ ტექნოლოგიასთან ადაპტაცია, რათა მათი განაცხადი რეალურ რეკრუტერამდე მივიდეს.
დღეს სალომე 700-ზე მეტ წარმატებულ დასაქმებულს ითვლის, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი შემთხვევა დავითის ისტორიაა, ბათუმიდან.
"დავითს ძალიან უნდოდა გამხდარიყო გრაფიკული დიზაინერი, მაგრამ სხვა სფეროში მუშაობდა და დიზაინის მიმართულებით ახალი შესაძლებლობის პოვნა ბათუმში თითქმის შეუძლებლად მიაჩნდა. უკვე იმედიც დაკარგული ჰქონდა", – იხსენებს ის.
ერთად მუშაობის პირველივე დღეს მათ შეიმუშავეს სტრატეგია და LinkedIn-ის საშუალებით დავითმა პირველი სამსახური მალევე იპოვა.
"რამდენიმე თვეში უკვე უფროსი გრაფიკული დიზაინერი გახდა, შემდეგ კი მისი ნამუშევრები ამერიკაში შეამჩნიეს და ნიუ-იორკის გამოფენაზეც მოხვდა. დღეს ის გლობალურ ბაზარზე მუშაობს, როგორც AI-არტისტი, და მე უზომოდ ამაყი ვარ, რომ მის კარიერულ წარმატებაში გარკვეული წვლილი მიმიძღვის", – აცხადებს სალომე.
ყველა წარმატების ისტორიას ერთი საერთო ნიშანი აქვს – სტრატეგიული მიდგომა.
"კანდიდატებს ხშირად ჰგონიათ, რომ საკმარისია გამოცდილება და კარგი რეზიუმე, მაგრამ წარმატებას ამის მიღმა ბევრად მეტი სჭირდება", – აღნიშნავს ის.
Entrepreneur-თან ინტერვიუში სალომე გავრცელებულ მიდგომებსა და შეცდომებზეც საუბრობს. მისი თქმით, სამუშაოს მაძიებლები ხშირად უშვებენ ერთსა და იმავე შეცდომებს:
"ყველაზე დიდი შეცდომაა რეზიუმეების ქაოცური გაგზავნა. როდესაც ვაკანსიაზე კონკურენცია დიდია, ზოგადი, არაფოკუსირებული განაცხადი წარმატებას ვერ მოიტანს. LinkedIn-ის არასწორად გამოყენება, არაფორმალური კონტაქტების უგულებელყოფა და გასაუბრებისთვის არასაკმარისი მომზადება – ეს ყველაფერიც ხშირად ხელს უშლის კანდიდატებს".
საერთაშორისო გამოცდილებამ მას ცხადად უჩვენა, რომ დასაქმების პროცესს საზღვრები არ აქვს.
"არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ქვეყანაში ეძებ სამსახურს. თუ არ იცი, საით მიდიხარ, საბოლოოდ ვერსად ვერ მიხვალ", – განმარტავს სალომე.
მისი აზრით, წარმატებისთვის საჭიროა მკაფიო კარიერული ხედვა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რეზიუმე, მიზანმიმართული და პროფესიონალური, აქტიური LinkedIn პროფილი და ინტერვიუსთვის სტრატეგიული მომზადება.
სალომე ამბობს, რომ შესაბამისი სოციალური ქსელების სწორად გამოყენება კარიერული წინსვლისთვის მნიშვნელოვანი ხელსაწყოებია. მაგალითად, თავად LinkedIn-სა და Telegram-ს იყენებს აქტიურად.
"LinkedIn-ზე ყოველდღიურად ვაზიარებ კარიერულ რჩევებს და სტრატეგიებს, რაც ბევრ ადამიანს ეხმარება. Telegram-ჯგუფში ვაზიარებ ვაკანსიებს, რომლებსაც დამსაქმებლები უშუალოდ მე მიგზავნიან. ბევრ კანდიდატს სწორედ ამ ორი პლატფორმის მეშვეობით უპოვია სამუშაო".
მისი აზრით, ეს არ არის მხოლოდ კონტენტის გაზიარება, არამედ რეალური შესაძლებლობების შექმნა, რომელიც ადამიანების კარიერულ მომავალს ცვლის.
კარიერის მენტორობა სწრაფად ვითარდება და მომდევნო წლებში კიდევ უფრო გარდაიქმნება. "AI და კარიერული მენტორობა ერთად იმუშავებს, ციფრული განათლება გახდება ნორმა და საერთაშორისო დასაქმების შესაძლებლობები გაიზრდება. სამუშაოს მაძიებლები მალე მიხვდებიან, რომ მხოლოდ კარგი რეზიუმე აღარ არის საკმარისი – მათ სტრატეგია სჭირდებათ", – ამბობს სალომე.
სალომეს მიზანია, ადამიანები უკეთ გაეცნონ კარიერული მენტორობის არსს და გაიაზრონ, რომ დროსთან ერთად ეს სერვისი ბევრად მოთხოვნადი და საჭირო ხდება. მისი აზრით, შრომის ბაზარი ძალიან სწრაფად იცვლება, იქმნება ახალი პოზიციები, რაც დაბნეულობას გამოიწვევს. კარიერის მენტორები, კონსულტანტები კი სწორედ ამ გზის გაკვალვაში დაეხმარებიან სამუშაოს მაძიებლებს.
"მიზანია რაც შეიძლება მეტი ადამიანის დასაქმება და მათი წარმატების მიღწევაში გარკვეული წვლილის შეტანა, რადგან არაფერია იმაზე კარგი, აკეთებდე საქმეს, რომელიც სხვას აბედნიერებს და ცხოვრებას უცვლის. პრაქტიკული შედეგები ყოველთვის უფრო მეტს ამბობს, ვიდრე წინასწარი განცხადებები, ამიტომ მირჩევნია, რომ ჩემი გეგმები შედეგებით დავადასტურო". – აღნიშნავს ის.