Get All Access for $5/mo

"თეთრი ბაჭია ◊ White Bunny" - სიხარულისა და ბედნიერების გამორჩეული ბრენდი ღვინის ინდუსტრიაში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ნატო დაქიშვილი საქართველოში ერთ-ერთი ცნობილი მეღვინეების ოჯახის "Dakishvili Family Vineyards"-ის წარმომადგენელი გახლავთ.

"ბავშვობიდან ბევრი საინტერესო ამბავი მომისმენია ღვინის დაყენების ტექნოლოგიაზე და თავადაც მიმიღია მონაწილეობა ყურძნის დაწურვის პროცესში, პაპისეულ ტრადიციულ საწნახელში. ეს ჩემთვის მუდამ საინტერესო და სასიამოვნო პროცესი იყო.

ყოველთვის მქონდა სურვილი, ღვინის ინდუსტრიის ისტორიაში გამორჩეული სიახლე შემომეტანა, თუმცა უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდეგ შეძენილი ცოდნით სხვა პროფესიით გავაგრძელე მუშაობა. მქონდა სურვილი და ოცნება, ღვინო მეწარმოებინა, ოჯახური ტრადიცია გამეგრძელებინა", - გვიყვება ნატო.

მან გადაწყვიტა იშვიათი ყურძნის ჯიშის ახალი ვენახი, "ქისტური საღვინე" და "ალექსანდროული", პაპა-ბებიის უძველეს კარ-მიდამოში, კახეთში, კერძოდ ახმეტაში გაეშენებინა.

"ყოველი ქმედებით ვცდილობ ვაზი, სული, ფესვები უფრო მეტად დავაკავშირო ერთმანეთთან და ჩემი ოჯახის ტრადიცია გავაგრძელო. რადგან წარმოშობით პანკისის ხეობიდან ვარ, დიდი ინტერესი გამიჩნდა "ქისტური საღვინე" ჯიშის ვაზის აღდგენის მიმართ, რომელიც დღემდე მივიწყებული იყო".

როგორც თავად გვიყვება, მისმა ძმამ, გოგი დაქიშვილმა, ვაზის რამდენიმე კვირტი მოიძია. შემდეგ აღადგინეს და გაამრავლეს "ქისტური საღვინე". ეს არის იშვიათი, აბორიგენული ვაზის ჯიში, რომელიც გამოირჩევა უხვი მსხმოიარობით, მოსავლიანობით, განსხვავებული გემოთი და არომატით. ზუსტად ამ მნიშვნელოვანი სიახლის პირველი წარმოებაა ცქრიალა ღვინო "თეთრი ბაჭია • White Bunny", სიხარულისა და ბედნიერების ბრენდი.

"შრომისმოყვარე და მტკიცე ადამიანისთვის, რომელიც არასოდეს კარგავს იმედს და სჯერა საკუთარი თავის, ყველაფერი შესაძლებელია. იყო გამოწვევები, შეცდომები, სირთულეები, ვენახის დასეტყვის შიში. ამან ბევრი რამ მასწავლა და უფრო მეტად გამაძლიერა.

ჩემი წინაპრების მიწაზე ჩემი ხელით გავაშენე ვაზი, გავახარე, მოვუარე და შედეგიც მივიღე. ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი ცოდნა შევიძინო ახალწამოწყებულ საქმეში, განვავითარო საკუთარი თავი და ბიზნესი".

ნატო ასევე გვიყვება, რომ მისგან შეძენილი გამოცდილების დახმარებით, ბევრმა ადამიანმა წამოიწყო საკუთარი ბიზნესი სხვადასხვა სფეროში. ახლო მომავალში აპირებს საზოგადოებას მეორე სახეობის ღვინო წარუდგინოს.

ამბობს, რომ მისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა პროფესიული ცოდნის არქონა იყო. თუმცა დიდი მონდომების, ძალისხმევისა და მის შესაძლებლობებში დარწმუნებული ადამიანების მხარდაჭერით ყველა დაბრკოლებას გაუმკლავდა და ოცნება აისრულა.

"ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ფუფუნება ჯანმრთელობა და სიმშვიდეა, სხვა დანარჩენი - შენი არჩევანია. ყველაფერი შესაძლებელია, გჯეროდეს საკუთარი თავის. შენში არის ის, რაც ნებისმიერ დაბრკოლებას გადაგალახვინებს".

როგორც ნატო ამბობს, "თეთრი ბაჭია" შემთხვევით არ ასოცირდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან. მისთვის "თეთრი ბაჭია პერსონა - ინსპირაციაა" , ახალი სიცოცხლის დაბადების, სიხარულისა და ბედნიერების სიმბოლოა.

მაქვს დიდი სამომავლო გეგმები. ჩემი ყველაზე დიდი სურვილია, რომ ეს საშვილიშვილო საქმე გაძლიერდეს, განვითარდეს და ჩემი "თეთრი ბაჭია • White Bunny" მთელმა მსოფლიომ გაიცნოს.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინდუსტრიული ტრენდები

რევოლუცია "შავი ლომისგან"

"ჩვენ მომხმარებლის გემოვნება შევცვალეთ"