Get All Access for $5/mo

ტრანსფორმირებადი ავეჯით ჭკვიანურად მოწყობილი სახლი "ჩემი მიზანი 27 წლის ასაკში ერთბაშად გამდიდრება არ ყოფილა"

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ირაკლი დოლიძე

ახალგაზრდა სტარტაპერების დაუღალავმა შრომამ და სურვილმა, ქართული, ინოვაციური პროდუქტი ეწარმოებინათ, რომელსაც ევროპაში დამზადებულ ტრანსფორმირებად ავეჯთან შედარებით 5-ჯერ ნაკლები ფასი ექნებოდა, შედეგი გამოიღო – კომპანია SMART HOME დღეს, ქართველ მომხმარებელს ხარისხიან და პრაქტიკულ პროდუქტს სთავაზობს. "ჩემი მიზანი 27 წლის ასაკში ერთბაშად გამდიდრება არ ყოფილა. ნაბიჯ-ნაბიჯ ვიღწვი იმისათვის, რომ საკუთარმა შრომამ შედეგი გამოიღოს და მომავალში კარგი შემოსავალიც მომიტანოს. ხვალინდელ ქათამს დღევანდელ კვერცხს არ ვამჯობინებ", – ირაკლი აბულაძე, თანადამფუძნებელი.

თანამედროვე მსოფლიოში შეზღუდული ფართის გამო ბევრს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ სხვადასხვა დანიშნულების ავეჯი კომფორტულად განათავსოს სახლსა თუ ოფისში. მაგრამ რას იტყვით, თუ შესაძლებელი გახდება, ერთი და იგივე ნივთი სხვადასხვა ფუნქციით დაიტვირთოს საჭიროებისამებრ, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, რა აზრის ხართ ტრანსფორმირებად ავეჯზე?

ტრანსფორმირებადი ავეჯი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მაქსიმალურად რაციონალურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ფართი. მაგალითად, საწოლი, რომელსაც დღის განმავლობაში არ ვიყენებთ, შესაძლებელია ერთი მარტივი მოძრაობით აიკეცოს და გარდაიქმნას კომფორტულ დივნად. ასევე პატარა სამუშაო მერხი 12 პერსონისთვის განკუთვნილ სასადილო მაგიდად ვაქციოთ. მსგავსი ავეჯი ძირითადად მათზეა გათვლილი, ვინც პატარა ბინაში ცხოვრობს და სურს, სივრცის დაზოგვის გზით, შეძლებისდაგვარად მყუდროდ მოეწყოს.

იდეის ჩასახვიდან პირველ ნაბიჯებამდე

მეგობრებთან ერთად დროის გატარებამ, ბევრ დადებით ემოციასთან ერთად, შესაძლოა მომგებიანი იდეებიც წარმოშვას. სწორედ ასე მოხდა ირაკლი აბულაძის, ლაშა სურგულაძის, გიორგი ქესანაშვილის, გივი ჯაშის, ერეკლე შკუბულიანის, ლევან ფიფიასა და გიორგი ჯვარშეიშვილის შემთხვევაში, როცა შვიდმა მეგობარმა ვერ შეძლო ერთ პატარა ბინაში კომფორტულად განთავსება. პირველად ფართის დაზოგვის მიზნით გადაწყვიტეს შეექმნათ ისეთი სკამები, რომლებიც დაკეცილ მდგომარეობაში დიდ ადგილს არ დაიკავებდა. მოგვიანებით, ჯერი მაგიდის ტრანსფორმაციაზეც მიდგა და მალე მეგობრებმა შეამჩნიეს, რომ 28 კვ.მ ბინაში სივიწროვე აღარ აწუხებდათ. საკუთარი შემოქმედებითა და საზრიანობით კმაყოფილებმა გადაწყვიტეს, იდეა ბიზნესად ექციათ. სწორედ ასე გაიღვიძა მათში ანტრეპრენერულმა სულმა, და მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანი დასაქმებული იყო და თავს ბედნიერადაც გრძნობდა, გადაწყვიტეს საკუთარი დრო და ენერგია თავიანთი ბიზნესის წარმოებაზე მიემართათ.

თუმცა მეგობრების მონდომებას, საკუთარი კაპიტალით საქმე წამოეწყოთ, გზად ბევრი სირთულე შეხვდა. ერთ-ერთ მთავარ პრობლემას ავეჯის ოსტატების მიერ სასურველი დიზაინისა და ხარისხის პროდუქტის უზრუნველყოფა წარმოადგენდა. მომავალი ანტრეპრენერები დახეტიალობდნენ ე.წ. ელიავას ბაზრობაზე და სხვადასხვა ხელოსანს სხვადასხვა თხოვნით მიმართავდნენ: "გთხოვ, დამიჭერი", "გთხოვ, დააწებე..." საბოლოოდ, ყოველი მომდევნო ხელოსანი წინას ნამუშევრით უკმაყოფილო რჩებოდა: "ეს რანაირი დაჭრილია?!", "ეს ვინ დააკრა?!", "ეს რა მომიტანე?!" თუმცა, წინ უფრო დიდ გამოწვევებთან გამკლავება ელოდათ.

დაფინანსების ძიებაში

მეგობრები მალევე მიხვდნენ, რომ საკუთარი მცირე კაპიტალით სასურველ შედეგს ვერ მიაღწევდნენ და გადაწყვიტეს დაფინანსების მოსაპოვებლად, სს "საპარტნიორო ფონდის" მიერ დაფუძნებული პროექტისთვის "სტარტაპ საქართველო" მიემართათ. აღნიშნული პროექტი ორ ეტაპად ტარდება. პირველ ეტაპზე ბიზნესგეგმებს განიხილავენ, ხოლო მეორე ეტაპზე დამფუძნებლებს პროექტის დეტალური პრეზენტაციის წარმოდგენა უწევთ. ორივე საფეხურის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში, კომპანია სესხს შეღავათიანი პირობებით იღებს. "სტარტაპ საქართველოს" თანადაფინანსების ოდენობა განსაზღვრულია 15 000 ლარიდან 100 000 ლარამდე და ერთობლივ საწარმოში პარტნიორად 10 წლის ვადით რჩება. გამოსყიდვის ფასი შეადგენს "სტარტაპ საქართველოს" მიერ ინვესტირებულ თანხას დამატებული წლიური 10% რთული დარიცხვის მეთოდით, ფაქტობრივი ვადის გათვალისწინებით, რომელიც SMART HOME-ის შემთხვევაში 5 წელს შეადგენს. უზრუნველყოფის სახით, ბენეფიციარს არ მოეთხოვება რაიმე სახის პირადი ქონება – უზრუნველყოფას მხოლოდ სტარტაპ კომპანიის აქტივები წარმოადგენს.

პირველ ეტაპზე, მარცხის მიუხედავად, მეგობრებს ფარ-ხმალი არ დაუყრიათ, პირიქით – მეტი შემართებით მოემზადნენ მეორე რაუნდისთვის და დასახულ მიზანსაც მიაღწიეს – შეძლეს საპარტნიორო ფონდის დარწმუნება პროექტის ინოვაციურობაში. სწორედ ასე მოხვდნენ გამარჯვებული კომპანიების სიაში და 100 000-ლარიანი დაფინანსებაც მოიპოვეს.

ამ თანხის ნახევარით მანქანა-დანადგარების შეძენა გადაწყვიტეს. დანარჩენი კი
საოპერაციო ხარჯებისთვის გამოყვეს. ვინაიდან თანხა დიდი არ იყო, დანადგარების შეძენისას პრიორიტეტები უნდა განესაზღვრათ, რაშიც ელიავას ბაზრობაზე ხეტიალით მიღებული გამოცდილება დაეხმარათ. უკვე იცოდნენ ავეჯის რომელი დეტალი ეწარმოებინათ ადგილზე და რა შეეკვეთათ სხვა კომპანიებისთვის.

წარმატებისკენ სვლის გზაზე

წარმოების რთული, შრომატევადი, თუმცა ანტრეპრენერებისთვის სასიამოვნო პროცესი დაიწყო. უპირველესად, საწარმოო ფართი მოიძიეს და საჭირო დანადგარებით აღჭურვეს. შეარჩიეს ავეჯის ოსტატიც, რომელთან ერთად სხვადასხვა ვებგვერდიდან იდეებისა და დიზაინის შეკრება დაიწყეს. მოდელებს პირდაპირ ბრმად არ იღებდნენ, არამედ საკუთარი შეხედულებით ხვეწდნენ, არგებდნენ ქართულ ხასიათსა და კულტურას, და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებდნენ კონკრეტულ ნივთზე მუშაობას.

მათ უპირველეს ამოცანას იმავე ხარისხის ავეჯის დამზადება წარმოადგენდა და ამავდროულად, მნიშვნელოვანი იყო წარმოების რენტაბელობის შენარჩუნებაც.

ახალგაზრდა ანტრეპრენერებმა იმპორტული მექანიზმების ჩანაცვლება ადგილობრივი წარმოებით გადაწყვიტეს, რისთვისაც კონტრაქტორ კომპანიებს მიმართეს. თუმცა, აქაც სირთულეებს წააწყდნენ. მათი დამზადება არც ისე მარტივი აღმოჩნდა, როგორც მოელოდნენ. დიდ კომპანიებს პატარა შეკვეთების შესრულება არ უღირდათ, მცირე კომპანიები კი ხარისხში მოიკოჭლებდნენ. მექანიზმის გამოცდის ყოველ ჯერზე კონტრაქტორებისთვის ახალ-ახალი მითითების მიცემა იყო საჭირო.

სასურველი ხარისხისა და დიზაინის შემუშავებას 3-4 თვე დასჭირდა. კომპანია, SMART HOME-ის, სახელით ბაზარზე 2018 წლის 18 მარტს გამოჩნდა. დამფუძნებლებმა შოურუმი გამიზნულად მოაწყვეს პატარა სივრცეში, რათა ვიზიტორთათვის უფრო ადვილად აღსაქმელი ყოფილიყო ტრანსფორმირებადი ავეჯის რაციონალურად გამოყენების შესაძლებლობები.

პრეზენტაცია "ფაბრიკაში" შედგა, სადაც "სტარტაპ საქართველოს" ორგანიზატორებმა საზოგადოებას მათი ბენეფიციარი კომპანია SMART HOME-ი გააცნეს. ტრანსფორმირებადი ავეჯის წარმოებას მომხმარებლების მხრიდან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა და შეკვეთებიც გაიზარდა. აღსანიშნავია ისიც, რომ შეკვეთას თბილისის მასშტაბით უფასოდ, და რაც მთავარია, დაზიანების პრევენციის მიზნით, შეფუთულ მდგომარეობაში აწვდიან.

თბილისის შემდეგ, განსაკუთრებით ბათუმის ბაზარი დაინტერესდა: ზღვისპირა ქალაქში მოთხოვნა უმეტესად მცირე ბინებზეა, სივრცის დამზოგავი ავეჯის განთავსება კი, მეპატრონეთათვის ყველაზე მომგებიანი გადაწყვეტილებაა. მალე საქართველოში წარმოებული სივრცის დამზოგავი ავეჯით სხვა ქვეყნებიც დაინტერესდნენ, ევროპულზე გაცილებით დაბალი ღირებულების გამო. ამ ფაქტორმა დამფუძნებლებს მათი ნაწარმის საზღვარგარეთ რეალიზაციის შესაძლებლობების განხილვისკენ უბიძგა. შედეგად, უკვე ახლო მომავალში პროდუქტის ექსპორტსაც გეგმავენ მეზობელ ქვეყნებში.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

მენეჯმენტი

თანამშრომელი უპირველეს ყოვლისა

გუნდის მართვის 9 სტრატეგია