The Lake ლისის ტბაზე – ახალი ცხოვრების სტილი Placemakers-ის ხედვით
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ლისის ტბის გარშემო ურბანული რუკა წლებია გარდაქმნის პროცესშია, თუმცა Placemakers-ის სცენაზე გამოჩენა ამ ტრანსფორმაციას სრულიად ახალ მასშტაბს სძენს. ქართულ დეველოპერულ ეკოსისტემაში მდიდარი გამოცდილების გუნდი ისეთ ამბიციას აჩვენებს, რომელიც ჩვეულებრივ საცხოვრებელ კომპლექსებს სცილდება და მეტს ჰპირდება მცხოვრებლებს – სივრცის შექმნას, რომელსაც საკუთარი ატმოსფერო, რიტმი და ცხოვრების სტილი აქვს.
The Lake სწორედ ასეთი კონცეფციის შედეგია – ახალი პრესტიჟული უბანი ლისის ტბაზე, სადაც კერძო სახლები და Lake house-ის მრავალფუნქციური შენობა ერთიან, წინასწარ გააზრებულ ეკოსისტემად ერთიანდება. აქ ბინა ან მიწის ნაკვეთი მხოლოდ ქონება არ არის; ეს არის არჩევანი, თუ სად და როგორ იცხოვრებ, როგორი იქნება შენი ყოველდღიურობა, რა მანძილით იქნები ქალაქის ხმაურიდან შორს და ამავდროულად – ცენტრიდან რამდენიმე წუთის სავალზე.
Placemakers-ის მმართველი პარტნიორი, ნოდარ ადეიშვილი, ამ უბანს, პირველ რიგში, მთლიანობის პრიზმიდან უყურებს. მისი თქმით, The Lake არა მხოლოდ ლამაზი სახლების ერთობლიობაა, არამედ ერთიანი იდეის გაგრძელებაა.
"Placemakers-ის ახალი უბანი The Lake, მთლიანი უბანი ერთი კონცეფციით, ერთ ფერებში იქნება, გვექნება შესაძლებლობა, რომ მთლიანი ტერიტორია, მთა, სრულად იქნას შერწყმული ბუნებასა და გარემოსთან, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია".
აქვე ჩანს გუნდის უმთავრესი ამოცანაც – არ შექმნან კიდევ ერთი იზოლირებული კომპლექსი, რომელიც ირგვლივ სივრცეს უგულვებელყოფს, არამედ პირიქით, გამოიყენონ ლისის ტბის არეალის პოტენციალი და საცხოვრებელი გარემო ისე ჩაწერონ ძველ რელიეფში, რომ ბუნებრივი ლანდშაფტი პროექტის ღირსებად იქცეს. სწორედ ამიტომ არის საკვანძო თავად რელიეფიც: მთის დახრილობა აქ მხოლოდ ტექნიკური გამოწვევა არ არის. როგორც ნოდარ ადეიშვილი ამბობს, ეს ის რესურსია, რომელიც თითოეულ სახლს საშუალებას აძლევს, ტბისა და გარემომცველი ბუნების ხედით ისარგებლოს. ესაა უპირატესობა, რომელიც თბილისში ბევრ პროექტს არ გააჩნია.
ამ ხედვის გასაძლიერებლად Placemakers-მა აქცენტი ქართულ არქიტექტურულ გამოცდილებაზეც გააკეთა. The Lake-ის ოსტატური ჩაწერა გარემოში ქართველ არქიტექტორს, ვახტანგ ვისოცკის, ევალება.

"ძალიან გვიხარია, რომ The Lake-ზე ქართველ არქიტექტორთან, ვახტანგ ვისოცკისთან ვთანამშრომლობთ", – ამბობს ნოდარ ადეიშვილი და ხაზს უსვამს, რომ ადგილობრივი პროფესიონალების ჩართულობა ამ მასშტაბის პროექტში მათთვის პრინციპულია როგორც ესთეტიკის, ასევე კონტექსტის სწორი გააზრების თვალსაზრისით.
თუ ნოდარ ადეიშვილი კონცეფციასა და სივრცის ინტეგრაციაზე საუბრობს, კომპანიის პარტნიორი და ფინანსური დირექტორი, ზურა ფიჩხაია, Placemakers-ის მოტივაციას უფრო ადამიანური და ემოციური კუთხით ხსნის. მისი თქმით, ამ პროექტის მიზანი მხოლოდ მაღალი კლასის უბნის შექმნა არ არის – ამ მიზნის უკან ცხოვრების სტილის შეცვლის ამბიცია დგას:
"გვინდა,შევქმნათ განსხვავებული საცხოვრებელი ადგილი, როცა ტბაზე ცხოვრობ, შენ, უბრალოდ სახლს კი არ ყიდულობ, არამედ მთლიანად ცხოვრების სტილს.იქ არის ბევრი სხვადასხვა აქტივობა და სერვისი. ფაქტობრივად, ცხოვრობ ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე დიდ რეკრეაციულ ზონაში, მაგრამ თან ცხოვრობ ძალიან თანამედროვე უბანში."
ამ სეგმენტში Placemakers-ის ფილოსოფია მკაფიო ხდება: The Lake-ით გუნდს სურს, თბილისს შესთავაზონ ისეთი ურბანული პროდუქტი, რომელიც აღარ აყენებს ბინის შეძენის მსურველს არჩევანის წინაშე "ქალაქში ცხოვრებასა" და "ბუნებასთან სიახლოვეს" შორის. გუნდისთვის ეს არა მხოლოდ ბიზნესპროექტია, არამედ პროფესიული პასუხისმგებლობაც.
The Lake-ის მასშტაბი მხოლოდ კონცეფციით არ იზომება. Placemakers-ის დამფუძნებლები ამბობენ, რომ ჯამური ინვესტიცია 50 მილიონ დოლარამდეა.
"საკმაოდ მსხვილი პროექტია 50 მილიონ დოლარამდე ინვესტიციით. გვაფინანსებს "თიბისი ბანკი", ასევე, გვყავს საერთაშორისო პარტნიორებიც; ძლიერი გუნდი შეიკრა, როგორც ფინანსური, ასევე საშემსრულებლო თვალსაზრისით", – აღნიშნავს ზურა ფიჩხაია.
ნოდარ ადეიშვილისთვის განსაკუთრებით სენსიტიურია ისიც, რომ The Lake-ში ჩართულია ქართველი აფხაზი პარტნიორი – სიმბოლური დეტალი, რომელიც ჩვეულებრივ ბიზნესნარატივს სცილდება და საერთო საქმით თანამშრომლობის იშვიათ მაგალითად შეიძლება აღიქმებოდეს. ამასთან, პროექტში ინდოელი დეველოპერი მონაწილეობს, რომლისთვისაც ეს პირველი ინვესტიციაა საქართველოში, ხოლო პარალელურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები სამხრეთაფრიკელ პარტნიორთან. როგორც ნოდარ ადეიშვილი ამბობს, ეს მხოლოდ დასაწყისია და იმედოვნებენ, რომ ამ გუნდთან ერთად თბილისსა და საქართველოს სხვა ახალ პროექტებსაც შესთავაზებენ.
The Lake-ის მთავარი "გულისცემა" Lake house იქნება – არა მხოლოდ კომპლექსის ცენტრი, არამედ თბილისის ახალი მიზიდულობის წერტილი. სწორედ ამ შენობას უკავია განსაკუთრებული ადგილი Placemakers-ის ხედვაში: ეს არ არის ინფრასტრუქტურა, რომელიც მხოლოდ მობინადრეების საჭიროებებს მოემსახურება. Lakehouse-ის ფუნქცია გაცილებით ფართოა – გახდეს სივრცე, სადაც ერთმანეთს ხვდებიან უბნის მცხოვრებნი, მათი სტუმრები და ქალაქის დარჩენილი ნაწილი. თუმცა მცხოვრებლებსა და კლუბის წევრებს განსაკუთრებული შეთავაზებები ექნებათ და გარკვეული სივრცეებით ისარგებლებენ.
იმისთვის, რომ ეს ცენტრი საერთაშორისო სტანდარტებს არა მხოლოდ ფუნქციურად, არამედ არქიტექტურულადაც შეესაბამებოდეს, Placemakers-მა მსოფლიოში აღიარებულ ნორვეგიულ არქიტექტურულ ბიუროს, Snøhetta-ს მიმართა. ზურა ფიჩხაიას განმარტებით, მათი მიზანი იყო ქართულ ბაზარზე ახალი ხედვა შემოეტანათ:
"გვინდოდა, რომ ისეთი არქიტექტურული კომპანია შემოსულიყო, რომელიც ქართულ ბაზარზე პირველ ნაბიჯს ჩვენთან ერთად გადადგამდა. ნორვეგიელები ძალიან ახლოს არიან ბუნებასთან და ეს პროექტიც ხომ ქალაქის გულშია, ტბაზეა, ბუნებასთან ახლოს. ამ შინაარსთან ძალიან ახლოს იდგა Snøhetta-ს გუნდი".

გლობალური ხედვა The lake-ის პროექტში – რას ნიშნავს "სნოჰეტასთან" თანამშრომლობა?
როგორც ზურა ფიჩხაია ამბობს, Placemakers-ის გუნდის გადაწყვეტილება Snøhetta-სთან თანამშრომლობის შესახებ შემთხვევითი არ ყოფილა – ეს უფრო სტრატეგიული არჩევანი იყო.
მისი თქმით, ჯერ კიდევ კონცეფციის ეტაპზე ჰქონდათ გადაწყვეტილება, რომ Lake House-ში აუცილებლად ჩართულიყო საერთაშორისო არქიტექტურული კომპანია, რომელიც არა მხოლოდ ესთეტიკით, არამედ თავად მუშაობის ფილოსოფიითაც შემოიტანდა ქართულ რეალობაში ახალ სტანდარტებს. იდეა იყო, რომ ეს თანამშრომლობა არა ერთჯერადი ჩართულობა, არამედ ბაზარზე ახალი დონის შემოტანის მაგალითი გამხდარიყო.
"თავიდანვე გვქონდა განსაზღვრული, რომ საერთაშორისო არქიტექტორული კომპანია გვყოლოდა, რომელიც რაღაც ელემენტით ჩართული იქნებოდა აღნიშნულ პროექტში. სწორედ ამ ძიების პროცესში გამოჩნდა Snøhetta, როგორც პარტნიორი, რომელსაც ყველაზე ორგანულად შეეძლო ლისის ტბის გარემოსა და პროექტის შინაარსთან დაკავშირება".
Snøhetta ასოცირდება გლობალურ, ტრანსდისციპლინურ არქიტექტურასა და დიზაინის პრაქტიკასთან, რომელიც პარალელურად მუშაობს ლანდშაფტურ არქიტექტურაზე, ინტერიერზე, პროდუქტზე. მათი ოფისები ოსლოდან ნიუ-იორკამდე, ჰონგ-კონგიდან სან-ფრანცისკომდეა გაბნეული და ასეულობით პროფესიონალს აერთიანებს ერთ ეკოსისტემაში. აქედან გამომდინარე, The Lake-ის მასშტაბის პროექტისთვის ეს არა მხოლოდ კონსულტაციაა, არამედ პარტნიორია, რომელიც თავისი მრავალფეროვანი გამოცდილებით შეიძლება იქცეს ადგილობრივი დეველოპმენტის ახალ სიტყვად.
სწორედ ამ ინტეგრირებულ მიდგომაზე ამახვილებს ყურადღებას Snøhetta-ს ბიზნესგანვითარების დირექტორი, იეტე ქეთრინ ხოპი:
"ჩვენ ვართ ტრანსდისციპლინური კომპანია, რომელსაც ჰყავს 400-მდე პარტნიორი მსოფლიოს მასშტაბით. ესენი არიან მსოფლიოს საუკეთესო არქიტექტორები, ლანდშაფტის არქიტექტორები, ინტერიერის დიზაინერები და ა.შ. და ჩვენ ყოველწლიურად ვიზრდებით".

ეს სიტყვები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება მაშინ, როცა პროექტის ადგილმდებარეობას ვუყურებთ – ქალაქის ცენტრთან ახლოს, ტბის პირას, ერთ-ერთ ყველაზე დიდ რეკრეაციულ ზონაში. აქ არქიტექტურას ვერ შეხედავ მხოლოდ როგორც "შენობას"; ის უკვე არის ლანდშაფტის, ქალაქის კულტურისა და ყოველდღიური ცხოვრების სცენის გაგრძელება.
Snøhetta-სთვის The Lake უბრალოდ კიდევ ერთი საცხოვრებელი პროექტი არ არის. ეს ახალი გეოგრაფიული მიმართულებაა, თუმცა უკვე ძლიერი პორტფოლიოს გაგრძელებით. მათი შექმნილია ისეთი ობიექტები, რომლებიც სხვადასხვა ქალაქის სავიზიტო ბარათებად იქცა:
- ნორვეგიის ეროვნული ოპერისა და ბალეტის თეატრი ოსლოში, რომელიც მთელი ზღვისპირა უბნის გარდაქმნის სიმბოლო გახდა;
- შანხაის გრანდ ოპერის სახლი, როგორც კულტურული მაგნიტი აზიის ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ ქალაქში;
- ახალი ბიბლიოთეკა პეკინში – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საჯარო სასწავლო-სახელმძღვანელო სივრცე;
- Place de la Concorde-ის წარმოსახვა ახალი ურბანული ენის საშუალებით;
- National September 11 Memorial Museum Pavilion ნიუ-იორკში და თაიმს სკვერის რეაბილიტაცია.
ამ გამოცდილებამ Snøhetta-ს სერიოზული ექსპერტიზა მისცა იმაზე, როგორ გარდაიქმნას კონკრეტული ადგილი – იქნება ეს ნავსადგურის ნაპირი, ისტორიული მოედანი თუ მეტროპოლიის ყველაზე გადატვირთული კვეთა ადამიანებისთვის გახსნილ საზოგადოებრივ სივრცედ. სწორედ ამ უნარის გამო მიიჩნია Placemakers-მა, რომ Lake House-ისთვის სწორი პარტნიორი სწორედ Snøhetta იქნებოდა.
ამ ეტაპზე Snøhetta უშუალოდ Lake House-ზე მუშაობს – მრავალფუნქციურ კვანძზე, რომელიც The Lake-ის უბნის "გულისცემა" უნდა გახდეს. დამფუძნებლების ხედვით, ეს ინფრასტრუქტურა არ იქნება უბრალოდ დამხმარე ობიექტი, რომელშიც სერვისები "პირველ რიგში მობინადრეებს" მოემსახურება. პირიქით, Lake House უნდა იქცეს მიზიდულობის ცენტრად, ღია სივრცედ ყველასთვის.
პროექტი მოიცავს საგამოფენო სივრცეს, რესტორნებს, სპას, ველნესის მიმართულებას, აუზსა და სპორტულ ზონებს, ასევე, ბიზნესლაუნჯს, რომელიც კლუბის წევრებს მოემსახურება – სივრცეებს, სადაც ცხოვრება, დასვენება და სამუშაო დღე ერთმანეთში გადადის. სწორედ ამიტომ უწოდებს Snøhetta-ს მთავარი ლანდშაფტ-არქიტექტორი, მაიერ მეტა, ამ კონცეფციას ტბის ბუნებრივ გაგრძელებას.
"ერთ-ერთი მთავარი რამ, რასაც "სნოჰიტას" თითოეულ პროექტში ვაკეთებთ, არის კონტექსტუალობა. პროექტი უნდა პასუხობდეს გარემოს. ამ შემთხვევაში შთაგვაგონა თბილისის ეროვნულმა პარკმა, იქ არსებულმა ტყემ – ეს იყო პროექტის ლანშაფტის საწყისი ინსპირაცია. მნიშვნელოვანია პროექტის ტბასთან მდებარეობა, რადგან ეს არის ტბის ერთგვარი ბუნებრივი გაგრძელება. დღეს ტბაზე უკვე არსებობს რეკრეაციული აქტივობები და Lake House-ის პროექტს კი დამატებით აქტივობად ვამატებთ, ამიტომ პროექტი ტბის ნაწილად გადაიქცევა. საბოლოოდ კი ის მთელ თბილისს მოემსახურება", – ამბობს მაიერ მეტა.
ეს ხედვა არქიტექტურის ფარგლებში კი არ რჩება, არამედ ქალაქის სოციალური ქსოვილის გაგრძელებად იქცევა. ბარდ ვააგ სტაგნესი, Snøhetta-ს მთავარი არქიტექტორი, განსაკუთრებით თბილისის ეზოებიდან იღებს ინსპირაციას:
"ისტორია, რომლის მოყოლაც გვსურს, თბილისის ეზოებმა შთაგვაგონა და ამიტომ გადავწყვიტეთ, ლისზე სოციალური მიზიდულობის სივრცე შეიქმნას".
Snøhetta-სთვის ფორმა და შინაარსი ერთმანეთის განცალკევებულად არ უნდა განვიხილოთ. ამის კარგი ილუსტრაცია თავად მათი ვიზუალური იდენტობაა: ბრენდის სიმბოლოდ კვლავ იმ მთის, Snøhetta-ს, ილუსტრაცია რჩება, რომლის სახელიც კომპანიამ აიღო. ლოგოს მონახაზი, შავი-თეთრი ფერის პალიტრა და გრაფიკული მინიმალიზმი საერთო ისტორიისა და მემკვიდრეობის მანიფესტად არის ქცეული, რომელიც ახალ ციფრულ ელემენტებსა და ფუნქციონალთან ერთად ვითარდება.
ამ ფილოსოფიური გადმოსახედიდან Lake House-ის არქიტექტურა მხოლოდ ესთეტიკური თვალსაზრისით ლამაზი ობიექტი არ შეიძლება იყოს. ის უნდა გახდეს ადგილი, სადაც ადამიანი ხედავს, როგორ ერწყმის მისი ყოველდღიურობა ლისის ბუნებრივ რელიეფს, თბილისის ურბანულ ენერგიას და თანამედროვე არქიტექტურას.
ეს თანამშრომლობა, ფაქტობრივად, ორმხრივი პროცესია: Snøhetta პირველად დგამს ნაბიჯს ქართულ უძრავი ქონების ბაზარზე, ხოლო Placemakers-ს ქართულ დეველოპმენტში შემოჰყავს ბრენდი, რომელიც ქალაქების ცენტრალურ ადგილებს: ოპერის თეატრებს, ბიბლიოთეკებს, მოედნებსა ან მემორიალურ ადგილებს გარდაქმნის.
The Lake-ისთვის ეს ნიშნავს, რომ ლისის ტბის გარშემო არ ჩნდება უბრალოდ კიდევ ერთი საცხოვრებელი უბანი. იქმნება გარემო, რომლის არქიტექტურულ ისტორიას ახლავე აქვს გაგრძელება ოსლოში, ნიუ-იორკში, შანხაიში, პეკინსა და სხვა ქალაქებში, სადაც Snøhetta-მ საკუთარი კვალი უკვე დატოვა. ახლა ამ ჩამონათვალს თბილისიც დაემატება.

"Placemakers დაიბადა იდეიდან, რომ პროექტები ღირებული იყოს ქალაქისთვის"
Placemakers-ის მმართველი პარტნიორის, ნოდარ ადეიშვილის თქმით, კომპანია თავიდანვე მიზანმიმართულად შეიქმნა, როგორც ჯგუფი, რომელსაც ქალაქზე გრძელვადიანი გავლენის მოხდენა სურს.
"Placemakers დაიბადა იდეიდან, დაგვეფუძნებინა კომპანია, რომლის პროექტები ღირებული იქნება საზოგადოებისთვის, მომხმარებლისა და ზოგადად, ქალაქისთვის," – ამბობს ის.
ამ "ღირებულებას" ის მხოლოდ კვადრატულ მეტრებში არ ზომავს. გუნდის ფორმირებაც სწორედ ამ ხაზზე მოხდა:
"Placemakers-ში შევიკრიბეთ ისეთი ადამიანები, რომლებსაც გვაერთიანებს ბევრი წარმატებული პროექტი, გვაქვს ერთიანი ხედვა და ერთი მიზნისკენ მივისწრაფვით".
ეს "ერთიანი ხედვა" The Lake-ში ყველაზე მკაფიოდ იკითხება: უბანი, რომელიც წარმოდგენილია არა როგორც უბრალოდ არქიტექტურული ობიექტების ნარევი, არამედ როგორც ყოველდღიური გამოცდილება.
"The Lake არ არის უბრალოდ საცხოვრებელი კომპლექსი, ეს არის ყოველდღიური გამოცდილება. აქ ქალაქის ენერგია და ბუნების სიმშვიდე თანაბრად თანაარსებობს. ტბასთან სიახლოვე, ხედები, სერვისები და თანამედროვე არქიტექტურა ქმნის ცხოვრების სრულიად ახალ გამოცდილებას", – ამბობს ნოდარ ადეიშვილი.

მისი თქმით, ამ პროექტით გუნდმა გადაწყვიტა, შეექმნა გარემო, რომელიც ადამიანისთვის სრულფასოვან საცხოვრებელ სივრცედ იქცევა:
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შენარჩუნდეს ბალანსი არქიტექტურასა და ბუნებას შორის. სწორედ ამ გამოწვევების გადასალახად გადავწყვიტეთ, გვეთანამშრომლა ისეთ არქიტექტურულ კომპანიასთან, როგორიც არის Snøhetta, და ქართველ არქიტექტორთან, ვახტანგ ვისოცკისთან, რომელთა ხედვაც ბუნებასთან შერწყმის იდეას სრულად ეხმიანება".
ზურა ფიჩხაია პროექტს ეკონომიკური და ურბანული განვითარების წერტილიდან აფასებს. მისი ხედვით, The Lake გაცილებით მეტია, ვიდრე მარტივად აღქმადი საცხოვრებელი უბანი:
"The Lake არის გაცილებით მეტი, ვიდრე საცხოვრებელი უბანი – ეს არის ინვესტიცია, რომელიც ახალ შესაძლებლობებს ქმნის ლისის გარშემო".
ზურა ფიჩხაია ამბობს, რომ პროექტის ჯამური ინვესტიცია 50 მილიონ დოლარამდეა გაწერილი და რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. ეს არა მხოლოდ კომპანიის პორტფელის ზრდას ნიშნავს, არამედ უშუალოდ ქალაქის ეკონომიკურ დინამიკასაც ეხება:
"ეს ინვესტიცია მნიშვნელოვანი ნაბიჯია თბილისისთვის. პროექტი იზიდავს საერთაშორისო პარტნიორებსა და ინვესტორებს, რაც ხელს უწყობს დედაქალაქის საინვესტიციო იმიჯის გაუმჯობესებას".
მაგრამ Placemakers-ისთვის "ინოვაცია" მხოლოდ არქიტექტურაში ან ტექნოლოგიებში არ იკითხება.
"ჩვენ ინოვაციას მხოლოდ ტექნოლოგიაში არ ვხედავთ – ეს არის აზროვნების კულტურა", – ამბობს ის.
მისი განმარტებით, The Lake-ის მთავარი პრინციპებია მდგრადობა, ენერგოეფექტურობა და ეკომეგობრული ხედვა:
"The Lake-ს ვაშენებთ ისე, რომ ყველაფერი ემსახურებოდეს მდგრადობასა და ენერგოეფექტურობას. ინფრასტრუქტურა, არქიტექტურული სივრცის ბუნებასთან შერწყმა და ეკომეგობრული მიდგომა – ესაა ჩვენი მთავარი პრინციპები. ჩვენ ვქმნით უბანს, სადაც ცხოვრება, დასვენება და მომსახურება ერთი ორგანიზმია".
ამ ორგანიზმის ემოციურ ბირთვად კი კომფორტი და ბუნებასთან სიახლოვის განცდა იქცევა:
"The Lake-ის უნიკალურობა ისაა, რომ აქ მთავარი ფოკუსი კომფორტსა და ბუნებაზეა აგებული. ხედები, არქიტექტურა და გარემო ქმნის განცდას, რომ ცხოვრობ თბილისში, მაგრამ ქალაქის ხმაურს მიღმა. The Lake – ეს არის უბანი, რომელიც სიმშვიდეს ქმნის. სწორედ ეს არის ნამდვილი განსხვავება".
Placemakers-ის კონცეფცია პრაქტიკულობაში გაყიდვების ხელმძღვანელს, მარიამ ბერუჩაშვილს გადააქვს. მისთვის მთავარი კითხვა მარტივად ფორმულირდება: რატომ უნდა აირჩიოს ადამიანმა ცხოვრება სწორედ ამ უბანში?
"The Lake-ში ცხოვრებით სწორედ იმ ბალანსს იპოვი, რომელიც აერთიანებს ბუნებასთან თანაცხოვრებას ქალაქიდან გაუსვლელად", – ამბობს ის.
მისი თქმით, The Lake არის "მშვიდი და ბუნებასთან სინთეზში მყოფი უბანი, სადაც ერთიანდება ლამაზი ხედი, ეკოლოგია, მაღალი კომფორტის დონე და უსაფრთხოება".
მარიამ ბერუჩაშვილის თქმით, პროექტის ნამდვილი ღირებულება სწორედ დეტალებში იგრძნობა:
"ჩვენი მიზანია, შევქმნათ ყველასგან განსხვავებული საცხოვრებელი გარემო, სადაც თითოეული დეტალი განისაზღვრება თანამედროვე ურბანული ცხოვრების სტანდარტებით – ფუნქციური განლაგებით, ინფრასტრუქტურით, დასვენებისა და აქტივობებისთვის განკუთვნილი სივრცეებით".
მისი თქმით, The Lake იქცევა ბევრისთვის სასურველ საცხოვრებელ ადგილად, სადაც არჩევანი მხოლოდ ლოკაციაზე კი არა, ცხოვრების სტილზე კეთდება.
The Lake-ის ვიზუალურ და სივრცით ენას დიზაინის ხელმძღვანელი, ნინო მშველიძე, გვიხსნის. ის ხაზგასმით ამბობს, რომ დიზაინის კონცეფცია კაბინეტში არ დაიწერა და მისი საწყისი თავად ადგილმდებარეობაა:
"The Lake-ის დიზაინის კონცეფცია უშუალოდ ადგილმდებარეობიდან დაიბადა – ტბისა და ბუნებრივი ლანდშაფტის გარემომ განსაზღვრა სივრცის ხასიათი. ჩვენი მიზანია, არქიტექტურა მაქსიმალურად ერწყმოდეს გარემოს და ექსტერიერი შემოვიდეს ინტერიერში".
ამიტომაცაა, რომ აქ მთავარი ენა სისადავე და მინიმალიზმია, სადაც ყოველი ხაზი და ფორმა ემსახურება სიმშვიდესა და ფუნქციურობას.
შთაგონების წყაროდ ნინო მშველიძე ბაუჰაუსის ეპოქას ასახელებს: მკაფიო გეომეტრია, ბუნებრივი მასალები, კონსტრუქციისა და ესთეტიკის შერწყმა.
ფინანსური ხელმძღვანელი, მარიკა ფალიანი The Lake-ს სანდოობის პრიზმიდან უყურებს. მისთვის მთავარი არგუმენტი, რატომ შეიძლება ეს უბანი სტაბილურ და მზარდ ინვესტიციად იქცეს, არის თავად გუნდის გამოცდილება და პარტნიორების წონა.
"Placemakers-ის გუნდის მიერ წარმატებით განხორციელებული პროექტები წარმოადგენს ფინანსურად უსაფრთხო და სტაბილურად მზარდი ინვესტიციის გარანტიას", – ამბობს ფალიანი და ხაზს უსვამს, რომ The Lake-ის ღირებულებას სწორად შექმნილი კონცეფცია ზრდის: "კონცეფცია მოიცავს საერთაშორისო არქიტექტორებთან კოლაბორაციასა და ფინანსურად სტაბილურ პარტნიორებს, რაც პროექტს კიდევ უფრო ღირებულს ხდის".
სამშენებლო მიმართულების ხელმძღვანელი, ბესო თულაშვილი, პროექტის იმ მიმართულებაზე საუბრობს, როცა იდეები უკვე კონსტრუქციად იქცევა. მისი თქმით, The Lake-ის განხორციელება მაღალი ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით იქნება წარმართული:
"პროცესში მონაწილეობენ გამოცდილი არქიტექტორები და ინჟინრები, ასევე გამოცდილი სამშენებლო კომპანიები, რომლებსაც დიდი ცოდნა აქვთ თანამედროვე და მაღალი სტანდარტის ობიექტების შექმნაში".
ბესო თულაშვილისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ სამშენებლო პროცესი ენერგოეფექტურ მასალებსა და ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიებზე აშენდება:
"განსაკუთრებული ყურადღება ექცევა გარემოზე მინიმალურ ზემოქმედებასა და კომფორტული საცხოვრებელი გარემოს შექმნას".
პროექტის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ უგულავა, The Lake-ის ამჟამინდელ სტატუსს ასე აღწერს:
"ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები და კომუნიკაციების მოწყობა. ეს საბაზისო სამუშაოებია, რომელიც მომავალში საშუალებას მოგვცემს, დავიწყოთ პროექტირება და მშენებლობა".
მისი თქმით, პროცესები გეგმის მიხედვით ვითარდება, ხოლო გუნდის მიზანია, რამდენიმე წელიწადში ტერიტორია სრულფასოვან საცხოვრებელ უბნად გარდაიქმნას გამართული ინფრასტრუქტურით, თანამედროვე სტანდარტებითა და იმ კომფორტით, რომლის გამოც ადამიანები The Lake-ს აირჩევენ.
Placemakers-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი, ზინკა ბოროდკინა, კომპანიის ფილოსოფიას ემოციური კუთხით გვიჩვენებს. მისთვის "ფლეისმეიქერობა" მხოლოდ პროფესიული ტერმინი არ არის:
"ფლეისმეიქერობა ჩვენთვის ნიშნავს მომავლის ხედვისა და ცხოვრების სტილის ფორმირებას – არა მხოლოდ სივრცის შექმნას, არამედ იმ ატმოსფეროსა და ემოციის დანერგვას, სადაც ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ უნიკალური გამოცდილება, ფლეისმეიქერების მიერ შემოთავაზებული კონცეფციის მეშვეობით".
მისი სიტყვებით, ფლეისმეიქერი ისაა, "ვინც სივრცეს გარდაქმნის მნიშვნელობად" და ქმნის გარემოს, რომელიც აერთიანებს ბუნებას, არქიტექტურას და ადამიანებს საერთო მიზნის წინაშე: სრულფასოვანი საცხოვრებელი გამოცდილების მისაღებად. ამ მისიის მატარებლად კი მისთვის სწორედ The Lake მოიაზრება, რომელიც, ზინკა ბოროდკინას თქმით, "ამ ყველაფერს გააერთიანებს".
ვახტანგ ვისოცკი, The Lake-ის მთავარი არქიტექტორი, საკუთარ როლს არქიტექტურასა და ბუნებას შორის მედიატორად ხედავს. მისი მიდგომა ყოველთვის იწყება გარემოსადმი პატივისცემით:
"კომფორტული და ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს შექმნისთვის აუცილებელია არქიტექტურისა და ბუნების დაბალანსებული ურთიერთობა. მუშაობის დროს ვითვალისწინებ, რომ ნაგებობა იყოს ნაკლებად აგრესიული გარემოსთან. ვცდილობ, შევინარჩუნო რელიეფი და მინიმალურად შევეხო მას".
მისთვის უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ თავად ნაგებობა, არამედ შენობებს შორის სივრცეც:
"სწორად დაგეგმარებული სივრცე შესაძლებლობას იძლევა, რომ შეიქმნას მეტი მწვანე საფარი და მეტი კომფორტი ადამიანისთვის".
არქიტექტორი დიდ ყურადღებას უთმობს ბუნებრივი განათების შემოტანას ინტერიერში და გვიხსნის:
"ბუნებრივი განათებისთვის დიდ ვიტრაჟებს ვიყენებ, რითაც გარემო ინტერიერში შემომაქვს. სხვა სიტყვებით, ვცდილობ, ინტერიერსა და ექსტერიერს შორის საზღვარი მინიმუმამდე დავიყვანო".
მისთვის მასალაც გარემოს გაგრძელებაა – მნიშვნელოვანია, რომ მასალებიც ბუნებრივი იყოს და ფასადის ფერებიც გარემოსთან შერწყმული.
The Lake-ის უბანში მიწის ნაკვეთების წინასწარი გაყიდვები უკვე დაწყებულია. ინფრასტრუქტურული მშენებლობის პირველი ფაზის დასრულება 2026 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი, ხოლო მობინადრეებს თავიანთ სახლებში გადასვლა 2029 წლიდან შეეძლებათ.