Get All Access for $5/mo

თურქი ანტრეპრენერის ინოვაცია ქართულ სასათბურე მეურნეობაში კლიენტის დაკარგვას ფულის დაკარგვა სჯობს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ირაკლი დოლიძე

კვლევა, ძიება, ინოვაცია – "მზა ჩითილისა" და WG TECHNO-ს წარმატებაში მთავარ როლს სწორედ ეს 3 ფაქტორი თამაშობს. თურქი ბიზნესმენის ორივე წამოწყების საერთო კაპიტალი 6 მილიონამდე აღწევს. საირიგაციო სისტემების მწარმოებელ WG TECHNO-ს სულ რამდენიმე თვის წინ სათბური დაემატა. ერჰან ზორლუ არც დროს და არც ფულს ზოგავს, რომ სოფლის მეურნეობის სფეროში ინოვაციები დანერგოს, თავადაც იხეიროს და ქართველ ფერმერსაც სარგებელი მოუტანოს. ერჰან ზორლუ მეათე წელია საქართველოში საქმიანობს. გეგმაში ქართული მწვანილის ექსპორტზე გატანა აქვს, თუმცა იქამდე დიდი გზაა გასავლელი: ფერმერებს უნდა დაუმტკიცოს, რომ მისი ინოვაციური მეურნეობა მრავალ პრობლემას მოაგვარებს – სათბურში შეძენილი ჩითილები სხვებზე მსხმოიარე და გემრიელ ბოსტნეულად იქცევა.

კლიენტის დაკარგვას ფულის დაკარგვა სჯობს

ერჰან ზორლუ საქართველოში პირველად გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩამოვიდა. ტრაბზონელ ახალგაზრდას ბათუმი ძალიან მოეწონა, ქართველ და თურქ ხალხებს შორის მსგავსებაც აღმოაჩინა. მას მერე ბათუმს სამსახურებრივი ვიზიტით არაერთხელ ეწვია.

თბილისში გადმობარგება საბოლოოდ 2000-იან წლებში გადაწყვიტა, როცა აღმოაჩინა, რომ აქ ბიზნესის საწარმოებლად მის სამშობლოზე უკეთესი გარემო იყო. მალევე ოჯახიც ჩამოიყვანა და დედაქალაქში დაფუძნდა. პროფესიით ინჟინერმა პირველი მაღაზია 2 პარტნიორთან ერთად ე.წ. ელიავას ბაზრობაზე გახსნა და ინფრასტრუქტურის სამშენებლო დეტალების გაყიდვა დაიწყო. მოგვიანებით, საირიგაციო სისტემები დაამატა. მისი ბიზნესის პირველადი ინვესტიცია 25 ათას დოლარს და მილის დასამზადებელ დანადგარს შეადგენდა.

მაღაზია დღემდე პირვანდელ ადგილას მდებარეობს. მეტიც – მთელი საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ფილიალი შეემატა: გორში, წნორსა და მარნეულში. კომპანიაში 70 ადამიანია დასაქმებული, რომლებიც კომპანიის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფენ. სწორედ ამის საფუძველზე, WG TECHNO-ს ISO 9001-ის სერტიფიკატი მიენიჭა.

WG TECHNO-ს გზების მშენებლობის დროს გზის ბარიერებს უკვეთავენ. თუკი ამ მიმართულებით საერთაშორისო კომპანიებთან უწევს ურთიერთობა, საირიგაციო სისტემების გაყიდვისას მისი კლიენტი ქართველი ფერმერია. "პირველად საირიგაციო სისტემა ჩემთან გორელმა ფერმერმა შეიძინა. მეორე წელს გორიდან ხალხი ავტობუსებით მომადგა – თუკი ადრე ეს კაცი ჰექტარზე 5 ტონა მოსავალს იღებდა, ამჯერად 20 ტონა აიღო".

წვეთოვანი სარწყავი სისტემის მილები და ფიტინგები, სწრაფი გადაბმის სარწყავი სისტემები, დაწვიმებისა და მოძრავი სარწყავი სისტემები, დრენაჟისა და ჭაბურღილის მილები, საგზაო ბარიერები – "წყლისა და გაზის ტექნოლოგიები" მომხმარებელს პროდუქციის ფართო ასორტიმენტს სთავაზობს.

ერჰან ზორლუ ბიზნესს მარტივი პრინციპით მართავს – არის ინოვაციური . "უკვე არსებულისთვის კონკურენციის გაწევას, მირჩევნია რაიმე ახალი დავნერგო. დაწყება რთულია, მაგრამ როცა იგებენ, როგორ მუშაობს ესა თუ ის სისტემა, ყველაფერს ჩემთან ყიდულობენ". ანტრეპრენერისთვის მოტივაციის შემძენი მთავარი ძალა ახალი ცოდნის ათვისება და გამოყენებაა. ერჰან ზორლუ გამოფენებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ესწრება. თითოეულ საკითხში, რომელზე მუშაობასაც აპირებს, სიღრმისეულად ერკვევა. "ახალს არაფერს ვიგონებ. უბრალოდ, ვუყურებ, როგორ მუშაობენ ახალი ტექნოლოგიებით, მაგალითად, ევროპაში, და მის დანერგვას ვცდილობ", – ამბობს ზორლუ.

WG TECHNO-ს წარმატების კიდევ ერთი მიზეზი დამფუძნებლის მიდგომაა. ერჰანი რობერტ ბოშის სიტყვებს ხშირად იმეორებს – "სჯობს დაკარგო ფული, ვიდრე კლიენტი". ბოლო შემთხვევის დროს, როდესაც მზის სხივებისადმი რეზისტენტული წყლის მილი უხარისხო გამოდგა, ზორლუ თავის გუნდთან ერთად ფერმაში წავიდა. რამდენიმე კილომეტრის სიგრძის საირიგაციო სისტემა მთლიანად ჩაანაცვლა. შედეგი? მომდევნო წელს იგივე ფერმერი ახალი სისტემის შესაძენად კვლავ ზორლუს ეწვია.

სასათბურე მეურნეობა

სათბურის გაშენების იდეამ რამდენიმე წლის წინ შეაწუხა და მისი განხორციელება გადაწყვიტა. საკუთარი ფინანსებით დასაწყისისთვის საშუალო დონის სათბურის შექმნას თუ შეძლებდა, გაუმჯობესების პერსპექტივით, თუმცა საშუალო დონე ზორლუს არ აკმაყოფილებდა. ამიტომ სახელმწიფოს დახმარების თხოვნით მიმართა. პროექტის განხილვის შემდეგ, ერჰანს "თიბისი ლიზინგმა" 570 ათასი ლარის სესხი მისცა, რომელსაც ზორლუ 5 წლის განმავლობაში შეღავათიანი პირობებით ისტუმრებს, პროცენტის ნაწილს კი სახელმწიფო ფარავს.

მეურნეობა მარნეულში, 5 ჰექტარ მიწაზეა გადაჭიმული. 11 ათასი კვადრატული მეტრი სათბურს უჭირავს, 2 ათას კვადრატულ მეტრზე კი სპეციალური ტექნოლოგიით მცენარეების თესლებს კონტეინერში ავტომატურად ათავსებენ. 30 ათას კვადრატულ მეტრზე, დამყნობილი და ჩვეულებრივი ნერგები გამოჰყავთ. "ირიგაციის სისტემაში წყლის ტემპერატურასაც კი ვარეგულირებთ – 20 გრადუსზე ვათბობთ", – ამბობს ერჰანი. საქართველოში ამ მასშტაბის სათბური საერთოდ არ არსებობს, ხოლო სიდიდითა და დონით, მსოფლიო სათბურების ასეულშია.

"მზა ჩითილი" პომიდვრის, წიწაკის, ბადრიჯნის, კიტრის, სალათის ფოთლის, ნესვის, საზამთროს, კომბოსტოსა და ნიახურის ჩვეულებრივ ჩითილებს აწარმოებს. ასევე, მზადდება პომიდვრის, კიტრის, საზამთროს, ნესვის, წიწაკისა და ბადრიჯნის დამყნობილი ჩითილებიც.

ბევრად მეტი და ხარისხიანი მოსავალი

დამყნობა მებაღეობის უნიკალური ტექნოლოგიაა. მას საფუძველი აზიაში ჩაეყარა, ევროპაში კი მე-20 საუკუნეში გავრცელდა. დამყნობის დროს, 2 ტიპის ჩითილს ერთმანეთთან აჯვარებენ და ერთი მცენარე გამოჰყავთ. დამყნობილი ჩითილებით, კვადრატულ მეტრზე შედარებით მეტი მოსავლის მიღებაა შესაძლებელი, ვიდრე ჩვეულებრივი ჩითილის შემთხვევაში. მაგალითად, თუკი სტანდარტულად ჰექტარზე საზამთროს 40-60 ტონა მოსავალი მოდის, დამყნობილი ჩითილის შემთხვევაში, მოსავლის რაოდენობა შესაძლოა 100 ტონამდეც კი ავიდეს. მისი უპირატესობა სხვა ასპექტებშიც ვლინდება: მაგალითად, 60-70%-ით ნაკლები თესლია საჭირო იგივე რაოდენობის მოსავლის მისაღებად, რაც ჩვეულებრივი ჩითილის შემთხვევაში, 30%-ით ნაკლებ სასუქს საჭიროებს და ბუნებრივ პირობებს ბევრად უკეთ ეგუება. მცენარეები სწრაფად იზრდებიან.

ფერმერი, ნებისმიერი ტიპის ჩითილის შეძენისას, კომპანიის აგრონომთან გადის კონსულტაციას.

სატესტო რეჟიმი

"შეგვიძლია 8 მილიონი ჩითილი ერთ თვეში ვაწარმოოთ, თუმცა ამჟამად პოტენციალის მხოლოდ 45%-ს ვიყენებთ", – ამბობს დამფუძნებელი. სათბურში მოყვანილმა ჩითილებმა დიდი მოწონება უკვე დაიმსახურა – ათეულობით ნერგი თბილისში, გამოფენაზე მოსულმა არაერთმა სტუმარმა შინ წაიღო. დამყნობილი ჩითილის შეძენით, ათეულობით ფერმერია დაინტერესებული. მოთხოვნა დღითი დღე მატულობს, თუმცა ამ სფეროში გამოუცდელები მეურნეობას ჯერ კიდევ აკვირდებიან. "ხალხმა არ იცის, ეს სისტემა როგორ მუშაობს. ვთქვათ, ფერმერს სჭირდება მილიონი ჩითილი საზამთრო. ამ შემთხვევაში, თესლის შესაძენად ავანსს არ გვიტოვებს, ჩვენ საკუთარი ფინანსებით ვყიდულობთ თესლს და ჩაბარების შემდეგ ვიღებთ თანხას. ეს, რა თქმა უნდა, დიდი რისკია. თუკი ჩითილს არ გადარგავ, რამდენიმე დღეში გაფუჭდება", – გვიყვება ერჰანი და დარწმუნებულია, რომ მოსახლეობა ნელ-ნელა გადავა ახალ ტექნოლოგიებზე. მთავარია, ხალხი სიახლეს შეეგუოს. "მზა ჩითილის" წარმატება იმ შედეგებზეა დამოკიდებული, რომელთაც გლეხები მოსავლის აღებისას იხილავენ.

"მზა ჩითილი" მცენარეების თესლებს ჰოლანდიიდან, ისრაელიდან, იაპონიიდან და თურქეთიდან იწერს. კომპანიის მიერ დამყნობილ მცენარეებს, სხვებთან შედარებით, რამდენიმე უპირატესობა აქვთ – იგი ცოცხალი, მშრალი ნივთიერებებითაა მდიდარი. ღერო მსხვილი და ძლიერია, ნიადაგი – ხარისხიანი. ჩითილი სათბურში ყოფნისას მრავალჯერადად მუშავდება, ისხვლება, იგრუნტება.

"მზა ჩითილის" გაყიდვების მენეჯერი მთელი საქართველოს გარშემო მოგზაურობს და სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებლებს პროდუქციის უპირატესობებზე უყვება. კომპანიაში მუშაობენ აგრონომები და კონსულტანტები, რომლებიც ჩითილების გაყიდვის შემდეგ მეურნეობას მაქსიმალურად ეხმარებიან. "მაგალითად, თუ ქიმიკატებით შეწამვლაა საჭირო, ჩვენს პროდუქტს ვერ ვთავაზობთ. სამაგიეროდ, ვურჩევთ სად შეიძინონ", – გვიხსნის ზორლუ.

მწვანილის ექსპორტი

უახლოეს მომავალში ფერმერებისთვის განკუთვნილი აპლიკაციის ჩაშვებაც იგეგმება – რეგისტრაციის დროს, გლეხი საცხოვრებელ ადგილს უთითებს. პროგრამაც, მისი ლოკაციიდან გამომდინარე ურჩევს, როგორი სასუქი რა დოზით გამოიყენოს.

ზორლუს კიდევ ერთი გეგმა ფერმერების დატრენინგებაა. ეს იდეა მაშინ გაუჩნდა, როდესაც რუსეთიდან ჩამოსულმა კომპანიის წარმომადგენლებმა სათბურში მოყვანილი მწვანილით აღფრთოვანება ვერ დამალეს. "რუსეთში მწვანილი ისრაელიდან შედის და ძალიან ძვირია, უზბეკური კი – არც ისე გემრიელი. მინდა
კოოპერატივი შევქმნა და ფერმერებს ვასწავლო – ზამთარში სათბურში იმუშავებენ და მწვანილს მოიყვანენ, ზაფხულში კი ჩითილებს საკუთარ მეურნეობაში გაახარებენ. შემდეგ შესაფუთ მასალებსაც შევიძენთ და მწვანილეულობას ექსპორტზე გავიტანთ", – გეგმავს ერჰან ზორლუ.

მისი მორიგი გეგმა ლაბორატორიის შექმნა და ახალი ჯიშების გამოყვანაა – თუმცა, განხორციელებამდე, ჯერ სიღრმისეული კვლევის ჩატარებაა საჭირო.

ერჰან ზორლუს ბიზნესისადმი კომპლექსური მიდგომა აქვს: "ადამიანის ტვინი ასეა მოწყობილი – ურჩევნია ყველაფერი ერთ მწარმოებელთან იყიდოს, ერთს დააკისროს მთელი პასუხისმგებლობა". სწორედ ამ მიდგომით, იგი ბიზნესს დროდადრო აფართოებს და დივერსიფიკაციას მიმართავს. მიდგომა რომ ამართლებს, ამას ისიც მოწმობს, რომ სათბურის გაშენების შემდეგ, მოთხოვნა მის საირიგაციო სისტემებზე და მილებზე იზრდება.