Get All Access for $5/mo

სისტემა უნდა... აშენდეს როგორ უნდა აშენდეს ქართული ჯანდაცვის სისტემა? ქართველი ექიმის ხედვა ისრაელიდან

By ლექსო ვაჩაძე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

არა, არა პოლიტიკა არა!..

ვიცი, გსმენია, სისტემა უნდა დაინგრეს!

მაგრამ მე სხვა სისტემაზე ვსაუბრობ...

იმ სისტემაზე, რომელიც უნდა აშენდეს,

და უნდა აშენდეს პროფესიონალების მიერ!

რა, რა, და დღეს მართლა გვაქვს საამისო გარემო.

გარემოს ქმნის კორონა-რეალობა და უმთავრესი − ხალხის მზარდი ინტერესი ჯანდაცვის სისტემის მიმართ.

კორონა დაიწყო, თუმცა ბოლო არ უჩანს.

მიუხედავად არასახარბიელო მოლოდინისა, ჩვენმა ჯანდაცვის სპეციალისტებმა დიამეტრულად განსხვავებული რეალობა შემოგვთავაზეს და ქვეყანას თავიდან აარიდეს კორონა-ცუნამი.

აღსანიშნავია ჩვენი მოქალაქეების დადებითი რეაქცია პროფესიონალების მიერ გაკეთებულ საქმეზე.

თითქოს, სამედიცინო წრეებსა და მოქალაქეებს შორის არსებული უფსკრული დაპატარავდა.

რაღაც ნდობა გაჩნდა ჯანდაცვის სისტემის მიმართ.

უნდობლობას კი თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები აქვს: სსრკ-ს დაშლის შემდეგ საქართველოში დატრიალებულ ავბედით დღეებს, არანაკლები სიმძაფრით ემსხვერპლა ჩვენი ჯანდაცვის სისტემა. სახელმწიფო საავადმყოფოები (ალტერნატივა კი მათ არ ჰქონდათ) ერთმანეთის მიყოლებით ცარიელდებოდა ექიმებისა თუ მედიკამენტებისგან.

არაერთხელ მსმენია უფროსი მეგობრების და მასწავლებლებისგან, თუ როგორ ასუნთქებდნენ პაციენტებს ხელით უშუქობის პერიოდში; ასევე საველე მდგომარეობებში ჩატარებული სამედიცინო მანიპულაციების შესახებ...

რეალობა კი ერთია − საქართველოს არაერთი სპეციალისტი ჰყავს, რომელთა პროფესიონალიზმი ძალიან მაღალი შკალით ფასდება.

თუმცა გაკოტრებულ, შემდგომში რე-ანიმირებულ და უკვე თვით-რეგენერირებად, მოუწესრიგებელი მატრიცის მქონე სისტემაში მათი ადგილი ხარისხის შემქმნელ და მზიდავ ინდივიდებად ჩანს და დანამდვილებით გეტყვით: მეტი სარბიელი ჰქონოდათ, მეტ სარგებელს მოუტანდნენ საქართველოს ჯანდაცვის სისტემას (და შესაბამისად, მოქალაქეებს).

არ არის აუცილებელი ექსპერტობა იმის მისახვედრად, თუ სად გადის ზღვარი კარგი ექიმების ყოლასა და ღირებული ჯანდაცვის სისტემის ფლობას შორის.

ერთი მეორეს აძლიერებს, მეორე კი − პირველს.

ერთ-ერთი კომპონენტის ამოვარდნა არღვევს სისტემის მთლიანობას და აფუჭებს ხარისხს.

მაშასადამე, კარგი ჯანდაცვის სისტემის მისაღებად მხოლოდ სეზონური დაავადებების შესახვედრი სამზადისი არ კმარა. ამისთვის კარგი ექიმებისა და კარგად აგებული სისტემის მოწესრიგებული ერთობაა საჭირო.

ქართული მედიცინის ხსენებისას, მყისიერად გიწევს გამკლავება ისეთ არგუმენტებთან, როგორებიცაა: ქვეყნის ეკონომიკური ძლიერება, როგორც სამედიცინო სისტემის გამართვის წინაპირობა, განათლების სისტემა და იქ არსებული პრობლემები, ექიმების დახელოვნებისა და დიპლომის შემდგომი უწყვეტი განათლების სისტემის თავისებურებები, ინტელექტის გადინება, არასათანადო ხელფასები და მრავალი მახვილი, მკაცრი და დაუნდობელი ფაქტორი, რომელთა ერთობლიობა არ გვაძლევს მოსვენებას.

მართალია 30-წლიანი დამოუკიდებლობის ისტორიის მქონე ქვეყანას ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი, ეკონომიკის, განათლების, იურისდიქციისა თუ სხვა მიმართულებებით, მაგრამ როგორც იტყვიან, შეუძლებელი არაფერია, მით უმეტეს, თუ არსებობს კეთილი ნება და ინფორმაციის სიჭარბით სახელგანთქმული ჩვენი დღევანდელობა.

დიახ, ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ ქართული ჯანდაცვის მაშტაბური რეორგანიზაცია, მოდერნიზაცია, გნებავთ დაარქვით ამ პროცესს ნაციონალიზაცია (კანადის ჯანდაცვის ეროვნული დოქტრინის მაგალითზე) ან სხვა რაიმე რთული ტერმინიზაცია და ამისათვის ძვირადღირებული ტექნოლოგიების შესყიდვა სულაც არ არის საჭირო.

  • საჭიროა ჯანდაცვის ექსპერტების შეკრება და მათთვის მიზნის დასახვა: ავაწყოთ ქართული ჯანდაცვის სისტემა.
  • მეტი პოლიტიკური ძალა და მოქმედების უნარი მივცეთ საქართველოს სამედიცინო ასოციაციას და მასში შემავალ დარგობრივ ასოციაციებს. წარმატებული ქვეყნების მაგალითზე კარგად ჩანს ჯანდაცვის მართვის დეცენტრალიზაციის სიკეთე.
  • ასევე გვჭირდება ეროვნული გაიდლაინების ჩამოყალიბება, მათი სამოქმედო არეალის განსაზღვრა და ამ პროტოკოლის აღსრულების მონიტორინგის მექანიზმების არსებობა.
  • ექიმთა მუდმივი გადამზადებისა და უწყვეტი განათლების სისტემის მოდერნიზება და მეტი ეფექტურობის მიცემა.

ამ პუნქტების შესრულება საშუალებას მოგვცემს ავაშენოთ ეფექტური ჯანდაცვის სისტემა, რომელიც სარგებელს მოუტანს არა მარტო ჩვენს მოქალაქეებს, არამედ ეკონომიკასაც.

კარგი ჯანდაცვა შესაძლოა ვაქციოთ შემოსავლის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ წყაროდ.

მაგალითად: ქართულ სამედიცინო სასწავლებლებში ჩარიცხული უცხოელი სტუდენტების რიცხვი საკმაოდ მაღალია. ამ ახალგაზრდებს, ფინანსურთან ერთად, კულტურულ-პოლიტიკური სარგებელიც დიდი მოაქვთ. შეგახსენებთ ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის ტყვეობისას, უცხოელი სტუდენტების მიერ გამართულ საპროტესტო აქციას.

ასევე ხშირია მეზობელი ქვეყნების მოქალაქეთა მხრიდან რიგი სამედიცინო სერვისებით სარგებლობა ქართულ კლინიკებში. განსაკუთრებით კარდიოლოგიური და კარდიოქირურგიული სპექტრის ავადმყოფების შემოდინება გამოირჩევა. პლასტიკური ქირურგია, სტომატოლოგია, ასევე ბავშვთა ჰემატო-ონკოლოგიური პროფილი და ბავშვთა გულის ქირურგია (თანდაყოლილი მანკების მკურნალობა); განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს სტომატოლოგია და პლასტიკური ქირურგია, რაშიც საქართველო სრულად დომინირებს რეგიონში.

საქართველო ტურისტული თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა მსოფლიო ბაზარზე და ყველაზე წარმატებული რეგიონში.

სამთო-სათხილამურო და სარეკრეაციო ტურისტული აქტივობები ნამდვილად არ მიეკუთვნებიან უწყინარი გასართობების რიცხვს. შესაბამისად, კარგი სამედიცინო სერვისების ფლობა, დამატებითი და ძალზე მნიშნელოვანი სავიზიტო ბარათია მასპინძელი ქვეყნის საიმიჯო მიმართულებით.

აქვე გავიხსენებ საქართველოს სამაშველო სამსახურის შესანიშნავ მოქმედებას და ვიტყვი, რომ არაერთხელ შემხვედრია მათი პროფესიული საქმიანობის ქება ისრაელის მოქალაქეებს შორს, რომელთა შორის საქართველო, და კერძოდ ბათუმი, 2018-2019 წლების საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად დასახელდა.

რეალობა ერთია − ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრების პარალელურად, საქართველოში რიგი დარგები საკმაოდ განვითარდა, მაგრამ ზოგადი პრობლემა საკმაოდ მწვავეა.

არადა, გაცილებით მეტის პოტენციალი გვაქვს!

როგორ?

მომყევით...

შეუძლებელი არაფერია

მთავრია გვქონდეს სწორად აწყობილი სისტემა

და მიუხედავად ეკონომიკური სირთულეებისა, საქართველოს სამედიცინო სისტემას მეტის გაკეთება შეუძლია, თან − ყველა დონეზე. მთავარია მოვიფიქროთ, თუ საიდან დავიწყებთ ჩვენი ჯანდაცვის სისტემის შენებას. შენებასო, რომ ვამბობ, ისე ნუ გამიგებთ, თითქოს ნანგრევებში ვიჯდე და ნაშალიდან ეულად მოზიდული საკვამურის ძირში, მბჟუტავ ბუხართან ვთბებოდე. ისტორია და ნაშენები იმაზე მეტი გვაქვს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ერთია, რომ ამ ისტორიას განახლება და ახალი, თანამედროვეობისათვის შესაფერისი დიზაინის მიცემა სჭირდება.

მოდი, წამით გვერდით გადავდოთ ეკონომიკა და საკუთარ თავს ვკითხოთ: საიდან დავიწყოთ ეს ყველაფერი?

პასუხად მიგვაჩნია − ჯანდაცვის სისტემის რეფორმა!

სამედიცინო სტრუქტურებისთვის ისეთი მატრიცის (ჩონჩხის) შექმნა, რომელიც მოერგება ქვეყნის ეკონომიკას, მოთხოვნებს, გეოგრაფიულ, კულტურულ და არსებულ გეოპოლიტიკურ რეალობას (იგულისხმება ოკუპირებული ტერიტორიები და იქ მყოფი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა).

არ დაგვავიწყდეს − ამისათვის საჭიროა სამედიცინო კანონმდებლობის დარეგულირება.

ჯანდაცვის რგოლების მონახაზის შექმნა, თითოეულ რგოლზე სამოქმედო ფუნქციის განსაზღვრა და ამ სტრუქტურების ურთიერთკავშირისა და თანამშრომლობის სათანადო კანონმდებლობით გამყარება.

სწორად აწყობილი სისტემა განაპირობებს სწორ მოქმედებას.

სისტემის აწყობას დახარჯულ მილიონებზე მეტად კეთილი ნება და რეფორმები სჭირდება.

საქართველომ საბჭოთა კავშირისგან ერთგვარ მემკვიდრეობად მიიღო მისი სამედიცინო სისტემა. საბჭოთა კავშირის მეხოტბედ ვერცერთ დონეზე ვერ გამოვდგები, მაგრამ რომ არა გასული საუკუნის 90-იანი წლების უმძიმესი მოვლენები (დაღუპული თანამოქალაქეები, ეკონომიკური კატასტროფა, მოკლული პრეზიდენტი, დაკარგული ტერიტორიები, გადინებული ინტელექტი), შეიძლებოდა ამ სისტემის მოდერნიზაცია და მოქალაქეების სასიკეთოდ სამსახურში ჩაყენება.

საჭიროა შეიქმნას ქართული ჯანდაცვის სისტემის პროექტი.

განისაზღვროს ჯანდაცვის პირველადი რგოლის დიზაინი, ფუნქცია და ვალდებულებები. ასევე საჭიროა განისაზღვროს მეორეული და მესამე დონის სამედიცინო ცენტრების კრიტერიუმები, ანუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სამედიცინო ცენტრი, რომ მას მიენიჭოს მეორე ან მესამე დონის ცენტრის სტატუსი.

საჭიროა საქართველოს სახელმწიფო ტერიტორია დაიყოს სპეცზონებად. უნდა შედგეს მოცემულ ზონებში მცხოვრები მოქალაქეების სტატისტიკური ანალიზი: რამდენი ადამიანი ცხოვრობს ამ გეოგრაფიაზე, რა არის იქ მცხოვრებთა საშუალო ასაკი, რომელი დაავადებებია გავრცელებული, რამდენად დატვირთულია ის ტურისტებით და რა ტურისტული აქტივობები გვხვდება ყველაზე ხშირად.

ამ ინფორმაციის დამუშავება საშუალებას მოგვცემს განვსაზღვროთ, თუ რა ტიპის სამედიცინო სერვისის მიწოდება დასჭირდება მოცემულ გეოგრაფიულ ზონას.

ასევე უნდა განისაზღვროს რეგიონული ცენტრის სტატუსის მქონე (რეფერალური) სამედიცინო ცენტრის პროფილი და მოხდეს მისი შესაბამისი მოდერნიზაცია.

გეოგრაფიული (ზონების) სტატისტიკური ანალიზი საშუალებას მოგვცემს შევადგინოთ ოჯახის ექიმის (და სხვა სპეციალისტების) სამოქმედო გაიდლაინების პაკეტი.

შედგეს პროტოკოლი დაავადებების, მათი დიაგნოსტიკისა და პირველადი მკურნალობის შესახებ.

დადგინდეს წარმატებული და წარუმატებელი მკურნალობის ამოსაცნობი კრიტერიუმები.

ამ გზით, ოჯახის ექიმი (ანუ ჯანდაცვის პირველადი რგოლი) შეძლებს გარკვეული დაავადებების ადრეულ დიაგნოსტიკას, წარმატებულ მკურნალობას; ხოლო წარუმატებელი მკურნალობის შემთხვევაში, ის პროტოკოლის მიხედვით ვალდებული იქნება პაციენტი გადაამისამართოს მეორეულ ცენტრში.

მეორეულ ცენტრში პაციენტის მდგომარეობაზე ზრუნავს სპეციალისტი, რომელიც ოჯახის ექიმისგან მიღებული ინფორმაციისა და სხვა დამხმარე გამოკვლევების წყალობით შეეცდება წარმატებული მკურნალობის მიგნებას.

იმისათვის, რომ ზემოთქმულმა სისტემამ იმუშაოს წარმატებულად, გარდა ამ სისტემის შექმნისა, საჭიროა სათანადო გაიდლაინების ჩამოყალიბება, სამედიცინო კანონმდებლობა და პროტოკოლის აღსრულების მონიტორინგი.

ალბათ დამეთანხმებით, რომ გაიდლაინების შედგენა, მათი პროტოკოლიზაცია, ოჯახის ექიმების გადამზადება, კანონმდებლობის შექმნა და აღსრულების მექანიზმების შედგენა უფრო იაფი უნდა დაჯდეს, ვიდრე მილიონობით დოლარის ღირებულების აპარატურის შეძენა და მათი შემდგომი სერვისი.

ისე ნუ გამიგებთ, თითქოს ტექნოლოგიების მოწინააღმდეგე ვიყო, ჩვენზე მეტად ვის უყვარს სამეცნიერო მიღწევების გამოყენება, მაგრამ...

უნდა გვახსოვდეს: სამედიცინო კანონმდებლობისა და სამოქმედო პროტოკოლების არარსებობის შემთხვევაში, ჩვენი მედიცინა დაემსგავსება საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის არმქონე, ტომარაში უწესრიგოდ მოთავსებული ორგანოების ერთობას.

ხშირად ვნახულობ ადამიანებს, რომელთაც ისე მოიყარეს 50-60 წლის ასაკი, ექიმთან ერთხელაც არ ჰქონიათ ვიზიტი. მათი ჯანმრთელობის საკითხზე არ უზრუნია სპეციალისტს. არ უცდიათ გამოევლინათ მომაკვდინებელი დაავადება ადრეულ ეტაპზე. ხშირად ამისათვის საჭიროა მხოლოდ ასაკობრივი სტანდარტული გამოკვლევის ჩატარება.

და აი, ჩემს მეგობარ ქირურგთან ერთად ვათვალიერებთ კომპიუტერული ტომოგრაფიის სლაიდებს და მის გაკვირვებას საზღვარი არ აქვს: "როგორ მოვიდა აქამდე, ღვიძლი საერთოდ არ აქვს დარჩენილი, ამას ვერაფერს ვუშველით!" რამდენი შემთხვევა იყო ასეთი...

ნაცვლად იმისა, რომ პაციენტი ადრეულ ეტაპზე მისულიყო ოჯახის ექიმთან, გაევლო პროტოკოლით განსაზღვრული ადრეული დიაგნოსტიკა, მარტივი ტესტით, იქნებ ასე გვიან, ასეთი ცუდი ეფექტი არ მიგვეღო.

ცხადია, ყველა დაავადებას ამგვარად ვერ მოვერევით, მაგრამ არც იმ დაავადებების რიცხვია დაბალი, რომელთა ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტიკა, აღმოჩენა, მკურნალობა და/ან თავიდან აცილებაა შესაძლებელი.

ეს ზოგავს ადამიანების სიცოცხლეს! აუმჯობესებს სიცოცხლის ხარისხს, პაციენტის ოჯახისა და ახლობლების ყოველდღიურ ცხოვრებას და მკურნალობაში გაწეულ ხარჯებს.

პირველადი რგოლის ექიმების როლი ძალიან დიდია ისრაელის მედიცინის ყოველდღიურობაში. რეანიმაციიდან წინა-საანესთეზიო კლინიკამდე, ყველგან, ყველა დონეზე მქონია პაციენტების ოჯახის ექიმებთან შეხვედრა, დიალოგი და კონსულტაცია.

ოჯახის ექიმის დონეზე ხდება უამრავი დაავადების ადრეული გამოვლენა; ასაკობრივი, რეგიონული და სამსახურებრივი სპეციფიკის გათვალისწინებით, ადამიანებს უდგინდებათ საჭირო გამოკვლევების პერიოდულობა, ხდება დაავადებების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა და მკურნალობა/კონტროლის ქვეშ მოქცევა.

მაშასადამე, ოჯახის ექიმი ყურადღების ცენტრში

ხარისხიანი მედიცინის შესაქმნელად, ოჯახის ექიმის, როგორც ჯანდაცვის პირველადი რგოლის, მოქმედი სპეციალისტის მნიშვნელობა ძალიან დიდია. ხშირად სწორედ ოჯახის ექიმია მოქალაქისა და ჯანდაცვის სისტემის შეხვედრის პირველი წერტილიც. ამ დონეზე ხდება უამრავი დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა, მისი მართვა და შესაბამისად, შესაძლო გართულებების თავიდან აცილება.

ჯანდაცვის პირველადი რგოლი გვაძლევს საშუალებას ვემსახუროთ მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ ცენტრალური ქალაქებიდან მოშორებით. ეს რგოლი შესაძლებელს ხდის ჯანდაცვის სერვისების მიწოდებას ეთნიკურ უმცირესობებზე. დიდ საუნივერსიტეტო ან კერძო სამედიცინო ცენტრებიდან გეოგრაფიული სიშორე შეგვიძლია გავანეიტრალოთ ოჯახის ექიმის ხარისხიანი მოქმედებით.

პირველადი რგოლის სწორად სამუშაოდ საჭიროა პროფესიონალების გადამზადება, დაავადებების მიხედვით სამოქმედო გაიდლაინების ჩამოყალიბება და ქვეყნის გეოგრაფიულ, კულტურულ და ეკონომიკურ სპეციფიკაზე მორგება. ასევე მნიშვნელოვანია უკვე დანერგილი სამოქმედო პროტოკოლების აღსრულების მონიტორინგი.

ოჯახის ექიმი და ზოგადად, ჯანდაცვის პირველადი რგოლი ასრულებს ფილტრის როლს პაციენტსა და მეორადი ჯანდაცვის ცენტრებს შორის.

ადვილად სამართავ პაციენტს საავადმყოფომდე არავინ მიუშვებს; წარუმატებელი მკურნალობის შემთხვევაში კი პაციენტი ეგზავნება სპეციალისტს, რომელიც ოჯახის ექიმისგან იღებს ყველა საჭირო ინფორმაციას, ეს კი სპეციალისტს უადვილებს სამუშაოს, რაც საბოლოოდ აისახება პაციენტის კეთილდღეობაზე, ასევე ფინანსებზე.

სამოქმედო გაიდლაინების გამოყენებით, ექიმი რუტინულად უწევს მოქალაქის ჯანმრთელობას მონიტორინგს.

რუტინული, ასაკობრივი და პოპულაციის სპეციფიკაზე გათვლილი პროტოკოლი შესაძლებელს ხდის რიგი დაავადებების ადრეულ დიაგნოსტიკას.

საკუთარი შესაძლებლობებისა და კომპეტენციის ფარგლებში, ოჯახის ექიმი ან დაიწყებს მოცემული დაავადების მკურნალობა/მართვას, ან პაციენტს გადაამისამართებს სათანადო სტანდარტის მქონე სამედიცინო ცენტრში.

ამგვარად, თავიდან ვიცილებთ დაგვიანებულ დიაგნოზს და სავალალო შედეგებს,

გამართული სისტემა კი ზრუნავს მისი კომპონენტების სწორ საქმიანობაზე.

სამედიცინო ასოციაცია, როგორც მთავარი როლის მატარებელი

გაიდლაინების შედგენაში, მათ პოპულარიზაციასა და ფართო გავრცელება/სწავლებაში ძირითადი როლი, როგორც წესი, დარგობრივ ასოციაციებს ეკისრებათ. მთავარი დამკვეთი კი სახელმწიფო, კერძოდ − ჯანდაცვის სამინისტროა.

ცალკე საკითხია საქართველოს სამედიცინო ასოციაციის უფლება-მოვალეობები, რომელსაც სჭირდება მეტი როლი ჯანდაცვის სისტემის ყოველდღიურ ცხოვრებაში. საჭიროა მეტად მოვუსმინოთ დარგის სპეციალისტებს − მათ, ვინც სინამდვილეში ქმნიან მედიცინასა და ხარისხს. წარმატებული ქვეყნების მაგალითი გვაჩვენებს სამედიცინო ასოციაციების აქტიურობის სასარგებლო ეფექტს. ცენტრალურ სამედიცინო ასოციაციაში შემავალი დარგობრივი ასოციაციების ვალდებულებაა სამოქმედო გაიდლაინების შემუშავება, დანერგვა, პოპულარიზაცია და სწავლება. ასევე, სამედიცინო აქტივობის ხარისხის განსაზღვრა. ქვეყნის სამედიცინო ასოციაცია უნდა იყოს ჯანდაცვის ხარისხისა და სამედიცინო განათლების სტანდარტის ავტორი, ცენტრალური ხელისუფლება კი ამ სტანდარტის შესრულების გარანტი.

სახელმწიფო უზრუნველყოფს ასოციაციის მიერ დადგენილი და დამტკიცებული სტანდარტის რეალიზების პროცესს, აძლევს ლეგიტიმაციას ასოციაციის ინიციატივებს, ის არის არბიტრი სამედიცინო სტრუქტურებსა და მოქალაქეებს შორის.

სანამ ექიმები გავხდებით

საკმაოდ რთული და შრომატევადი სტუდენტობის წლებია გასავლელი. ჩვენს ქვეყანას ამ მიმართულებითაც არაერთგვაროვნად აქვს საქმე. გვყავს აქტორები დიდი ისტორიითა და რესურსებით, მათი კურსდამთავრებულების რიცხვი სჭარბობს კერძო სკოლებისას. საჭიროა სასწავლო ლიტერატურის მუდმივი განახლება-დახვეწა. ამისთვის მაინცდამაინც თარგმანის გაკეთება საჭირო არ არის, შეიძლება სასწავლო ლიტერატურა იყოს ინგლისურ ენაზე, მაგრამ სწავლება ქართულად მიმდინარეობდეს. უდავოა ინგლისური ენის როლი თანამედროვე მედიცინაში, ამასთან, ჩვენი რესურსების ქვეყანას არ მოეთხოვება ლიტერატურის მასობრივი თარგმნა სწავლებისთვის. ისრაელში იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის (რომლის საუნივერსიტეტო კლინიკაშიც ვმუშაობ დღეს) თითქმის ყველა ძირითადი დისციპლინა ინგლისურ ენაზე გამოცემული სახელმძღვანელოებით ისწავლება, რაც ხელს აძლევს სტუდენტებისა და ექიმების სწრაფ ინტეგრაციას თანამედროვე სამედიცინო საზოგადოებაში.

რეზიდენტურა, როგორც სირთულე

სირთულეებია დიპლომს შემდგომი სპეციალიზაციის, ანუ რეზიდენტურის ეტაპზეც. ალბათ აქ ყველაზე მეტი პრობლემა გვაქვს და ხშირად ნახავთ ახალგაზრდა ქართველ ექიმებს, რომლებიც რეზიდენტურის გავლას უცხოურ კლინიკებში ცდილობენ. საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ექიმების წარმატებაზე კი არაერთხელ გექნებათ გაგონილი. ჩამოყალიბებულ სპციალისტებს კი დასავლური ქვეყნები ხელიდან აღარ უშვებენ და საქართველოდან გასული ინტელექტი რჩება მის საზღვრებს გარეთ.

პრობლემურია როგორც რეზიდენტურაში მოხვედრის, ასევე მისი დამთავრების, უკვე დარგობრივი სპეციალისტის სერთიფიკატის გამოცდები.

უნდა ვაღიარო, რომ არშემდგარ პალესტინის სახელმწიფოს უკეთესი სარეზიდენტო საგამოცდო სისტემა აქვს, ასევე გვჯობნის სავალდებულო საკითხავი ლიტერატურის მიმართულებითაც; და ეს მაშინ, როცა ჩვენ გვაქვს შეუდარებლად მეტი რესურსი.

ამგვარი დასანანი ლაფსუსის აღმოფხვრას კეთილი ნება და სათანადო რეფორმის გატარება სჭირდება. უკეთესი იქნება, რეზიდენტურის პროგრამის შედგენა და მეთვალყურეობა გადაეცეს სამედიცინო ასოციაციას, დარგობრივი სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ სასწავლო პროგრამის აღსრულება და მონიტორინგი/შეფასება მეტად ეფექტურია.

და კიდევ ერთი − იქნებ როგორმე გვეფიქრა ისედაც საეჭვო რეპუტაციის მქონე, ქართულ რეზიდენტურაში სწავლების გადასახადის გაუქმებაზე?!

ექთანი, როგორც მედიცინის ხერხემალი

საქართველოს (და არა მარტო) აქვს ექთნების პრობლემა. ექთანი, როგორც სამედიცინო სისტემის ხერხემალი, ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური პროფესიაა არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც.

არასახარბიელო სახელფასო შესაძლებლობები და თავად პროფესიის დაბალი პოპულარობა, საკმაოდ ბევრ პრობლემას ქმნის ქართულ საექთნო ბაზარზე. დაბალია ამ პროფესიის დაუფლების მსურველთა რიცხვი, ასევე ხშირია ექთნების საზღვარგარეთ გადინების შემთხვევებიც.

ფასდაუდებელია ექთნის როლი სამედიცინო სისტემის გამართული მუშაობისთვის. ექთანი, როგორც მედიატორი პაციენტსა და ექიმს შორის, წარმოადგენს სამედიცინო სერვისის მიწოდების პირველ ხაზს. სწორედ მათი ხელით ხდება დანიშნულებებისა და მკურნალობის სხვა მეთოდების აღსრულება.

ამ სპეციალისტებს უნდა უმადლოდეს ყველა პროგრესული ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყანა, რომ მათი საავადმყოფოები მუშაობენ ეფექტურად (იგულისხმება შესაძლო მაქსიმუმი).

ისრაელში ექთნის ინსტიტუტი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი რგოლია ჯანდაცვის სიიტემაში, ჰყავთ ძლიერი თვითმმართველობა და ინტერესის გამოჩენის შემთხვევაში, ერთვებიან სამეცნიერო სამუშაოებში; აქვთ სამეცნიერო ხარისხის დაუფლების შესაძლებლობები.

ამ და სხვა ზემოთქმულს ადვილად, ერთ დღეში ვერ განვახორციელებთ, მაგრამ ერთბაშად და ხელის ერთი მოსმით მიზნისთვის ვის მიუღწევია?

საჭიროა მიზნის დასახვა და სამოქმედო გეგმის შედგენა. დანარჩენი უკვე მოქმედი პირების მოშურნეობის, პროფესიონალიზმის, კეთილი ნებისა და მოდი ვთქვათ − პატრიოტიზმის ამბავია. მთავარია სწორი სამოქმედო გეგმა, სწორი სტრატეგია, საშემსრულებლო ოსტატობა, და ჩვენი ეკონომიკისა და გეოპოლიტიკური რეალობის შემთხვევაშიც კი შესაძლებელია იმაზე გაცილებით უკეთესი სამედიცინო სისტემის აწყობა, ვიდრე ბევრ აღმოსავლეთევროპულ თუ ცენტრალური აზიის ქვეყანას აქვს. ამგვარი შედეგის მიღებას თაობიდან თაობამდე ცდა არ დასჭირდება და მალევე მივიღებთ ისეთ ნაყოფს, რომელიც მოიგებს თანამოქალაქეების ნდობას და გახდება ქვეყნის სავიზიტო ბარათი, გნებავთ სოციო-პოლიტიკური და გნებავთ გეოპოლიტიკური გადმოსახედიდან.

ლექსო ვაჩაძე

ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი | ჰადასას საუნივერსიტეტო კლინიკა. იერუსალიმი, ისრაელი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

სიახლეები

გირჩევთ წაიკითხოთ: რა იქნა ჩემი ყველი?

ეს არის მარტივი იგავი ღრმა ჭეშმარიტების შესახებ