Get All Access for $5/mo

წალენჯიხელი ანტრეპრენერის ეკოსათამაშოები ბავშვებისთვის "დათო ბაბუას სათამაშოები" - ეკომეგობრული სათამაშოების ქართული ბრენდი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Grandpa Dato’s Toys

წალენჯიხელი დავით მოსიძის ხის ეკოლოგიური სათამაშოები სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. 52 წლის ანტრეპრენერი პროფესიით ინჟინერ-მშენებელია. მისი ამჟამინდელი საქმიანობა ანტრეპრენერული ხასიათით გამოირჩევა. სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქავაში დავით მოსიძეს საკუთარ ეზო-კარში მოწყობილი სახელოსნო აქვს, სადაც სხვადასხვა ტიპის ხის სათამაშოებს ამზადებს. 2015 წელს პროექტში "აწარმოე საქართველოში" გამარჯვების შემდეგ, პრიზად 5000-ლარიანი დაფინანსება მიიღო. ამ თანხით საკუთარი საქმისთვის საჭირო ხელსაწყო-დანადგარები შეიძინა, რომლებიც ახლა ყოველდღიურ საქმიანობაში ეხმარება.

ხისგან ეკოლოგიური სათამაშოების წარმოების იდეა, გავრცელებული მავნე ქიმიური ნივთიერებებით გაჯერებული სათამაშოების საწინააღმდეგოდ გაუჩნდა.

"ბოლო დროს სპეციალისტებისა და მცირეწლოვანი ბავშვების მშობლების მიერ გახშირდა საუბრები საზღვარგარეთიდან შემოტანილი სათამაშოების მავნებლობაზე. სწორედ ამან გადამაწყვეტინა, ამ მიმართულებით მემუშავა. ვამზადებ ხის ასაწყობ სათამაშოებს, რომლებშიც არანაირ ქიმიურ ნაერთს არ ვიყენებ და ისინი სრულიად უსაფრთხოა ბავშვებისთვის", − უყვება დავითი Entrepreneur-ს.

დავით მოსიძის სათამაშოები და მისი დეტალები მთლიანად სხვადასხვა ჯიშის ხის მერქნისგან მზადდება, რის გამოც ისინი ერთმანეთისგან განსხვავებული და ფერადოვანია. ანტრეპრენერი საკუთარი ფეხით დადის ტყეებსა და ხევებში, საიდანაც თუთის, კაკლის, ცაცხვის, წიფლის მასალებს მოიპოვებს. ხშირად მდინარის მიერ გამორიყულ მისთვის საინტერესო მასალასაც სჯერდება. მიაჩნია, რომ მასალის მოპოვების პროცესი ბუნებისთვის დამაზიანებელი არ უნდა იყოს.

"სოფელში იციან ჩემი საქმიანობის შესახებ და არ იშურებენ, რომ საშეშე მასალისგან გამომირჩიონ საჭირო ხის ნაჭრები და მომცენ", − გვეუბნება დავით მოსიძე.

ნედლეულის მომარაგებისა და სათამაშოების დამზადების შემდეგ, მათ რეალიზაციას ინტერნეტის მეშვეობით ახდენს. Grandpa Dato's toys / დათო ბაბუას სათამაშოები", − ასე ჰქვია მის Facebook-გვერდს, რომელიც სულ ახალია და რომლის საშუალებითაც სათამაშოს შეკვეთა-შეძენა ნებისმიერ მსურველს 20 ლარად შეუძლია. ანტრეპრენერი დაკვეთების ნაკლებობას არ უჩივის. გაყიდულ სათამაშოებს ხის ყუთებში ათავსებს და ადრესატებამდე "საქართველოს ფოსტის" მეშვეობით აგზავნის.

ამბობს, რომ განვითარებაზე მუდმივად ზრუნვა მისთვის ბუნებრივი პროცესია. ამჟამად მონაწილეობს პროექტში "ინტერნეტი განვითარებისთვის", რომლის ფარგლებშიც "კრეატიული განვითარების ცენტრის" წარმომადგენელი უწევს მენტორობას. დავით მოსიძის თქმით, ეს ძალიან ეხმარება ინტერნეტ-გაყიდვებსა და ციფრულ სივრცეში სწორი სტრატეგიის შერჩევაში. მომავალში კი აუცილებლად წარმოების გაფართოებასა და ხის ოსტატობის სასწავლო კურსის გაკეთებას გეგმავს, რადგან სურს, საკუთარი ოსტატობა რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაუზიაროს და ასწავლოს.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინდუსტრიული ტრენდები

COSMO-ს კოსმიური ამბავი: ბიზნესადქცეული ჰობი

ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი ხელნაკეთი აქსესუარების საწარმო საქართველოს მასშტაბით