Get All Access for $5/mo

''სულფონი'' - კაფესა და სასტუმროში მოქცეული ისტორიული ხევსურეთი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"2011 წელს ოჯახმა, რომლის 4 წევრიდან სამი სკოლის მოსწავლე ვიყავით, გადავწყვიტეთ, რომ შატილში უბრალოდ, უქმად ზაფხულების გატარებას სჯობდა გაგვეჩინა საქმე და ყოველდღიურობა შედარებით გაგვეხალისებინა პატარ-პატარა ცვლილებების წყალობით", − სწორედ ამ ინიციატივით, ჭინჭარაულების ოჯახმა ხევსურული კაფე და სასტუმრო − "სულფონი" დააარსა. მყუდრო სივრცე, მთის სპეციფიკური გარემო და სტუმართმოყვარეობა მალევე იქცა არა მხოლოდ თავშეყრის, არამედ საინტერესო მოგონებების დაგროვების ადგილად. სივრცედ, რომელსაც საკუთარ მნიშვნელოვან თარიღებს დაუკავშირებდნენ ადამიანები. იდეის ავტორები საკუთარ თავს ენთუზიასტ ადამიანებად მიიჩნევენ, რომლებიც ცდილობენ ანტრეპრენერული ენერგიის ფონზე შექმნან საკუთარი და სხვების ყოველდღიურობის შემავსებელი ერთი მყუდრო, "სულფონური" წერტილი. "ჩვენი ბიზნესი, მიუხედავად იმისა, რომ მაინც "მცირეს" ფარგლებში რჩება, ახერხებს, რომ ძალიან სტაბილურად, ნაბიჯ-ნაბიჯ, თუმცა შესამჩნევი ცვლილებებით გაიზარდოს და ამ ზრდის ფონზე, გარემოსაც მოუტანოს სარგებელი", − აღნიშნავს ანნა ჭინჭარაული.

რატომ და რა ღირებულებების გამო უყვართ მომხმარებლებს კაფე "სულფონი" და რა სამომავლო გეგმები აქვს ანტრეპრენერულ ოჯახს? − ამ შეკითხვებთან დაკავშირებით Entrepreneur ანნა ჭინჭარაულს ესაუბრა.

ანნა, რა არის ის მთავარი ღირებულება, რაზეც დააფუძნეთ კაფესა და სასტუმროს იდეა?
იდეის გაჩენისთანავე ჩვენი მთავარი ღირებულება იყო ის, რომ გვემოქმედა სამართლიანობის პრინციპით. გვინდოდა დაგვეჭირა ისეთი საერთო ხაზი, რომელიც ყველა ტიპის მომხმარებლისთვის იქნებოდა იდენტური. არის შემთხვევები, როდესაც უცხოელსა და ქართველზე სხვადასხვა პირობები მოქმედებს − ჩვენთან ეს განსხვავება არაა, დიფერენცირებას არ ვაკეთებთ, რადგან მიგვაჩნია, რომ ყოველთვის შესაძლებელია ზომიერი და გონივრული შუალედის დაჭერა. ასევე, მუდმივად ვითვალისწინებთ კონკრეტულ ვითარებებს. მაგალითად, თუკი მომხმარებელი ჩარჩენილა ხევსურეთში, ტრანსპორტირების შეფერხების ან სტიქიის გამო, ბუნებრივია, ანაზღაურების გარეშე გვიმასპინძლია და ა.შ.

გარდა ხევსურეთის თვალწარმტაცი ბუნებისა, ყველაზე მეტად რა აღაფრთოვანებთ დამსვენებლებს თქვენს სასტუმროში ან მომსახურებაში?
ვფიქრობ, ტურისტებს ყველაზე მეტად მოსწონთ მათდამი დამოკიდებულება, უშუალო ურთიერთობები და ერთგვარი მზრუნველობა. ეს ერთგვარად ბუნებრივიცაა − როდესაც არ არსებობს აფთიაქი ან სხვა საჭირო დამატებითი პუნქტი, თავისთავად გრძნობ პასუხისმგებლობას ვიზიტორების წინაშე, იზრუნო მათზე. ამ დამოკიდებულებას ყოველთვის გრძნობენ და სწორედ ამიტომაა, რომ არა მხოლოდ ზაფხულში, არამედ მთელი წლის განმავლობაში მიგვყვება ჩვენც მოგონებები − გვახსოვს სტუმრები და მათაც ვახსოვართ, ახსოვთ ჩვენი სახასიათო გარემო, გვეხმიანებიან, ვმეგობრობთ.

ანნა, ამჟამად სასტუმროსა და კაფეს რამდენი ადამიანისთვის შეუძლია მომსახურების გაწევა?
ამ ეტაპისთვის სასტუმრო იტევს 13 ადამიანს, თუმცა სეზონისთვის გვინდოდა გაგვეზარდა 18-20-მდე. თუ ყველაფერი გეგმაზომიერად განვითარდა, აგვისტოს ბოლომდე ვფიქრობთ დასრულებას. კაფე მოზრდილია, აქვს შიდა და გარე სივრცეები. აქ შეგვიძლია ჩვენს სტუმრებს გავუმასპინძლდეთ არა მხოლოდ სტანდარტული მენიუთი (საუზმე, სადილი), არამედ ხევსურული კერძებითაც. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ყოველთვის ვცდილობთ, სეზონი მალე დავიწყოთ, მალე შევუდგეთ მუშაობას და ჩვენ მიერ მოყვანილი პროდუქტი − მწვანილი, ბოსტნეული, ხილი და ა.შ. გამოვიყენოთ. ადგილობრივებისგან ვყიდულობთ პროდუქტებს და ჩვენც, ჩვენი მხრიდან, ჯანსაღ პროდუქციას ვამატებთ.

"სულფონი" ოჯახური წამოწყებაა, თუმცა როგორც ვიცით, გყავთ სხვა თანამშრომლებიც. როგორ არჩევთ გუნდის ახალ წევრებს? რას აქცევთ ყველაზე დიდ ყურადღებას?
ძირითადად, როგორც აღნიშნეთ, ოჯახის წევრები ვართ გადანაწილებულები − მე, ჩემი და-ძმა და დედა. შეთანხმებულად ვმუშაობთ, ერთმანეთის კარგად გვესმის და შეგვიძლია უცებ გადავითამაშოთ როლები. სწორედ ამ კრიტერიუმს ვეძებთ გუნდის ახალ წევრშიც. დადებით განწყობას უნდა ტოვებდეს. ერთი შეხედვით, შეიძლება არ იყოს მკვეთრად გამოხატული სოციალური, აქტიური პიროვნება, მაგრამ უნდა გრძნობდე, რომ კეთილგანწყობა მოდის მისგან. დამოკიდებულია ასევე საქმიანობის მიმართულებაზეც, მაგრამ მნიშვნელოვანია, კონკრეტულ მოცემულობასა თუ გამოუვალ სიტუაციაში შეეძლოს ჩვენთან ერთად მოქნილად მუშაობა სხვადასხვა საკითხზე. ადამიანებში ვეძებთ იმას, რომ იყვნენ საქმის ერთგულნი, მიენდონ ადამიანებს და იმოქმედონ ჰუმანური პრინციპებით. რაც შეეხება საქმიანობას, დილით და საღამოს რო ხედით ტკბები, რაც უნდა დაღლილი იყო, ინაზღაურებ ამ ენერგიას და ორმაგად დამუხტული აგრძელებ სამუშაოს.

ანნა, რომელია ყველაზე აქტიური სეზონი "სულფონისთვის"?
ყველაზე დიდი მოთხოვნა ზაფხულიდან სექტემბრის ბოლომდე პერიოდზეა, რადგან იდეალური ამინდებია. არდადეგებისა და შვებულებების გათვალისწინებით, ყველაზე აქტიური პერიოდია ივლისი და აგვისტო, თუმცა, თუ გზა დროულად იხსნება, მაისის ბოლოდან იწყება სტუმრების მიღება. რაც შეეხება ზამთრის სეზონს, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახები საცხოვრებლად მაინც რჩებიან, რთულია მიიღონ სტუმრები, რადგან ერთი მხრივ, ტურისტები ვერ ჩავლენ, მეორე მხრივ კი, მთელი ზამთრისთვის საჭირო პროდუქტის გადატანა მხოლოდ ოჯახის უზრუნველყოფისთვისაც კი რთულია. შეუძლებელია, ყველაფერი იდეალური სიზუსტით, წინასწარ მოიმარაგო. ვფიქრობ, სეზონი უნდა იყოს უფრო დიდი − ამის საშუალებას ნამდვილად გვაძლევს ბაზარზე არსებული მოთხოვნა. მთავარია, შეიქმნას შესაბამისი პირობები, რაც სამწუხაროდ, ამ მოცემულობით ცოტა შორეული პერსპექტივაა.

პანდემიის პერიოდში, 2020 წელს ბევრად მეტი ადამიანი იყო ივლისში, ვიდრე ახლა, რადგან სწორედ მაშინ, შიდა ტურიზმის განვითარების მიზნით, დაიწყო კამპანია "იმოგზაურე საქართველოში" და საკმაოდ დიდი გავლენა იქონია ჩვენზეც. წელს ტურისტების რაოდენობა კიდევ უფრო დაბალია − მიუხედავად იმისა, რომ შატილის ფასები საკმაოდ დაბალი და ხელმისაწვდომია ზოგიერთი მთიანი რეგიონებისგან განსხვავებით. ამის მიზეზი ალბათ ისიცაა, რომ ბოლო დროს გახშირდა გზასთან დაკავშირებული პრობლემები, რომლის გადაჭრის შემდეგაც კი იმავე განწყობაზე რჩებიან.

ანნა, როგორც თქვენ ახსენეთ, ბაზარზე არსებობს დიდი მოთხოვნა იმისა, რომ ხევსურეთი ტურისტულად კიდევ უფრო დაიტვირთოს. რამდენად დიდი პოტენციალი აქვს თუნდაც შატილს, გახდეს ტურისტული ჰაბი?
ზოგადად, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, პირიქითა ხევსურეთის ყველა სოფელს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, თუკი ტურისტული ძეგლები გახდება ინტერესის საგანი სახელმწიფოს დონეზე. ყველა წერტილში შეგიძლია გააკეთო გარკვეული ნიშა, კონკრეტული ადგილი, და შესთავაზო ტურისტებს. ჩემი პირადი სტუმრებისთვისაც გამიკეთებია, მაგალითად, შიდა ტურები. ბოლომდე გზა რომ იყოს, თუნდაც მიღმახევში, იქ შესთავაზებ სხვადასხვა სერვისს, უფრო გაააქტიურებ სხვადასხვა ტიპის შიდა ტურებს. დაათვალიერებინებ ფერმერულ მეურნეობას, გააცოცხლებ და ჩაუტარებ რაიმე ტიპის მასტერკლასს, მაგალითად, ტრადიციული რეწვისას. ამ ყველაფრის მეტად გააქტიურებას სჭირდება მოწესრიგებული ხიდები, უწყვეტი ელექტრომომარაგება, გაზიფიცირება თუნდაც, როგორც ეს სხვა მეზობელ რეგიონებშია. სააფთიაქო პუნქტი, მაღაზიები, ჩასარიცხი აპარატები, მინიმალური საჭიროების მქონე ლოკაციები თუ გაიხსნება, უფრო თამამად ავიღებთ პასუხისმგებლობას სხვა ადამიანებზე. ამ პირობებით, შეძლებ ხევსურეთში დააკავო ტურისტი სხვადასხვა აქტივობით. ამ ყველაფერს სჭირდება ინიციატივები, უფრო მკაფიო, გაწერილი და დაგეგმილი ნაბიჯები შესაბამისი პასუხისმგებლობის სტრუქტურებისგან იმაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს მთა, ამ შემთხვევაში ხევსურეთი. შიდა დაქსელვის დროს უკვე ადგილობრივები გადავინაწილებდით საქმეს, რადგან ჩვენ, რასაკვირველია, ვიცით, რა სახის პრობლემებს ვაწყდებით ყოველდღიურობაში.

ფაქტობრივად, ყველაზე დიდი გამოწვევა, თქვენთვის, როგორც ანტრეპრენერისთვის, არის გარემო პირობები? გარდა ამისა, რა იყო/არის თქვენთვის ყველაზე დიდი დაბრკოლება?
ნამდვილად, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საკითხი გამოწვევად გვესახება. გარდა ამისა, პირადი ფინანსების არარსებობაც გვაქვს, სწორედ ამიტომ, არასდროს ვფიქრობდით შორეულ და დიდ მიზნებზე. ვცდილობდით, რასაც ვაკეთებდით, ის დაგვესრულებინა ხარისხიანად და ასე მოვიდა მომხმარებლების სიყვარულიც. საინტერესოა, რომ რეკლამაში არასდროს დაგვიხარჯავს თანხა. იმ მცირეს, რასაც ვაგროვებდით, შემდეგი წლისთვისაც ვტოვებდით, რათა მომავალი სეზონის დასაწყებადაც რაიმე გვქონოდა. როცა იმას აკეთებ, რაც გიყვარს, როგორც ჩანს, ბუნებრივად მოდის სიმპათიები, რეკომენდაციები, რეკლამა.

2011 წელს როდესაც ვიწყებდით ამ საქმიანობას, არ გვქონდა დიდი გამოცდილება, თუნდაც მომხმარებლების მოზიდვის თვალსაზრისით. მეტწილად, ჩვენი სასტუმრო და კაფე რეკომენდაციებით მუშაობდა − ჩვენი ერთგული მომხმარებლების დახმარებით.

ანნა, გარდა დასვენებისა და უნიკალური ბუნებისა, რა სახის აქტივობებს სთავაზობთ მომხმარებლებს?
დამსვენებლებს შიდა აქტივობებშიც ვრთავთ ხოლმე. მაგალითად, ტრადიციული კულინარიის მასტერკლასი. გვქონია ისეთი შემთხვევა, როდესაც ჩვენ აღმოვჩენილვართ მოსწავლის როლში − ჯერ გაგვიკეთებია რაიმე ხევსურული, ხოლო სტუმრებს უსწავლებიათ რაღაც თავისი − კერძები, ინსტრუმენტზე დაკვრა. გვქონია ღია ლექციებიც. მიუხედავად იმისა, რომ ბუნება გავსებს, არასდროსაა ზედმეტი კულტურული, ინტელექტუალური "გადატვირთვაც". პანდემიამ შეგვიშალა ხელი გააქტიურებაში, თორემ უკვე დაწყებული გვაქვს კაფეს ამ მიმართულებით ამუშავებაც. სივრცე, სადაც კულტურულ გაცვლას შევუწყობთ ხელს. მთელი წლის განმავლობაში არა მხოლოდ დამსვენებლები, არამედ ხევსური სკოლის მოსწავლეები ვერაფერს აკეთებენ დამატებით და გვსურს, სეზონზე რამდენიმე შემეცნებითი აქტივობა მაინც გვქონდეს, რასაც ჩვენი სტუმრები და ჩვენ, იქაურები ერთად განვახორციელებთ.

როგორია "სულფონის" სამომავლო ხედვა და განვითარების სტრატეგია?
მნიშვნელოვანია, ხევსურეთში გაუმჯობესდეს გზა და ისევ გახდეს კიდევ უფრო მეტი დატვირთვის ტურისტული წერტილი. სამომავლოდ, ლიტერატურული კაფეს გარდა, გვსურს დავამატოთ სპორტული აქტივობებიც − ამის საშუალებას გვაძლევს ჩვენი სივრცე. წარმოგვიდგენია, რომ ჩვენი სასტუმრო და კაფე შატილისთვის შესაფერისი სივრცე უნდა იყოს ყველა გაგებით − არა მხოლოდ გარეგნულად, არამედ ხასიათითაც. ახლაც და სამომავლოდაც ამ მიმართულებით ვმუშაობთ, რომ სტუმრებს ხევსურეთი გავაცნოთ ავთენტურად − ისე, როგორიც ის სინამდვილეშია. ზოგჯერ მომხმარებელი არასწორი ან ზედაპირული ისტორიული ცოდნით ჩამოდის და შენ, როგორც მასპინძელს, გაქვს ერთგვარი პასუხისმგებლობა, გაუზიარო ცოდნა და მიაწოდო სწორი ინფორმაცია ყოფა-ცხოვრებისა და ისტორიის შესახებ. ესეც ხომ კულტურული ტურიზმის ნაწილია.

ანნა, რას მიიჩნევთ "სულფონის" ყველაზე დიდ წარმატებად?
ზოგადად, ყოველთვის ვუფრთხი რაღაცის დამაჯერებლად თქმას, თუმცა, ამ ეტაპზე, წარმატებულად მხოლოდ იმიტომაც შეგვიძლია მივიჩნიოთ თავი, რომ რა ენერგია და ძალისხმევაც ჩავდეთ საქმეში, დიდი სიყვარულითა და დაფასებით დაგვიბრუნდა. ეს ძალიან დიდ მოტივაციას გვაძლევს. ეს ენერგიაა ის, რომელიც ყოველდღიური, პატარა და დიდი დაბრკოლების გადალახვას გვიადვილებს. ხშირად არა, თუმცა ყოფილა შემთხვევა, როცა დავღლილვართ და შეგვპარვია ფიქრი, გაგვეგრძელებინა თუ არა ეს საქმე, თუმცა შატილის სიყვარულს, გაღებულ ენერგიას ან სტუმრებისგან მიღებულ უბრალო ქათინაურს გადაუფიქრებინებია.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

როგორ დავიწყო ბიზნესი

როგორ დავიწყოთ ბიზნესი (თითქმის) უფულოდ?

ბიზნესის წამოწყება და განვითარება საკუთარი ფინანსური ინვესტიციის გარეშეც შესაძლებელია, თუკი კარგად იცით, რას აკეთებთ

სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან