Get All Access for $5/mo

სკოლის მოსწავლეებისთვის - ალტე უნივერსიტეტის მასშტაბური სასკოლო Start-up მარათონი იწყება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დღესდღეობით, სულ უფრო მეტი ქვეყანა ცდილობს, სამეწარმეო განათლება ყველა ინდუსტრიაში განავითაროს. განათლებაში მეწარმეობის დანერგვა არ მოიცავს მხოლოდ სტარტაპის, სოციალური საწარმოსა თუ ბიზნესის მართვის შესწავლას, არამედ ისეთი კომპეტენციების განვითარებას, როგორებიცაა: ინოვაციური ხედვა, რესურსების მართვა, ახალი იდეების განხორციელება, გუნდური მუშაობა, და ყველა სხვა ის უნარი, რაც ნებისმიერი პროფესიის ადამიანს სჭირდება. აქედან გამომდინარე, მსგავსი ტიპის კომპეტენციების განვითარება სწორედ სასკოლო ასაკიდან არის მიზანშეწონილი. ამ ასაკში უმნიშვნელოვანესია ისეთი პროექტების განხორციელება, რომელიც სკოლის მოსწავლეებში სამეწარმეო აზროვნებას განავითარებს და მათ წინაშე უამრავ ახალ შესაძლებლობას გახსნის.

სკოლის მოსწავლეებში ანტრეპრენერული მისწრაფებების განვითარებაზე უკვე წლებია აქტიურად მუშაობს ალტე უნივერსიტეტი, რომელიც Start-up გარაჟის, ბიზნესის სკოლისა და IT-სკოლის ჩართულობით, უნიკალური კონცეფციის მქონე პროექტს − მასშტაბურ სასკოლო Start-up მარათონს ახორციელებს. სტარტაპ-მარათონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მე-10, მე-11 ან მე-12 კლასის მოსწავლეებს, ვისაც აქვთ Start-up იდეა, სურთ შეიტყონ მეტი ანტრეპრენერობის პრინციპების შესახებ და მენტორების მხარდაჭერით, რეალობად აქციონ ან განავითარონ საკუთარი იდეა.

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 3-4 მონაწილისგან შემდგარ გუნდებს, საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან. გამარჯვებულ და რჩეულ გუნდებს გადაეცემათ სიმბოლური და ფულადი პრიზები, როგორც ალტე უნივერსიტეტისგან, ასევე პარტნიორი ორგანიზაციებისგან. უკვე მეორე წელია სასკოლო სტარტაპ-მარათონის მხარდამჭერია "თიბისი ახალი თაობისთვის", "თიბისის სტარტაპერი", "ანტრეპრენერი" და GITA. სტარტაპ-მარათონზე რეგისტრაცია 16 ნოემბრამდე, მითითებულ ბმულზე, გაგრძელდება.

რას მოიცავს სასკოლო მარათონი, რა უნარების განვითარებაში დაეხმარება ის სკოლის მოსწავლეებს და როგორ შეძლებენ მონაწილეები საკუთარი იდეების განხორციელებას? − ამ საკითხებზე Entrepreneur ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანს, გიორგი აბაშიშვილს ესაუბრა.

გიორგი, გთხოვთ, მოგვიყვეთ, რა არის სტარტაპ-მარათონის მიზანი და როგორ შეესაბამება ის უნივერსიტეტის ზოგად ხედვასა და მისიას?
სტარტაპ-მარათონის მიზანი სკოლის მოსწავლეების სამეწარმეო უნარების, ანტრეპრენერული აზროვნების განვითარება და საქართველოს სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარებაში წვლილის შეტანაა. ჩვენს პარტნიორებთან ერთად მაქსიმალურად ვეხმარებით სკოლის მოსწავლეებს საკუთარი იდეების რეალიზებაში და ვაჩენთ რეალურ შესაძლებლობებს ამ მიმართულებით. ცალსახაა, რომ მარათონის მიზანი სრულ შესაბამისობაშია ალტე უნივერსიტეტის ზოგად ხედვასთან და ამასთან, პირდაპირ პასუხობს მის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას − მეწარმეობას, რაც გულისხმობს, რეალობასთან ადაპტირების ნაცვლად, მუდმივ სწრაფვას ცვლილებებისკენ, არსებული საზღვრების მიღმა ხედვას. ამასთან, პროექტის განხორციელებით მიზნად ვისახავთ ახალი ცოდნის შექმნის ხელშეწყობას.

რა გახდა ამ პროექტის მეორედ განხორციელების ინსპირაცია? გქონდათ თუ არა რაიმე მნიშვნელოვანი წარმატების ისტორია გასული მარათონიდან, რამაც გადაგაწყვეტინათ პროექტის განმეორებით ჩატარება?
პროექტის მეორედ განხორციელების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სკოლის მოსწავლეების მხრიდან მაღალი დაინტერესება იყო, რაც ამ ინიციატივისთვის რეგულარული ხასიათის მიცემის მთავარი ინსპირაცია გახდა. ალტე უნივერსიტეტი გამარჯვებულ გუნდებს მაქსიმალურად ეხმარება შემდგომ განვითარებაში, კონტაქტების გაძლიერებასა და შემდგომი კომერციალიზაციის ხელშეწყობაში. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს სტარტაპ-მარათონზე 130 გუნდი დარეგისტრირდა საქართველოს სხვადასხვა სკოლიდან, რაც ჯამში 500-მდე მონაწილე მოსწავლეს ნიშნავს. ფინალურ ეტაპზე მონაწილეობა კი 13-მა გუნდმა მიიღო.

პროექტის საუკეთესო შემფასებლები ყოველთვის მონაწილეები არიან. საინტერესოა წინა წლის ალტე უნივერსიტეტის რჩეული გუნდების ისტორიაც, რომელთანაც უნივერსიტეტი თანამშრომლობს და ეხმარება ბიზნესიდეის დახვეწასა და საჭირო ინვესტიციების მოზიდვაში. მათ შორისაა Head Start და IAVP (VPP).

HeadStart-მა წარმოადგინა დასაქმების საიტის შექმნის იდეა, რომელიც საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს მარტივად იპოვონ მათთვის საინტერესო სამუშაო. პლატფორმა დააკავშირებს დამსაქმებლებსა და პოტენციურ დასაქმებულებს ვირტუალურად, შესაძლებლობას მისცემს ორივე მხარეს დეტალური ინფორმაცია მიიღონ ერთმანეთის შესახებ ძალიან სწრაფად, რაც გაამარტივებს ე.წ. რეკრუტმენტის პროცესს.

IAVP (VPP)-მაც დასაქმების აპლიკაციის შექმნის იდეა წარმოადგინა, რომელიც უფრო მეტად ორიენტირებული იქნება სტუდენტების დასაქმებაზე. ამ პლატფორმის საშუალებით სტუდენტებს პირველ ეტაპზე ექნებათ საშუალება, სხვადასხვა კომპანიის პროექტებზე ვირტუალურად იმუშაონ, მიიღონ გამოცდილება და პოზიტიური შეფასება დამსაქმებელი კომპანიისგან, ხოლო შემდგომ უკვე უშუალოდ დასაქმდნენ ამ კონკრეტულ კომპანიებში.

როგორ გეგმავს უნივერსიტეტი ინოვაციური იდეების მქონე სტუდენტების გამოვლენასა და მოზიდვას სტარტაპ-მარათონში მონაწილეობის მისაღებად? არსებობს რაიმე კონკრეტული კრიტერიუმები, რის მიხედვითაც შეარჩევთ სტუდენტებს?
უნივერსიტეტი ინოვაციური იდეების მქონე სტუდენტების გამოვლენას სკოლებთან აქტიური კომუნიკაციით და შესაბამისი საინფორმაციო კამპანიით გეგმავს. ჩვენი მიზანია, როგორც თბილისის, ასევე რეგიონების მასშტაბით ვიპოვოთ მოსწავლეები, რომლებსაც ინოვაციური იდეები და მათი რეალიზების უწყვეტი სურვილი აქვთ. რაც შეეხება კონკრეტულ კრიტერიუმებს, სტარტაპ-მარათონის პროექტი მოიცავს გარკვეულ ეტაპებს, რის საფუძველზეც ხდება გამარჯვებულების გამოვლენა. თითოეულ ეტაპზე მოსწავლეები უდიდეს გამოცდილებას და ცოდნას იღებენ − პროცესში ჩართულები არიან მაღალკვალიფიციური მენტორები, ხოლო საწყის ეტაპზე კი შერჩევის მთავარი კრიტერიუმი იდეის ინოვაციურობა და უნიკალურობაა.

ეყოლებათ თუ არა სტუდენტებს მენტორები, რომლებიც დაეხმარებიან როგორც იდეის დახვეწაში, ისე Pitch-ის მომზადებაში?
მენტორების კომპონენტი ჩვენი პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მამოძრავებელი მხარეა. მენტორების შერჩევა წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე ხდება, რაც იმის გარანტია, რომ შერჩეული მენტორების გუნდი მაღალკვალიფიციური, ობიექტური და სრული მზადყოფნის მქონეა პროექტისათვის და მოსწავლეების იდეების პრაქტიკული რეალიზების ხელშეწყობისთვის.

მენტორები პროექტის განმავლობაში სხვადასხვა მრავალფეროვანი აქტივობის სახით მაქსიმალურად ჩართულნი არიან პროცესში პროექტის ყველა ეტაპზე და ამასთან, თითოეულ იდეაზე მორგებულ, ინდივიდუალურ რჩევებს უზიარებენ მოსწავლეებს, რაც მათ მნიშვნელოვან სამეწარმეო უნარებს უვითარებთ.

როგორ უბიძგებს სტარტაპ-მარათონის ინიციატივა სტუდენტებს შემოქმედებითად იფიქრონ და განავითარონ რეალური პრობლემების ინოვაციური გადაწყვეტილებები? არის თუ არა რაიმე კონკრეტული გამოწვევა ან თემები, რომლებზეც მოუწევთ მუშაობა სტუდენტებს? გაქვთ თუ არა შეზღუდული იმ სფეროთა ჩამონათვალი, რომელშიც ეს სტარტაპები მუშაობენ? გაქვთ თუ არა პრიორიტეტული მიმართულებები?
იდეების თემატიკის თვალსაზრისით მოსწავლეებს არანაირი შეზღუდვა არ აქვთ, რაც როგორც წინა გამოცდილებამ აჩვენა, საკმაოდ მომხიბვლელი საკითხია მათთვის. მათ აქვთ სრული თავისუფლება, თავად გადაწყვიტონ რა ტიპის იდეას წარმოადგენენ, აღნიშნული კი ხელს უწყობს მაქსიმალურად კრეატიული იდეების ფორმირებას.

მოსწავლეებს საინტერესო ადამიანების გაცნობის, საკუთარი იდეის პროფესიონალებთან ერთად განვითარების შესაძლებლობა აქვთ, ეს კი მათ მიმდინარე და შემდგომ პროფესიულ ზრდას უწყობს ხელს.

მეორე ეტაპის მონაწილეებს მრავალმხრივი ტრენინგები უტარდებათ, რომლებიც ფარავს ყველა დეტალს, რაც იდეის რეალიზებაში დაეხმარებათ − იქნება ეს იდეის უფრო მეტად განვითარება, გუნდის წევრების სწორი მიმართულებით ფორმირება, ინოვაციური მიდგომების ათვისება, რესურსების მობილიზება თუ სათანადო პრეზენტაციის მომზადება.

პროექტის ფარგლებში პრიორიტეტულ მიმართულებად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ იდეის ინოვაციურობა, ახალი ცოდნის − ღირებულების შექმნა.

რა სახის რესურსებია ხელმისაწვდომი ბიზნესის სკოლის სტუდენტებისთვის? რა ტიპის მხარდაჭერას სთავაზობს უნივერსიტეტი სტუდენტურ სტარტაპებს?
ჩვენ არ გვაქვს პროექტის მხარდაჭერის განსაზღვრული ლიმიტი, მთავარია იდეის ინოვაცია. სხვა კუთხით როგორც ფინანსური, ასევე ინტელექტუალური მხარდაჭერა, ნებისმიერი ფორმით, ჩვენი პრიორიტეტია. ცხადია ეს ყველაფერი იდეის, შემდგომში პროექტის განვითარების, სხვადასხვა ეტაპს მოიცავს. შესაბამისად, სრულია ჩვენი მზადყოფნა.

შეგიძლიათ დაწვრილებით ისაუბროთ სხვა აკადემიურ დაწესებულებებთან ან ორგანიზაციებთან რაიმე სახის პარტნიორობის ან თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ჩამოყალიბდა სტარტაპ-მარათონის შედეგად? როგორ აძლიერებს ეს პარტნიორობა მონაწილე სტუდენტებისთვის სხვადასხვა შესაძლებლობას, პირობითად: ფინანსებთან წვდომას, ინვესტორებთან დაკავშირებას და სხვა?
პროექტმა ხელი შეუწყო თანამშრომლობის გაძლიერებას კერძო სახელმწიფო და საგანმანათლებლო სექტორს შორის, რაც ასევე, მოგეხსენებათ, მნიშვნელოვანი წინაპირობაა ნებისმიერი პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის. წინა მარათონზეც და ახლაც პროექტის მთავარი მხარდამჭერია "თიბისის სტარტაპერი" და "თიბისი ახალი თაობისთვის", რომელიც რჩეულ გუნდს 5000 ლარს გადასცემს, რათა შეძლონ იდეის დახვეწასა და განვითარებაზე მუშაობა. ასევე, აქტიურად არის ჩართული ჯიტა, რომელიც რჩეულ გუნდებს პროტოტიპების შექმნაში ეხმარება. მნიშვნელოვანია თქვენი როლიც, ახალბედა სტარტაპერებს რომ აცნობთ ფართო საზოგადოებას. მოლაპარაკებები სხვა ორგანიზაციებთანაც მიმდინარეობს. თანამშრომლობისთვის ღია ვართ.

როგორია უნივერსიტეტის სამომავლო გეგმები ინოვაციების ხელშეწყობის მიმართულებით? განაგრძობთ თუ არა სტარტაპ-მარათონის პროექტს და ხომ არ გეგმავთ რაიმე ცვლილებას აღნიშნულ ინიციატივაში?
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მხარდაჭერა უნივერსიტეტის გამოკვეთილი პრიორიტეტია. შესაბამისად ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად/მუდმივ რეჟიმში ვაძლიერებთ თანამშრომლობას კერძო და სახელმწიფო სექტორთან. ასევე მნიშვნელოვან ყურადღებას ვუთმობთ საერთაშორისო პარტნიორობას. ამ თვალსაზრისით ჩვენ დაგეგმილი გვაქვს არაერთი იდეის ინიციირება საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით, ისევე, როგორც ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან თანამშრომლობით, რომელთა სია საკმაოდ დიდია. ჩვენი მიზანია, სტარტაპ-მარათონის პროექტი გაგრძელდეს ყოველწლიურად და მაქსიმალურად მასშტაბური ხასიათი მიიღოს, მათ შორის იმ ნაწილშიც, რომ ყოველწლიურად უფრო მეტი დაინტერესებული მხარე იყოს ჩართული.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია