Get All Access for $5/mo

წლის ქართული პროდუქტი - გეფერინი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

ილია გეფერიძემ და სოფო ხოსიტაშვილმა ჯერ კიდევ 2009 წელს გადაწყვიტეს, საკუთარი ბიზნესი წამოეწყოთ. მაშინ კორპორაციული მუშაკები იყვნენ. ყოველდღიური საქმიანობის პარალელურად, ბაზრის კვლევას ატარებდნენ. ცდილობდნენ გაერკვიათ, რამდენად ჰქონდა მათ იდეას პერსპექტივა, როგორი იყო კონკურენტული გარემო ქვეყანაში.

კვლევა ადასტურებდა, რომ საქართველოში ქალის ჩანთების წარმოება არ არსებობდა. ნიშა თავისუფალი იყო. ილია და სოფო დიდი ხნის ფიქრისა და ფინანსური რესურსებიის მობილიზაციის შემდეგ დარწმუნდნენ, რომ საკუთარი წარმოების შექმნის დრო დამდგარიყო.

2014 წლის აგვისტოში პირველადი ინვესტიცია განახორციელეს და დანაზოგით − 12 ათასი დოლარით, დანადგარები შეიძინეს. მაშინ საამქრო სოფელ დიღომში ჰქონდათ. იქაურობა გაარემონტეს და 6 თანამშრომელი დაიქირავეს. წარმატების მოლოდინში, საქმიანობას დიდი ინტერესით შეუდგნენ. თუმცა, ყველაფერი არც ისე მარტივი აღმოჩნდა, როგორც ახალგაზრდა წყვილს წარმოედგინა.

"პროცესი ძალიან რთული გამოდგა. რას აღარ ვაკეთებდით, მაგრამ 8 თვის განმავლობაში ისეთი ჩანთა ვერ შევკერეთ, რომელსაც გავყიდდით. ყველაზე პრობლემური მუშახელის პოვნა იყო. როგორც გაირკვა, საფეიქრო საქმეში ბევრი არაფერი გაგვეგებოდა. ამასობაში კი ვყიდულობდით ნედლეულს, ვიხდიდით ხელფასებს", – იხსენებს ილია. წუნდებული ჩანთები, თავდაპირველად, 5-7 ლარად სააქმროდანვე იყიდებოდა.

თავისუფალი ნიშის არსებობა რამდენადაც ზრდიდა მათი წარმატების შანსს, იმდენად სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენდა. ქვეყანაში ფიზიკურად არ მოიძებნებოდა ადამიანი, რომელიც ჩანთების მწარმოებლებს პროფესიულ რჩევას მაინც მისცემდა.

წარმატების იმედი მაშინ გაჩნდა, როდესაც საამქროში ახალი დიზაინერი აიყვანეს. ნელ-ნელა ჩანთების წარმოების დეტალები შეისწავლეს. 8 თვის შემდეგ კი ისეთი პროდუქტი შექმნეს, რომლის გაყიდვაც შესაძლებელი იყო. წარმოების დაარსებიდან ერთ წელიწადში, ილიამ სამსახური დატოვა და მეუღლეს კომპანიის მართვის საქმეში შეუერთდა.

ჯერ კიდევ საწარმოს შექმნამდე, ბაზრის კვლევის პროცესში, წყვილი შეთანხმდა, მომხმარებლისთვის ისეთი პროდუქტი შეეთავაზებინა, როგორიც ბაზარზე არ იყო. მაგალითად, ჩანთები გეომეტრიული ფიგურების ფორმით. პრიორიტეტი უმაღლესი ხარისხის მასალა და მისაღები ფასი იყო.

პირველი ჩანთა 28 ლარად გაყიდეს. იმისათვის, რომ იმპორტული პროდუქციით გაჯერებულ ბაზარზე ახალ მოთამაშეს მომხმარებლის ყურადღება მიექცია და სიმპათია დაემსახურებინა, გარანტიით გაყიდვას შეუდგნენ. თუკი მომხმარებელი ჩანთას წუნს აღმოუჩენდა, "გეფერინი" ნაწარმს იბრუნებდა და თანხას სრულად ანაზღაურებდა.

"იმ პერიოდში დაბრუნების რაოდენობა 7%-მდე იყო, ახლა რიცხვმა 0,01%-მდე დაიწია. რა თქმა უნდა, ზოგ შემთხვევაში ჩანთის დაბრუნება უბრალოდ ახირება იყო. თუმცა, დასაწყისში უამრავ შეცდომას ვუშვებდით, გამოუცდელები ვიყავით. იმ პერიოდში დაშვებული შეცდომებიდან კი ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ".

"გეფერინი" საწყის ეტაპზე თვეში 50 ცალ ჩანთას აწარმოებდა. დღეისათვის რიცხვი 1500-მდეა გაზრდილი. პირველი სახელობითი მაღაზიები "გლდანი მოლსა" და გამსახურდიას გამზირზე გახსნეს.

ოჯახური ბიზნესისთვის უმთავრესი პრიორიტეტი ჩანთების უმაღლესი ხარისხის ტყავით, ან ტყავის შემცვლელით შეკერვა იყო. მასალა დღემდე თურქეთიდან შემოაქვთ, "ტყავის ძალიან მცირე რაოდენობას რუსთავის საწარმოდანაც ვიღებთ. თუმცა ისინი, ძირითადად, ნახევარფაბრიკატ პროდუქტს ამზადებენ და იტალიაში გზავნიან". შესაბამისად, თურქეთის ბაზარი "გეფერინისთვის" ჯერ ისევ შეუცვლელია. "უმაღლესი ხარისხის ტყავს ვიყენებთ. რაც შეეხება ტყავის შემცვლელს, ამ შემთხვევაშიც, ეკოტყავს ვყიდულობთ, რომელსაც არაფერი აქვს საერთო დერმატინთან, ბევრად გამძლე და ვიზუალურად უფრო ლამაზია. შემადგენლობით კი, ეკოლოგიურად სუფთაა".

ჩანთების წარმოებას საფულე მოყვა, შემდეგ ქამარი, ფეხსაცმელი და აქსესუარები. "ახლა მოთხოვნა ტანისამოსზეა და 2020 წლისთვის სამოსის ხაზსაც გამოვუშვებთ", – ამბობს ილია.

ამ ეტაპზე საწარმოში 40 ადამიანია დასაქმებული. 17 მათგანი ადმინისტრაციაში მუშაობს. წარმოების 70% ჩანთებს უჭირავს, 20% ფეხსაცმელს, 5% კი აქსესუარებს. საწარმო ნახევრად კონვეერულ რეჟიმში მუშაობს. ამწყობთა და მკერავთა ჯგუფები შეთანხმებულად ოპერირებენ, საბოლოო პროდუქტს კი წუნმდებელი სინჯავს და მაღაზიების თაროებისკენ აგზავნის.

"გეფერინის" პროდუქცია ექსპორტზე რამდენიმე ქვეყანაში გადის. ქართული ნაწარმი სტაბილურად ხვდება ისეთ მასშტაბურ ბაზრებზე, როგორებიცაა რუსეთი, აშშ, საფრანგეთი, უკრაინა, შვეიცარია, შვედეთი, ყაზახეთი. კომპანიამ ექსპორტზე გასვლა დიდი ძალისხმევის გარეშე შეძლო. ახალი ბაზრის დაპყრობა, როგორც წესი, ტრადიციული სურათით იწყება: "გეფერინის" მაღაზიაში რომელიღაც სავაჭრო ცენტრის ან მულტიბრენდული მაღაზიის წარმომადგენელი შედის, იხიბლება პროდუქციით, თავად უკავშირდება კომპანიას და მსოფლიოს კიდევ ერთ წერტილში ქართული ჩანთით მორიგი მომხმარებელი იწონებს თავს.

როგორც კი ექსპორტის პერსპექტივა გაჩნდა, ილიამ და სოფომ გადაწყვიტეს საერთაშორისო გამოფენებში მიეღოთ მონაწილეობა. ასე აღმოჩნდა "გეფერინი" აშშ-ში, Javits Center-ში, შანხაიში. ჰონკონგში გამართულ გამოფენაზე "გეფერინი" 1000-იდან 12 საუკეთესო მწარმოებელს შორის დაასახელეს. ამ დიდ გამარჯვებას ხელშეკრულების გაფორმება და ჰონკონგში მდებარე უმსხვილეს სავაჭრო ცენტრ Harbor City-ში ცნობილი ბრენდების გვერდით გახსნილი "გეფერინის" ბუტიკი მოყვა.

"გეფერინი" პროდუქციის საზღვარგარეთ გასაგზავნად "საქართველოს ფოსტის" მომსახურება "ავიას" იყენებს. დღეისათვის ბრენდის გაყიდვების 60-70% სწორედ საერთაშორისო ბაზარს უჭირავს.

ბიზნესდაჯილდოებაში გამარჯვების შემდეგ, ბრენდი "თიბისის" მიერ შეთავაზებულ სერვისს გამოიყენებს და ერთიან ონლაინპლატფორმას შექმნის. რადგან პროდუქციაზე მითითებული ღირებულება ქვეყნისდა მიხედვით ვარირებს, ამ ეტაპზე "გეფერინის" 9 ვებსაიტი აქვს − ერთი საქართველოში ფუნქციონირებს, დანარჩენი კი ბრენდის საექსპორტო ქვეყნებში. "თიბისის" მხარდაჭერით შექმნილი ახალი ვებსაიტი კი კომპანიას საშუალებას მისცემს, ცხრავე საიტი ერთ პლატფორმაში გააერთიანოს.

"გეფერინის" ბრენდით ქალისა და მამაკაცის ჩანთები, აქსესუარები, ქამრები და საბავშვო ჩანთები წარმოებს. პროდუქტის ღირებულება ქართულ ბაზარზე 19-იდან 250 ლარამდე მერყეობს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

რა არის სეო (SEO)?

გაიგეთ მეტი საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის შესახებ

მარკეტინგი

რა დავარქვა ჩემს კომპანიას?

ნუ დაარქმევთ კომპანიას თქვენს, ან თქვენი ოჯახის წევრების სახელებს