ცნობისმოყვარეობა, დიპლომატია, მეწარმეობა - BTU-ს მოწვეული ლექტორის, ანა გუგუშვილის ანტრეპრენერული ისტორია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"მე მჯერა თითოეული ინდივიდის პოტენციალის, რომელთაც შეუძლიათ წვლილი შეიტანონ სამეწარმეო ლანდშაფტში და როგორც ლექტორი, ვხედავ ჩემს როლს, როგორც ამ პოტენციალის ხელშემწყობს", − სწორედ ამ შემართებით უზიარებს ანა გუგუშვილი საკუთარ მრავალწლიან ცოდნასა და გამოცდილებას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) სტუდენტებს. ანას მიაჩნია, რომ ცოდნისა და შესაძლებლობების უზარმაზარ ლანდშაფტში ინოვაცია არის ერთგვარი კომპასი, რომელიც არა მხოლოდ გზას გვიჩვენებს, არამედ ანათებს ყველაზე სრულყოფილ გზას. ის გვიბიძგებს ამოუცნობი ტერიტორიებისკენ და შთააგონებს ადამიანებს, იკვლიონ ერთი შეხედვით დაუძლეველი საკითხები, გამოიჩინონ კრეატიულობა და აღმოაჩინონ არატრადიციული გადაწყვეტები.
როგორ გადადგა პირველი ნაბიჯები კარიერაში და რამ უბიძგა, გამხდარიყო მეწარმეობის ლექტორი? − ამ და სხვა შეკითხვებზე Entrepreneur-ი საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორსა და BTU-ს მოწვეულ ლექტორს, ანა გუგუშვილს ესაუბრა.
აკადემიური გამოცდილება
"უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ცნობისმოყვარე ადამიანი ვარ, მიყვარს როგორც ფიზიკური მოგზაურობა სხვადასხვა ქვეყანაში, ასევე არასდროს ვუფრთხი კარიერულ მოგზაურობასაც და სხვადასხვა პროფესიის დაუფლებას.
ვფიქრობ, სიცოცხლის გობელენში მრავალფეროვნების, სიცოცხლისუნარიანობისა და ჯანსაღი კონკურენციის მდიდარი ნაზავი ქსოვს ჩვენი ზრდისა და განვითარების ქსოვილს და ქმნის უსაზღვრო შესაძლებლობების შედევრს. შესაბამისად, ჩემი პროფესიული მოგზაურობაც არ არის ერთფეროვანი", − განმარტავს რესპონდენტი.
2021 წლიდან ფლობს საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორის ხარისხს, რომელიც დაიცვა დღეისათვის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემაზე: "აშშ-ის საგარეო პოლიტიკა პოსტსაბჭოთა სივრცეში (საქართველო-უკრაინა)". თუმცა, მიუხედავად დღეს არსებული აკადემიური სტატუსისა, მისი პირველი შერჩეული პროფესია 17 წლის ასაკში გახლდათ "ბიზნესის მართვა, საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმე". ინტერდისციპლინურმა მიდგომამ მისცა ეკონომიკური პრინციპების, ფინანსური სისტემებისა და რისკის მენეჯმენტის მყარი გაგება, რამაც საფუძველი ჩაუყარა დინამიკურ კარიერას ფინანსების, საერთაშორისო ურთიერთობებისა და აკადემიის კვეთაზე.
"ჩემმა ცნობისმოყვარეობამ მიმიყვანა იტალიაში, კერძოდ Universita' del Salento-ს სახელმწიფო უნივერსიტეტამდე. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, როდესაც ვირწმუნე საკუთარი ძალების, მიზნად დავისახე 2-3 თვეში იტალიურ ენაზე მოვმზადებულიყავი იტალიის საუნივერსიტეტო ეროვნული გამოცდებისთვის და გამოცდები ჩამებარებინა ბიზნესის მართვისგან სრულიად განსხვავებულ − საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე, თანაც − იტალიურ ენაზე. მიუხედავად ჩემი იტალიური ენის საბაზისო დონეზე ცოდნისა, წარმატებით ჩავირიცხე უნივერსიტეტში და დავიწყე სრულიად სხვა სამყაროს შეცნობა. ამ საერთაშორისო აკადემიურმა გამოცდილებამ არა მხოლოდ გააფართოვა ჩემი ჰორიზონტი, არამედ შემივსო განათლება კულტურული განზომილებით", − განმარტავს BTU-ს მოწვეული ლექტორი.
ბოლოს ანა საქართველოში დაბრუნდა, სადაც კიდევ უფრო ჩაუღრმავდა გლობალურ საკითხებს, დიპლომატიისა და გეოპოლიტიკური დინამიკის სირთულეებს, რამაც, საბოლოო ჯამში, საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრისა და დოქტორის ხარისხი მოაპოვებინა. მას შემდეგ ანას მთავარი მიმართულება გეოპოლიტიკურ და სამეწარმეო შესაძლებლობებს შორის ურთიერთობის ანალიზი გახლავთ.
კარიერული ნაბიჯები მეწარმეობის ხელშეწყობისთვის
მსგავსად არაერთფეროვანი აკადემიური ისტორიისა, ანა გუგუშვილის 16-წლიანი სამუშაო გამოცდილებაც არ არის მხოლოდ ერთ ორგანიზაციასთან, თუ ქვეყანასთან დაკავშირებული. ის მოიცავს როგორც საქართველოს მთავრობასთან, დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ადგილობრივ და უცხოურ უნივერსიტეტებთან თუ კერძო კომპანიებთან, ისე ტექნოლოგიურ სტარტაპებთან და სტუდენტებთან პროფესიულ ურთიერთობას. გარდა ამისა, საქველმოქმედო ფონდში მოხალისედ მუშაობა და სხვადასხვა თემატიკის პროექტების ორგანიზება 2014 წლიდან მოყოლებული მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. მიაჩნია, რომ ეს გამოცდილება შინაგანად აძლიერებს და კიდევ უფრო მეტ ენერგიას სძენს ყოველდღიური, პროფესიული თუ პირადი ვალდებულებების შესრულების პროცესში.
"ჩემი პირველი პროფესიული ნაბიჯების ათვლა იწყება 17 წლის ასაკიდან, როდესაც ნახევარ განაკვეთზე, სწავლასთან შეთავსებით, დავიწყე მუშაობა ორგანიზაციაში, სადაც მენეჯმენტს უცხოელებთან კომუნიკაციაში, სხვადასხვა სახის საერთაშორისო ღონისძიების ორგანიზებასა და მათ წარმართვაში ვეხმარებოდი და გამოვიმუშავებდი თვეში 100 ლარს. აქვე მივხვდი, რომ სხვადასხვა კულტურის თუ გამოცდილების ადამიანებთან საქმიანი ურთიერთობები მარტივად გამომდიოდა და რომ ეს უნარი კიდევ უნდა გამეღრმავებინა, ბუნებრივია, უკვე სხვა მიმართულებით, სხვა სამსახურის ფარგლებში და ასეც მოვიქეცი.
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სამუშაო გამოცდილება მივიღე იტალიაში, სადაც სწავლის პარალელურად მქონდა შესაძლებლობა მემუშავა გამოცდილ იტალიურ კომპანიებთან. პარალელურად შევქმენი ხიდი საქართველოსა და იტალიას შორის და წამოვიწყე მცირე ბიზნესი. ეს იყო კარგი შესაძლებლობა იმის გასააზრებლად თუ რა დამატებითი ღირებულების შეტანა იყო შესაძლებელი ამ ორ ბაზარზე. მოგვიანებით ეს გამოცდილება ძალიან დამეხმარა, როგორც სამთავრობო უწყებებში, ასევე კერძო ორგანიზაციებთან მუშაობისას, ასევე უკვე ლექტორის რანგში პრაქტიკული გამოცდილების აკადემიური ფორმით გადმოცემისას", − გვიყვება ანა გუგუშვილი.
კერძო სექტორიდან სახელმწიფო ორგანიზაციაში 2014 წლიდან გადავიდა და მას შემდეგ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესების თანამონაწილე გახდა. საქართველოს კონკურენციის სააგენტოს სახელით, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების პროცესში კომიტეტის ოფიციალური წევრი გახლდათ. ასევე, ანა EFTA-ს ქვეყნებსა და საქართველოს მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების პროცესში კონკურენციის სააგენტოს ოფიციალურად წარმოადგენდა.
რაც შეეხება სხვა გამოცდილებას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში (GITA) მუშაობისას ჰქონდა შესაძლებლობა, ყოფილიყო სხვადასხვა საგრანტო კომისიის წევრი, შეეფასებინა და რეკომენდაციები გაეცა დამწყები სტარტაპერებისთვის, ემუშავა ისეთ პროექტებზე, რომლებიც, თავის მხრივ, დაეხმარებოდა ინოვაციური ეკოსისტემის გაძლიერებას.
მუშაობა უკეთესი საგანმანათლებლო გარემოსთვის
2020 წლიდან დღემდე ანა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) მუშაობს, სადაც საკუთარი წვლილი შეაქვს საგანმანათლებლო სისტემების ჩამოყალიბებასა და მათ გაუმჯობესებაში, რომლებიც, თავის მხრივ, ამარტივებენ ცოდნასა და მონაცემთა ბაზაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებების მიღების პროცესს.
"რაც EMIS-ში დავიწყე მუშაობა, კიდევ უფრო სიღრმისეულად გავეცანი და გავიაზრე განათლების სექტორში არსებულ გამოწვევებს. აღნიშნული ძალიან მეხმარება სტუდენტებთან ურთიერთობაში. გათვითცნობიერებული მაქვს ძირითადად, თუ რა სახის ცოდნითა თუ უნარებით შემოაბიჯებენ სტუდენტები უნივერსიტეტში და ვცდილობ მაქსიმალურად ვაგრძნობინო მათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, როდესაც გამოცდები საქართველოში მოწინავე უნივერსიტეტში − BTU-ში ჩააბარეს. აქ სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა პირველივე კურსიდან გაეცნონ სტარტაპ-ეკოსისტემას, მიიღონ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და პარალელურად წამოიწყონ სტარტაპ-ბიზნესები, რომლის განხორციელებაში თითოეულ უნივერსიტეტში მომუშავე ადამიანი ვეხმარებით", − Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს რესპონდენტი.
მიმდინარე სამსახურის ფარგლებშიც, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) ანამ საკუთარი კონტრიბუცია შეიტანა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ქვეყნის თვითშეფასების კითხვარის შევსების პროცესში, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, სულ ცოტა ხნის წინ, 2023 წლის 8 ნოემბერს დადებითად შეფასდა ევროკომისიის მიერ და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გაიცა.
ლექტორობა BTU-ში − სტუდენტთა გადამზადება ანტრეპრენერებად
"ჩემი ცოდნისა და გამოცდილების სტუდენტებთან გაზიარება განპირობებულია ინოვაციების ხელშეწყობისა და ბიზნესლიდერების მომავალი თაობის გაძლიერების ღრმა გატაცებით. მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში, შევესწარი მეწარმეობის ტრანსფორმაციულ ძალას და ეს არის უშუალო გამოცდილება, რომელიც აძლიერებს ჩემს სურვილს, წარმართოს და შთააგონოს სტუდენტები.
მე მჯერა თითოეული ინდივიდის პოტენციალის, რომელთაც შეუძლიათ წვლილი შეიტანონ სამეწარმეო ლანდშაფტში და, როგორც ლექტორი, ვხედავ საკუთარ როლს, როგორც ამ პოტენციალის ხელშემწყობს. მეწარმეობის დინამიკურ სამყაროში სტუდენტების გაცნობა, მათი ცნობისმოყვარეობის გაღვივება და საჭირო უნარებისა და აზროვნების განვითარებისთვის თვალყურის დევნება წარმოუდგენლად ამაღელვებელი პროცესია", − აღნიშნავს ანა.
თითოეულ სესიას ანა წინასწარ, გულმოდგინედ გეგმავს და ცდილობს, ლექციის ფარგლებში სტუდენტებს გაუზიაროს ყველა ის ქეისი, რასაც შესაძლოა შეხვდნენ ბიზნესისა და ტექნოლოგიების ლანდშაფტში. რაც შეეხება საბოლოო შედეგებს, ანა გუგუშვილის მიზანია, სტუდენტები პრაქტიკული უნარებით, ინდუსტრიასთან შესაბამისი ცოდნითა და სტრატეგიული აზროვნებით გააძლიეროს.
"იმაზე სასიამოვნო არაფერია, როდესაც შენს სტუდენტებში ცნობისმოყვარეობისა და კრეატიულობის ნაპერწკლის მოწმე ხდები. ეს მაძლევს გამორჩეულ შესაძლებლობას, მეწარმეებისთვის პერსპექტიული მომავლის ჩამოყალიბებაში ვითამაშო განვითარებადი როლი.
მსურს, თითოეულმა სტუდენტმა დატოვოს ჩემი ლექციები არა მხოლოდ ბიზნესისა და ტექნოლოგიების კონცეფციების მყარი გაგებით, არამედ იყვნენ მეტად თავდაჯერებულები და შთაგონებით სავსე, რათა ნავიგაცია გაუწიონ პროფესიული სამყაროს სირთულეებს. ასევე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სტუდენტებმა გაიაზრონ გუნდური მუშაობის მნიშვნელობა. ვეთანხმები ჰელენ კელერის მოსაზრებას, რომ "მარტო მხოლოდ ცოტაოდენის გაკეთებას შევძლებთ, ერთად კი − განუზომლად მეტის", და ვცდილობ იგივე პათოსი გადავცე სტუდენტებსაც. მთავარია ყველამ გავითავისოთ, რომ პასუხისმგებლობის უდიდესი გრძნობით, საქმისადმი სიყვარულით და აუცილებლად ერთმანეთის პატივისცემით, შეგვიძლია ნებისმიერი გამოწვევის დაძლევა და ერთი შეხედვით უტოპიური და მიუღწეველი შედეგების მიღწევა", − აცხადებს ლექტორი.
რჩევები სტუდენტებს − რა არის საჭირო იმისათვის, რომ ანტრეპრენერი გახდე?
ლექციების ფარგლებში, სტუდენტებისთვის სამეწარმეო აზროვნების ჩამოყალიბება ანა გუგუშვილის სწავლების მიდგომის ძირითადი აქცენტია. ამ პროცესში ის იყენებს სხვადასხვა ტექნიკას ამ აზროვნების გასავითარებლად, მათ შორის რეალურ სამყაროში შემთხვევის შესწავლას, ინტერაქტიულ სავარჯიშოებსა და ერთობლივ პროექტებს, რომლებიც ახდენენ სამეწარმეო გამოწვევების სიმულაციას.
სწავლის პროცესში ხშირად შეაქვს "სახალისო კითხვარები". მსგავსი გამოკითხვები კლასში სათამაშო სულისკვეთებას ნერგავს. ანას მიაჩნია, რომ მსგავსი კითხვების ჩართვით, უნივერსიტეტი არა მხოლოდ განტვირთვის საშუალებას აძლევს სტუდენტებს, არამედ მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მათ ცნობიერებას. ეს არატრადიციული სწავლის გამოცდილება სცილდება სილაბუსის საზღვრებს და ქმნის დასამახსოვრებელ და მიმზიდველ ატმოსფეროს, სადაც ცოდნა ძალისხმევის გარეშე "შეიწოვება".
შეკითხვაზე, თუ რა არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რათა წარმატებული ანტრეპრენერი გახდე, ანა გუგუშვილი გვპასუხობს:
"ჩემი აზრით, ანტრეპრენერი არის ის, ვინც ფლობს ფართო ხედვის, ინიციატივისა და გამძლეობის უნიკალურ კომბინაციას, დაუოკებელი სწრაფვით აქციოს ინოვაციური, გიჟური იდეები ხელშესახებ პროდუქტად თუ მომსახურებად.
ანტრეპრენერები არიან ცვლილებების არქიტექტორები, რომლებიც ქმნიან საკუთარ ბედს და ამავდროულად ცვლიან სამყაროს მათი ინოვაციური სულისკვეთებით. მათ არ აქვთ საზღვრების შეგრძნება; ისინი არიან მეოცნებენი და შემსრულებლები, პროდუქტად აქცევენ იმას, რაც შეიძლება სხვებისთვის შეუძლებელი ჩანდეს, ისინი აყალიბებენ ინდუსტრიებს, შთააგონებენ სხვებს გათავისუფლდნენ შეზღუდვებისგან და იოცნებონ უსაზღვროდ (dream bigger).
მეწარმეობის სფეროში საკუთარი თავის გამოცდის მსურველებს ვურჩევდი:
მოახდინეთ თქვენი გატაცებების იდენტიფიცირება: აღმოაჩინეთ რა აღგაფრთოვანებთ და გძენთ მოტივაციას. მეწარმეობა ხშირად მოიცავს ხანგრძლივ პროცესს და გამოწვევებს, ასე რომ, თქვენი წამოწყებისადმი სიყვარული იქნება თქვენი ძლიერი მხარე.
უწყვეტი სწავლა: იყავით ცნობისმოყვარე და გაითავისეთ, რომ მხოლოდ მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლით მიიღწევა წარმატება. სამეწარმეო ლანდშაფტი სწრაფად ვითარდება და ინდუსტრიის ტენდენციების, ბაზრის დინამიკისა და განვითარებადი ტექნოლოგიების შესახებ ინფორმირებულობა, გადამწყვეტია.
შექმენით ძლიერი ქსელი: გარშემორტყმული იყავით მენტორებით, მრჩევლებით და მეწარმეების დამხმარე ქსელით, რომელთა მეშვეობით შესაძლოა ძალიან ბევრი სირთულე გადალახოთ. გაიჩინეთ საინტერესო პარტნიორები და ა.შ.
მიიღეთ წარუმატებლობა, როგორც განვითარების შესაძლებლობა: მარცხი მეწარმეობის გარდაუვალი ნაწილია. იმის ნაცვლად, რომ შეგეშინდეთ, განიხილეთ წარუმატებლობა, როგორც ნაბიჯი ზრდისკენ. გააანალიზეთ რამ გამოიწვია მარცხი, ისწავლეთ თქვენს და პარალელურად სხვის შეცდომებზე, სამომავლოდ პროცესების უკეთ წარმართვის მიზნით.
დაადასტურეთ თქვენი იდეები: სანამ სრულ ვალდებულებას შეასრულებთ, შეამოწმეთ თქვენი ბიზნესიდეები ბაზარზე. მოიძიეთ გამოხმაურება, ჩაატარეთ ბაზრის კვლევა და დაადასტურეთ მოთხოვნა თქვენს პროდუქტზე ან მომსახურებაზე.
ფინანსური საზრიანობა: გაიგეთ თქვენი ბიზნესის ფინანსური ასპექტები. შექმენით რეალისტური ბიუჯეტი, აკონტროლეთ ფულადი სახსრების მოძრაობა და მიიღეთ ინფორმირებული ფინანსური გადაწყვეტილებები თქვენი საწარმოს მდგრადობის უზრუნველსაყოფად.
ეფექტიანი კომუნიკაცია: დაეუფლეთ კომუნიკაციის ხელოვნებას. იქნება ეს თქვენი იდეის ინვესტორებისთვის მიწოდება, გუნდის წევრებთან თანამშრომლობა თუ კლიენტებთან ურთიერთობა, ეფექტიანი კომუნიკაცია უმნიშვნელოვანესია.
იყავით მოქნილი: ბიზნესლანდშაფტი დინამიკურია. იყავით მზად ადაპტირებისთვის ცვალებად გარემოებებთან, საჭიროების შემთხვევაში შეცვალეთ თქვენი ბიზნესმოდელი და მუდმივად იმუშავეთ ინოვაციურ კომპონენტზე კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად.
გაანგარიშებული რისკის მიღება: მეწარმეობა მოიცავს რისკს, მაგრამ ყველა რისკი არ არის თანაბარი. შეაფასეთ და მიიღეთ გათვლილი რისკ-ფაქტორები პოტენციური ჯილდოების საფუძვლიანი გამოკვლევით და გაგებით.
გახსოვდეთ − ყოველი სამეწარმეო მოგზაურობა უნიკალურია და არ არსებობს ერთიანი მიდგომა. მიესალმეთ გამოწვევებს გაშლილი ხელებით და აქციეთ ისინი თქვენი ზრდისა და განვითარების შესაძლებლობად".
რომელი უნარებია ყველაზე საჭირო მეწარმეობის ინდუსტრიაში?
ანა გუგუშვილი აღნიშნავს, რომ იმისათვის, რათა ბიზნესის დინამიკურ სამყაროში განვითარდნენ, მეწარმეებს ე.წ. "რბილი" და "ძლიერი" უნარების ნაზავი ესაჭიროებათ. ადამიანებს, რომლებიც დაინტერესებული არიან, გახდნენ ანტრეპრენერები, ანა შემდეგი ტიპის უნარების განვითარებას ურჩევს:
ძლიერი უნარები (hard skills):
- ინდუსტრიის ცოდნა: მყარი გაგება კონკრეტული ინდუსტრიის შესახებ, რომელშიც ისინი მუშაობენ.
- ფინანსური წიგნიერება: ბიუჯეტის მართვის, ფინანსური ანგარიშგების გაგებისა და ჯანსაღი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
- ტექნიკური ცოდნა: მათი საწარმოს ბუნებიდან გამომდინარე, მათსავე ინდუსტრიის შესაბამისი ტექნიკური უნარები გადამწყვეტია.
- სტრატეგიული დაგეგმვა: შესაძლებლობა, შეიმუშაოს და განახორციელოს გრძელვადიანი გეგმები, რომლებიც შეესაბამება ბიზნესის მიზნებს.
- მარკეტინგი და გაყიდვები: პროდუქტების ან სერვისების პოპულარიზაციისა და გარიგებების დახურვის უნარი.
რბილი უნარები (soft skills):
- ლიდერობა: გუნდის ეფექტიანად შთაგონებისა და წარმართვის უნარი.
- ადაპტაცია: ცვლილებებისა და გაურკვევლობის ნავიგაციის უნარი.
- კომუნიკაცია: მკაფიო და დამაჯერებელი კომუნიკაცია გუნდის წევრებთან, ინვესტორებთან და მომხმარებლებთან.
- პრობლემის გადაჭრა: გამოწვევების იდენტიფიცირებისა და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მოფიქრების უნარი.
- მდგრადობა: გონებრივი სიმტკიცე, წარუმატებლობის ეტაპის გადასალახად და შეცდომებზე სწავლის მიზნით.
- ქსელი: ღირებული კავშირების შექმნა და შენარჩუნება ინდუსტრიაში.
"გამორჩეული ანტრეპრენერები ჩვეულებრივ ავლენენ ამ უნარების ბალანსს და ესმით, რომ წარმატება ხშირად დამოკიდებულია ტექნიკური ექსპერტიზის, სტრატეგიული აზროვნების, ლიდერობისა და კომუნიკაციის ადამიანურ დინამიკაზე, ნავიგაციის უნარზე.
შეგვიძლია რამდენიმე კომპანიის მაგალითი მოვიყვანოთ, თუ რა სახის უნარებს იყენებენ:
- Google:
რბილი უნარები: კომუნიკაცია, თანამშრომლობა და კრეატიულობა ძალიან ფასდება.
ძლიერი უნარები: ტექნიკური ცოდნა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია, მონაცემთა ანალიზი და ალგორითმის შემუშავება.
- Apple:
რბილი უნარები: დიზაინის აზროვნება, ინოვაცია და ტექნიკური კომუნიკაცია.
ძლიერი უნარები: ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება, ინჟინერიასა და პროდუქტის დიზაინში.
- Microsoft:
რბილი უნარები: გუნდური მუშაობა, ლიდერობა და კომუნიკაცია.
ძლიერი უნარები: ტექნიკური უნარები პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებაში, კოდირებასა და სისტემის არქიტექტურაში.
- Tesla:
რბილი უნარები: კრეატიულობა, ადაპტირება და პრობლემების გადაჭრა.
ძლიერი უნარები: ტექნიკური გამოცდილება ელექტროინჟინერიაში, რობოტიკაში და პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებაში.
- Amazon:
რბილი უნარები: ლიდერობა, ადაპტირება და მომხმარებელზე ორიენტირებული აზროვნება.
ძლიერი უნარები: ტექნიკური უნარები მონაცემთა ანალიტიკაში, ე.წ. "ღრუბლოვან" გამოთვლებში და ლოგისტიკის მენეჯმენტში.
- SpaceX:
რბილი უნარები: ლიდერობა, გამძლეობა და კომუნიკაცია.
ძლიერი უნარები: ტექნიკური ინფორმაცია აერონავტიკის ინჟინერიაში, სარაკეტო მეცნიერებაში და კოსმოსის კვლევაში.
ზემოაღნიშნული და კიდევ ბევრი წარმატებული კომპანია აფასებენ ინტერპერსონალური და ტექნიკური უნარების შერწყმას, აცნობიერებენ მრავალფეროვანი უნარების მნიშვნელობას მეწარმეობის დინამიკურ სფეროში წარმატების მისაღწევად", − ანა გუგუშვილი.
ცხოვრებისეული გაკვეთილი და მოტივაცია
მრავალწლიანი პროფესიული კარიერის ფარგლებში, ყველაზე დიდი გაკვეთილი, რაც ანამ ისწავლა, ადაპტაციის ტრანსფორმაციული ძალაა. პროფესიული ცხოვრების მუდმივად განვითარებად ლანდშაფტში მიხვდა, რომ "მოქნილობა და ცვლილებებისადმი ღიაობა არ არის მხოლოდ ღირებული უნარი, არამედ ფუნდამენტური აუცილებლობაა". ცვლილებების მიღებამ არა მარტო მისცა საშუალება, უფრო ეფექტიანად გაუმკლავდეს გამოწვევებს, არამედ გაუღო კარი მოულოდნელ შესაძლებლობებს. ეს არის სწავლის უწყვეტი პროცესი, რომელმაც ჩამოაყალიბა მისი მიდგომა მუშაობისადმი, ხელს უწყობს გამძლეობას და აქტიურ აზროვნებას დინამიკური და ხშირად არაპროგნოზირებადი გარემოს წინაშე. ამ პროცესში კი მას მნიშვნელოვნად ეხმარება მოტივაცია და ინსპირაცია, რომელიც ცხოვრებაში გამოჩენილ დაბრკოლებებს ახალ შესაძლებლობად აქცევს.
"ჩემი მოტივაცია მრავალმხრივია. სურვილი, მოვუმზადო უსაფრთხო და მზრუნველი გარემო ჩემს შვილებს, სავსე შესაძლებლობებითა და მხარდაჭერით, არის ძლიერი. ცოდნა, რომ ჩემმა ძალისხმევამ შესაძლოა ხელი შეუწყოს მათ კეთილდღეობას და სამომავლო მისწრაფებებს, კიდევ უფრო აღრმავებს საკუთარ ყოველდღიურ მოტივაციას.
ჩემი მოტივაცია მომდინარეობს ღრმა სურვილიდან, პოზიტიური წვლილი შევიტანო ჩემ ირგვლივ სამყაროში. ხელშესახები გავლენის მოხდენის პერსპექტივა − იქნება ეს ინოვაციური გადაწყვეტილებების, პოზიტიური ურთიერთობების ხელშეწყობისა თუ სხვების შთაგონების გზით, მუდმივი მამოძრავებელი ძალაა", − განმარტავს ანა გუგუშვილი.