წვდომა საუკეთესო ექსპერტებთან და ახალი ფუნქციები, რომლებიც თქვენს წარმატებას უზრუნველყოფს - გაიცანით Mimirex-ის გუნდი Mimirex: როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ ექსპერტების ცოდნა ან თავად გახდეთ ექსპერტი?
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
თუ კონკრეტულ პრობლემას აწყდებით თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ან ბიზნესში და სწრაფად გჭირდებათ გამოსავალი, Mimirex არის პლატფორმა, რომელიც ვიდეოზარის მეშვეობით საუკეთესო ექსპერტებთან დაგაკავშირებთ. პლატფორმა გეხმარებათ დაახლოებით ერთ საათში მიიღოთ სწრაფი პასუხები და პრობლემის გადაწყვეტა მაშინ, როდესაც აქამდე ამისთვის კვირები იყო საჭირო. გარდა ამისა, თუ ხართ ექსპერტი და თქვენი ცოდნისა და გამოცდილების კომერციალიზაცია გსურთ, Mimirex არის ადგილი, სადაც თქვენი თავისუფალი დრო ახალი შემოსავლის წყაროდ შეგიძლიათ აქციოთ. დღეს პლატფორმაზე 8 000-მდე მომხმარებელი და 1 000-ზე მეტი ექსპერტია რეგისტრირებული და მომხმარებლებს პროფესიონალებისგან რჩევა მრავალფეროვანი მიმართულებებით შეუძლიათ მიიღონ, მათ შორის: ტექნოლოგიები, მეწარმეობა, ბუღალტერია, სამართალი, კომუნიკაცია, დიზაინი, ფსიქოლოგია, გაყიდვები, ქოუჩინგი, ლიდერობა და სხვა.
შარშან პლატფორმას სრულიად ახალი მიმართულება დაემატა - ამჟამად მომხმარებლებს მასტერკლასების განთავსებისა და დაჯავშნის ფუნქციონალის გამოყენებაც შეეძლებათ. ექსპერტებს აქვთ შესაძლებლობა, მასტერკლასები საკუთარ პროფილებზე განათავსონ და გაყიდონ. მასტერკლასის დაჯავშნა, გადახდა და უკუკავშირის დატოვება იმავე პლატფორმაზე სრულიად ციფრულად ხორციელდება. მომხმარებლებს კი შეუძლიათ მოიძიონ და დაჯავშნონ მათთვის საინტერესო მასტერკლასები, რომელიც როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურადაც ტარდება. Mimirex-ის პლატფორმაზე შესაძლებელია ისეთი მასტერკლასების მოძიებაც, რომელიც სპეციალური დაკვეთით, B2B ჯგუფებისთვის ხორციელდება. ამ ეტაპზე კომპანიას 100-მდე მასტერკლასი აქვს ჩატარებული და ძირითადი ინტერესები მომხმარებლების მხრიდან მოდის ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: ქალი მეწარმეების განვითარება, ჯანსაღი კვება, მოლაპარაკების ხელოვნება, ფინანსები და ბუღალტერია, მარკეტინგი, რბილი უნარების განვითარება და სხვა. აღსანიშნავია, რომ მასტერკლასების დამატების შემდეგ "მიმირექსის" მომხმარებელთა საერთო რაოდენობა 30%-ით გაიზარდა 8 000-მდე.
სტარტაპის შექმნის იდეა Covid-19 პანდემიის შედეგად გაჩნდა - როდესაც მსოფლიოს მასშტაბით კომპანიების ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი მნიშვნელოვნად დაჩქარდა და ცხოვრებისა და სამუშაო პროცესების დინამიკაც მკვეთრად გაიზარდა. ამის შემდგომ ადამიანებს ხშირად სჭირდებოდათ და სჭირდებათ სწრაფი რჩევები და გადაწყვეტილებები, რაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირადი, არამედ პროფესიული წინსვლისთვისაც. ამ საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით გიორგი ბურდულმა, გიორგი ბერიძემ, ერეკლე ანთაძემ და გიორგი მუმლაძემ დაარსეს Mimirex-ი, რომელმაც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ ორგანიზებულ 150 000-ლარიან საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა და სილიკონ ველის ინვესტორებისგან დიდი დაინტერესება და დადებითი შეფასება მიიღო.
ნებისმიერ ორგანიზაციაში ყველაზე საინტერესო და გადამწყვეტი ის ადამიანები და გუნდია, რომლებიც ქმნიან მის არსსა და წარმატებას. თითოეულ მათგანს მოაქვს საკუთარი უნიკალური გამოცდილება, ცოდნა და უნარები, რომელიც ორგანიზაციის განვითარების პროცესში ერთიანდება და სწორედ გუნდის სიძლიერე და გუნდის კოლექტიური ნიშა განსაზღვრავს, თუ რა მიმართულებით წავა ორგანიზაცია და როგორ მოახერხებს ის მისი მიზნების მიღწევას. სწორედ ამიტომ "ანტრეპრენერი" გაგაცნობთ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი ექსპერტიზით, გუნდური მუშაობითა და საერთო ძალისხმევით საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული და სწრაფად მზარდი პლატფორმა შექმნეს.
"მიმირექსის" სამუშაო გარემო ხასიათდება მაღალი დონის პროფესიონალებით, რომლებიც ოპერირებენ დიდი ავტონომიით და გააჩნიათ მათი კომპეტენციის ფარგლებში არსებულ საკითხებზე სწრაფი და ზუსტი გადაწყვეტილებების მიღების უნარი. "მიმირექსის" გუნდის დიდი უპირატესობა ისაა, რომ იდეის და ხედვის გარდა, წარმატებული სტარტაპის შექმნისთვის საჭირო ორი სახის უნარები გვაერთიანებს: ბიზნესუნარები და ტექნოლოგიური უნარები. გვყავს ადამიანები, რომლებსაც ბიზნესი უკეთებიათ, უამრავი შეცდომა დაუშვიათ სხვადასხვა ინდუსტრიაში და გვყავს ადამიანები, რომლებსაც წარსულში მსოფლიო დონის ტექნოლოგიური პროდუქტები შეუქმნიათ. ასევე, გუნდის ყველა წევრს შეუძლია საკუთარი თავისა და საქმის მენეჯმენტი უმაღლეს დონეზე. ასევე, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს გართობა და განტვირთვა, რაც ძალიან კარგად გამოგვდის.
გუნდში უმნიშვნელოვანესია ურთიერთნდობა და ადაპტაციის უნარი. ხშირად არ ვიცით, როგორ უნდა გავაკეთოთ რაღაც ან მივაღწიოთ კონკრეტულ შედეგს, მაგრამ გვჯერა, რომ ამას აუცილებლად შევძლებთ. როდესაც Mimirex-ის გუნდს ვქმნიდით, ყველაზე ხშირი კითხვა იყო, შევძლებდით თუ არა რამის გაკეთებას ან მიღწევას. დღეს ეს კითხვა შეიცვალა და უკვე ერთმანეთს ვეკითხებით, როგორ ან როდის გავაკეთებთ ან მივაღწევთ კონკრეტულ რამეს; იმაზე ყველა თანხმდება, რომ მივაღწევთ", - Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს "მიმირექსის" გუნდი.
გუნდი, რომელიც ქმნის ინოვაციებს
გიორგი ბურდული - Mimirex-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი (CEO)
"ანტრეპრენერმა საკუთარ თავში უნდა მოკლას ეგოისტი და პერფექციონისტი, რათა გააღვიძოს ის ცნობისმოყვარეობა და ენთუზიაზმი, რომელიც საჭიროა სხვებისთვის ღირებულების შექმნის რისკზე წასასვლელად", - აღნიშნავს გიორგი ბურდული, რომელსაც კარგად იცნობენ საქართველოს თანამედროვე ბიზნესგარემოში. გიორგის საქმიანობა არასდროს შეზღუდულა მხოლოდ ერთ ან ორ სფეროში: ის ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა სექტორში, რამაც საშუალება მისცა, განევითარებინა საკუთარი მრავალფეროვანი გამოცდილება და ზედმიწევნით ზუსტად გაეგო, როგორ ფუნქციონირებს ბიზნესი მრავალგვარ გარემოში.
გიორგი ასევე არის ოფიციალური ღონისძიებების მენეჯმენტის კომპანია Georgian Progress Group-ის თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე და საქართველოში უმსხვილესი ინდუსტრიული სამრეცხაოს, Lavanderia-ს თანადამფუძნებელი და ყოფილი პარტნიორი. მას აქვს ლექტორობისა და მენტორინგის მრავალწლიანი გამოცდილება "კავკასიის უნივერსიტეტის" და "საქართველოს უნივერსიტეტის" პროგრამების ფარგლებში მეწარმეობის, ლიდერობის, მენეჯმენტის და კომუნიკაციის მიმართულებით.
გიორგის აქვს 18-წლიანი საერთაშორისო სამუშაო გამოცდილება (მათ შორის 15 წლამდე უმაღლესი რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე) საჯარო, კერძო, სამეწარმეო, მედია, არასამთავრობო და აკადემიურ სექტორებში. იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში (წარმომადგენელთა პალატა), საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ფრანგული ელექტრო-საინჟინრო კომპანია CEDRAT-ისა და აზიის განვითარების ბანკის პროექტებზე, საკონსულტაციო კომპანია PMCG-ში, მასპინძლობის კომპანია Adjara Group-ში, "საქართველოს ბანკის" ჯგუფში (Digital Area), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრში, ტელეკომპანია "ფორმულაში" და სხვა.
გიორგი ბურდულის მიდგომები ასახავს იმას, რომ წარმატება არ მოდის მხოლოდ იდეებიდან, არამედ მოქმედებიდან და მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ წარმატების მიღწევა, რომლებიც არასოდეს ჩერდებიან და არ ერიდებიან პრობლემებს. მათთვის მარცხი მხოლოდ დროებითი მოვლენაა, რომელიც ხელს უწყობს განვითარებას.
გიორგის მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი პოლიტმეცნიერებასა და საერთაშორისო ურთიერთობებში კანზასის უნივერსიტეტში (The University of Kansas, აშშ) და მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში (MBA) მენეჯმენტის კონსალტინგის განხრით გრენობლის მენეჯმენტის სკოლაში (Grenoble Ecole de Management, დიდი ბრიტანეთი/საფრანგეთი), სადაც იგი იყო საქართველოს პრეზიდენტისა და გრენობლის მენეჯმენტის სკოლის სტიპენდიანტი. ამჟამად გიორგი არის თბილისის "თავისუფალი უნივერსიტეტის" დოქტორანტი, სადაც იკვლევს სოციალური და კულტურული კაპიტალის როლს უმსხვილესი ქართული კომპანიების ლიდერთა წარმატებაში.
აღსანიშნავია, რომ Mimirex-ის CEO-ს მიღებული აქვს არაერთი სახელმწიფო და კერძო ჯილდო, გრანტი და სტიპენდია. 2013 წელს საქართველოს პრეზიდენტმა იგი "საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის" (მმართველობა) ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
"ანტრეპრენერი არის მომხმარებლისთვის ღირებულების შექმნის იდეით შეპყრობილი ადამიანი, რომელსაც პირდაპირ გაჭრის უნარი და მოტივაცია აქვს, რადგან მას თავისი რეალობა იმის ფუფუნებას არ აძლევს, რომ 100-ჯერ გაზომოს. მის არსენალში მთავარი იარაღი მოქმედებაა, რადგან იცის, რომ მხოლოდ ფიქრით და ლაპარაკით შორს ვერ წავა. ანტრეპრენერი არასოდეს ჩერდება, არ ნებდება და არ წყვეტს სწავლასა და ადაპტაციას, რადგან ესმის, რომ მხოლოდ მოქმედება, სწორი ხედვის, მიმართულებისა და მიზნების გარეშე არაფრისმომცემია; ხედვა და მიზნები კი მიუღწეველია ძლიერი და დაბალანსებული გუნდის გარეშე. იმისთვის, რომ ეს ყველაფერი შეძლოს, ანტრეპრენერმა საკუთარ თავში უნდა მოკლას ეგოისტი და პერფექციონისტი, რათა გააღვიძოს ის ცნობისმოყვარეობა და ენთუზიაზმი, რომელიც საჭიროა სხვებისთვის ღირებულების შექმნის რისკზე წასასვლელად. აღნიშნულ გზაზე მას ბევრი მარცხი, პრობლემა, გამოწვევა და დაბრკოლება შეხვდება, რომელიც დაამსხვრევს, თუმცა ასწავლის, რომ მთავარი ინდივიდუალიზმი და უნაკლობა არაა, არამედ ის, რომ ნამსხვრებები აკრიფოს, შრომა და ბრძოლა გააგრძელოს და ხვალ სამყარო იმაზე სულ ოდნავ უკეთესი გახადოს, ვიდრე იგი დღესაა!", - განმარტავს გიორგი.
გიორგი ბერიძე - Mimirex-ის თანადამფუძნებელი და ტექნიკური დირექტორი (CTO)
თუ თქვენ ოდესმე გამოგიყენებიათ Mimirex-ის პლატფორმა, ნამდვილად შეამჩნევდით, რომ პლატფორმის დიზაინი და ფუნქციონალი მეტად ინტუიციური და მარტივად გამოსაყენებელია როგორც მომხმარებლებისთვის, ისე ექსპერტებისთვის. გაგაცნობთ გიორგი ბერიძეს, რომელსაც დიდი წვლილი აქვს შეტანილი კომპანია "მიმირექსის" განვითარებაში, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი ელემენტების შექმნაში, როგორიცაა პლატფორმის დიზაინი, ლოგო, ფუნქციონალი და სხვა მსგავსი სეგმენტები, რითაც "მიმირექსი" ჩამოყალიბდა ისეთ კომპანიად, როგორიც დღეს არის.
გიორგის აქვს 13-წლიანი გამოცდილება ტექნოლოგიურ სფეროებში. 2014 წელს გიორგიმ მიიღო აკადემიური დოქტორის წოდება "ინფორმატიკა და მართვის სისტემების" განხრით. სხვადასხვა დროს მუშაობდა საერთაშორისო კომპანია pixelart-ში მთავარ Front-end დეველოპერად, რომელიც Digital Signage ინდუსტრიის ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს. გარდა ამისა, იგი გახლდათ კომპანია "სუფთა სახლის" დიზაინერი და ვებდეველოპერი. ბოლო წლების განმავლობაში გიორგის წვლილი აქვს შეტანილი სხვადასხვა კომპანიის საიტების, აპლიკაციებისა თუ სამართავი სისტემების შექმნაში, მათ შორის არის: კომპანია Autos4share - მანქანების გაქირავების საიტი და სამართავი სისტემა, VILI - საყოფაცხოვრებო და სასურსათო პროდუქციის მიტანის სერვისის აპლიკაცია და საიტი.
გარდა ამისა, გიორგი არის ინოვაციური პლატფორმა AWORK-ის (დასაქმების პლატფორმის ეკოსისტემა) მთავარი გრაფიკული დიზაინერი და Front-end დეველოპერი და ასევე, ტექნოლოგიური კომპანია "ბითუბის" Front-end ინჟინერი.
"იყო წარმატებული მნიშვნელოვანია, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია წარმატებისკენ მიმავალი გზა გაუზიარო სხვას", - ამბობს გიორგი. მისი კარიერა ნათლად აჩვენებს, რომ წარმატების მიღწევა მხოლოდ პირადი მიღწევებით არ შემოიფარგლება; ის გრძელვადიანი პროცესია, რომელიც მოითხოვს რისკების აღებას, მუდმივ განვითარებას და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სხვებისთვის გზის გაკვალვას. გიორგის წარმატება არ არის მხოლოდ მისი პროფესიული მიღწევების შედეგი, არამედ მისი უნარი, სხვებსაც მიაწოდოს საჭირო ინსტრუმენტები და ცოდნა იმისათვის, რომ შექმნან ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტები, რომელიც ითვალისწინებს მომხმარებლის საჭიროებებს და ნებისმიერ ტექინიციატივას მომხმარებლისთვის სასარგებლოდ და საჭიროდ გარდაქმნის.
გიორგი მუმლაძე - Mimirex-ის თანადამფუძნებელი და CMO
გიორგი მუმლაძე არის ადამიანი, რომლის ხედვამ და მარკეტინგულმა მიდგომამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა Mimirex-ის წარმატებაში. მისმა უნიკალურმა მიდგომებმა, რომლებიც ყოველთვის ეყრდნობოდა როგორც ინოვაციურ იდეებს, ისე ბაზრის მოთხოვნებზე ზუსტად მორგებულ სტრატეგიებს, კომპანიას შესაძლებლობა მისცა სწრაფად დაემკვიდრებინა თავი ბაზარზე. Mimirex-ის ჩამოყალიბებიდანვე გიორგი მუმლაძე ცდილობდა პროდუქტისთვის ისეთი მარკეტინგული და ბრენდინგის სტრატეგიები შეექმნა, რომელიც არა მხოლოდ მომხმარებელთა საჭიროებებს მოერგებოდა და მათ გამოცდილებას გაამარტივებდა, არამედ ჩამოაყალიბებდა ყველასათვის დასამახსოვრებელ ბრენდს.
გარდა ამისა, Mimirex-ის თანადამფუძნებლისა და CMO-ს როლში წამყვანი როლი შეასრულა როგორც პროდუქტის განვითარებაში, ასევე გუნდის ფორმირებაში, სტარტაპის ბაზარზე გაყვანასა და ფინანსური რესურსების მოზიდვაში. სწორედ GITA-ს 150 000-ლარიანი საგრანტო პროგრამის გამოყენებით კომპანიამ ბაზარზე პირველი ნაბიჯები გადადგა და სწორედ გიორგი გახლდათ პასუხისმგებელი ეფექტური მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებასა და აღსრულებაზე.
გიორგი უკვე 4 წელზე მეტია ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით იკავებს წამყვან პოზიციებს როგორც საქართველოს ბაზარზე, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. მისი ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი გახლდათ ფრანგული ხელოვნური ინტელექტის კომპანია Quicktext-ის წამყვანი პროექტების ხელმძღვანელობა ისეთ გიგანტ კომპანიებთან, როგორიც არის: Accor-ი და მისი ქვებრენდები.
ამასთან, გიორგი იკავებს საოპერაციო დირექტორის პოზიციას Awork-ში, რომელიც საქართველოში დასაქმების პირველი აპლიკაცია და HR Tech-ის მიმართულებით ყველაზე დიდი ეკოსისტემაა - რაც მოიცავს მომხმარებლის და ბიზნესაპლიკაციებს, ვებგვერდს და აპლიკანტების სამართავ სისტემებს.
ციფრული ეკოსისტემის გაძლიერებაში გიორგის ცოდნის გაზიარების გამოცდილებაც აქვს, Ecommerce association of Georgia-სთან თანამშრომლობით მან შექმნა პირველი კურსი ქართულ ენაზე სათაურით "ელექტრონული კომერცია სასტუმროებისთვის", რომლის შესწავლაც UDEMY-ზე შეგიძლიათ. ამასთან ერთად, ის ცოტა ხნის წინ შეუერთდა BTU-ს გუნდს, როგორც ინოვაციებისა და მეწარმეობის მიწვეული ლექტორი.
ერეკლე ანთაძე - Mimirex-ის თანადამფუძნებელი და ბიზნესის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი
"ყველა წარმატებული ბიზნესი ახერხებს ადამიანების ან კომპანიებისთვის ნამდვილი პრობლემის გადაჭრას. ყველაზე მარტივი გზა, რომ ასეთი პრობლემა იპოვოთ და ახალი ბიზნესი ჩამოაყალიბოთ ,არის ისეთ პრობლემაზე კონცენტრირება, რომელსაც პირადად გადაყრიხართ და რომლის გადაჭრაშიც ფულს გადაიხდით", - Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს ერეკლე ანთაძე, რომელიც "მიმირექსის" თანადამფუძნებელი და ბიზნესის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელია (CBDO).
მისი როლი "მიმირექსში" ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია, ვინაიდან ერეკლე საკუთარი საქმიანობით ეხმარება კომპანიას, სწრაფად და ეფექტურად განავითაროს შეთავაზებები, პლატფორმას შესძინოს ახალი პროდუქტები და მარტივად ადაპტირდეს ბიზნესის ცვალებად გარემოზე. ერეკლე იზიარებს იმ აზრს, რომ ბიზნესის განვითარება და კომპანიის მიერ არჩეული გზა უკავშირდება იმ პრობლემებზე მუშაობას, რომელიც რეალურ საჭიროებებზეა დაფუძნებული. შესაბამისად, "მიმირექსის" თანადამფუძნებლის მუშაობის მეთოდები სწორედ კონცეპტუალური ხედვებისა და პრაქტიკული გამოცდილებების ნაზავია, რომელიც Mimirex-ს საშუალებას აძლევს, პირდაპირ კონცენტრირდეს მომხმარებლის პრაქტიკულ საჭიროებებზე.
აღსანიშნავია, რომ ერეკლე საკუთარ ცოდნას აქტიურად უზიარებს ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს. იგი "თავისუფალი უნივერსიტეტის" ევროპული ბიზნესსკოლის (ESM) ლექტორი და კომპანია "გორბის" პროექტების უფროსი მენეჯერიცაა. აქვს 10-წლიანი სამუშაო გამოცდილება, რომელიც მოიცავს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორებს.
ბიზნესის მიმართულებით ერეკლეს საერთაშორისოდ აღიარებული განათლება აქვს მიღებული, რომელიც მოიცავს ისეთ უნივერსიტეტებში სწავლას, როგორიცაა: ბეიტსის კოლეჯი (აშშ), ლონდონის სამეფო კოლეჯი (გაერთიანებული სამეფო), გრენობლის ბიზნესსკოლა (საფრანგეთი). ერეკლე დღესაც აქტიურად მუშაობს ცოდნისა და არეალის გაფართოებაზე და ამჟამად არის დოქტორანტურის სტუდენტი "თავისუფალ უნივერსიტეტში".
გიორგი რაზმაძე - Mimirex-ის მრჩეველი, ანტრეპრენერი, სტარტაპ მენტორი
Mimirex-ში გიორგი რაზმაძის როლი ერთ-ერთი გარდამტეხი ფაქტორია. მენტორინგისა და გამოცდილების გაზიარების მეშვეობით, იგი აქტიურად უჭერს მხარს Mimirex-ის გუნდს, შექმნან კომპანიის გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც სტარტაპის მასშტაბირებას უზრუნველყოფს.
გიორგი რაზმაძე არის დასაქმების პირველი ქართული აპლიკაციის - Awork-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი; ტექანტრეპრენერი, სტარტაპ მენტორი და "კავკასიის უნივერსიტეტის" ბიზნესის სკოლის მაგისტრი (MBA).
გიორგის აქვს 8-წლიანი გამოცდილება მეწარმეობაში, არის სხვადასხვა წარმატებული სტარტაპის დამფუძნებელი. მისი ინოვაციური მიდგომები, პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება ქმნის სტრატეგიულ ფუნდამენტს, რომელიც ნებისმიერი წამოწყებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტია.
"მიმირექსის" სამომავლო გეგმები: რას შესთავაზებს სტარტაპი მომხმარებლებს?
ამჟამად, Mimirex-ის გუნდი აქტიურად მუშაობს მომავლის გეგმებსა და სტრატეგიებზე, რომელიც კომპანიის ზრდასა და მასშტაბირებაზე იქნება ორიენტირებული. თითოეულ წევრს, თავისი პროფესიული გამოცდილებითა და განსაკუთრებული ექსპერტიზით, შემოაქვს მნიშვნელოვანი წვლილი იმ ინიციატივებში, რომელიც კომპანიას კიდევ უფრო გაზრდის და შეუნარჩუნებს ლიდერის პოზიციას კონკურენტუნარიან ბაზარზე. სწორედ ეს გუნდი საერთო ძალისხმევით ზრუნავს და სამომავლოდაც იზრუნებს იმაზე, რომ Mimirex-მა განავითაროს ახალი პროდუქტები, კიდევ უფრო გააძლიეროს საკუთარი პოზიცია ბაზარზე და მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს მომხმარებლის გამოცდილება.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, განათლების ტექნოლოგიების ინდუსტრია ყოველწლიურად 26,32%-ით იზრდება და 2027 წლამდე ეს მზარდი მიმართულება 467 263 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
აღსანიშნავია, ამჟამად Mimirex-ი გლობალურ ბაზარზე საკმაოდ ძლიერ ნიშაში ოპერირებს - რაც გულისხმობს იმას, რომ განათლების ტექნოლოგიების ხელშეწყობ კომპანიებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. "მიმირექსი" არ იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, არამედ საკუთარი პლატფორმის გარშემო აერთიანებს ექსპერტთა ცოდნასა და გამოცდილებას. სამომავლო პერსპექტივაში ეს ნიშნავს იმას, რომ მაშინ, როდესაც ყველა ტრენდი ამჟამად ხელოვნური ინტელექტისკენ არის მიმართული, სწორედ ეს ტრენდი აძლევს უდიდეს გასაქანს ქართულ პლატფორმას, რომელიც კონკრეტული ადამიანების გამოცდილების გაზიარებისკენ არის მიმართული. მაშინ, როდესაც ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ინფორმაციისა და მის მიერ რეკომენდებული პრობლემების გადაწყვეტა ჯერ კიდევ ეჭვქვეშ დგას, "მიმირექსის" პლატფორმა კონკურენტუნარიანობასა და ბაზარზე ლიდერობას ინარჩუნებს.
გარდა ამისა, სილიკონ ველის ინვესტორებისგან ვალიდაციის მიღების შემდეგ გუნდის მიზანია, 2025 წლის განმავლობაში პროდუქტმა განაგრძოს საქართველოს ბაზარზე განვითარება. ამასთან ერთად, "მიმირექსის" გუნდს აქტიური მოლაპარაკებები აქვს რამდენიმე VC ფონდთან, რომელთა დაინტერესებაა სტარტაპში ინვესტირება გლობალური ექსპანსიის მიზნით. 2025 წლის განმვალობაში "მიმირექსი" ახალ ბაზარზე გასვლას გეგმავს.