Get All Access for $5/mo

Tertmeti - ჯადოსნურად ხარისხიანი ქართული ბრენდი თუკი ერთხელ მაინც მოუსმენთ Tertmeti-ს დამფუძნებელს, მიხვდებით, რა სჭირდება ადამიანს ბედნიერებისთვის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

სამყარო განსხვავებული ადამიანებითაა სავსე. მათ მრავალფეროვანი მიზნები და იდეები აქვთ, რომლის რეალიზებას მხოლოდ გარკვეული ნაწილი ახდენს. როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე მთავარი ცხოვრებაში? ყოველდღიურ რუტინაში ჩაიძიროთ და პასუხისმგებლობებით სავსემ რობოტივით იცხოვროთ, თუ წამით შეჩერდეთ, დაფიქრდეთ და უმთავრესი მისია შეასრულოთ − შეიცნოთ საკუთარი თავი? თუკი ერთხელ მაინც მოუსმენთ Tertmeti-ს დამფუძნებელს, მიხვდებით, რა სჭირდება ადამიანს ბედნიერებისთვის: არსებული მისწრაფებების შემჩნევა, მიზანდასახულობა და შრომა.

Tertmeti-ს კრეატიული დირექტორი, ლევან სურამელაშვილი პროფესიით არქიტექტორია, გარკვეული ცოდნა ბიზნეს-ადმინისტრირების კუთხითაც დააგროვა, შეისწავლა ბუღალტერია, ფოტოგრაფია, თუმცა როგორც თავად აღნიშნავს, საბოლოოდ საკუთარ თავს მოუსმინა და აღმოაჩინა, რომ ყველაზე მეტად დიზაინი აინტერესებდა. ხშირად ხდება, რომ ადამიანს სურს კონკრეტული საქმის კეთება, თუმცა გარკვეული პირობების გამო უწევს უარი თქვას მასზე. ლევანის შემთხვევაშიც ასე მოხდა: მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში წარმატებული მოსწავლე იყო და სხვადასხვა აქტივობაში მუდმივად ერთვებოდა, მისთვის ყველაზე საინტერესო ჭრა-კერვის გაკვეთილი აღმოჩნდა, რომელსაც კლასში არსებული 18 ბიჭიდან, მხოლოდ ის ესწრებოდა. რა თქმა უნდა, სტერეოტიპულად განწყობილი გარემოცვა ვერ ხვდებოდა, რატომ უნდა დაინტერესებულიყო ბიჭი ამ საქმიანობით, თუმცა ლევანისთვის ამას ხელი არ შეუშლია, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც შინ Singer-ის საკერავი მანქანა აღმოაჩინა და წარმოსახვის უნარს გასაქანი მისცა: "ვჯდებოდი საკერავ მანქანასთან და პატარა ნაჭრებით ვკერავდი სხვადასხვა ნივთს, ვხატავდი ქალისა და მამაკაცის ტანისამოსის ესკიზებს. როცა წამოვიზარდე, გამოცდილებაც მომემატა და უკვე შემეძლო საკუთარი ტანსაცმლის გადაკეთება".

Tertmeti-ს დამფუძნებელი პროფესიით ბუღალტრების ოჯახში გაიზარდა და მიუხედავად იმისა, რომ ლევანმა ისეთ პოზიციებზე მუშაობა შეძლო, რომელიც ტექნიკურ უნარ-ჩვევებსა და ცოდნას მოითხოვდა, საბოლოოდ დაასკვნა, რომ მსგავსი სფერო მისი შესაფერისი არ იყო. თუმცა, ოჯახური პრობლემების გამო მოუწია გადატვირთული გრაფიკით ემუშავა, ასე კი მთლიანად დაავიწყდა საკუთარი სურვილები: "პირველად მუშაობა 15 წლისამ დავიწყე და 24 წლამდე სხვადასხვა სამსახური გამოვიცვალე. ვხვდებოდი, რომ ვერცერთი მათგანი ვერ დამეხმარებოდა ჩემი მიწრაფებების რეალიზებაში. დაძაბულ სამუშაოს ემატებოდა ოჯახური პრობლემების გამო არსებული მუდმივი სტრესი. ისე გამოვიდა, რომ 24 წლამდე საკუთარ თავს დრო ვერ დავუთმე. შემდგომ კი კანადელმა მეგობარმა სრულიად თავდაყირა დააყენა ჩემი ცხოვრება − მან იცოდა, რომ ფოტოგრაფიით ვიყავი გატაცებული და შემომთავაზა ჩემი ნამუშევრების ერთ-ერთი ცნობილი ფოტოგრაფისთვის გაზიარება, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ეძებდა და ყიდულობდა მისთვის საინტერესო ფოტოებს. მასალების გაგზავნიდან რამდენიმე ხანში ყველაფერი შეიცვალა: ფინანსურად მოვძლიერდი, შესაძლებლობა მომეცა სამსახურიდან წამოვსულიყავი და პატარა ოცნებები ამესრულებინა".

ამ ეტაპს უკავშირდება მთავარი ჯადოსნობა, რომელიც ბრენდის სახელწოდებას ხსნის. როგორც ლევანი ამბობს, მას შემდეგ, რაც საკუთარ თავზე ფიქრი და მშვიდად ცხოვრება დაიწყო, ციფრი 11 მუდამ თვალში ხვდებოდა. როცა მსგავსი შემთხვევები იმდენად გახშირდა, რომ ლოგიკურ კანონზომიერებებს არღვევდა, მან გადაწყვიტა ინფორმაცია მოეძიებინა და ასე ამოიკითხა საოცრება: "თუკი თქვენს ცხოვრებაში ციფრი 11 გამოჩნდება, იგი აუცილებლად მოგიტანთ წარმატებას". დაუჯერებლად ჟღერს, თუმცა 11 მარტს, ზუსტად 11:11-ზე გადაწყვიტა ლევანმა ჩანთების შეკერვა დაეწყო. სწორედ აქედან იწყება Tertmeti-ს ისტორია − ბრენდის, რომლის სახელის უკან დამალულმა ჯადოსნობამ თავდაყირა დააყენა დამფუძნებლის ცხოვრება და რომლის შემქმნელსაც სჯერა, რომ Tertmeti-ს აქვს ძალა, უკეთესობისკენ შეცვალოს არა მარტო ერთი პიროვნების, არამედ ყველა იმ ადამიანის ცხოვრება, რომელსაც სამყაროში სასწაულების არსებობის სჯერა.

თავდაპირველად, ლევანის იდეის მიმართ ყველა სკეპტიკურად განეწყო. მხოლოდ 2 მეგობარს სჯეროდა მისი. ამან ეჭვები ვერ გაუჩინა, პირიქით − მოტივაციად იქცა, ყველასთვის დაემტკიცებინა, რომ დასახულ მიზანს მიაღწევდა. როცა წლების შემდეგ Singer-ის საკერავ მანქანას მიუბრუნდა და ყოველგვარი ცოდნისა და გამოცდილების გარეშე პირველი ნაჭრის ჩანთა შეკერა, რწმენა მოემატა და გადაწყვიტა ინდ.მეწარმედ დარეგისტრირებულიყო, საკერავი მანქანა შეეძინა და პატარა ატელიე გაეკეთებინა.

კითხვაზე, თუ რატომ მხოლოდ წელის ჩანთები, ლევანი გვპასუხობს, რომ მისთვის ინსპირაციად ევროპაში მოგზაურობა იქცა − ცნობილი დიზაინერების მუზეუმებმა და მაღაზიებმა მასზე დიდი შთაბეჭდილება თავიდანვე მოახდინა. რადგან არ იცოდა როგორ შეეკერა კონკრეტული სტილი, 6 თვის განმავლობაში იმუშავა მოდელზე, რომელიც იმდენად დახვეწილი უნდა ყოფილიყო, რომ პროფესიონალსაც ვერ ეპოვა ნაკლი. პროცესი არცთუ მარტივი აღმოჩნდა − იყო იმედგაცრუებები, დაღლა, თუმცა როგორც ლევანი ამბობს, წარმატება მაშინ მოდის, როცა დანებების აზრს ეწინააღმდეგები − ნახევარწლიანი სწავლის, დაკვირვებისა და ექსპერიმენტების შემდეგ შეიქმნა Tertmeti-ს პირველი ხარისხიანი და უნაკლო ჩანთა.

ლევანი დღის განმავლობაში მხოლოდ 3 ჩანთის შეკერვას ასწრებდა, ხოლო როცა მასალების ყიდვა უწევდა, შექმნილი პროდუქტის რიცხვი იკლებდა: "ჩანთის შეკერვა ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან არ შეიძლება გერქვას ბრენდი და შექმნა დეფექტიანი პროდუქტი. ხალხი ვერ ამჩნევს სირთულეს, რომელიც დამზადების პროცესთანაა დაკავშირებული. უნდა გამოასწორო მინიმალური შეცდომები და შექმნა ხარისხიანი პროდუქტი. როცა მივხვდი, რომ დამოუკიდებლად ვერ გავწვდებოდი, ბევრი ძიების შემდეგ მკერავის პოზიციაზე ავიყვანე ოჯახის ახლობელი, რომელსაც დაგროვილი ცოდნა გავუზიარე − ვასწავლე ჩემ მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიით ჩანთის შეკერვა. მიხარია, რომ პასუხისმგებლობით ეკიდება სამუშაოს და უყვარს საქმე, რომელსაც აკეთებს".

Tertmeti-ს პირველი გაყიდვები 100 ჩანთის შეკერვის შემდეგ, ონლაინ დაიწყო. როცა მომხმარებელმა ბრენდი გაიცნო, ლევანმა გადაწყვიტა მონაწილეობა მიეღო Fashion Market-ში, რამაც Tertmeti-ს მიმართ დიდი ინტერესი გააღვივა, ფინანსურმა ზრდამ კი ბრენდს საშუალება მისცა პრემიუმკლასთან მიახლოებული ჩანთების შექმნა დაეწყო. სწორედ ამ პლატფორმის საშუალებით გაიცნო იგი Crosty-ს დამფუძნებელმა, რომელსაც ძალიან მოეწონა ჩანთების შეკერვის ხარისხი და ტექნიკა, მან ლევანს Fashion Business მასტერკლასზე დასწრება შესთავაზა. როგორც Tertmeti-ს დამფუძნებელი ამბობს, გიორგი მიქაიასთან შეხვედრა მისთვის გარდამტეხი იყო, რადგან ამ მასტერკლასით მან დიდი გამოცდილება დააგროვა − იპოვა სწორი მიმართულებები, უფრო მეტად გააანალიზა საკუთარი შესაძლებლობები და ბრენდის პერსპექტივა: "ძალიან ბევრს ნიშნავს, როცა კომპეტენტური ადამიანი მოგიწონებს პროდუქტს და გეტყვის, რომ შენს ბრენდს ზრდის პოტენციალი აქვს. Crosty წარმატებული ქართული ბრენდია, მისი წინსვლა ჩემთვის მოტივაციის წყაროა".

ამ ეტაპზე ბრენდი სხვადასხვა სტილის ნატურალური ტყავისა თუ უმაღლესი ხარისხის ტყავის შემცვლელისგან ამზადებს წელის ჩანთებს. თებერვალში Tertmeti-ს სტენდის გახსნიდან ერთი წელი გავა, ამ ხნის განმავლობაში ბრენდმა მოახერხა ხარისხითა და ვიზუალით მუდმივად გაეოცებინა მომხმარებელი. როგორც ლევანი აღნიშნავს, ამჟამად Tertmeti აქტიურად მუშაობს და სულ მალე ქალისა და მამაკაცის ჩანთების ახალ კოლექციას წარადგენს. გარდა იმისა, რომ სტარტაპი მაქსიმალურად უნაკლო და ხარისხიან პროდუქტს ქმნის, ბრენდი ცდილობს შეიმუშავოს განმასხვავებელი, უნიკალური დეტალები, რომლებიც მხოლოდ Tertmeti-ს ჩანთებს დაამშვენებს.

სამომავლოდ ლევანი გვპირდება, რომ მალე მათ Premium Class-სა ან Luxury-ში ვიხილავთ, რაც დიდი ალბათობით, ძალიან ახლო მომავალში მოხდება, რადგან Tertmeti-ს დამფუძნებლისა და კრეატიული დირექტორის მიზანსწრაფულობა და შრომისმოყვარეობა ბრენდს აუცილებლად მოუტანს თავბრუდამხვევ წარმატებას.

ტექნოლოგიური ტრენდები

განათლება და ახალი შესაძლებლობები დიდ ბრიტანეთში

გაინტერესებთ როგორ მიიღოთ განათლება დიდ ბრიტანეთში?

ინდუსტრიული ტრენდები

ქართული ჩაის ახალი ბრენდი გურიიდან

უმაღლესი ხარისხის ქართული ჩაი ჩაის მოყვარულთათვის!

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი