Get All Access for $5/mo

USAID YES-Georgia - პროგრამის ბენეფიციარი ქალების სამეწარმეო თავგადასავლები კვების ინდუსტრიაში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კვებისა და გასტრონომიული ტურიზმის ინდუსტრია თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ საქართველოს ერთ-ერთ მთავარ კონკურენტულ უპირატესობად რეგიონში, რაც წლიდან წლამდე ჩვენი ქვეყნის მიმართ საერთაშორისო ვიზიტორთა ინტერესის ძირითად ობიექტს წარმოადგენს. განსაკუთრებით აქტუალური კი, Craft − ე.წ. ხელნაკეთი, შინ დამზადებული, ტრადიციული ტექნოლოგიებით შესრულებული და ექსკლუზიური ნუგბარი გახლავთ, რომელიც საინტერესო და მიმზიდველია არა მარტო უცხოელთათვის, არამედ ადგილობრივი მომხმარებლებისთვისაც.

USAID-ის პროგრამის YES-Georgia ბენეფიციარები, აქტიურად არიან ჩართულნი ამ სფეროში, ხოლო საზოგადოებას პროგრამის მიერ მხარდაჭერილი მეწარმეების ხილვის შესაძლებლობა პერმანენტულად ეძლევა სხვადასხვა გამოფენასა თუ ფესტივალზე.

მოგეხსენებათ, Entrepreneur ტრადიციულად აშუქებს პროგრამის ბენეფიციართა წარმატებას და ამჯერად, გვსურს უკეთ გაგაცნოთ საოცარი სამეწარმეო ისტორიების მქონე ქალი მეწარმეები, რომლებმაც გამოწვევების მიუხედავად, კონკურენტუნარიანი ბიზნესები გამართეს და ბაზარს ექსკლუზიურ პროდუქციასა თუ სერვისს სთავაზობენ.

ანა არუთუნიანი

USAID YES-Georgia-ს ბენეფიციარი ანა არუთუნიანი, ბრენდ Anna Healthy Foods-ის დამფუძნებელი გახლავთ, რომელიც არაქისისა და სხვა თხილეულის ორგანულ კარაქს აწარმოებს. ამჟამად, ანას ბრენდის პროდუქციის ასორტიმენტი არაქისის, ნუშისა და ქეშიუს კარაქებს მოიცავს, როგორც სუფთა სახით, ისე მარილის, შაქრისა და კაკაოს დანამატით. Anna Healthy Foods-ის ხელნაკეთი კარაქი ნატურალური ინგრედიენტებით მზადდება, არის როგორ დიეტური, ისე დიაბეტური და სასარგებლო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ზრუნავენ ჯანმრთელობაზე, ვეგეტარიანულ რაციონს ანიჭებენ უპირატესობას, მარხულობენ ან უბრალოდ, უყვართ თხილეული.

როგორც ანა გვიყვება, ამ საქმის წამოწყებას რამდენიმე რამ უძღოდა. უპირველეს ყოვლისა, მას თავად უყვარდა თხილი და არაქისი, და წლების განმავლობაში, საუკეთესო პროდუქტის ამოცნობის გამოცდილება დაუგროვდა, რაც მისი დღევანდელი ნაწარმის ხარისხზეც აისახა. მეორე ფაქტორი მისი შვილის დაბადება გახლავთ და ვინაიდან ანა დიდი ყურადღებით ეკიდებოდა ბავშვის კვების საკითხს, ცდილობდა თავად დაემზადებინა პატარისთვის სხვადასხვა ნუგბარი, რამაც მასში კულინარიული ნიჭიც გამოავლინა. მესამე კი, უბრალო ინტერესი იყო არაქისის კარაქის მიმართ, რომელიც ხშირად ხვდებოდა ანას ჰოლივუდურ ფილმებში, თუმცა გასინჯვის შესაძლებლობა არ ეძლეოდა. ამიტომ, მან მოიძია რეცეპტი, დამზადების ტექნოლოგია შეისწავლა და პირველი სატესტო ნიმუში საკუთარი ოჯახისთვის დაამზადა.

ანას კარაქმა მალევე დიდი მოწონება დაიმსახურა − როგორც ოჯახის წევრებს, ისე კულინარიაში გაცნობიერებულ ადამიანებს შორის, რომლებმაც მისი ენთუზიაზმი და პროდუქტის ხარისხი უყურადღებოდ არ დატოვეს და კარაქის წარმოებისთვის ბიზნესის სახის მიცემა ურჩიეს.

"ერევანში დავიბადე და გავიზარდე. დიდი ხნის განმავლობაში აუხდენელ ოცნებად მქონა ზღვის ნახვა, რაც 2010 წელს ავიხდინე, როდესაც ქობულეთში პირველად ჩამოვედი. აქაურობა იმდენად მომეწონა, რომ 2011 წელს გადავწყვიტე საბოლოოდ გადმოვბარგებულიყავი საქართველოში და აგერ უკვე 10 წელზე მეტია, რაც აქ ვცხოვრობ. რთული იყო ენობრივი ბარიერის დაძლევა, თუმცა ძალიან მოვინდომე და დამოუკიდებლად ვისწავლე ქართული. მოგვიანებით ჩემი მომავალი მეუღლეც გავიცანი და საქართველოში დავფუძნდი. გარკვეული პერიოდი ქუთაისში ვიცხოვრეთ, შემდეგ, 2018 წელს ბათუმში გადმოვინაცვლეთ და მუშაობა დავიწყე ერთ-ერთ რესტორანში, რომელიც მალევე ჩემთვის მეორე ოჯახად იქცა", − გვიამბობს ანა არუთუნიანი, − "მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით მევიოლინე ვარ, სარესტორნო სფეროში დიდი სამუშაო გამოცდილება მაქვს და მიმუშავია პრაქტიკულად ყველა პოზიციაზე. ამ რესტორანში კი, ისეთი თბილი და კეთილი ადამიანები დამხვდნენ და იმდენად დიდი დახმარება გამიწიეს პანდემიის დროს, რომ მათ გარეშე დღეს ალბათ ბიზნესის წარმოებას ვერ შევძლებდი. სწორედ რესტორნის მეპატრონეს, ზურა შერვაშიძეს გავასინჯე ჩემი კარაქი 2021 წელს და ის იყო პირველი ადამიანი, რომელმაც დამოუკიდებელი საქმის დაწყებისკენ მიბიძგა. მან მირჩია აგრომაღაზია, რომელიც შესაძლოა დაინტერესებულიყო ჩემი პროდუქტით, და ასეც მოხდა.

მომხმარებლებშიც პოზიტიური გამოხმაურება პოვა კარაქმა, რის შემდეგ, ზუსტად ერთ კვირაში, დავამზადე ეტიკეტი, ბრენდირება, მოვაწესრიგე დოკუმენტაცია, პროდუქცია შუშის ქილებში ჩამოვასხით და ჰობის ბიზნესის სახე მივეცი".

მალევე, ანამ მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთ გამოფენაზე, სადაც სხვა მეწარმე ქალბატონმა USAID YES-Georgia-ს შესახებ უამბო და ანაც დაარწმუნა პროგრამაში დარეგისტრირებულიყო. როგორც თავად ანა გვიყვება, მას ბიზნესის წარმოების კუთხით გამოცდილება და ცოდნა არ ჰქონია და სწორედ ეს პროგრამა იქცა ანასთვის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული განათლების მთავარ წყაროდ.

ამჟამად, ანას პროდუქცია მხოლოდ ბათუმის სამ სუპერმარკეტში: "აგრომანიაში", "ბუმერანგსა" და Green Wood Market-შია წარმოდგენილი, თუმცა წლის ბოლომდე Anna Healthy Foods-ის კარაქები უკვე თბილისშიც იქნება ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, ანა თხილის კარაქის წარმოების დაწყებასაც გეგმავს, რომლის რეცეპტურაზე უკვე მუშაობს, ჰქონდა სატესტო ვერსიაც და სულ მალე მომხმარებელი მის დაგემოვნებასაც შეძლებს.

აზა ხანგოშვილი

აზა ხანგოშვილი USAID YES-Georgia პროგრამის ბენეფიციარია, რომელიც პანკისის ხეობაში "ყველის კულტურულ მარშრუტს" უდგას სათავეში და ტურისტებისათვის ტრადიციული ყველის მომზადების მასტერკლასებს ატარებს. მისი სამეწარმეო ისტორია კი, ოჯახის მიერ ერთი ძროხის შეძენით იწყება. როგორც აზა გვიყვება, ძროხა იმდენ რძეს იძლეოდა, რომ ოჯახის მოთხოვნილებას აჭარბებდა, რის შემდეგაც მიიღეს გადაწყვეტილება ეწარმოებინათ რძის პროდუქტები და პანკისის ხეობაში, ადგილობრივ მოსახლეობაზე დაეწყოთ რეალიზება.

"ყველის წარმოების რეცეპტი ბებიამ შემასწავლა. ეს რეცეპტი ყველს იდეალურ კონსისტენციასა და სპეციფიკურ გემოს სძენდა, რაც ზრდიდა მომხმარებელთა მოთხოვნას აღნიშნულ პროდუქტზე. მოთხოვნიდან გამომდინარე, მსურდა წარმოების გაფართოება და შესაბამისად, მიღებული მოგებით გავზარდე ძროხების რაოდენობა. მალევე, ჩვენი მცირე ბიზნესი ტურიზმსაც მოვარგე და დავიწყეთ ტურისტებისთვის ადგილზე მასტერკლასების შეთავაზება, რა დროსაც სტუმრებს ყველანაირი რძის პროდუქტის დამზადების პროცესში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას ვაძლევთ. ამ საქმიანობის დასაწყებად, საკმაოდ ძლიერი საფუძველი მქონდა, ვინაიდან ოჯახში მუდამ ვამზადებდი რძის პროდუქტებს და ყოველთვის კარგად გამომდიოდა, ყველას მოსწონდა ირგვლივ", − ამბობს აზა.

ცხადია, სამეწარმეო გზა გამოწვევების გარეშე წარმოუდგენელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე შრომატევად ბიზნესს ეხება. საწყის ეტაპზე, აზა საქონელს ხელით წველიდა, რაც დიდ ფიზიკურ შრომას მოითხოვდა, თუმცა საქმიანობის გაფართოების ეტაპზე, მან სპეციალური საწველი აპარატი და სხვადასხვა ინვენტარი შეიძინა, რამაც ერთი მხრივ გაამარტივა სამუშაო პროცესი, ხოლო მეორე მხრივ, გავლენა იქონია ეფექტურობასა და პროდუქტიულობაზე. აზამ ორგანიზაცია "ლურჯი ალავერდის" დახმარებით მოიპოვა გრანტიც, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდა მასტერკლასების ჩასატარებლად საგანგებო კუთხის კეთილმოწყობა. ასევე, ორგანიზაციის ძალისხმევით, აზას ბიზნესი უკვე Google-ის რუკაზეცაა დატანილი, რაც ტურისტებს ლოკაციის მიგნებას უმარტივებს. აღსანიშნავია, რომ აზა ხანგოშვილის საწარმო ერთ-ერთია იმ 10 "ყველის გზის" ლოკაციიდან, რომელიც საქართველოში პირველად სულ ახლახან დაფუძნდა.

"მინდა აღვნიშნო, რომ პროგრამას YES-Georgia უდიდესი წვლილი მიუძღვის მეწარმეობის კუთხით ჩემს წარმატებაში. მან მომცა მნიშვნელოვანი თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება მეწარმეობის სფეროში და არა მარტო. ამ პროგრამის დახმარებით შევძელი ჩემი უნარების გაუმჯობესება, მოტივაციის ამაღლება და საქმის დაწყება", − აცხადებს აზა ხანგოშვილი, − "სამომავლოდ კიდევ ვაპირებ გაფართოებას. მსურს გავზარდო წარმოება, ასევე ვგეგმავ ღამის გასათენებელი სერვისის დამატებას ტურისტებისთვის, მათთვის სხვადასხვა ტრადიციული კერძების დაგემოვნებისა და მზადების მასტერკლასების შეთავაზებას და საველე გასვლების დამატებას პანკისის ხეობის ულამაზეს გარემოში".

ეკატერინე ხუტკუბია

პროგრამის ბენეფიციარი, სპეციალობით წარმოების მენეჯერი ეკატერინე ხუტკუბია აფხაზეთიდან იძულებით დევნილი პირია, რომელიც ამჟამად მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში ცხოვრობს, სადაც 2018 წლიდან ხილის ჩირს აწარმოებს.

ეკატერინეს ბრენდი − "სქირი" მომხმარებელს ქართული ხილის ნედლეულისგან დამზადებულ ნატურალური ხილის ჩირის ფართო ასორტიმენტს, ტყლაპს, ჩურჩხელებს, ჩირის კანფეტებს და შოკოლადიანი ჩირის სხვადასხვა სახეობას სთავაზობს. როგორც "სქირის" დამფუძნებელი აღნიშნავს, პროდუქცია სრულიად ორგანულია, არ შეიცავს დანამატებს და შენარჩუნებული აქვს ხილში არსებული ვიტამინების 97%, ხოლო ამ ნუგბარის მიღება შეუძლიათ როგორც ბავშვებს (წლის ასაკიდან), ისე ორსულებს, მეძუძურ დედებსა და ასაკოვან ადამიანებს.

ეკატერინე ხუტკუბიას თქმით, მისი საოჯახო ბიზნესი USAID YES-Georgia-ს დახმარებით მნიშვნელოვნად გაფართოვდა და ცნობადი გახდა, ხოლო უახლოეს მომავალში პროგრამის დახმარებით, ახალი საწარმოს მშენებლობაა დაგეგმილი, რომელიც სრულად აღიჭურვება თანამედროვე, მასშტაბის ზრდისათვის აუცილებელი დანადგარებით.

დღესდღეობით, "სქირი" მომხმარებელს განუმეორებელი გემოვნური თვისებებითა და პროდუქციის სიჯანსაღით ხიბლავს, თუმცა სულ მალე ბრენდი ბაზარს კიდევ უფრო მრავალფეროვან არჩევანს შესთავაზებს სრულიად საქართველოს მასშტაბით.

მაია ნარიაშვილი-კაპანაძე

მაია ნარიაშვილი-კაპანაძე გახლავთ დამფუძნებელი ბრენდისა "სახლი ჩალაუბანში", რომელიც კახეთში ტრადიციული ჩურჩხელებისა და თათარისგან დამზადებულ ტრიუფელს აწარმოებს. მისი თქმით, ბიზნესის წამოწყების იდეა გაჩნდა მას შემდეგ, რაც მაიას მეგობარს საზღვარგარეთ წასაღებად ჩურჩხელა დასჭირდა, ხოლო ზაფხულის პერიოდში ამ პროდუქტის პოვნა ძალიან რთული იყო. ამ დროს, მაიამ ოჯახში შენახული ბადაგით თავად დაამზადა ჩურჩხელა და იმდენად კარგი ხარისხი მიიღო, რომ გადაწყვიტა ეს საქმიანობა ბიზნესად ექცია.

"ჩურჩხელის წარმოებას ბავშვობიდან ვადევნებდი თვალს, ვინაიდან კახეთში ვცხოვრობ და ამ საქმიანობაში ბავშვობიდან ვარ ჩართული. ბებიებს და დედას ყოველთვის ვეხმარებოდი ჩურჩხელების დამზადებაში და შესაბამისი გამოცდილებაც მქონდა. მალევე გავაკეთე გვერდი სოციალურ ქსელში, დავუკავშირდი საკურიერო კომპანიას, რათა მომხმარებლამდე პანდემიის დროს კომფორტულად და უსაფრთხოდ მიმეტანა პროდუქტი. თავდაპირველად, მხოლოდ შეკვეთებს ვიღებდი, თუმცა ახლა, ცნობადობის ზრდასთან ერთად, შეკვეთების რაოდენობამ იმდენად იმატა, რომ ჩურჩხელას მარაგით ვაწარმოებთ", − გვიამბობს მაია ნარიაშვილი, − "ვინაიდან ჩურჩხელის გავლებისას მრჩებოდა ბევრი თათარა, მოვიფიქრე სხვადასხვა ინგრედიენტის დამატებით, ახალი თათარის ნუგბარი, რომელსაც ტრიუფელის ფორმა მივეცი და დავარქვი "თათარის ტრიუფელი". ამასთანავე, სპეციალობით ბიოლოგი ვარ კვების პროდუქტების განხრით და კარგად მესმის, რა სახის პროდუქტების კომბინაცია იქნება ადამიანის ჯანმრთელობისათვის სასარგებლო".

"სახლი ჩალაუბანში" სხვადასხვა ფასისა და შემადგენლობის პროდუქციის ფართო ასორტიმენტს სთავაზობს მომხმარებელს, როგორც საქართველოში, ისე საზღვრებს გარეთ მცხოვრებ ემიგრანტებს. გარდა ამისა, მაია მომხმარებელთან უშუალო კომუნიკაციით ცდილობს ფალსიფიცირებული პროდუქციის შესახებ ცნობიერების ამაღლების კუთხითაც იმუშაოს, ვინაიდან, მოგეხსენებათ, ეს ბაზარი საკმაოდ გაჯერებულია და ბევრი მწარმოებელი არაკეთილსინდისიერ ხერხებსაც მიმართავს.

"ყოველდღიურად ვადევნებ თვალს ბაზარზე მოქმედ ჩურჩხელის მსხვილ მწარმოებელ კომპანიებს და ვცდილობ მათ დავეწიო, ყოველდღე განვავითარო ჩემი ბიზნესი. აღსანიშნავია, რომ USAID YES-GEORGIA დამეხმარა საინტერესო და საჭირო ინფორმაციული ტრენინგით, რამაც შემძინა ჩემი ბიზნესის განვითარებისათვის აუცილებელი ცოდნა და უნარები. მათი დახმარებით, ვფიქრობ, სწორად ვვითარდები, საინტერესო და საჭირო პროდუქტს ვქმნი. პროდუქტს, რომელიც ეროვნული ტკბილეულია და იუნესკოს არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული", − აცხადებს მაია, − "სამომავლოდ, მსურს გავაფართოო ჩემი მცირე ბიზნესი და გავაკეთო საწარმო, სადაც ჩურჩხელების, ტრიუფელისა და ჩირის დიდი მასშტაბით წარმოებას შევძლებ, დავასაქმებ შშმ-პირებს და მარტოხელა დედებს. ვეცდები ჩემს პატარა სოფელში მცხოვრებ ადამიანებს გავუჩინო საარსებო წყარო, შევქმნა გემრიელი ნუგბარი და მისი საშუალებით, არა მარტო საქართველოს სახელი გავიტანო ქვეყნის ფარგლებს გარეთ, არამედ ჩემი სოფლის პოპულარიზაციასაც შევუწყო ხელი. საწარმოში, რომელსაც ავამუშავებ, შევძლებ ჩურჩხელის მასტერკლასებზე ტურისტების მასპინძლობას და მოსულ სტუმრებს უკეთ გავაცნობ კახურ სტუმარმასპინძლობას".

ქეთი მელაძე

ჯემებისა და მურაბების მწარმოებელ ბრენდ "ქეთო'ს" დამფუძნებელმა − ქეთი მელაძემ, დამოუკიდებელი ბიზნესის წამოწყება 2020 წელს, პანდემიის პერიოდში გადაწყვიტა. განსაკუთრებული ენთუზიაზმითა და მოტივაციით ანთებულს, ქეთის სურდა ეკეთებინა საქმე, რომელიც მოუტანდა წარმატებას, გააჩენდა შემოსავლის წყაროს და გაამართლებდა, რაც დამფუძნებლის დაუღალავი შრომის წყალობით ახდა კიდეც.

"მთავარი იყო ის, რომ მე ამ ყველაფრის მჯეროდა და ზუსტად ვიცოდი, რას ვაკეთებდი. დავიწყე წიწაკის ჯემების წარმოება ჩემი რეცეპტით. თავდაპირველად მოვამზადე წიწაკის ჯემი კომშით და მწვანე წიწაკის ჯემი ფეიხოთი. ძალიან მომეწონა და გადავწყვიტე, ჩემს მეგობრებს, ნათესავებს, მეზობლებსა და ნაცნობებსაც გაესინჯათ, რათა მათი აზრიც გამეგო. ყველასგან ძალიან დადებითი უკუკავშირი მივიღე, ყველა აღფრთოვანდა იმ "გემოების თამაშით", რომელსაც წიწაკის მურაბა იწვევს. მოგვიანებით, დიდი შრომის შედეგად, ეს წიწაკის ჯემები შევიტანე მაღაზიებში თბილისის მასშტაბით. ამგვარი პროდუქტის გამოჩენამ, მალევე დიდი ინტერესი გამოიწვია საზოგადოებაში და კარგადაც გაიყიდა, რის შემდეგაც დავამატე სხვადასხვა უცხო სახეობის მურაბები და ჯემები, როგორიცაა ჟოლო ტარხუნით, ატამი როზმარინით, მარწყვი ბაზილიკით, ვარდი მოხალული ნიგვზით, ჟოლო წიწაკითა და როზმარინით და ა.შ.", − აცხადებს ქეთი მელაძე.

დღესდღეობით, საქმიანობის დაწყებიდან ორი წლის თავზე, ქეთის პროდუქცია საკმაოდ დიდი ოდენობით იყიდება თბილისის მაღაზიებში, სასტუმრო "შუხმანში" კახეთში და "ბაზარში ორბელიანზე" არსებულ პირად შოურუმში. სულ ახლახან, ქეთიმ მონაწილეობა მიიღო "შატო მუხრანში" გამართულ ფესტივალში MeranoWine Festival და "ქეთო'ს" პროდუქციით საერთაშორისო დონის მეღვინე − პატრიკ ჰონეფი დაინტერესდა, რომელმაც ბრენდთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა და ძალიან მალე "ქეთო'ს" ნაწარმი უკვე "შატო მუხრანში" იქნება წარმოდგენილი.

"წინ დიდი და საინტერესო გეგმები მაქვს. ვაპირებ ქალაქ დუშეთში საწარმოს გაკეთებას, მეტი მომხმარებლის მოზიდვას და პროდუქციის ექსპორტს. უამრავ შეხვედრას ვესწრები, დავდივარ ტრენინგებზე და ვცდილობ გავიღრმაო ცოდნა და გამოცდილება ბიზნესის კუთხით. მათ შორის, აღსანიშნავია USAID YES-Georgia, რომელმაც არაჩვეულებრივი და უნიჭიერესი მეწარმეები გამაცნო. ჩვენ ბევრ რჩევას ვუზიარებთ ერთმანეთს, რაც ყოველდღიურ საქმიანობაში გვეხმარება. დამწყებ მეწარმეებს კი ვურჩევდი, რომ მთავარია გჯეროდეთ იმ საქმის, რომელსაც აკეთებთ. ხშირია ჩავარდნები, თუმცა არ უნდა დანებდეთ, პირიქით − ამან უნდა გაგაძლიეროთ. არ დაგეზაროთ შრომა და არ გადადოთ საქმე მეორე დღისთვის. თავდაუზოგავი შრომა წარმატების საწინდარია", − ამბობს ქეთი მელაძე.

ანა და ნინო ბაჯაძეები

ტყუპმა დებმა − ანა და ნინო ბაჯაძეებმა, USAID YES-Georgia პროგრამის ბენეფიციარებმა, 2019 წელს საკუთარი დამოუკიდებელი საქმიანობის წამოწყება გადაწყვიტეს და იმავე წელს კომპანია Wonder Twins დააფუძნეს. ვინაიდან ორივე მრავალშვილიანი დედა გახლავთ, ამ საქმიანობაში თავიანთი შვილებიც ჩართეს და ბრენდის ამჟამინდელი საქმიანობის მთავარი ინსპირაციაც სწორედ ერთ-ერთი შვილისგან წამოვიდა. თავდაპირველად, დები ქარგვითა და სააღდგომო დეკორაციების დამზადებით იყვნენ დაკავებულნი, თუმცა როდესაც ბავშვებმა დედების ხელსაქმის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული შეამჩნიეს, გაუჩნდათ იდეა, რომ დეკორატიული ხასიათის ნაწარმი ტრადიციული ქართული ნუგბარით − ტყლაპითა და ჩირ-ჩურჩხელით დაემზადებინათ, რომელიც არა მხოლოდ მოსართავად, არამედ დასაგემოვნებლადაც ვარგისი იქნებოდა. სწორედ ასე შეიქმნა Wonder Twins-ის პირველი ნუგბარის თაიგული, რომელსაც მოგვიანებით ჩურჩხელისა და ჩირისგან დამზადებული "საახალწლო ნაძვის ხეები" და "გირლანდები" მოჰყვა.

"საწყის ეტაპზე, ჩვენი პროდუქცია სოციალური ქსელის სივრცეში განვათავსეთ, ხოლო ერთ-ერთი პირველი დაკვეთა ქეითერინგ-ჯგუფისა და სასტუმროებისაგან მივიღეთ. თანდათან, კერძო პირების დაინტერესება და შეკვეთებიც იზრდებოდა, თუმცა ეს მხოლოდ ზამთარში და წინასაახალწლო პერიოდში ხდებოდა. პანდემიამ საგრძნობლად დააგდო ჩვენი განვითარების ტემპი და დღემდე გვიჭირს, უწინდელი გაყიდვების მოცულობას დავუბრუნდეთ. თუმცა, ამის მიუხედავად, დრო ამაოდ არ დაგვიკარგავს − სამომავლო მიზნად დავისახეთ საკუთარი ტყლაპისა და ჩირ-ჩურჩხელის წარმოება. ამისათვის, სახლის პირობებში, ნატურალური ხილისგან ვასხამდით სატესტო ნიმუშებს სხვადასხვა პიკანტური გემოს მისაღებად, რამაც საშუალება მოგვცა განგვესაზღვრა, თუ რა სახის გამოწვევებთან მოგვიწევდა სამომავლოდ გამკლავება", − აღნიშნავს ანა ბაჯაძე.

როგორც დები განმარტავენ, სწორედ წარმოების განვითარების გზაზე აღმოაჩინეს ქალ მეწარმეთა მხარდამჭერი პროგრამა USAID YES-Georgia, გაიარეს ტრენინგები, აიმაღლეს ცოდნის დონე ბიზნესის კუთხით და წარმატების მისაღწევად აუცილებელი სწორი ნაბიჯები განსაზღვრეს. "რაც მთავარია, ეს არ იყო ერთჯერადი ურთიერთობა. ჩვენი საქმიანობით და მიღწევებით პროგრამა დღემდე ინტერესდება და საკუთარ დახმარებას გვთავაზობს. ისინი ხშირად გვეპატიჟებიან სხვადასხვა გამოფენაზე, რაც მნიშვნელოვნად ხელს უწყობს ჩვენი ნაწარმის მიმართ ცნობადობის გაზრდას", − აცხადებენ დები.

რაც შეეხება Wonder Twins-ის სამომავლო გეგმებს, უახლოეს მომავალში დები სრული რებრენდინგის განხორციელებას აპირებენ, რაც ერთგვარი გადატვირთვა იქნება მათი საქმიანობისთვის და გაზრდის როგორც მომხმარებელთა რიცხვს, ისე ცნობადობას ბაზარზე.

აღსანიშნავია, რომ USAID-ის პროგრამა YES-Georgia ხორციელდება ფონდ "კრისტალის" მიერ, USAID-ისა და ქალთა გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით. 2015 წლიდან პროგრამა მხარს უჭერს ახალგაზრდებისა და ქალების მეწარმეობის განვითარებას. მათი მხარდაჭერით, 1700-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა ტრენინგ-კურსები, მათ შორის 90-მა მიიღო სტარტაპ-დაფინანსება; პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდები და ქალი მეწარმეები იღებენ ცოდნასა და საკონსულტაციო მომსახურებას ფინანსების, ბუღალტრულ, საგადასახადო და იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და დამოუკიდებელი საქმიანობის წარმართვის აუცილებელი წინაპირობაა.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia