"ვაინ კახეთი" გლობალურ ბაზარზე პოზიციებს იმყარებს: ქართული ღვინო დღეს არა მხოლოდ აღმოჩენა, არამედ არჩევანია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

2026 წელი "ვაინ კახეთისთვის" საერთაშორისო აქტივობებით დაიწყო, სადაც ერთ-ერთი მთავარი ეტაპი Wine Paris-ის მასშტაბურ გამოფენაში მონაწილეობა იყო. კომპანიამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ქართული ღვინის მზარდი პოტენციალი გლობალურ ბაზარზე და დაადასტურა, რომ ადგილობრივი პროდუქტი უკვე აღარ არის მხოლოდ ნიშური ინტერესი, არამედ ის თანდათან ყალიბდება, როგორც კონკურენტუნარიანი და მოთხოვნადი არჩევანი საერთაშორისო პროფესიულ წრეებში.

Entrepreneur-თან ინტერვიუში "ვაინ კახეთის" დამფუძნებელი და დირექტორი, ლევან ზილფიმიანი საუბრობს გამოფენის შედეგებზე, კომპანიის ტექნოლოგიურ და სამეცნიერო საფუძვლებზე, წარმოების მასშტაბებსა და იმ სტრატეგიულ გეგმებზე, რომლებიც ბრენდს ახალ ბაზრებზე დამკვიდრებისკენ მიუძღვება.

"ვაინ კახეთისთვის" 2026 წელი აქტიურად დაიწყო, რაც მოიცავდა Wine Paris-ის მასშტაბურ გამოფენასაც. დღეს, როცა გარკვეული დრო გავიდა, როგორ შეაჯამებთ ამ გამოცდილებას, რა გამოხმაურება მოჰყვა ქართულ ღვინოს საერთაშორისო ასპარეზზე?

Wine Paris ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენაა და ჩვენთვის ეს იყო არა მხოლოდ მონაწილეობა, არამედ კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ქართული ღვინო გლობალური ინტერესის ეპიცენტრშია. ჩვენი სტენდი მუდმივად სავსე იყო ვიზიტორებით, ჩავატარეთ არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა იმპორტიორებთან, დისტრიბუტორებსა და სომელიეებთან. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო სტუმრების გულწრფელი შეფასებები – აბორიგენული ჯიშებისგან დამზადებული ღვინოები მათთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო. როდესაც ევროპელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ღვინო "მართლაც გამორჩეულია", ეს კიდევ ერთხელ გვიდასტურებს, რომ ჩვენი ხედვა – ტრადიციისა და ინოვაციის სინთეზი – სწორი გზაა.

რა იყო ყველაზე დიდი აღმოჩენა ან მიღწევა თქვენთვის ამ გამოფენაზე?

გაზრდილი ინტერესი და ახალი პროფესიული კონტაქტები. ჩვენი ღვინოები არა მხოლოდ დააგემოვნეს, არამედ დაინტერესდნენ კონკრეტული თანამშრომლობით. დღეს უკვე აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ რამდენიმე ქვეყანასთან. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული ღვინის პოტენციალი საერთაშორისო ბაზარზე მუდმივად იზრდება.

რა არის "ვაინ კახეთის" მთავარი უპირატესობა, რაც თქვენს პროდუქტს კონკურენტუნარიანს ხდის?

ღვინის ხარისხზე ზრუნვას ვიწყებთ არა ქარხანაში, არამედ ვაზის ნერგებიდან – ეს არის ჩვენი ფილოსოფიის საფუძველი.

ჩვენი ვენახები გაშენებულია მსოფლიოში უდიდესი იტალიური სანერგიდან, "რაუშედოდან" ჩამოტანილი უმაღლესი ხარისხის ნერგებით. თუმცა, ჩვენი მთავარი "საიდუმლო" იმ ინსტიტუტის მემკვიდრეობაშია, რომელმაც გადაარჩინა და დაიცვა ქართული ვაზის უძველესი აბორიგენული ჯიშები. ჩვენ არ ვართ მხოლოდ მწარმოებლები, ჩვენ ვართ მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო ინსტიტუტის ტრადიციების გამგრძელებლები; ვინარჩუნებთ მეცნიერთა უნიკალურ გამოცდილებას – ეს არის ცოდნა, რომელიც გვეხმარება, რომ თითოეულ ბოთლში იყოს უმაღლესი ხარისხის ღვინო.

როდესაც კვალიფიციური სპეციალისტების ჩართულობას ემატება ინსტიტუტის საუკუნოვანი სამეცნიერო გამოცდილება და თანამედროვე ტექნოლოგიები, ვიღებთ პროდუქტს, რომელიც არა მხოლოდ კონკურენტუნარიანია, არამედ გამორჩეული თავისი ავთენტიკურობითა და მაღალი ხარისხით.

მაღალი ხარისხი და საერთაშორისო ამბიციები დიდ რესურსს მოითხოვს. რა ტექნოლოგიურ ბაზას ეყრდნობა "ვაინ კახეთი" ამ მიზნების მისაღწევად?

ჩვენი ხედვა თავიდანვე მასშტაბური იყო, ამიტომ თელავში, ისტორიული ინსტიტუტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავაშენეთ რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესი და თანამედროვე ქარხანა, რომელიც სრულად არის აღჭურვილი უახლესი ევროპული ტექნიკით. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩვენი ჩამოსხმის ხაზი, რომლის სიმძლავრეც საშუალებას გვაძლევს, წლის განმავლობაში 10 მილიონამდე ბოთლი ჩამოვასხათ. ეს ჩვენს საექსპორტო პოტენციალს პრაქტიკულად შეუზღუდავს ხდის – შეგვიძლია დავაკმაყოფილოთ ყველაზე დიდი საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნაც კი, ხარისხის სრული გარანტიით.

თუმცა, მხოლოდ ქარხანა არაფერია ნედლეულის გარეშე. ჩვენი მთავარი უპირატესობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საკუთარი, 200 ჰექტარამდე გაშენებული ვენახებია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ნაკვეთები შერჩეულია თითოეული ჯიშისთვის საუკეთესო მიკროზონებში, იქ, სადაც ვაზი თავის მაქსიმალურ პოტენციალს ავლენს.

რაც შეეხება სამომავლო განვითარებას, წარმოება მუდმივად იზრდება, ვაფართოებთ სპირტის სახდელს, რაც მოგვცემს საშუალებას, ჩვენი ასორტიმენტი კიდევ უფრო მრავალფეროვანი და სრულყოფილი გახდეს.

სამომავლო გეგმებზე რომ ვისაუბროთ, როგორია ბრენდის საერთაშორისო განვითარების სტრატეგია?

ჩვენ დიდი ამბიციები გვაქვს. უკვე გავხსენით "ვაინ კახეთის" ოფიციალური წარმომადგენლობა ამერიკის შეერთებულ შტატებში, პენსილვანიის შტატში, ქალაქ ფილადელფიაში. დღეს ჩვენი ღვინო ამერიკულ ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისი შეძენა, მათ შორის, ონლაინაც. ეს მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენი საერთაშორისო განვითარების გზაზე და სტრატეგიული ნაბიჯი ამერიკაში პოზიციების გასამყარებლად.

გარდა ამისა, აქტიურად ვგეგმავთ ევროპულ და აზიურ ბაზრებზე შესვლას. ჩვენი მიზანია, "ვაინ კახეთი" გახდეს ქართული ხარისხის სავიზიტო ბარათი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ვაპირებთ, მონაწილეობა მივიღოთ ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენაში, რათა მსოფლიოს კიდევ უფრო ახლოს გავაცნოთ ჩვენი უნიკალური ენოთეკა და ისტორია. გვინდა, რომ "ვაინ კახეთი" იყოს წარმოდგენილი ყველა იმ ბაზარზე, სადაც აფასებენ უნიკალურობას, ხარისხსა და ისტორიას.

როგორ ხედავთ ქართული ღვინის მომავალს გლობალურად?

ძალიან ოპტიმისტურად. მსოფლიო სულ უფრო მეტად აფასებს უნიკალურ ტერუარებსა და ისტორიას, და საქართველოს აქვს 8000-წლიანი უპირატესობა.

დღეს უკვე ნათელია, რომ ქართული ღვინო აღარ არის მხოლოდ აღმოჩენა, ის ხდება არჩევანი. ჩვენი მიზანია, ვიყოთ იმ ბრენდებს შორის, რომლებიც ხარისხითა და სტაბილურობით ამ ნდობას გაამყარებენ. "ვაინ კახეთი" ამ გზაზე ერთ-ერთი ლიდერი იქნება.

ჩვენ გვჯერა, რომ სწორ სტრატეგიასთან, ინოვაციასა და ხარისხის შენარჩუნებასთან ერთად, ქართული ღვინო გლობალურ ბაზარზე უფრო ძლიერ პოზიციას დაიკავებს.