თიკო მაღრაძის უწყვეტი განვითარების გზა დასახული მიზნისკენ
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"შენი განსაკუთრებული შრომისმოყვარეობით, მსოფლიოს, ეჭვგარეშე, უკეთეს ადგილად აქცევ", − ასეთი დახასიათება მისცა ნიუ იორკის "სტერნის" ბიზნესსკოლის ლექტორმა, ამავე უნივერსიტეტის მაგისტრანტ თიკო მაღრაძეს, რომელიც ამჟამად აქტიურად ოპერირებს კრიზისებისა და რისკის მართვის კონსალტინგის მიმართულებით და მუშაობს საკუთარ პროექტებზე, როგორც აშშ-ში, ისე საქართველოში.
ბიზნესკონსულტანტი სტრატეგიული დაგეგმარების, რისკის მართვის, სტარტაპ და ინოვაციური პროექტების განვითარების, ასევე ექსტრემალური სიტუაციების მენეჯმენტისა და ბიზნესების აღდგენა-რეაბილიტაციის მიმართულებით − თიკო მაღრაძე, რომელსაც ჩვენი მკითხველი უკვე კარგად იცნობს, ამჟამად ნიუ იორკის "სტერნის" ბიზნესსკოლაში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს და პარალელურად, საკუთარ პროექტებზე მუშაობს, როგორც საქართველოში, ისე აშშ-ში.
თიკო წლების განმავლობაში სხვადასხვა ორგანიზაციისა თუ კომპანიის კორპორაციულ იერარქიაში უმაღლეს პოზიციას იკავებდა და საკმაოდ წარმატებულ კარიერულ გზას ავითარებდა, თუმცა გლობალურ სარბიელზე ძალის მოსასინჯად და გაცილებით დიდ მასშტაბზე გასასვლელად, მან მიატოვა გენერალური დირექტორის თანამდებობა და "შესაძლებლობების ქვეყანაში" სრულიად ახალ თავგადასავალს შეუდგა.
აღსანიშნავია, რომ თიკო მაღრაძისათვის მსგავსი ექსტრაორდინარული გადაწყვეტილებები სიახლე არაა. თავდაპირველად, იგი მედიცინის კუთხით გეგმავდა განვითარებას, თუმცა სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, მან ბიზნეს-კორპორაციულ საქმიანობაში საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია. მუდმივი განვითარებისაკენ სწრაფვამ, იგი სტარტაპეკოსისტემასთან დააახლოვა და კონსალტინგის მიმართულებით წაიყვანა, ხოლო დღეს, 15-წლიანი საერთაშორისო გამოცდილების მქონე პროფესიონალი, თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას ნიუ იორკის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებელში იღრმავებს. გარდა ამისა, არასრული ერთი წლის განმავლობაში, თიკომ მოახერხა პროფესორთა მხრიდან საუკეთესო რეკომენდაციების მოპოვება და სწავლის დასრულების შემდეგ, მას უკვე რამდენიმე საინტერესო კარიერული შეთავაზებაც ელის.
Entrepreneur დაინტერესდა, რამდენად რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, რა მიზნები ამოძრავებს თიკოს და როგორია მისი გეგმები მშობლიურ საქართველოსთან დაკავშირებით, ხოლო პასუხს ამ შეკითხვებზე, თავად თიკო მაღრაძისგან შევიტყობთ:
დასაწყისისთვის, რა იქცა საქართველოში საკმაოდ წარმატებული კარიერული გზის შეწყვეტისა და აშშ-ში სასწავლებლად წასვლის მთავარ მოტივატორად? რამდენად რთული იყო ეს გადაწყვეტილება და რომელ გამოწვევებს უკავშირდებოდა?
პასუხი ნებისმიერ შეკითხვაზე უწყვეტი განვითარების აუცილებლობაშია! კარიერული და პიროვნული განვითარების კონკრეტულ ეტაპზე ნათლად დავინახე, რომ პრაქტიკული უნარ-ჩვევებისა და აკადემიური ცოდნის მიღმა, არსებობს უფრო მნიშვნელოვანი − გლობალური ხედვის, მოვლენების ეპიცენტრში ყოფნის და სწორი "ნეთვორქინგის" შექმნის აუცილებლობა.
აშშ, როგორც მსოფლიო ინოვაციების ცენტრი და ბიზნესის წარმატების უმნიშვნელოვანესი სასტარტო ლოკაცია, ჩემი სამომავლო გეგმებიდან გამომდინარე შევარჩიე. შესაბამისად, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვიკვლევდი უნივერსიტეტებს, მათ რეიტინგს, სხვადასხვა ბენეფიტს, შესაძლებლობებს და რა თქმა უნდა, კონკრეტულად სტარტაპებისა და ინოვაციების სფეროში შესაბამის ბექგრაუნდს.
NYU STERN-ის ბიზნესსკოლა, განსაკუთრებით კი მათი სამაგისტრო პროგრამა მომუშავე პროფესიონალთათვის (Executive MBA for working professionals), მსოფლიო რეიტინგით ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნესსკოლაა, რომელიც საკმაოდ სკრუპულოზურად არჩევს აპლიკანტებს. ცნობილია, რომ მათ მიერ კანდიდატების შერჩევის ძირითადი პარამეტრები აერთიანებს დაგროვილ გამოცდილებას (არანაკლებ 12 წელი), წარმატებით შესრულებულ პროექტებს, ინოვაციურ/განსხვავებულ მიდგომას და არასტანდარტულ აზროვნებას. ამასთან ერთად, რამდენიმეეტაპიანი გამოცდები, გასაუბრებები და ესეები − ეს ყველაფერი საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესი აღმოჩნდა, თუმცა მიმაჩნია, რომ იმ საფეხურის მისაღწევად, რომელსაც გლობალური ბიზნესლიდერის სტატუსი ჰქვია, ეს შრომა სრულიად გამართლებულია.
რამდენიმე უნივერსიტეტიდან მივიღე მოწვევა, თუმცა დეკანის საკმაოდ პრესტიჟული ნაწილობრივი დაფინანსებისა და "სტერნის" უნივერსიტეტის სხვა მნიშვნელოვანი უპირატესობების (ნეთვორქინგის, ანტრეპრენერული კლუბების, კარიერული განვითარების ეფექტური ცენტრის და ა.შ.) გამო, არჩევანი მასზე შევაჩერე.
გაგვიზიარეთ მთავარი მიზეზი, ინსპირაცია იმისა, რომ ასეთი რადიკალური ნაბიჯები გადადგათ ცხოვრებაში, ყველაფერი შეცვალოთ, კორპორაციულ იერარქიაში უმაღლესი საფეხურიდან თქვენი ნებით ჩამოხვიდეთ და სიახლეების ძიებას თავიდან შეუდგეთ... რა გაძლევთ ამის სტიმულს?
სტიმულს დასახული მიზანი მაძლევს. პროფესიიდან გამომდინარე, ვცდილობ მაქსიმალურად სწორად და დროულად გავაანალიზო ბაზრის განვითარების ტრენდი, საჭიროება და მოთხოვნა, რომელიც კონკრეტულ დროს დადგება და აქვე, ვიფიქრო მიწოდების შესაძლებლობაზეც.
"კოვიდ-19"-ის პანდემიამ კიდევ ერთხელ, ნათლად დაგვანახა გლობალური ხედვისა და ექსტრემალური მენეჯმენტის აუცილებლობა და ჩავარდნები, რომელიც სტრატეგიის არარსებობისას და/ან რისკ-ფაქტორების სწორად და დროულად იდენტიფიცირების ხარვეზის გამო ჩნდება.
ყველაზე დიდი ღირებულება, რაც ჩემს სფეროში პროფესიული წარმატების ინდიკატორად მიიჩნევა, ცოდნისა და გამოცდილების ეფექტიანად და ხარისხიანად გაზიარებაა.
15 წლის განმავლობაში, მულტინაციონალურ კომპანიებში, სხვადასხვა ქვეყანასთან (აზიის, ევროპის, კავკასიის რეგიონის) მუშაობისას, განსხვავებული პროექტების დამუშავებისას, სტარტაპიდან რეაბილიტაციის ჩათვლით, საკმაოდ დიდი პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება დამიგროვდა.
აკადემიურ განათლებასთან ერთად, ამ ცოდნის სტრუქტურირება და შემდგომ გაზიარებაა სწორედ ბიზნესკონსალტინგის არსი. წარმოუდგენელია პროფესიული განვითარება პიროვნულის გარეშე. ინსპირაციის წყაროც ის მთავარი ღირებულებაა, რომლისთვისაც ადამიანები ერთმანეთთან ვურთიერთობთ − გაზიარება, დახმარება, საერთო წარმატების მიღწევა.
გვიამბეთ აშშ-ში სწავლის გამოცდილების შესახებ. რამდენად რთულია? როგორია გამოხმაურება ლექტორების მხრიდან, როგორი დამოკიდებულება აქვთ ზოგადად აღმოსავლეთ ევროპიდან ჩასული სტუდენტებისა და კონკრეტულად თქვენ მიმართ?
როდესაც ამერიკაში სწავლის გადაწყვეტილება მივიღე, მზად ვიყავი რთული სასწავლო თუ სამუშაო გრაფიკისთვის. ვიცოდი, რომ ახალ გარემოსთან ადაპტირებისა და ახალ სოციუმში ინტეგრირებისთვისაც საკმაოდ დიდი რესურსი და დრო დამჭირდებოდა. თუმცა დასაწყისში მაინც საკმაოდ რთული აღმოჩნდა ყველაფერთან ეფექტიანად გამკლავება. პრაქტიკულად უარი ვთქვი ძილზე, პრიორიტეტად სწავლა დავისახე და მაქსიმალურად ვცდილობდი მიმეღო ის ცოდნა, რისთვისაც რეალურად ყველაფერზე უარი ვთქვი: დავტოვე ქვეყანა, კარიერა, ოჯახი, მეგობრები.
საბოლოოდ, სტრესგამძლეობის ახალ საფეხურს მივაღწიე და დღეს თამამად შემიძლია პარალელურ რეჟიმში დისტანციურად ვიმუშაო, ხარისხიანად მივიღო ცოდნა, შევქმნა "ნეთვორქი", ურთიერთობა მქონდეს მეგობრებთან, ჯგუფელებთან და ამასთან, დავამუშაო საავტორო პროექტები, რომლითაც სულ მალე ამერიკის ბაზარზე დავიწყებ ოპერირებას.
ერთადერთი სტუდენტი ვარ აღმოსავლეთ ევროპიდან. ძალიან გამიმართლა, რომ არაჩვეულებრივი ჯგუფელები მყავს. ყველა მაღალი რანგის პროფესიონალია, სხვადასხვა სფეროს წარმოადგენენ და ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან სასწავლო პროცესს. მუდმივად ვუზიარებთ ერთმანეთს ცოდნას, გამოცდილებას, ვქმნით ჯგუფებს, კლუბებს და ვსაუბრობთ კონკრეტული ქეისის, პრობლემისა და პროექტის ირგვლივ.
რაც შეეხება უნივერსიტეტს და პროფესორებს, მათი სწავლების მეთოდი, ხარისხი და მიდგომა სრულიად უნიკალურია და მორგებულია კონკრეტულ, პროფესიული გამოცდილების მქონე კონტინგენტზე. პრაქტიკულად ხდება არსებული გამოცდილებისა და ცოდნის მობილიზება და სრულიად ახალ ინფორმაციაზე, ტრენდებსა და მიდგომებზე დაფუძნებული ცოდნის შეძენა, რაც დღევანდელ ბიზნესსამყაროში პრაქტიკულად შეუფასებელია.
მნიშვნელოვანია შეფასების წესი და სისტემა: ყველა ნამუშევრისადმი ინდივიდუალური მიდგომა აქვთ და თითოეულ ჩვენგანს პერსონალიზებულ შეფასებას აძლევენ. დიდი სტიმული იყო ჩემთვის ერთ-ერთი პროფესორის შეფასება, სადაც ჩემს თვისებებსა და აზროვნებას "ბუნების იშვიათი საჩუქარი" უწოდა.
რამდენად ღიაა აშშ მოტივირებული და მონდომებული ახალგაზრდებისთვის, რომელთაც განათლების მიღება, დასაქმება, რაიმე ღირებულის კეთება სურთ?
ერთ-ერთ ტრენინგზე აღვნიშნე, რომ "ამერიკული ოცნება" არ არსებობს. მოგვიანებით ჩემმა უნივერსიტეტის მეგობარმა ამისთვის მადლობა გადამიხადა და მითხრა, რომ დღემდე ახსოვს ეს ფრაზა, რაც ძალიან დაეხმარა უფრო რეალისტურად და პრაქტიკულად ემუშავა საკუთარ მიზნებზე. შედეგად, საკმაოდ დიდ წარმატებასაც მიაღწია.
იმავეს ვიტყვი ახლაც − არ არსებობს არანაირი ოცნება. არსებობს მიზანი, შრომა, მოტივაცია და არცერთი მათგანის გამომუშავებას არ სჭირდება მატერიალური რესურსი. თუმცა თუ ახალგაზრდას ეს სამი რამ აქვს, აშშ ზუსტად ის ქვეყანაა, სადაც დანარჩენი ყველა საჭირო რესურსის მიღებას შეძლებს და ნებისმიერ დასახულ მიზანსაც მიაღწევს.
როგორც ვიცით, ბიზნესკონსალტინგის მიმართულებით საქართველოშიც მუშაობდით და გქონდათ შეხება სტარტაპებთან. როგორ გაგრძელდა ამ კუთხით საქმიანობა აშშ-ში გამგზავრების შემდეგ? გვიამბეთ აქტიურ პროექტებზე. რამდენად პროდუქტიული და ეფექტიანია დისტანციური მუშაობა?
დისტანციურად ვაგრძელებ მუშაობას SMEDA-სთან − მცირე და საშუალო ბიზნესასოციაციასთან STARTA-პლატფორმის მიმართულებით, სადაც 25 მეწარმე ქალს ვუწევ კონსულტაციას სტარტაპ-ბიზნესის სტრატეგირების კუთხით − როგორც ტრენინგების, ასევე პერსონალური ქოუჩინგის საშუალებით.
მიმდინარე წლის მარტიდან ჩავერთე ინოვაციურ პროექტში, რომელიც საკმაოდ საინტერესო, მასშტაბური და ინოვაციურია. პროექტი პრაქტიკულად ახალ პროდუქტს სთავაზობს ბაზარს, რომელიც მომხმარებლის ფართო მასებზეა გათვლილი. ამ პროექტის ბიზნესკონსულტანტი ვარ და აქაც დისტანციურად ვმუშაობ, თუმცა იმდენად ძლიერი გუნდი დგას პროექტის უკან, რომ ადგილზე არყოფნა ფაქტობრივად არანაირ შეფერხებას არ ქმნის.
გაქვთ თუ არა უკვე შემოთავაზებები სხვადასხვა კომპანიის მხრიდან აშშ-ში?
"სტერნის" ბიზნესსკოლა ზოგადად ცნობილია კარიერული განვითარების კუთხით მაღალი ეფექტურობით, მხარდაჭერითა და არაჩვეულებრივი "ნეთვორქინგის" რესურსით. ფაქტობრივად ყველა მსხვილი და ცნობილი კომპანიის ტოპ-პოზიციებზე შეხვდებით ამ ბიზნესსკოლის კურსდამთავრებულებს.
პირადად მქონდა კომუნიკაცია რამდენიმე მსხვილ, საერთაშორისო კომპანიასთან, მივიღე წინასწარი შემოთავაზებებიც, მათ შორის ნიუ იორკში ჩამოსვლამდე. თუმცა ჩემი პროფესიით ამერიკაში ოფიციალურად მუშაობის დაწყებას მომდევნო წლიდან შევძლებ. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე ვემზადები მომდევნო საფეხურის გასაუბრებებისთვის და რეგულარულად მაქვს კომუნიკაცია კარიერული განვითარების ოფისთან. პარალელურად ვაგრძელებ მუშაობას საკუთარ ინოვაციურ პროექტებზე. შესაბამისად მაქვს მოლაპარაკებები პოტენციურ პარტნიორებთან, ინვესტორებთან და სტარტაპ-აქსელერატორებთან.
გაქვთ თუ არა საქართველოსთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები? განიხილავთ თუ არა საქართველოში დაბრუნებას და თქვენი ცოდნისა თუ გამოცდილების ადგილობრივ ბაზარზე რეალიზებას?
ჯერჯერობით არცერთი დღით არ შემიწყვიტავს საქართველოს ბაზარზე ოპერირება. ნებისმიერ ქვეყანაში მუშაობისთვის ღია ვარ, თუმცა მნიშვნელოვანია გუნდი, პროექტი და მიზანი, რომელსაც მოვემსახურები.
ჩემი თვითგანვითარების იდეაც სწორედ ის არის, რომ მაქსიმალურად შევძლო მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება მათთვის, ვინც ამას საჭიროებს, და მზად არის ჩემი მომსახურების მისაღებად.