ტატუნას ბრენდი - მდგრადი მოდის ტენდენციები საქართველოში
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მოდის ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიები და პროფესიონალები, გარემოზე ზიანის შემცირების მიზნით, აქტიურად ცდილობენ მდგრადი მიდგომების დანერგვას. მსოფლიო ბრენდებთან ერთად, ქართველმა დიზაინერმა, საქართველოს ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციის (GAFA) წევრმა, "ტატუნას" ბრენდის შემქმნელმა − ტატუნა ნიკოლაიშვილმა, მდგრადი მოდის ინდუსტრიაში ტანისამოსის შექმნა დაიწყო.
ჩვენ დავინტერესდით, თუ რა როლს თამაშობს ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტი "კლასტერები განვითარებისთვის" ქართული მოდის ინდუსტრიის განვითარებაში, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა GAFA და როგორია წარმატებული ქართველი დიზაინერის − ტატუნა ნიკოლაიშვილის, მუშაობის სპეციფიკა.
რას ნიშნავს მდგრადობა მოდის ინდუსტრიაში?
მოდა მსოფლიოში გარემოს დაბინძურებით მეორე ადგილზეა. მასალები, რომლებიც მოდის ინდუსტრიაში გამოიყენება, საზიანოა გარემოსთვის. ჩვენი ბრენდისთვის − "ტატუნასთვის", მნიშვნელოვანია, რომ მდგრადი მიდგომებით შევქმნათ ისეთი დიზაინი, რომელიც ბუნებას არ დააზიანებს. ეს გულისხმობს ნაკლებ დაბინძურებასა და ნარჩენების მეორად გამოყენებას, ასევე, ვიყენებთ ბუნებრივ ქსოვილებს და უარი ვთქვით ხელოვნურ ქსოვილებზე, რადგან მათი გადამუშავება რთულია.
შემოდგომა-ზამთრის კოლექციისთვის ახალი მიდგომა დავნერგეთ, რომელიც მოიცავდა ძველი მასალებისა და სახელოსნოში წლობით დასაწყობებული ტანსაცმლის ხელმეორედ გამოყენებას და ახალი ტანსაცმლის შექმნას. არ გადაგვიყრია არცერთი ქსოვილი და ტანსაცმელი, ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ არ შეგვიძენია დამატებით ახალი ქსოვილი. მთელი კოლექცია შეიქმნა ძველი ტანსაცმლის დაშლის პრინციპით და ნარჩენებისგან შევქმენით ახალი ტანსაცმელი.
ამისათვის ჩვენ გამოვიყენეთ ე.წ. Upcycling-სისტემა, რომელიც გულისხმობს ძველი ტანსაცმლის ნიმუშებიდან დაშლას, და ამ მასალით ახალი სამოსის შექმნას.
როგორ უწყობს ფეხს ქართული მოდა მსოფლიოს მდგრადი მოდის ტენდენციებს? რა სახის სირთულეები და შესაძლებლობები აქვს ქართულ მოდას ამ მიმართულებით?
მსოფლიოში თითქმის ყველა ინდუსტრიაში, მათ შორის მოდაში, კომპანიები ცდილობენ, რომ ერთჯერადი პროდუქტების მაგივრად, მდგრადი და მრავალჯერადი პროდუქცია აწარმოონ. ვფიქრობ, საქართველო ძალიან კარგად ახერხებს მდგრადი მოდის ტენდენციებს ფეხი აუწყოს. შესაძლოა, ძველი ტანსაცმლიდან ახალი ტანსაცმელი არ მზადდება, თუმცა ბევრი დიზაინერია, რომელიც ბუნებრივი ქსოვილით მუშაობს. ასევე, ვისაც ექსპორტზეც გააქვს პროდუქცია, ცდილობენ მდგრადი მოდის მეთოდების გამოყენებას, ვინაიდან საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრებისთვის აღნიშნული მიდგომა ძალიან მნიშვნელოვანია.
მე ვფიქრობ, რომ მეტწილად შესაძლებლობებია მდგრად მოდაში, ვიდრე სირთულე, რადგან აღნიშნული მიდგომა მაქსიმალურ საშუალებას აძლევს დიზაინერს სხვადასხვა ტექნიკა გამოიყენოს. ალბათ, ზოგადად, საქართველოსთვის სირთულე ისაა, რომ არ არსებობს ნარჩენების გადამუშავების პრაქტიკა და სეპარირების მიუხედავად, საბოლოოდ, მთელი ნარჩენი ერთად იყრის თავს.
როგორი იყო "ტატუნას" ბრენდის ჩამოყალიბების პროცესი? რატომ გადაწყვიტეთ გადამუშავებული მასალით ტანსაცმლის დიზაინის შექმნა?
ბოლო წლების განმავლობაში ძალიან დავინტერესდი მდგრადი მოდით, შესაბამისად, ქ. კოპენჰაგენში გავიარე 8-თვიანი კურსი, სახელწოდებით Sustainable Fashion. კურსის გავლის შემდეგ, უფრო მეტი ინფორმაცია მივიღე გარემოს დაბინძურების რისკ-ფაქტორებზე და ამიტომ გადავწყვიტე მდგრადი მოდის მიდგომები საკუთარ საქმიანობაში დამენერგა.
ბავშვობიდან მაინტერესებდა მოდის ინდუსტრია და სხვა პროფესიაზე არასოდეს მიფიქრია. მუდამ ვხატავდი, ვკერავდი, შემდეგ ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში და პარალელურად ვმუშაობდი დიზაინერთან. 2008 წლიდან კი მაქვს საკუთარი სახელოსნო, სადაც მუდმივად ვცდილობ სიახლეების დანერგვას. ასევე, ვართ მოდის კლასტერის წევრი და ვმუშაობთ ექსპორტზე. პროდუქცია გაგვაქვს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა იაპონია, სამხრეთ კორეა, ჩინეთი, საფრანგეთი და ინგლისი. ჩვენი პროდუქციის ნახვა და შეძენა, ასევე შესაძლებელია საქართველოში, სხვადასხვა მაღაზიაში − როგორც ფიზიკურად, ისე ონლაინ.
რა არის "ტატუნას" ბრენდის მთავარი ღირებულება და როგორია მომხმარებლის რეაქცია თქვენი დიზაინის შექმნის მეთოდებზე?
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა ის, რომ არ ვყრით ნარჩენებს − ყველაფერს ვიყენებთ საქმისთვის და ახალი სხვადასხვა დიზაინის შესაქმნელად, მათ შორის სხვადასხვა თარგის გამოჭრის დროს მორჩენილ ნაჭერს. "ტატუნას" ბრენდი მაქსიმალურად ზრუნავს გარემოს დაცვის საკითხებზე და მომხმარებელს სთავაზობს გამორჩეულ არჩევანს.
თანამედროვე სამყაროში ე.წ. "სწრაფი მოდა", რომელიც არის სამომხმარებლო, ნელ-ნელა ქრება და მომხმარებელს ურჩევნია, შეიძინოს ცოტა და ხარისხიანი. შესაბამისად, ჩვენს მყიდველს ვთავაზობთ Upcycle-სისტემით შექმნილ ტანისამოსს, რომელიც შესაბამისი ნიშნით არის აღნიშნული ჩვენს ვებგვერდზეც. მომხმარებლის მხრიდან დაინტერესება მზარდია და მიესალმებიან ჩვენს მიდგომას გარემოზე ზრუნვის ნაწილშიც.
გვიამბეთ პარიზში სწავლის გამოცდილებაზე, სადაც GAFA-ს ხელშეწყობით წახვედით.
მოდის ინდუსტრიაში ყველაფერი დროთა განმავლობაში იცვლება და ვითარდება, მათ შორის ტექნიკა და მუშაობის სპეციფიკა. GAFA-ს საქმიანობა ქართული მოდის ინდუსტრიაში უმნიშვნელოვანესია. იგი აქტიურად ეხმარება დიზაინერებს ახალი ცოდნის შეძენაში, ხოლო ბრენდებს პროდუქციის ექსპორტზე გატანაში. სწორედ მათი ხელშეწყობით წავედი პარიზში, მარანგონის უნივერსიტეტში, სადაც გავიარე მოდის დიზაინის კურსი.
კურსის გავლის შემდეგ მიღებული ცოდნა ჩემი გუნდის წევრებს გავუზიარე. გუნდში ვართ 15 ადამიანი. ამის შემდეგ "ტატუნას" ბრენდმა გააუმჯობესა ხარისხი და განახორციელა ახალი სხვადასხვა ტექნიკის ინტეგრირება საქმიანობაში, რომელიც თავისთავად გულისხმობს მეტ პროდუქტიულობას. შესაბამისად, მადლიერი ვარ, რომ მომეცა ეს შესაძლებლობა.
როგორ აპირებთ პარიზში მიღებული ცოდნის რეალიზებას ან/და გაზიარებას მოდის კლასტერის სხვა წევრებთან? გეგმავთ რაიმე სახის ღონისძიებას, შეხვედრას და ა.შ.?
GAFA-სა და GIZ-ის ორგანიზებით მუდმივად იგეგმება მოდის კლასტერის წევრების შეხვედრები, სადაც ვცვლით ინფორმაციას და ვსაუბრობთ მოდის ინდუსტრიის საკითხებზე. მათივე ორგანიზებით იგეგმება ვორქშოფის გამართვა, სადაც დიდი სიამოვნებით გავუზიარებ პარიზის გადამზადების კურსებზე მიღებულ ცოდნას ჩემს კოლეგებს, გამოჭრის, კერვისა და სხვა ტექნიკის შესახებ.
როგორ შეაფასებთ GAFA-ს მოდის კლასტერის არსებობასა და საქმიანობას საქართველოში მოდის ინდუსტრიის განვითარების პროცესში?
ბრენდის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია GAFA-ს საქმიანობა, რადგან იგი ეხმარება დიზაინერებს მიიღონ ცოდნა და გამოცდილება, განავითარონ ბრენდი და შეძლონ საკუთარი პროდუქციის გაყიდვა, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. ასევე, GAFA ახორციელებს პროფესიული განვითარების ტრენინგებს, სადაც ჩემი გუნდის წევრები, მათ შორის მენეჯერი, გადის გადამზადებას. აღნიშნულის გარდა, ევროკავშირის, გერმანიის მთავრობისა და "აწარმოე საქართველოს" დახმარებით, პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში, ვიყავით შოურუმზე წარმოდგენილი, სადაც გავიცანით უამრავი პროფესიონალი, მყიდველი და დავამყარეთ ახალი პარტნიორობები პარიზის მაღაზიებთან. ზოგადად, პროექტი "კლასტერები განვითარებისთვის" და აწარმოე საქართველო აქტიურად თანამშრომლობენ მოდის ინდუსტრიის განვითარებისთვის.
გვიამბეთ "ტატუნას" სამომავლო გეგმების შესახებ.
აქტიურად ვაგრძელებთ ამ ეტაპზე მუშაობას და ვამზადებთ 2024 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას. ვგეგმავთ პარიზისა და ტოკიოს შოურუმებზე წარდგენას. ასევე, ახლო მომავალში "მერსედესის" მოდის კვირეული იწყება და ვაპირებთ მონაწილეობას.
Georgian Apparel and Fashion Association • GAFA საქართველოს ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციაა, რომლის მისიაა, გაზარდოს ქართული ტანსაცმლის მწარმოებლებისა და დიზაინერების ცნობადობა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე.