Get All Access for $5/mo

თერმოინდუსტრია - ხარისხის 10 წლიანი ისტორია "ჩვენი, როგორც დამფუძნებლების მთავარი მიზანი, დაარსების დღიდან იყო ის, რომ საქართველოს ბაზარზე გათბობა-გაგრილებისა და წყალმომარაგების სისტემების საერთაშორისო სტანდარტები დაგვენერგა, რასაც დღემდე წარმატებით ვემსახურებით"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

წლების განმავლობაში, საქართველოში სახლებისა თუ კომერციული ფართების გათბობა-გაგრილებისა და წყალმომარაგების სისტემების ბაზარს, ძირითადად წვრილი, კერძო ოპერატორები შეადგენდნენ, რომელთა პროდუქციის ხარისხი და ექსპლუატაციის უსაფრთხოება სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა მომხმარებელთათვის. სწორედ ამ პრობლემის აღმოფხვრისა და მომხმარებლისათვის ენერგოდამზოგავი, ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური და უსაფრთხო სისტემების მიწოდების მიზნით, 2012 წელს სამმა მეგობარმა კომპანია "თერმოინდუსტრია" დააფუძნა, რომელიც დღესდღეობით, საქართველოში გათბობა-გაგრილებისა და წყალმომარაგების სისტემების ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი გახლავთ. კომპანიამ არსებობის ათწლიანი ისტორიის განმავლობაში უკვე მოახერხა მომხმარებლის ნდობისა და კეთილგანწყობის მოპოვება, რაც დამფუძნებელთა გამოცდილებამ, მათი და მთლიანი გუნდის ერთობლივმა ძალისხმევამ და საქართველოში საერთაშორისო სტანდარტის დანერგვის სურვილმა განაპირობა.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელი წელი საიუბილეოა "თერმოინდუსტრიისათვის". Entrepreneur კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად და გუნდის სამომავლო პერსპექტივების გასაცნობად, "თერმოინდუსტრიის" თანადამფუძნებელს, ლევან თურმანიძეს ესაუბრა:

რა მიზნისა და ხედვების გარშემო დაფუძნდა კომპანია "თერმოინდუსტრია"? რა იყო ამის მთავარი ინსპირაცია?
"თერმოინდუსტრიის" დაფუძნებამდე, წლების განმავლობაში ამ სფეროში ვმუშაობდი და კარგად ვიცნობდი როგორც ბაზარს, ისე არსებულ პრობლემებს და მათი გადაჭრის გზებს. 2012 წელს ჩემმა უკრაინელმა და ქართველმა მეგობრებმა შემომთავაზეს ერთობლივი ძალებით დაგვეარსებინა კომპანია და ჩვენი გამოცდილება, ცოდნა, დამოუკიდებელი ბიზნესისათვის გამოგვეყენებინა. თავდაპირველად, ჩვენ გადავწყვიტეთ გათბობის სისტემების იმპორტით დაგვეწყო, თუმცა მთავარი ამოცანა იყო მაღალი ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტის შენარჩუნება. "თერმოინდუსტრიამ" იტალიურ და თურქულ ბრენდებთან დაიწყო თანამშრომლობა და ძირითადი გათვლა, საშუალო და მაღალი სეგმენტის გათბობის ქვაბებსა და წყალმომარაგების სისტემებზე გამახვილდა. დღეს კი, უკვე ისეთი ქვეყნების პროდუქციით ვამარაგებთ ჩვენს მომხმარებელს, როგორიცაა იტალია, გერმანია, ბელგია, უნგრეთი, სლოვენია, ჩეხეთი, კორეა და თურქეთი.

თავიდანვე, ჩვენი მიზანი იყო მოგვეცვა როგორც საცალო მომხმარებლების ბაზარი, ისე ბიზნესები და დღემდე წარმატებით ვახორციელებთ ორივე ბიზნესმოდელს. გარდა ამისა, ჩვენი სისტემების უსაფრთხოება პირველხარისხოვანი საკითხი იყო ჩვენთვის და ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე საქართველოში ოფიციალურ, საკანონმდებლო დონეზე შეიზღუდებოდა მაღალი რისკის შემცველი გათბობის სისტემების მონტაჟი, "თერმოინდუსტრიას" უკვე შემოჰქონდა ენერგოეფექტური, კონდენსაციური ქვაბები, რომლებიც უსაფრთხოა როგორც მოხმარების, ისე გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით.

ჩვენი, როგორც დამფუძნებლების, მთავარი მიზანი, დაარსების დღიდან იყო ის, რომ საქართველოს ბაზარზე გათბობა-გაგრილებისა და წყალმომარაგების სისტემების საერთაშორისო სტანდარტი დაგვენერგა, რასაც დღემდე წარმატებით ვემსახურებით.

რა სახის სერვისს და პროდუქციას სთავაზობს კომპანია მომხმარებლებს, რაც "თერმოინდუსტრიას" ბაზარზე არსებული ოპერატორებისგან განასხვავებს? რაშია კომპანიის მთავარი კონკურენტული უპირატესობა? დღესდღეობით, ბაზარზე ამ მიმართულებით კონკურენცია საკმაოდ მაღალია და 2012 წელსაც იყო რამდენიმე მსხვილი მოთამაშე, თუმცა ჩვენი გამოცდილებისა და სრულიად ახალი ხედვების წყალობით, გამოწვევებს არ შევუშინდით და კონკურენციაშიც აქტიურად ჩავებით. ვიცოდით რა უნდოდა მომხმარებელს, ვიცოდით, რომ ბუნებრივ აირზე მომუშავე ხარისხიანი და უსაფრთხო აგრეგატები დეფიციტური პროდუქტი იყო საქართველოში, რის გამო ბევრი უბედური შემთხვევის მომსწრეც გავხდით წინა წლებში. სწორედ ამიტომაა "თერმოინდუსტრია", უპირველეს ყოვლისა ხარისხსა და უსაფრთხოებაზე ორიენტირებული.

რაც შეეხება ჩვენს პროდუქციას, "თერმოინდუსტრია" დღეს უკვე 50 საერთაშორისო ბრენდთან თანამშრომლობს და გახლავთ იტალიური კომპანია Italtherm-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში. ჩვენს პროდუქციას აქვს ISO და KIWA-სერტიფიკატები, რაც იმის დასტურია, რომ გათბობის დანადგარები ენერგოეფექტური და უსაფრთხოა. პროდუქციის ფართო ასორტიმენტთან ერთად, "თერმოინდუსტრია" მომხმარებელს სთავაზობს ენერგოეფექტურ, ინოვაციურ, მაღალტექნოლოგიურ, უსაფრთხო სისტემებს და რაც აღსანიშნავია, დიზაინერულ გადაწყვეტებს, როგორიცაა ფერადი რადიატორები, საშრობები და სხვა აქსესუარები, რომლებიც მომხმარებელთა ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით იქმნება.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა არის გამოცდილება. 2012 წლიდან მოყოლებული, კომპანია ფართოვდება და თუკი 10 წლის წინ მხოლოდ ერთი საწყობი და პატარა მაღაზია გვქონდა ბათუმში, დღეს უკვე 5 ფილიალი და 3 საწყობი გვაქვს საქართველოს მასშტაბით. კომპანიის არსებობის ათწლიანი ისტორიის განმავლობაში, ჩვენ გავათბეთ 40 000 სახლი და კომერციული ფართი, განვახორციელეთ არაერთი მსხვილი პროექტი ქვეყნის მასშტაბით, იქნება ეს მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლები თუ სასტუმროები, სპა-ცენტრები, ოფისები და საწარმოები. 5 თანამშრომლით დაწყებული ბიზნესი დღეს უკვე 85 ადამიანს ასაქმებს და ზრდის ტემპი წლიდან წლამდე მხოლოდ მატულობს.

განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო, რომ "თერმოინდუსტრიას" თითოეული მომხმარებლის მიმართ ყურადღებითა და ენთუზიაზმით გამორჩეული მიდგომა აქვს. ჩვენს ფილიალებში მოქმედებს დეტალური კონსულტაციის სერვისი, რომლის დროსაც მომხმარებლები იღებენ რჩევებს, მათი ფართის კვადრატულობისა და ნიუანსების გათვალისწინებით, თუ გათბობის ან გაგრილების როგორი სისტემა დასჭირდებათ და რა ოდენობის ფინანსური რესურსი იქნება ამისთვის აუცილებელი. რაც შეეხება რთულ პროექტებს, როგორებიცაა სასტუმროები და სპა-ცენტრები, ამით ჩვენი პროფესიონალი თბოინჟინრები არიან დაკავებული, რომლებიც დამკვეთთან ერთად დეტალურ პროექტსა და ხარჯთაღრიცხვას ადგენენ და მომხმარებელთან შეთანხმებით ამუშავებენ თითოეულ დეტალს.

როგორი გავლენა იქონია პანდემიამ კომპანიაზე? როგორ გაუმკლავდით გამოწვევებს? შეცვალა თუ არა პანდემიამ სამომხმარებლო ქცევა თქვენს სფეროში და როგორ აუწყო ფეხი მომხმარებელმა შეცვლილ რეალობას? პანდემია, ისევე, როგორც ყველასთვის, ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო, და კომპანიისათვის განსაკუთრებით მძიმე გახლდათ პერიოდი, როდესაც საერთოდ ვერ ვმუშაობდით საკანონმდებლო აკრძალვების გამო. თუმცა, როგორც კი დისტანციურ მუშაობაზე დაგვრთეს ნება, პროცესების გადაწყობაში მთელი გუნდი ჩავერთეთ. დამფუძნებლები გაყიდვების მენეჯერებთან ერთად, პრაქტიკულად 24/7-ზე რეჟიმით ვმუშაობდით, რათა მომხმარებელს ჩვენგან მაქსიმალურად მოქნილი და კომფორტული სერვისი მიეღო.

სასწრაფოდ გადავერთეთ ონლაინგაყიდვების რეჟიმზე. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამდეც ვაქტიურობდით სოციალურ ქსელებში და გვქონდა კატალოგის ტიპის ვებგვერდი, ამ ახალმა რეალობამ ცვლილებების აუცილებლობა დაგვანახა. ვებგვერდს ონლაინმაღაზიის ფუნქციონალი დავამატეთ, დავიქირავეთ კურიერები, რათა მომხმარებელს მისთვის საჭირო პროდუქცია დროულად მიეღო. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, პანდემიის დროს არ გაჩერებულა მშენებლობებიც და ჩვენც, საკუთარი არსებული ვალდებულების ფარგლებში, ვასრულებდით სისტემების მონტაჟს ახალაშენებულ კორპუსებშიც.

აღსანიშნავია, რომ ჩვენ დისტანციურად მუშაობის გამოცდილება პანდემიამდეც გვქონდა, ვინაიდან მომხმარებელთა გარკვეული ნაწილი საზღვარგარეთ მყოფი ქართველები არიან, რომლებიც საქართველოში იძენენ ბინებს და გათბობისა და გაგრილების სისტემების კეთილმოწყობის საკითხში ჩვენთან თანამშრომლობენ. "თერმოინდუსტრიამ" წლების განმავლობაში საკმარისი ნდობის მოპოვება შეძლო, მათ შორის ემიგრანტებშიც, რომლებიც ჩვენს კომფორტულ სერვისს თავიანთ ნათესავებსა და მეგობრებსაც ურჩევენ.

მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელი ყველაზე რთული იყო "თერმოინდუსტრიის" არსებობის ისტორიაში, ჩვენ მოვახერხეთ წელი წარმატებით დაგვეხურა, რაც გუნდური მუშაობისა და თითოეული თანამშრომლის დაუღალავი შრომის დამსახურებაა.

როგორც ვიცით, უშუალოდ გათბობა-გაგრილებისა და წყალმომარაგების სისტემების სერვისის პარალელურად, კომპანია დამატებითი აქტივობებითაც არის დაკავებული, როგორიცაა გადამზადების პროგრამები, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების კამპანიები და ა.შ. რას გვეტყოდით "თერმოინდუსტრიის" მუშაობაზე ამ მიმართულებით? მოგეხსენებათ, დღესდღეობით ბაზარზე კვალიფიციური კადრის პრობლემა საკმაოდ მწვავედ დგას. სწორედ ამიტომ, "თერმოინდუსტრია" პერმანენტულად სთავაზობს დაინტერესებულ საზოგადოებას პროფესიული გადამზადების პროგრამებსა და სტაჟირებებს. ახალგაზრდები, ჩვენი ტექნიკური გუნდისაგან და დარგის სპეციალისტებისგან სწავლობენ როგორც სერვისს, ისე საპროექტო ხელობას თეორიულ და პრაქტიკულ ჭრილში. სტაჟიორები გადიან ტესტირებას, რომლის წარმატებით გავლის შემდეგ კომპანია აგრძელებს მათთან თანამშრომლობას. 10 წლის განმავლობაში უამრავი ახალგაზრდა მოგვიმზადებია, რომლებიც დღემდე ჩვენთან მუშაობენ და კომპანიის ერთგულნი დარჩნენ.

სისტემატურ გადამზადებას გადიან ჩვენი არსებული თანამშრომლებიც, რომლებიც ექვს თვეში ერთხელ აბარებენ პროფესიულ ტესტებს კვალიფიკაციის შესამოწმებლად. ხშირად ვუშვებთ ჩვენი გუნდის წევრებს საზღვარგარეთ, ცოდნისა და გამოცდილების მისაღებად და პერიოდულად ჩამოგვყავს უცხოელი სპეციალისტები ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციებიდან, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ ქართველ პროფესიონალებს. ამით, ერთი მხრივ, ვეხმარებით ადამიანებს პროფესიულ ზრდაში, ხოლო მეორე მხრივ, კომპანიის მიერ წარმოებული სამუშაოების ხარისხსა და სანდოობას ვამაღლებთ.

რაც შეეხება საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას, "თერმოინდუსტრია" 2019 წლიდან აქტიურად ეწევა ერთგვარ საგანმანათლებლო საქმიანობასაც. გვაქვს YouTube-არხი, სადაც ვათავსებთ ვიდეოებს, რჩევებს და ე.წ. Lifehack-ებს ჩვენი თბოინჟინრებისა და სპეციალისტებისაგან. მომხმარებელი ჩვენი ვიდეოების დახმარებით უფრო მეტად გაცნობიერებული ხდება გათბობის სისტემების ნიუანსებში, იძენს მისთვის საჭირო ცოდნას და ეცნობა ახალ ტექნოლოგიებს. ცხადია, ეს სფერო საკმაოდ რთულია და დატვირთულია სპეციალური ტერმინოლოგიით, თუმცა ჩვენი ექსპერტები მაქსიმალურად მარტივად და გასაგებად ხსნიან, თუ რამდენკილოვატიანი ქვაბია საჭირო კონკრეტული ფართობის გასათბობად, ან რა სახის უპირატესობები აქვს იატაკქვეშა თუ რადიატორულ გათბობას და ა.შ. მაქსიმალურად ვცდილობთ ამ კუთხით ცნობიერების ამაღლებას და აუდიტორიასთან კომუნიკაციას.

რა გასწავლათ დამოუკიდებელმა ბიზნესსაქმიანობამ და თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რას ურჩევდით დამწყებ ანტრეპრენერებს/ტოპ-მენეჯერებს?
უპირველეს ყოვლისა, რაც დამოუკიდებელმა ბიზნესსაქმიანობამ მასწავლა, არის გამოწვევებისა და რისკ-ფაქტორების მიღება და შიშის დათრგუნვა. კომპანიის დაარსებამდე მქონდა სტაბილური სამსახური, რომელზეც უარი ვთქვი და საკმაოდ მაღალი რისკის ფასად, გადავწყვიტე ჩემი საქმე მეკეთებინა. ნებისმიერი დამფუძნებლისთვის მნიშვნელოვანია, ისწავლოს კონკრეტული რისკ-ფაქტორების აწონ-დაწონა და სწორი გადაწყვეტილებების მიღება. გარდა ამისა, აუცილებელია მუდმივი განვითარება, სწავლა, სწრაფვა ტექნოლოგიებისა და ახალი მიდგომების გაცნობისკენ. ჩვენი სფერო, ისევე, როგორც ყველაფერი დანარჩენი, ძალიან სწრაფად ვითარდება და მუდმივად ახლდება, ადამიანებისთვის მეტი კომფორტის შექმნისკენ ისწრაფვის. ამიტომ როგორც ანტრეპრენერებისთვის, ისე ტოპ-მენეჯერებისთვის განვითარების ტემპისთვის ფეხის აწყობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი