Sazeo – სტარტაპი, რომელიც საქართველოში შენობის მართვისა და ენერგოეფექტურობის ახალ სტანდარტს ქმნის Sazeo-ს დამფუძნებელი გიორგი მერებაშვილი – MEP ინჟინრიდან ტექმეწარმემდე

By მარიამ ქობალია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოში მოხმარებული ენერგიის 50% საინჟინრო სისტემებში იხარჯება. ამის საშუალოდ 30% კი არასწორი მართვის გამო არაეფექტურად იკარგება, რაც ყოველწლიურად ასიათასობით ზარალს ნიშნავს ერთი კომპანიისთვის. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია გარემოზე ზემოქმედების ფაქტორიც, რომელიც უფრო და უფრო აქტუალური ხდება საქართველოშიც. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი კომპონენტი სწორედ ეს მიმართულებაა. 2025 წლის 31 დეკემბრიდან უკვე ამოქმედდა "შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ" კანონის ახალი რეგულაციები, რომლებიც შენობების ავტომატიზაციისა და კონტროლის სისტემების (BACS) სავალდებულო დანერგვას მოითხოვს.

გიორგი მერებაშვილმა 15 წელი MEP სფეროში გაატარა. მისი ხელმძღვანელობით არაერთი განსაკუთრებული პროექტია განხორციელებული საქართველოს მასშტაბით, მათ შორის აეროპორტები, კლინიკები, სასტუმრო კომპლექსები, სკოლები თუ სხვა. ამ პროცესში ის აკვირდებოდა ბაზრის მოთხოვნებსა და გამოწვევებს. შესაძლო გადაწყვეტის ძიებაში დაიბადა Sazeo – ჭკვიანი შენობის მართვის სისტემა, რომელიც დღეს წამყვან ბანკებს, კლინიკებს, სკოლებს, სპორტულ კომპლექსებს, სავაჭრო ქსელებსა და სასტუმროებს ემსახურება.

როგორ გაჩნდა Sazeo- შექმნის იდეა? ეს იყო კონკრეტული გამოცდილება, რომელმაც დაგანახათ ბაზარზე არსებული საჭიროება, თუ საერთაშორისო გამოცდილების ქართულ რეალობაზე მორგების სურვილი?

იდეა პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით გაჩნდა. უკვე 15 წელზე მეტია კომპანიებს საინჟინრო სისტემების პროექტირებას, ინსტალაციასა და კონსულტაციას ვთავაზობთ. ამასთან ერთად, შევქმენით მაღალტექნოლოგიურად აღჭურვილი სავენტილაციო საწარმო.

ამ სფეროში მუშაობის განმავლობაში ყოველდღიურად ვხედავდით, რამდენად რთულია შენობებში საინჟინრო სისტემების მართვა და მოვლა. კომპანიებს ხშირად აქვთ კვალიფიციური პერსონალის დეფიციტი, სისტემების ხელით მართვა დიდ დროს და რესურსს მოითხოვს, ხოლო ენერგიის დიდი ნაწილი არაეფექტურად იკარგება.

მეორე მხრივ, ბაზარზე არსებული ტრადიციული შენობის ავტომატიზაციის სისტემები (BAS) საშუალო ზომის კომერციული შენობებისთვის ზედმეტად რთული და ძვირი იყო. მათი დანერგვა დიდ ინვესტიციებს, სპეციალიზებულ ცოდნასა და პროგრამირებას საჭიროებდა.

სწორედ ამ საჭიროებამ გვიბიძგა, შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც მარტივი, ხელმისაწვდომი და პრაქტიკული იქნებოდა. ამიტომ შევქმენით ახალი პლატფორმა, რომელიც არ საჭიროებს პროგრამირებას ან სპეციალურ საინჟინრო ცოდნას, ამარტივებს შენობის სისტემების მართვას და ამავდროულად, მნიშვნელოვნად ზრდის ენერგოეფექტურობას.

რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა, როდესაც ენერგოეფექტურობისა და ავტომატიზაციის სფეროში საკუთარი ხედვის რეალიზება დაიწყეთ?

სტერეოტიპების მსხვრევა. ადამიანები შენობის ავტომატიზაციის გაგონებაზე ავტომატურად ფიქრობდნენ – ძვირი, რთული, მხოლოდ დიდი კომპანიებისთვის.

ჩვენ კი ვცდილობდით დაგვემტკიცებინა, რომ გაციფრულება არ არის ზედმეტი ხარჯი. პირიქით – ის არის ზედმეტი ხარჯების შემცირების საშუალება. საწყისი ინვესტიცია კი იმდენად მცირეა, რომ პირველივე დღიდან აქვს ამონაგები. ამის დასტურია, რომ დღეს უკვე ბევრი წამყვანი კომპანიის შენობა იმართება მისი საშუალებით და შედეგებიც თვალსაჩინო და გაზომვადია.

რა არის Sazeo- მთავარი ტექნოლოგიური უპირატესობა?

სიმარტივე და პრაქტიკულობა. ამ პლატფორმით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერს – არ საჭიროებს სპეციალიზებულ ცოდნას. ჩვენს სისტემას იყენებენ მენეჯერები, რომელთა პროფესია ინჟინერია სულაც არ არის.

სისტემის დანერგვას სულ რაღაც რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე სჭირდება, ინტეგრირდება არსებულ ინფრასტრუქტურაში, არ საჭიროებს სისტემების შეცვლას და არ აფერხებს ბიზნესპროცესებს.

ამასთან, სისტემა თავადვე არეგულირებს სიმძლავრეს შენობის დატვირთულობის მიხედვით: არცერთი კილოვატი არ იხარჯება უმიზნოდ, რაც პირდაპირ კომუნალურ გადასახადებში აისახება.

როგორ შემოიკრიბეთ ის პროფესიონალები, რომლებიც დღეს Sazeo- წარმატების თანამონაწილენი არიან?

საზეოს გუნდში არიან ადამიანები, ვისთან ერთადაც წლების განმავლობაში სხვა კომპანიები შევქმენით და მნიშვნელოვანი პროექტებიც განვახორციელეთ. შემოგვიერთდნენ გუნდის ახალი წევრებიც, რომლებმაც ახალი ენერგია მოიტანეს.

ვფიქრობ, ადამიანები ყველაზე მეტად მაშინ ერთიანდებიან, როცა ხედავენ, რომ მხოლოდ სამსახურში კი არ დადიან, არამედ ქმნიან რაღაც მნიშვნელოვანს, რომელიც გარემოს უკეთესობისკენ ცვლის. სწორედ ესაა Sazeo-ს გუნდის ასპირაცია – შენობის მართვის მოძველებული პრაქტიკა შევცვალოთ უკეთესობისკენ.

რამდენი ხანია ბაზარზე ხართ და რა ტიპის ბიზნესებისთვის არის თქვენი სისტემა განკუთვნილი?

დაახლოებით 2 წელია, რაც ბაზარზე ვართ. უკვე ძალიან ბევრ სხვადასხვა ფუნქციური დანიშნულების კომერციულ შენობაში გვაქვს დანერგილი საზეოს ჭკვიანი მართვის სისტემა, მათ შორის წამყვან ბანკში, სურსათის მაღაზიათა ქსელებში, კლინიკებში, სპორტულ კომპლექსებში, ოფისებში, კერძო სკოლებსა თუ სასტუმროებში. ყველა ამ კომპანიას აერთიანებს ის, რომ მათ აქვთ შენობა-ნაგებობები და საინჟინრო სისტემები, რომლის ხელით მართვა უკვე წარსულში დატოვეს და ახალი, ეფექტიანი ინსტრუმენტების გამოყენება დაიწყეს.

როგორ შეიცვალა ქართული ბიზნესის დამოკიდებულება ჭკვიანი სისტემების (BAS) მიმართ Sazeo- დაარსებიდან დღემდე?

ტრანსფორმაცია შესამჩნევია. თუ ადრე გვიწევდა განმარტება, საერთოდ რაში სჭირდებოდათ შენობაში გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის ავტომატიზაცია, დღეს ბიზნესი თავად მოდის და გვეკითხება, როგორ გაამარტივონ მართვა ციფრული ინსტრუმენტების საშუალებით და დააბალანსონ ელექტროენერგიის მზარდი ხარჯები. "საზეოს" საშუალებით შენობის მართვის ჭკვიანი სისტემა ფუფუნებიდან ბიზნესის წინსვლისა და კონკურენტუნარიანობის აუცილებელ პირობად გადაიქცა.

როგორ ხედავთ კომპანიის მომავალს? ეგმავ თუ არა საერთაშორისო ბაზარზე გასვლა ან ახალი მიმართულებების ათვისება?

ახლო მომავლის მთავარი მისია საქართველოს საინჟინრო ინდუსტრიაში უახლესი ტექნოლოგიების დანერგვაა. დღეს უდიდესი რესურსი იკარგება მოძველებული მართვის გამო. გვინდა ეს დანაკარგი მინიმუმამდე დავიყვანოთ.

პარალელურად ვემზადებით საერთაშორისო ბაზრისთვის. მუდმივად ვიკვლევთ საერთაშორისო ბაზარსა და ტრენდებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და მონაცემები გვიჩვენებს, რომ გამოცდილება და ცოდნა, რაც ქართულ ბაზარზე დავაგროვეთ, კონკურენტუნარიანია საერთაშორისო დონეზეც.

ამასთანავე, ვმონაწილეობთ საერთაშორისო აქსელერატორ Plug and Play-ის პროგრამაში, რომელიც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით ხორციელდება. პროგრამის პირველ ეტაპზე გამარჯვება და გრანტის მოპოვება ჩვენთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და აღიარება იყო. აქსელერატორი გვეხმარება საერთაშორისო მენტორებთან მუშაობაში, პროდუქტის კიდევ უფრო დახვეწაში, გლობალური ბაზრების უკეთ გააზრებასა და იმაში, რომ Sazeo ეტაპობრივად საერთაშორისო პოტენციალის მქონე ტექნოლოგიურ პროდუქტად ჩამოყალიბდეს.

რას ეტყოდით ახალგაზრდა ანტრეპრენერებს, რომლებსაც აქვთ იდეა ტექნოლოგიურ ან საინჟინრო სფეროში, მაგრამ ნაბიჯის გადადგმის ეშინიათ?

ტექნოლოგიურ და საინჟინრო სფეროში თითქმის არასოდეს იწყება ყველაფერი იდეალური პროდუქტით. თავიდან იწყება ინტერესით, ცდით, შეცდომებით და მუდმივი გაუმჯობესებით. ყველაზე მნიშვნელოვანი არის პირველი ნაბიჯის გადადგმა და რეალურ ბაზართან კონტაქტი, რადგან სწორედ იქ იგებ, რეალურად რა სჭირდება მომხმარებელს.

როცა იწყებ, მთლიანი გზა არ ჩანს და სწორედ ამაშია მთელი ხიბლი, რადგან მთლიან გზას რომ ვხედავდეთ, ალბათ არც დავიწყებდით. მთავარია მოვუსმინოთ ბაზარს, მომხმარებლის ადგილას წარმოვიდგინოთ თავი და მუდმივად მათზე ვიყოთ ორიენტირებული. წარმატებას განსაზღვრავს ის, რამდენად კარგად აგვარებს შენი იდეა რეალურ პრობლემას.