Get All Access for $5/mo

თვალის ინდივიდუალიზმის აღბეჭდვა - მარიამ გომურაშვილის Eye Gallery მომხმარებელს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მარიამ გომურაშვილი ოფთალმოლოგიის სტუდენტია, რომელმაც ფლორენციაში მოგზაურობისას აღმოაჩინა, რომ მაღალტექნოლოგიური აპარატების საშუალებით თვალის ფერადი გარსის ნამდვილ ხელოვნებად გარდაქმნა შეიძლებოდა . სწორედ ეს გახდა ინსპირაცია, წლების შემდეგ თავის ქვეყანაშიც დაენერგა ისეთი მიმდინარეობა, რომელიც მომხმარებელს მისცემდა საშუალებას, საკუთარი თვალის უნიკალურობა შეეცნო.

თვალის ინდივიდუალიზმის აღბეჭდვა და მისი შენახვა ტექნოლოგიების გამოყენებით - ამ სერვისს მომხმარებელს Eye Gallery სთავაზობს.

"სერვისი აერთიანებს ფოტოგრაფიასა და მაღალი ხარისხის ბეჭდვას როგორც პოსტერსა და ორც პოსტერზე, ასევე 3D მინაზე. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, აღმოაჩინოთ თქვენი ირისის სილამაზე მარტომ, წყვილში, მეგობრებთან, ოჯახთან ერთად", - გვიყვება მარიამი.

Eye Gallery-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ სტარტაპი პირველია, ვინც ქვეყანაში მომხმარებელს მსგავს სერვისს სთავაზობს. მარიამის თქმით, გაბედულობა, ცხადია, საჭირო იყო, მაგრამ მას ბევრი არ უფიქრია ოცნების ახდენაზე და მარტივად გადაწყვიტა, რომ აუცილებლად უნდა ეცადა.

მნიშვნელოვანი მოტივატორი იყო ისიც, რომ ქართულ ბაზარზე პროდუქტი ინოვაციური იქნებოდა და სწორედ ის შესთავაზებდა მომხმარებლებს ამ შესაძლებლობას.

მარიამი იხსენებს, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა დროის ფაქტორი იყო - მას უნდოდა, რაც შეიძლება სწრაფად შეეთავაზებინა მომხმარებლისთვის სერვისი. თუმცა მსგავსი რთული ტექნოლოგიური პროცესების მართვას შესაბამისი დროც სჭირდება, რათა ხარისხი შენარჩუნდეს.

"თუ გვსურს, შევქმნათ ბრენდი, რომელიც არა მხოლოდ ლოკალურად, არამედ მსოფლიოს მასშტაბით გახდება ცნობილი, საჭიროა დინჯად და ხარისხიანად მივყვეთ ჩვენს საქმეს", - ამბობს მარიამ გომურაშვილი.

დამოუკიდებელმა ბიზნესსაქმიანობამ ბევრი რამ ასწავლა, თუმცა ყველაზე მთავარი საკუთარი თავის რწმენაა. მარიამის თქმით, Eye Gallery-ზე მუშაობამ აჩვენა, რომ შეუძლია ყოველი დასახული მიზნისა და ნანატრი ოცნების რეალობად ქცევა.

"იმ ადამიანებს, ვინც ჯერ კიდევ ორჭოფობს, რეალობად აქციოს თუ არა თავისი იდეა, ვეტყოდი, რომ კარგ იდეასთან ერთად საჭიროა რწმენა და მოთმინება".

მარიამი ამბობს, რომ მისთვის ნამდვილი ანტრეპრენერი არის ადამიანი, რომელიც სტარტს იღებს, რისკავს, მოქმედებს და თავისი შეუპოვრობით ქმნის პროდუქტს, იქნება ეს მცირე ზომის მაღაზია თუ მრავალპროფილური, დიდი კლინიკა.

Eye Gallery-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ მთავარი ინსპირაცია მისი პროფესიაა. მარიამი ოფთალმოლოგიას სწავლობს და სწორედ ეს მიმართულება აძლევს ყველაზე დიდ შთაგონებას ბიზნესსაქმიანობაშიც.

კითხვაზე, როგორია Eye Gallery-ის სამომავლო გეგმები, მარიამ გომურაშვილი ასე გვპასუხობს:

"EYE GALLERY სამომავლოდ გეგმავს დიდ კომპანიებთან კოლაბორაციებს - არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვრებს გარეთაც. ასევე, ძალიან მალე შემოგთავაზებთ ჩვენი პროდუქტის VIP ხაზს, რომელიც განსხვავებული დიზაინებით იქნება გამრავალფეროვნებული".