Get All Access for $5/mo

თიბისი ლიზინგი - ციფრული ტრანსფორმაციის გამოწვევები და პერსპექტივები ქართულ ფინტექ სამყაროში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დასავლური პრაქტიკა გვკარნახობს, რომ სიმდიდრე მართლაც სარგებლობაშია და არა - ფლობაში, სწორედ ამიტომ, ლიზინგი, როგორც ფინანსური ინსტრუმენტი, სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს ჩვენს ქვეყანაში. Entrepreneur, სხვადასხვა აქტუალურ თემაზე სასაუბროდ საქართველოს სალიზინგო ბაზრის ლიდერი კომპანიის, "თიბისი ლიზინგის" ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელს, თორნიკე ეგნატაშვილს ესაუბრა.

კომპანიას მიმდინარე წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი წარმატება ხვდა წილად, მაგალითად Fitch-მა საკუთარ რეიტინგში BB-შეფასება მიანიჭა, რაც მნიშვნელოვანი ინდიკატორია როგორც ორგანიზაციის, ისე ქვეყნის განვითარების კუთხით. გარდა ამისა, სულ ახლახან, სტამბოლში MFC-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე, ერთ-ერთი მთავარი პანელის სპიკერი, ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელი − თორნიკე ეგნატაშვილი გახლდათ, რომელმაც ამ მრავალრიცხოვანი ღონისძიების მონაწილეებსა და სტუმრებს გაუზიარა კომპანიის გამოწვევები ციფრული ტრანსფორმაციის კუთხით და უკეთ გააცნო საქართველოში არსებული ფინანსური ინსტიტუციების სამუშაო სპეციფიკა.

თორნიკე, როგორც ვიცით, ივნისის ბოლოს MFC-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე, აუდიტორიის წინაშე Triple Jump-ის პანელის მთავარი სპიკერის ამპლუაში წარდექით. მოგვიყევით, რა იყო პანელის მთავარი თემა და რომელი მიმართულებით დაგროვილი გამოცდილება გაუზიარეთ კონფერენციის მონაწილეებს?

MFC-ის ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე, ტრადიციულად იკრიბებიან ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები და უზიარებენ ერთმანეთს მიღწეულ შედეგებს, აცნობენ სამომავლო გეგმებს. Triple Jump ჰოლანდიური საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტია, რომელთანაც "თიბისი ლიზინგს" მრავალწლიანი თანამშრომლობის ისტორია აკავშირებს.

სწორედ ისინი იყვნენ ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი, საიდანაც "თიბისი ლიზინგმა" დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვა შეძლო. აქედან გამომდინარე, კარგად იცნობენ ჩვენს კომპანიას, სამუშაო სპეციფიკას და იციან, თუ როგორი განვითარებისა თუ გარდაქმნების გზა გავიარეთ და გვთხოვეს მონაწილეობა მიგვეღო პანელურ დისკუსიაში, რომლის მთავარი თემა იყო ციფრული ტრანსფორმაცია ფინანსური სერვისების მიმწოდებელ კომპანიებს შორის. აუდიტორიისთვის უპირველესად ძირითადი ინტერესის საგანს წარმოადგენდა გამოცდილება, რომელიც ჩვენმა კომპანი აგროვებს ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე და სწორედ ამ მიმართულებით გვქონდა ძირითადი განხილვა და დისკუსია დამსწრე საზოგადოებასთან ერთად.

აუცილებლად უნდა შევეხოთ ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებას და დასაწყისისთვის გვაინტერესებს თქვენი შეხედულება, რას ნიშნავს ციფრული ტრანსფორმაცია ისეთი ტრადიციული ბიზნესისთვის, როგორიც ლიზინგია?

ვინაიდან ციფრული ტრანსფორმაცია ორგანიზაციაში არსებული ბიზნესპროცესების, პროცედურების ოპტიმიზაციას, დახვეწას და გაციფრულებას გულისხმობს, სალიზინგო ბიზნესმოდელშიც, მისი კომპლექსურობიდან გამომდინარე, საბანკო ან მიკროსაფინანსო ბიზნესმოდელისგან განსხვავებით, ტრანსფორმაციის პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადია. ეს ძირითადად განპირობებულია იმით, რომ საბოლოო პროდუქტის მისაღებად სალიზინგო ბიზნესმოდელი მრავალ ჩართულ რგოლთან გამართული და უწყვეტი ბიზნესპროცესების არსებობას მოიცავს, დაწყებული აქტივის მომწოდებლებით, სახელმწიფო სტრუქტურებით (მაგ: საბაჟო სამსახური, მომსახურების სააგენტო), დამატებითი სერვისების მომწოდებლებით − იქნება ეს სადაზღვევო, საშემფასებლო თუ მონიტორინგის სამსახურები, და დამთავრებული კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაციით და განგრძობითი ურთიერთობით.

აქედან გამომდინარე, სალიზინგო კომპანიისთვის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი ბევრად კომპლექსურია და განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს, მეტადრე იმ პირობებში, როდესაც ბაზარზე არ არსებობს მსგავსი პროცესის წარმატებით წარმართვის მზა გადაწყვეტა ან პრეცედენტი.

რატომ არის განსაკუთრებით რთული, შრომატევადი და ხანგრძლივი აღნიშნული პროცესი თქვენთვის?
"თიბისი ლიზინგი" უკვე მე-18 წელია რაც ქართულ ბაზარზე ოპერირებს და დასაწყისიდანვე კომპანიის გაცხადებული სტრატეგია იყო, რომ ადგილობრივი ბაზრისთვის შეეთავაზებინა ის საუკეთესო ბიზნესპრაქტიკა, რაც დასავლეთის განვითარებულ ეკონომიკებში უკვე ათწლეულებია წარმატებით ფუნქციონირებს.

თავდაპირველად, კომპანიის ზომიდან და მოცულობიდან გამომდინარე, ძალიან დიდი იყო მანუალური შრომის, ისევე, როგორც ინფორმაციის მიმოცვლის, ტრადიციული მეთოდების წილი ორგანიზაციის ბიზნესპროცესებში. საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე ტრანსოფრმაციის პროცესი რთული და ხანგრძლივია, შესაბამისად ფაზებად ხორციელდება.

რეალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი გამოწვევა, რომელიც კომპანიის წინაშე იდგა, იყო ის, თუ როგორ ჩამოგვეყალიბებინა ნათლად ის საბოლოო მიზანი, რისთვისაც კომპანიას უნდა მიეღწია ციფრული ტრანსფორმაციის შემდეგ ისე, რომ მარტივად აღსაქმელი და გადასაცემი ყოფილიყო ამ პროცესში ჩართული მონაწილეებისთვის, განსაკუთრებით კი ჩვენი ვენდორებისთვის, რომლებიც უშუალოდ ტექნიკურად ავითარებდნენ ციფრულ გადაწყვეტას.

ციფრული ტრანსფორმაციისკენ მიმავალ გზაზე, რამდენიმე მნიშვნელოვან გამოწვევას გამოვყოფდი. პირველი, და ვიტყოდი ყველაზე მთავარი, კომპანიის მზადყოფნაა ამ პროცესისთვის, ვგულისხმობ თუ რამდენად გააზრებული აქვს კომპანიას მისი საჭიროებები და საბოლოო მიზანი, რასაც პროცესის დასრულების შემდეგ უნდა მიაღწიოს. აქვს თუ არა სათანადო ფინანსური რესურსი, ბიუჯეტი, შიდა კომპეტენცია, და რამდენად რეალური წარმოდგენა აქვს თავად პროცესზე, რადგან ჩვენ შემთხვევაში ზუსტად არასწორმა მოლოდინმა გამოიწვია მთავარი ხარვეზები პროცესის მიმდინარეობისას.

აღნიშნეთ, რომ სალიზინგო საქმიანობა მეტად სპეციფიკურია, რა განასხვავებს თქვენს კომპანიას, თუნდაც სხვა საფინანსო ინსტიტუტებისგან?

არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტებიდან სალიზინგო საქმიანობა ცალკე კატეგორიაში ექცევა, რადგან ბიზნესპროცესები მნიშვნელოვნად განსხვავდება საბანკო ან მიკროსაფინანსო საქმიანობისგან.

შეიძლება ითქვას, სალიზინგო საქმიანობა თავს უყრის ერთად საბანკო, მიკროსაფინანსო და ვაჭრობის ფინანსირების ინსტრუმენტებს, რისი მეშვეობითაც იქმნება უნიკალური სალიზინგო პროდუქტები.

Fitch-ის მიერ თიბისი ლიზინგისთვის BB-რეიტინგის შენარჩუნებაზეც მინდა გკითხოთ. გვიამბეთ, რა მნიშვნელობა აქვს ამ რეიტინგს, როგორც საქართველოსთვის, ისე უშუალოდ კომპანიისთვის?

"თიბისი ლიზინგმა" უკვე მეოთხედ მოიპოვა ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგი ქართულ არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის, რაც განპირობებულია ერთი მხრივ კომპანიის ჯანსაღი სტრუქტურით და ბიზნესმოდელით, ხოლო მეორე მხრივ, ბაზარზე მისი პოზიციონირებით და მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული გუნდით.

საკრედიტო რეიტინგის მინიჭებისას, უპირველეს ყოვლისა, ყურადღება ეთმობა კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას, რამდენად მდგრადია კომპანია და შეუძლია თუ არა გაუმკლავდეს გარკვეულ ეკონომიკურ შოკებს; რამდენად არის გამართული რისკის მართვის პროცესები და ა.შ

ყველა ამ კრიტერიუმში ჩვენი კომპანია წლიდან წლამდე მაღალ შედეგებს აჩვენებს, რაც სწორედ საკრედიტო რეიტინგის შედეგებში აისახება. რაც მთავარია, აღნიშნული რეიტინგი ზრდის ნდობას როგორც ჩვენი კომპანიის, ისე საქართველოს მიმართ, განსაკუთრებით კი უცხოური ფინანსური ინსტიტუტებისა და ახალი კრედიტორების თვალში.

გაგვიზიარეთ "თიბისი ლიზინგის" უახლოესი სამომავლო გეგმები.

"თიბისი ლიზინგი" სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც ყოველწლიურად უფრო და უფრო ამბიციურ გეგმებს ისახავს. უახლოეს მომავალში კომპანია გეგმავს საკუთარი კლიენტებისთვის 100%-ით გააციფრულოს მომსახურების არხები, რის შემდეგაც კლიენტებს საშუალება ექნებათ სრულიად დისტანციურად მოახდინონ აქტივის შერჩევა, სასურველ პირობებზე შეთანხმება და საკუთარი ფინანსური მდგომარეობის სრულად ერთ სივრცეში მართვა.

ამასთან ერთად, კომპანია გეგმავს განახლებადი ენერგიის მიმართულებით ონლაინპლატფორმის შექმნას, სადაც პირდაპირ დაუკავშირდებიან ერთმანეთს კლიენტები, სალიზინგო კომპანია და აქტივების მომწოდებლები. პარალელურად, წლის ბოლომდე იგეგმება პროდუქტების ახალი პაკეტის შეთავაზება მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებისთვის, რომლებიც მორგებული იქნება მათ კონკრეტულ საქმიანობაზე და ინდუსტრიაზე. ამ ყოველივეს დაფინანსება კი, ახალი და ქართული ბაზრისთვის სრულად ინოვაციური ფინანსური ინსტრუმენტებით მოხდება, რომლის შესახებ ასევე ძალიან მალე გახდება ცნობილი.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

Business News

Yandex სრულად რუსული მხარის საკუთრებაშია - რა ვიცით კომპანიის შესახებ?

აფართოებს თუ არა რუსული "იანდექსი" საქართველოში ბიზნესს?

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია