ციფრული ტრანსფორმაციის გზა ბიზნესისთვის და G Consulting Partners-ის სამუშაო მოდელი მათ დასახმარებლად
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ტექნოლოგიების განვითარება ბიზნესისგანაც მოითხოვს, ადაპტირდნენ ცვლილებებზე, თუმცა ჩამოყალიბებულ ორგანიზაციულ კულტურასა და მოდელში ცვლილებები ხშირად სირთულეებთან ასოცირდება. გიორგი გულუას მიერ დაფუძნებული G Consulting Partners კომპანიებს სწორედ ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე უწევს გიდობას.
გიორგი გულუა ამბობს, რომ თანამედროვე სამყარო ბიზნესისგან შესაბამისი მართვის მეთოდებს მოითხოვს. ამ მეთოდების დანერგვა კი წარმოუდგენელია, თუ მთლიანად კომპანია არ დაიწყებს ტრანსფორმაციას. მსგავსი ცვლილებების ინიციირება კი არც ისე მარტივია.
"რაც უნდა გაბედული იყოს ორგანიზაცია და მისი მენეჯმენტი, ცვლილების ყველას ეშინია. ჩვენი კომპანია კი ზუსტად იმას ემსახურება, რომ მათ შეუმსუბუქოს ციფრული ტრანსფორმაციის რთული გზა. ჩვენ საკმარისი ცოდნა და გამოცდილება დაგვიგროვდა იმისათვის, რათა ბიზნესს მივცეთ დაპირება, რომ ცვლილებები, რომლებსაც მათთან ერთად განვახორციელებთ, აუცილებლად შეუწყობს ხელს მათი ბიზნესის სწრაფად განვითარებას", − აცხადებს გიორგი.
Entrepreneur-თან ინტერვიუში გიორგი ამბობს, რომ ბიზნესის დაწყება ყოველთვის არის რისკი, რომლის გაწევა გაბედულებას მოითხოვს. თუმცა, ფიქრობს, რომ საბოლოო ჯამში მიღებული დამოუკიდებლობის დონე რისკად ღირს.
როგორც გიორგი ამბობს, Agile-სექტორი საქართველოში გარკვეული გამოწვევების წინაშე დგას. მისი აზრით, ბევრმა კომპანიამ ეს მეთოდი და მისი არსი არასწორად გაიგო, რადგან არაკვალიფიციურმა სპეციალისტებმა მცდარი შეხედულებები გაავრცელეს. თუკი ახლა არასწორი შეხედულებებია შესაცვლელი, რამდენიმე წლის წინ კომპანიებისთვის agile-მიდგომა სრულიად გაუგებარიც კი იყო.
"2012 წელს Agile-მიდგომებით დავინტერესდი და საქართველოში ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც სერტიფიცირება გაიარა ამ მიმართულებით. გამიმართლა და მსოფლიოში ცნობილ ეჯაილ გურუებთან მქონდა სწავლისა და გამოცდილების მიღების საშუალება. მაშინ ვერავინ ხვდებოდა ზუსტად რას ვსწავლობდი და რას ვაკეთებდი. ახლა უფრო მარტივია, Agile-მიდგომები და პრაქტიკა გაცილებით ცნობილია, ვიდრე 10-12 წლის წინ იყო. მიხარია, რომ ამაში გარკვეული წვლილი მე და ჩემი გუნდის წევრებსაც მიგვიძღვის. 2016 წელს შევქმენით Agile community, თავიდან 20 კაცზე მეტი არც ვიკრიბებოდით, ვთარგმნეთ ოფიციალური Scrum Guide და შემდგომში კი Kanban Guide for Scrum Teams", − იხსენებს გიორგი.
დამწყებებს ურჩევს, არ გაუშვან ხელიდან მომენტი. სწორედ ესაა მისი მთავარი გაკვეთილი − ცვლილებებისადმი ყველანი სკეპტიკურები ვართ, მაგრამ გამბედაობა უნდა მოვიკრიბოთ და საჭირო მომენტი საჩვენოდ გამოვიყენოთ.
"ანტრეპრენერი ხდები მაშინ, როდესაც შენს საქმესა და შეცდომებზე პასუხისმგებლობის აღება შეგიძლია; გაქვს ინტერესი და ძალა იმისა, რომ ყოველ დღე ახერხებდე საკუთარი თავის მოტივირებას; მცირე ნაბიჯებით, თუმცა ყოველთვის წინ მიიწევდე; არ შეგეშინდეს წარუმატებლობის და ამავე დროს, არასოდეს დაკმაყოფილდე მიღწეული შედეგით", − ამბობს ის.
გიორგი გვიყვება, რომ ინსპირაციის წყარო მისთვის და მისი გუნდისთვის არის თითოეული ახალი თანამშრომლობა. ამავდროულად, უდიდეს მოტივაციას იღებენ სირთულეების გადალახვითაც.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას გიორგი ორ ძირითად მიმართულებას გამოყოფს. ესენია ბიზნესთან ურთიერთობა და სწავლება. G Consulting Partners-ის მიზანია, მომავალი 2024 წლიდან უფრო და უფრო მეტ კომპანიას დაეხმარონ ტრანსფორმაციის გზაზე, თუმცა სწავლების კომპონენტი კვლავინდებურად მნიშვნელოვანი რჩება.
გიორგი გულუა G Consulting Partners-ის გუნდთან ერთად განაგრძობს ზრდას და საერთაშორისო ბაზარზე გასვლასაც გეგმავს.