Join our Waitlist for Expert Advice!

ვენჩურული კაპიტალი - საქართველოს უნიკალური შანსი, გახდეს რეგიონის ფინანსური ჰაბი გვყავს თუ არა ვენჩურული კაპიტალისტები საქართველოში?

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ლაშა ღუღუნიშვილი

თბილისიდან 3-საათიანი ფრენის რადიუსში ცხოვრობს 600 მილიონი ადამიანი, საქართველოს კი შეუძლია ფინანსური ცენტრის ფუნქცია შეასრულოს.

დააფინანსე საქართველოს მომავალი

საქართველოს ვენჩურული კაპიტალის ასოციაცია (GVCA) 2017 წელს შეიქმნა, როგორც "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის" მორიგი, ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომლის მიზანია საქართველოში დაფინანსდეს გლობალური პოტენციალის მქონე ტექნოლოგიური სტარტაპები.

ამისათვის, ერთი მხრივ უნდა მოხდეს ვენჩურული ფონდის დაფუძნება $15 მილიონამდე საწყისი კაპიტალით, მეორე მხრივ − მსოფლიო ვენჩურული კაპიტალის მექადან − "სილიკონის ველიდან" ცნობილი და გამოცდილი ვენჩურული კაპიტალისტების მოზიდვა. მესამე − რეგიონიდან საუკეთესო ინოვაციური პროექტები და სტარტაპები უნდა მოვიზიდოთ.

პარალელურ რეჟიმში, აქტიურად უნდა ვიმუშაოთ რეგიონული კაპიტალური ბაზრის განვითარებისთვის.

რატომ გადაწყვიტა კომპანიამ აღნიშნულ დარგში შესვლა?

ვენჩურული კაპიტალი არის დარგი, რომელსაც შეუძლია ქვეყნის ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის უნიკალური დარგი, რომლის განვითარება ქვეყანაში ხელს უწყობს ეკონომიკის რიგი დარგების ზრდასა და განვითარებას.

"ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" დაარსების დღიდან ინვესტირებას ახორციელებს და ქმნის კომპანიებს იმ დარგებში, რომელთა განვითარებაც ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. კომპანიისთვის მთავარი პრიორიტეტია მაღალი საექსპორტო პოტენციალის მქონე და ტექნოლოგიური დარგების განვითარების ხელშეწყობა, რომელიც განვითარებულ კაპიტალურ ბაზართან ერთად ქვეყნის რეგიონულ ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

ასოციაციის მენეჯმენტს მიაჩნია, რომ ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე სწორედ განვითარებული ვენჩურული კაპიტალია ის პრიორიტეტული დარგი, რომელიც გამოიწვევს სტრატეგიულად პოზიტიურ ძვრებს ეკონომიკაში. რასაც მოჰყვება ეკონომიკის მდგრადი განვითარება, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა, მნიშვნელოვან საერთაშორისო რეიტინგებში დაწინაურება, გლობალური კონკურენტუნარიანობის ზრდა, მოსახლეობის დასაქმება, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა და გრძელვადიანი ეკონომიკური დოვლათის შექმნა.

რეგიონის ვენჩურული კაპიტალის ცენტრი, კაპიტალის განვითარებულ ბაზართან ერთად ის დიდი საფუძველია, რომელიც წლების განმავლობაში სტაბილურად მოახდენს ეკონომიკის მაღალ ნიშნულებში ზრდას.

ვენჩურული კაპიტალი − ტერმინი აღნიშნავს ინვესტორის მიერ გრძელვადიანი ინვესტიციის განხორციელებას პოტენციურად წარმატებულ სტარტაპში. ასეთია ტერმინის მოკლე და მშრალი განმარტება. რეალურად კი, ვენჩურული კაპიტალის კომპანიების მთავარ მიზანს არა მხოლოდ განხორციელებული ინვესტიციის დროის მოცემულ მომენტში ამოგება, არამედ ინვესტირებული კომპანიის იდეის, კონცეფციისა და პროდუქტის/სერვისის განვითარება წარმოადგენს.

გვყავს თუ არა ვენჩურული კაპიტალისტები საქართველოში? როგორ და ვის უნდა გაუჩინონ სტარტაპებმა ინვესტირების ინტერესი? და რეალურად, ვინ ვის ეხმარება − ინვესტორი სტარტაპს, თუ სტარტაპი ინვესტორს?

ამ კითხვებზე პასუხს აიეტ კუკავა, საქართველოს ვენჩურული კაპიტალის ასოციაციის თავმჯდომარე გასცემს.

თუმცა, პასუხებამდე ყველაფერს ქრონოლოგიურად მივყვეთ.

რა არის ვენჩურული კაპიტალი?

ტერმინი ინგლისური სიტყვიდან Venture მომდინარეობს, რომელიც ერთი მხრივ საწარმოს, მეორე მხრივ კი, რისკს აღნიშნავს.

ვენჩურული კაპიტალის ცნება ამერიკის შეერთებულ შტატებში გასული საუკუნის 40-იან წლებში გაჩნდა, ევროპაში კი 1970-იან წლებში დაიწყო განვითარება. ვენჩურულ ინვესტორთა მიზანი დამწყები, პერსპექტიული ახალგაზრდების აღმოჩენაა, მათ სტარტაპკომპანიებში ფინანსების დაბანდება და გრძელვადიანი მოგების (საშუალოდ, 10 წელიწადი) გათვლა. რეალურად, ვენჩურული კაპიტალი პარტნიორობისგან უმნიშვნელოვანესი ფაქტორით განსხვავდება − ვენჩურული კაპიტალის კომპანიისთვის პრიორიტეტი სტარტაპის იდეების, პროდუქტებისა და სერვისების საჭიროებაა. შესაძლებელია განვითარების არა მოცემულ ეტაპზე, არამედ სამომავლოდ, პერსპექტივაში. ინვესტირებული კომპანიის მიღწევებმა ინვესტორის საქმიანობა უნდა გაამარტივოს, გახადოს მოდერნიზებული, ხელი შეუწყოს ხარჯების შემცირებას, ან წარმოების პროცესს. რამდენ სფეროში მომუშავე ვენჩურული კაპიტალის კომპანიაც არსებობს, იმდენივე და მეტ სტარტაპს აქვს შანსი დაფინანსდეს და იდეები რეალობად აქციოს.

შეერთებული შტატების მაგალითი

პირველი ვენჩურული კაპიტალის კომპანია American Research and Development Corporation ჯორჯ დორიოტმა (George Doriot) 1946 წელს ჩამოაყალიბა. კომპანიამ 3.5 მილიონი დოლარი მოიზიდა, საიდანაც 1.8 მილიონი ისეთი ინსტიტუციური ინვესტორებისგან მომდინარეობდა, როგორებიც არიან MIT, University of Pennsylvania and Rice Institute.

America Online, Compaq, Hotmail, Intel, Skype და Xerox − ეს იმ კომპანიების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ვენჩურული კაპიტალის შედეგად დაფუძნდნენ.

შეერთებული შტატები ტრადიციულად ინარჩუნებს დომინანტურ პოზიციას მსოფლიოში ვენჩურული კაპიტალის სფეროში. აშშ-ს აქვს მეწარმეობის პოლიტიკის უნიკალური ნაზავი და გამოცდილი კვლევები, რომელთაც ანალოგი მთელი მსოფლიოს მასშტაბით არ გააჩნიათ. ბოლო კვლევის მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატები ვენჩურული კაპიტალის კომპანიათა 72%-ის სამშობლოა.

ბოლო დროის სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ ვენჩურული კაპიტალის კომპანიების წვლილი ეკონომიკის განვითარებაში უდიდესია.

მაგალითად:

  • შტატებში ვენჩურული კაპიტალის კომპანიების დახმარებით შექმნილი კომპანიები 10 მილიონ სამუშაო ადგილს ქმნიან;
  • წლიდან დღემდე მათ მიერ შექმნილი პროდუქტების/სერვისების გაყიდვების საერთო ღირებულება 1,8 ტრილიონ დოლარს შეადგენს;
  • ასაქმებენ შეერთებულ შტატებში დასაქმებულთა 9,4%-ს;
  • შტატებში არსებული წლიური გაყიდვების 9,6% სწორედ მათ პროდუქტებზე/სერვისებზე მოდის.

გასათვალისწინებელია ასევე KPMG-ის (გლობალური ქსელი ინოვაციური ინიციატივებისთვის) Q4'17 ანგარიში, რომლის მიხედვითაც ვენჩურული, იგივე სარისკო კაპიტალის მიერ განხორციელებულმა ინვესტიციამ 2017 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, 24.5 მილიარდ დოლარს მიაღწია. 2017 წლის ბოლო სამი კვარტალი აშშ-ში განსაკუთრებით აქტიური იყო, ყოველ კვარტალში ვენჩურული კაპიტალის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 20 მილიარდ დოლარს აღემატებოდა.

ვენჩურული კაპიტალის კომპანიები ფუნქციონირებენ ნებისმიერ დარგში − დაწყებული საინფორმაციო და კომპიუტერული ტექნოლოგიებით, და ფარმაკოლოგიითა და ბიოტექნიკით დასრულებული.

  • რომ 2016- 2017 წლებში ფარმაკოლოგიურ და ბიოტექნოლოგიურ დარგებში ვენჩურული კაპიტალის ინვესტიციების წლიური ზრდა მოხდა და 12.2 მილიარდი დოლარიდან 16.6 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
  • წლებში ხელოვნური ინტელექტისა და მანქანათმცოდნეობის დარგებში ინვესტიციის რაოდენობა გაორმაგდა და 12 მილიარდი დოლარი შეადგინა.

აშშ-ის ვენჩურული კაპიტალის ეროვნული ასოციაცია (NVCA) ვენჩურული კაპიტალის ცნებას შემდეგნაირად განმარტავს:

"კაპიტალი, უზრუნველყოფილი ამ სფეროს პროფესიონალებით, რომლებიც მენეჯმენტის განხრით ეხმარებიან კონკურენტუნარიან და მნიშვნელოვანი პოტენციალის მქონე ახალგაზრდა, სწრაფად განვითარებად კომპანიებს".

ევროპის მაგალითი

ვენჩურული კაპიტალის განვითარება ევროპაში ამერიკულსა და აზიურს საგრძნობლად ჩამორჩება, თუმცა დადებითი დინამიკა ამ შემთხვევაშიც შესამჩნევია.

2013-იდან 2018 წლამდე ვენჩურულ კაპიტალში ინვესტირების მოცულობა რეკორდულად − 4-ჯერ გაიზარდა ევროპის ბაზარზე და 23 მილიარდი ევრო შეადგინა. ეს მაჩვენებელი აშშ-სა და აზიაში 130 მილიარდი დოლარია. ამასთან, ევროპული ქვეყნების მთავრობები მიიჩნევენ, რომ ვენჩურული კაპიტალი არის მთავარი შესაძლებლობა, შექმნან ევროპული გლობალური კორპორაციული ლიდერები.

2018 წელს ევროსაბჭომ და ევროპის საინვესტიციო ფონდმა 410 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელეს ახალ ინიციატივაში VentureEU, რომლის მეშვეობითაც დაარსდა 6 ევროპული ვენჩურული კაპიტალის ფონდი.

ისრაელის მაგალითი

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ისრაელში სტარტაპეკოსისტემა წინ ელვის სისწრაფით მიიწევს, სოფლის მეურნეობის სფეროში სპეციალიზებულ კომპანიებს ტექნოლოგიურ და ინდუსტრიულ საერთაშორისო ცენტრად გარდაქმნისთვის ათწლეულები დასჭირდათ.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 1974 წელს ისრაელის მთავრობის ინიციატივით შეიქმნა "წამყვანი მეცნიერების ოფისი". მიზანი მაშინაც და დღემდე ისრაელის მეცნიერებისა და ტექნიკური ინდუსტრიების განვითარების გზით მეწარმეობის წახალისება და ეკონომიკური ზრდის სტიმულირება იყო. ამ ინიციატივის ფარგლებში შეიქმნა სხვადასხვა ტიპის ტექნოლოგიური ინკუბატორები და სტარტაპების დაფინანსების პროგრამები. 2016 წელს ოფისს სახელი შეეცვალა და დღეს ის ისრაელის ინოვაციების სააგენტოს სახელით აგრძელებს არსებობას.

1985 წელს ისრაელში პირველი ვენჩურული ფონდი − Athena Venture Partners შეიქმნა, რომლის დამფუძნებლებიც იყვნენ Dan Tolkowsky, Dr. Gideon Tolkowsky და ამერიკელი ვენჩურული კაპიტალისტი Frederick R. Adler. სწორედ ამ უკანასკნელის იდეა იყო, ისრაელის მაღალტექნოლოგიური კომპანიების აქციები NASDAQ-ზე ყოფილიყო წარმოდგენილი.

1993 წელს, შიმონ პერესის ინიციატივით, მთავრობამ გადაწყვიტა აქტიურად ჩართულიყო ადგილობრივი ანტრეპრენერებისთვის ინვესტიციების მოზიდვაში. ამ მიზნით შეიქმნა პროგრამა Yozma, რომლის ფარგლებშიც მთავრობა საკუთარ თავზე იღებდა ინვესტირების რისკს და ყველანაირ სარგებელს ინვესტორს უთმობდა. გარდა ამისა, Yozma ინვესტორებს მნიშვნელოვან საგადასახადო შეღავათებს სთავაზობდა. მიუხედავად იმისა, რომ ვენჩურული ფონდი ჯერ კიდევ 1980-იან წლებში დაარსდა, Yozma-მ სრული გარდატეხა მოახდინა ისრაელის ვენჩურული კაპიტალის განვითარების საქმეში. 1991 წლიდან 2000 წლამდე, ქვეყნის ვენჩურული კაპიტალის ინვესტიციები 58 მილიონი დოლარიდან 3 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

დღესდღეობით ისრაელში 70 აქტიური ვენჩურული კაპიტალის და 220 საერთაშორისო ფონდი საქმიანობს და მათი რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.

2019 წლის მონაცემებით, ისრაელში მოქმედი კომპანიები ამერიკულ კომპანიებზე მეტად პოპულარულები არიან.

2014-2018 წლებში ისრაელში სტარტაპები 140%-ით, ხოლო აშშ-ში ინვესტიციები ტექნოლოგიურ სტარტაპებში 64%-ით გაიზარდა. მეტიც − ბევრი ამერიკული კომპანია იმდენად დაინტერესებულია ისრაელის სტარტაპებით, რომ ხშირ შემთხვევაში ახორციელებს ამ კომპანიების შესყიდვას. საბოლოო ჯამში, სტარტაპების ზრდამ და ვენჩურული კაპიტალის განვითარებამ, ისრაელი აქცია "საუკეთესო გამყიდველად" − კომპანია Mellanox-ის შესყიდვა ამერიკული ტექნოლოგიული უმსხვილესი კორპორაციის Nvidia Corporation-ის მიერ 6.9 მილიარდ აშშ დოლარად ბოლო დროის ერთ-ერთი უმსხვილესი გარიგებაა.

ევროპულმა სტარტაპებმა, ევროპულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანიებმა და ისრაელის სტარტაპებმა ერთობლივად 2018 წელს საერთო ჯამში 28 მილიარდი ევრო მიიღეს. ვენჩურული კაპიტალის ინვესტირების კუთხით, ევროპული ქვეყნების შემდეგ, რომლებიც პირველ სამეულს შეადგენენ, ისრაელი მე-4 ადგილს იკავებს მსოფლიოში.

SILICON VALLEY-ის მაგალითი

Silicon Valley კალიფორნიაში მდებარეობს და ახალი ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიური სტარტაპების ნამდვილი მექაა.

ტერმინი ამ რეგიონში სილიკონისგან დამზადებული ჩიპების გამომგონებელთა და მწარმოებელთა დიდმა რაოდენობამ წარმოშვა. დღეისათვის, სახელწოდება "სილიკონის ველი" ამერიკის მაღალტექნოლოგიური სექტორის სინონიმად აღიქმება. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-სა და ზოგადად, მთელ მსოფლიოში, უამრავი მაღალ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ეკონომიკური ცენტრი წარმოიშვა, "სილიკონის ველი" მუდამ რჩება ტექნოლოგიური ინოვაციების მთავარ ჰაბად.

"სილიკონის ველი" არის ბაზა, სადაც წარმოიშვა და განვითარდა ვენჩურული კაპიტალი აშშ-ში. ყველა ევროპული ტექნოლოგიური სტარტაპისა და კომპანიისთვის სან-ფრანცისკოს უკვე კარგად ჩამოყალიბებულ ეკოსისტემაში მოხვედრა პრიორიტეტული ამოცანაა, თუმცა ბოლო წლებში ტენდენციები იცვლება და ვენჩურული კაპიტალის კომპანიები საქმიანობას საკუთარ ქვეყანაში აგრძელებენ.

სწორედ პირველი ვენჩურული ინვესტიციების დამსახურებაა მსოფლიოში ისეთი დიდი კომპანიის გაჩენა, როგორიცაა Google.

"სილიკონის ველზე" განთავსება სტრატეგიულ მიზნად იქცა მაღალ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული კომპანიებისთვის. აქ თავს იყრის ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Facebook, Cisco, Yahoo!, Oracle, Apple, Adobe Systems, eBay, Intel, Twitter და ა.შ.

გარდა იმისა, რომ აქ მიიღება მსოფლიოში უმნიშვნელოვანესი ტექნოლოგიური გამოგონებები, "სილიკონის ველი" ცნობილია ინკუბატორებისა და ბიზნესის ხელშემწყობი აქსელერატორების დიდი რაოდენობით. აქ შეხვდებით მსოფლიოში უძლიერეს ბიზნესინკუბატორებს, მათ შორის: Y Combinator, TechStars, 500 Startups, DreamIt Ventures, AngelPad, Launchpad LA, Excelerate Labs და ა.შ. რეგიონში ყოველწლიურად ათასობით სტარტაპი გადის აქსელერაციის პროგრამებს.

საქართველოს პერსპექტივები

რა შუაშია აქ საქართველო? როგორც ხედავთ, ვენჩურული კაპიტალის კომპანიების არსებობა ქვეყნის განვითარებას არათუ ხელს უწყობს, არამედ ხშირად ეკონომიკური წინსვლის ლოკომოტივია.

აიეტ კუკავა "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის" დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. 2017 წელს მისი ინიციატივით საქართველოს ვენჩურული კაპიტალის ასოციაცია (GVCA) შეიქმნა. ასოციაციის მთავარ მიზანს ვენჩურული კაპიტალის კომპანიების საქართველოში მოზიდვა წარმოადგენს.

"საქართველო ვენჩურული კაპიტალისტებისთვის სასურველი ბაზარია. აქ გადასახადები დაბალია, ცხოვრების დონე − საშუალოზე მაღალი. ამ ყველაფერს კი ის ფაქტორი ემატება, რომ მაგალითად, Silicon Valley-ზე სტარტაპკომპანიის განვითარება, ბიზნესის მართვა მეტ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. კომპანიას 4-ჯერ ძვირი უჯდება ბიზნესისა და გუნდის შენახვა, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპაში. შესაბამისად, საქართველოსთვის უნიკალური შანსი იქმნება. კომპანიებს, რომლებიც საქართველოში ისურვებენ ბიზნესის გადმოტანას, ოპერირება გაუმარტივდებათ. მაგალითად, თუკი Silicon Valley-ზე აღმასრულებელი დირექტორის წლიური ანაზღაურება 2 მილიონ დოლარს შეადგენს, საქართველოში შესაძლებელია 300 000 დოლარი დაჯდეს", − აცხადებს იდეის ავტორი. იყო დრო, როცა მსოფლიოს ინდუსტრიულად განვითარებული ქვეყნებიდან ბევრი საწარმოს გადატანა ჩინეთში მოხდა, რათა მათი კონკურენტუნარიანობა დაბალი თვითღირებულებით გაზრდილიყო.

ახლა მსგავსი ტრენდი მეორდება უფრო მაღალტექნოლოგიურ დარგში და საქართველოს აქვს უნიკალური შანსი, ტალღის ქიმზე მოექცეს.

საქართველოს, როგორც ვენჩურული კაპიტალის კომპანიებისთვის საინტერესო ბაზრის მიმზიდველობას, ფაქტორების ერთობლიობა განაპირობებს: ბიზნესის კეთების სიიოლე და სიიაფე, დაბალი გადასახადები, იაფი მუშახელი, გეოგრაფიული მდებარეობა. "ჩვენი ქვეყნის გარშემო 3 საათის მანძილზე 600 მილიონი ადამიანი სახლობს, სადაც ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება. საქართველოში ესმით ინგლისური და რუსული ენა, რეგიონში ყველაზე სასურველი კლიმატური პირობებია. შესაბამისად, კომპანიებისთვის აქაურობა პერსპექტიულ მდებარეობად მიიჩნევა. ვენჩურული კაპიტალის კომპანიების განვითარება, თავის მხრივ, უამრავი სფეროს წინსვლას გამოიწვევს − აუდიტორული, იურიდიული კომპანიები, საბანკო თუ მომსახურების სფერო პროექტების დაწყებისთანავე ბევრად სწრაფად გაიზრდება, ასევე გაიზრდება მოთხოვნა, კონკურენცია", − განმარტავს საქართველოს ვენჩურული კაპიტალის ასოციაციის ხელმძღვანელი.

ვენჩურული კაპიტალის კომპანიები გრძელვადიანი ინვესტირებით ავითარებენ რევოლუციურ, ინოვაციური იდეების მქონე ახალ, დამწყებ ბიზნესებს, რაც კონკრეტულ ქვეყნებში ბევრი დარგისთვის ძლიერი ბიძგის მიმცემია. მათი ინვესტიცია, უმთავრესად, ვენჩურული კაპიტალის გლობალურ ბაზარზე საკუთარი პოზიციის განმტკიცებას ემსახურება მუდმივად ცვალებად და დინამიკურ გარემოში, რომელშიც ინოვაცია და სიახლე ყველაზე მეტად ფასობს.

გეგმა გრძელვადიანია, ვენჩურული კაპიტალის სფეროს განვითარება კი რთული, თუმცა − პერსპექტიული პროცესი. "ვენჩურული კაპიტალით პროექტების დაფინანსება არაერთი საწარმოს გაფართოებას გამოიწვევს, რაც დასაქმებულთა მაჩვენებელზე აისახება. შედეგად, მივიღებთ მომწოდებლებისა თუ საშუამავლო მომსახურე რგოლის შემოსავლების ზრდას. გაიზრდება მოთხოვნა და შემოსავლები საბროკერო-საშუამავლო, აუდიტორული, იურიდიული, კვლევითი თუ სხვა დამხმარე კომპანიებისთვის. საბოლოო ჯამში კი განვითარებული კაპიტალის ბაზრები ხელს შეუწყობს კონკურენტუნარიანობის წარმოქმნას, ბიზნესის გამჭვირვალობას, სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებას.

საქართველოში ვენჩურული კაპიტალის განვითარება პირდაპირპროპორციულია ქვეყანაში შემდეგი მიმართულებების განვითარებასთან:

  • უცხოური ინვესტიციების მოზიდვა;
  • საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის ზრდა;
  • და მაღალტექნოლოგიური პროექტების განვითარება და დარგების აღმოჩენა;
  • კომპანიების/ბიზნესის ადგილობრივი და საერთაშორისო შემოსავლების ზრდა;
  • სამუშაო ადგილების შექმნა და ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა;
  • კადრზე მოთხოვნის ზრდა;
  • პროგრესის ხელშეწყობა;
  • მწარმოებლურობის ზრდა;
  • ხელფასების მაჩვენებლის ზრდა.

საწყისი წერტილი

ვენჩურული კაპიტალის ცნების ამოსავალი წერტილი ახალგაზრდა, ინოვაციური, "მომავლის" პროექტებია, რომელთაც შეუძლიათ არა მხოლოდ მომგებიან ბიზნესებად ჩამოყალიბდნენ, არამედ განავითარონ და თავდაყირა დააყენონ დარგი, რომელშიც საქმიანობენ. ასეთი კომპანიები გრძელვადიანი ინვესტიციის მოლოდინში წლების წინ უამრავ დროს ატარებდნენ, თუმცა აიეტ კუკავას აზრით, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შექმნამ სურათი სრულიად შეცვალა: გააჩინა პერსპექტივა, ინოვატორები კი პოტენციურ ინვესტორებთან დააკავშირა; სტარტაპებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან საშუალება მისცა, საკუთარი იდეა რეალობად ექციათ, მოეპოვებინათ დაფინანსება.

"ახლა საქართველოში ოქროს მომენტი დგას. GITA-სა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობა საქართველოში ვენჩურული კაპიტალის გასავითარებლად კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ჩვენი მოსაზრების სისწორეში. გვჯერა, რომ ვენჩურული კაპიტალის კომპანიების საქართველოში შემოსვლა რამდენიმე წელიწადში სრულიად შეცვლის სურათს − გააჩენს სამუშაო ადგილებს, განავითარებს დასაქმების ბაზარს, საბანკო დარგს. ამ ეტაპზე საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB-ს შეადგენს, ეკონომიკის განვითარება კი მის ზრდას გამოიწვევს. შედეგი მარტივად რომ აღვწეროთ, თუკი ეროვნული ბანკი სესხს 2%-ში გასცემდა, რიცხვი 0.25%-მდეც კი შეიძლება დავიდეს, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში რეგიონის ბანკები მოვლენ სესხის ასაღებად".

საქართველოს ვენჩურული კაპიტალის ფონდი

საქართველოს ვენჩურული კაპიტალის ასოციაცია კერძო ინიციატივით შექმნილი ორგანიზაციაა, კონკრეტულად გაწერილი მისიითა და მიზნებით. საქართველოს ვენჩურული კაპიტალის ფონდის მმართველობას უზრუნველყოფს აშშ-ისა და ევროპის წამყვანი და გამოცდილი ვენჩურული ინვესტორები, რომლებიც აშშ-სა და ევროპაში მართავენ ვენჩურული კაპიტალის ფონდებს და წარმოადგენენ ისეთ ტიტულოვან კომპანიებს, როგორებიცაა სილიკონის ველი და ევროპის წამყვანი ვენჩურული ფონდები.

რა იქნება ფონდის საქმიანობა, სარგებელი კორპორაციული და ინდივიდუალური წევრებისთვის

ვენჩურული კაპიტალის ფონდი იქნება ფონდის კერძო და კორპორაციულ ინვესტორთა ინვესტიციების განმკარგველი და ამ ფონდის მიზანი იქნება ინოვაციურ და მაღალტექნოლოგიურ სტარტაპებში ინვესტირების განხორციელება. კერძოდ, იმ კომპანიებში, რომლებიც ხასიათდებიან ზრდის მაღალი პოტენციალით.

ფონდის მიზანია დაეხმაროს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს საინვესტიციო შესაძლებლობების აღმოჩენაში. GVCA ქმნის ეფექტურ პლატფორმას ინვესტორებისთვის, ბიზნესკომპანიებისთვის და ფიზიკური პირებისთვის, რომელთაც აქვთ ინოვაციური იდეა, რათა განახორციელონ ინვესტირება ამა თუ იმ ბიზნესპროექტში და/ან გაზარდონ არსებული კაპიტალი.

ვენჩურული კაპიტალის ფონდი საზოგადოებისთვის, მეწარმეებისთვის

ფიზიკურ პირებს, რომლებსაც აქვთ პროექტი/იდეა და ამ იდეის გასახორციელებლად სჭირდებათ კაპიტალი, ფონდი მზად არის დაეხმაროს აღნიშნული კაპიტალის მოძიებაში.

ვენჩურული კაპიტალის ფონდი ბიზნესისთვის

  • უპირატესობის ზრდა − ინოვაციურ და ტექნოლოგიურ სიახლეებსა და საინვესტიციო პროექტებზე წვდომა შესაძლებლობას მისცემს კომპანიებს პირველებმა განახორციელონ ინვესტიციები ინოვაციურ ბიზნესებში, როგორც არსებულ, ასევე მომიჯნავე და ახალ დარგებში;
  • ადგილობრივი და საერთაშორისო შემოსავლების ზრდა;
  • კაპიტალის ფონდი დაეხმარება კომპანიებს დააფუძნონ და განავითარონ საკუთარი ფონდები.

ვენჩურული კაპიტალის ფონდი ინვესტორებისთვის

  • შესაძლებლობა ექნებათ პირველებმა გაიგონ ინოვაციური და ტექნოლოგიური იდეების შესახებ, დააფინანსონ იდეა და გახდნენ მომავალი წარმატებული ბიზნესის მფლობელები.

საქართველოს ვენჩურული კაპიტალის ფონდის პარტნიორები იქნებიან:

ქრის ბარი

გლობალური გამოცდილების მქონე ანტრეპრენერია. მონაწილეობა აქვს მიღებული ათასამდე კომპანიის დაფინანსებაში და ფლობს მუშაობის გამოცდილებას 30-ზე მეტი ქვეყნის მასშტაბით. 2010 წლიდან ბარი უზიარებს "სილიკონის ველის" გამოცდილებას მეწარმეებს მთელ მსოფლიოში. ის US Market Access Center–ის და A3 Global Collider–ის თანადამფუძნებელი გახლავთ. ასევე, 1000-ზე მეტი სტარტაპის ტრენერი და მენტორი 25-ზე მეტ ქვეყანაში.

ბილ რაიჰართი

"სილიკონის ველისა" და Garage Technology Ventures-ის თანადამფუძნებელი და მმართველი

დირექტორი, ჩერჩილის კლუბისა და VC Taskforce-ის მცირე გრანტთა მრგვალი მაგიდის თავმჯდომარე, Garage.com-ისა და ნიუ-იორკში საგარეო ურთიერთობათა საბჭოს წევრი. 1998 წელს ბილ ჰაირათმა დააფუძნა კომპანია გაი კავასაკისთან ერთად. მან წარმატებული ინვესტიციები განახორციელა კომპანიებში, რომლებიც მყარი აპარატურისა თუ პროგრამული უზრუნველყოფის წარმოებას ეწეოდნენ. არის მეწარმე, ვენჩურული კაპიტალისტი, მენტორი, სპიკერი, მრჩეველი, ლექტორი.

ჯონათან თაუერი

გლობალური ვენჩურული კაპიტალის პლატფორმის, Catapult-ის გენერალური პარტნიორი, რომელიც დაფუძნებულია Silicon Valley-ში. ჯონათან თაუერმა 220 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა 20-ზე მეტ კომპანიაში სამი ძირითადი მიმართულებით: მომხმარებელი (ელექტრონული კომერცია), საწარმო (პროგრამა, მომსახურება) და სასაზღვრო ტექნოლოგიები (ხელოვნური ინტელექტი/მონაცემები/ რობოტები და ა.შ.).

სტივ ადელმანი

"სილიკონ ველი", Nexus Partners-ის დამფუძნებელი და მმართველი დირექტორი. 20 წელზე მეტია აფასებს და ინვესტირებას ახდენს ადრეულ ეტაპზე არსებულ კომპანიებში, მართავს კორპორაციული მეწარმეობის კაპიტალს Reuters-ში, Novell-სა და Palm-ში.

რონალდ ვაიზმანი

"სილიკონ ველი", Angel Capital Association-ის დირექტორთა საბჭოს წევრი, Band of Angels-ის თავმჯდომარე, ინვესტიციებსა და აღმასრულებელ მენეჯმენტში 25-წლიანი გამოცდილებით. რონალდმა ინვესტიცია განახორციელა 60-ზე მეტ კომპანიაში და კონსულტაცია გაუწია 25-ზე მეტ კერძო კომპანიას.

საქართველოს ვენჩურული კაპიტალის დამფუძნებლები არიან:

აიეტ კუკავა

2005 წელს, აიეტ კუკავამ დააარსა "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" და მას შემდეგ "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის" და მისი შვილობილი კომპანიების აღმასრულებელი დირექტორის ფუნქციას ასრულებს.

"ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის" დაარსებულია ქვეყნისთვის ისეთი მნიშვნელოვანი კომპანიები, რომლებიც საკვანძო როლს ასრულებენ მნიშვნელოვანი დარგების განვითარებაში.

"კრედიტინფო საქართველო" დაფუძნდა 2004 წელს და საბანკო-საფინანსო სფეროს მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა;

ბიზნესინფორმაციის კომპანია "ბია" დაარსებულია 2002 წელს და ათიათასობით ადგილობრივ კომპანიას გაუადვილა ინვესტორებისა და პარტნიორების მოზიდვა;

საინვესტიციო და M&A ტრანსაქციების კომპანია "ალიანს ჯგუფი კაპიტალი", რომლის მეშვეობითაც საქართველოში რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ტრანსაქცია განხორციელდა;

მიმდინარე წლის სექტემბერში გაიხსნა ფინური საერთაშორისო სკოლა, რომლის მიზანია ქვეყანაში შემოიტანოს მსოფლიოში ლიდერად აღიარებული ფინური განათლების მოდელი, რომელიც ჩვენს მომავალ თაობას განუვითარებს ანალიტიკურ, ინოვაციურ აზროვნებას და კერძო სასკოლო განათლებაში კონკურენციას მნიშვნელოვნად გაზრდის.

ამჟამად, ბატონი აიეტ კუკავა საქართველოს ვენჩურული კაპიტალის თავმჯდომარეა. დარგის წარმომადგენლებთან ერთად, მან ასევე საფუძველი ჩაუყარა სალიზინგო და მიკროსაფინანსო ასოციაციების დაარსებას. ასევე იკავებდა საერთაშორისო მიკროსაფინანსო ცენტრის (პოლონეთი, ვარშავა) ერთ- ერთი დირექტორის პოზიციას. 1997 წელს მუშაობა დაიწყო ერთ-ერთ წამყვან ბანკში, სესხების პორტფელის მართვის უფროსი საკრედიტო ექსპერტის თანამდებობაზე. მას შემდეგ, მუშაობდა საბანკო და საფინანსო სექტორში საქართველოსა და აშშ-ში.

აიეტ კუკავამ მაგისტრის ხარისხი კლარკის უნივერსიტეტში, მასაჩუსეტსში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოიპოვა 2002 წელს. 1994 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და სტატისტიკის ფაკულტეტი.

დავით ჩეჩელაშვილი

დავით ჩეჩელაშვილს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს მაღალტექნოლოგიურ მეწარმეობაში. ის არის 5 გლობალური მასშტაბის სტარტაპის დამფუძნებელი, უმეტესად ვირტუალური გამოსახვისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. მისი ბოლო სტარტაპი დღეისათვის საკმაოდ ცნობილი ბრენდია კინოინდუსტრიაში. დავითი ასწავლის ინოვაციებზე დაფუძნებულ მეწარმეობას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. აგრეთვე არის Startup Braga-ს მენტორი პორტუგალიაში და არაერთი სტარტაპის მრჩეველი. აქტიურად მონაწილეობს საქართველოს ინოვაციების სააგენტოს საქმიანობის ხელშეწყობაში და ჩართულია მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ აქსელერაციის პროგრამაში.

კონსტანტინე ჭანტურია

კონსტანტინე ჭანტურიას აქვს 15 წელზე მეტი ხანგრძლივობის სამუშაო გამოცდილება საქართველოსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში საბანკო-საფინანსო, ინვესტიციების მართვისა და ეკონომიკის განვითარების მიმართულებით. მათ შორის, 10-წლიანი სამუშაო გამოცდილება საქართველოს წამყვან ბანკებში. კორპორაციულ საბანკო საქმიანობაში ხელმძღვანელობდა კორპორაციული საკრედიტო ანალიზის სამსახურს, ასევე უძღვებოდა უძრავი ქონების ფინანსირებასა და ლიზინგს. აქვს 5 წელზე მეტი ხანგრძლივობის სამუშაო გამოცდილება საინვესტიციო ფონდში რისკების მართვასა და ექსპორტის ფინანსირების მიმართულებით. ფლობს გამოცდილებას საქართველოს ეკონომიკის დარგობრივი განვითარების კუთხით.

2014 წელს მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი (MBA) ტეხასის უნივერსიტეტიდან მასკის სასტიპენდიო პროგრამით. აშშ-ში 2-წლიანი სწავლის პერიოდში, ასევე ეწეოდა აკადემიურ და პროფესიულ საქმიანობას უნივერსიტეტსა და აშშ-ის კერძო უცხოურ საინვესტიციო კორპორაციაში (OPIC). 2002 და 2004 წლებში მიენიჭა ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. ამჟამად ეწევა აკადემიურ საქმიანობას.

გოჩა ნიკოლაიშვილი

გოჩა ნიკოლაიშვილი 2019 წლიდან შეუერთდა საინვესტიციო და საკონსულტაციო კომპანია AGC-ს და ხელმძღვანელობს პროფესიონალთა გუნდს, რომელიც მართავს M & A, საკონსულტაციო და უძრავი ქონების საბროკერო სერვისების საინვესტიციო პორტფელს. გოჩა არის საქართველოს ვენჩურული კაპიტალის ასოციაციის (GVCA) თანადამფუძნებელი. ამავდროულად, საქართველოს საინვესტიციო პროფესიონალთა ასოციაციის (GSIP) აღმასრულებელი დირექტორია.

ტორონტოში მუშაობისას, გოჩა იყო პარტნიორი კონსულტანტი Destination Canada International Consultancy-ში. მას ასევე აქვს ბლოკჩეინზე დაფუძნებულ ტექნოლოგიურ სტარტაპში ფინანსურ დირექტორად და "აუდისა" და "ვოლკსვაგენის" ავტოფინანსების პროექტებზე უფროს ფინანსურ ანალიტიკოსად მუშაობის გამოცდილება ტორონტოში (კანადა).

გოჩას ფინანსურ სფეროში, სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 7-წლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის, 5 წლის განმავლობაში იგი მუშაობდა "სოსიეტე ჟენერალში" (Societe Generale). ის აგრეთვე მუშაობდა ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე და ხშირად მონაწილეობდა აღმასრულებელ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში სოფლის მეურნეობის სამთავრობო ფონდში APMA (Government Intermediary Agrifund − APMA). სხვადასხვა დროს, გოჩა აგრეთვე ხელმძღვანელობდა შვეიცარიული და არაბული ვენჩურული კაპიტალის ფონდებს.

გოჩა ფლობს Vancouver Island University-ის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს ფინანსების სპეციალიზაციით და მიღებული აქვს ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის დიპლომი კავკასიის ბიზნესის სკოლაში.

თენგიზ ტყეშელაშვილი

თენგიზ ტყეშელაშვილი ვენჩურული და კერძო კაპიტალის გამოცდილი ექსპერტია. ფლობს 20-წლიან გამოცდილებას კორპორაციულ საბანკო საკითხებში, კაპიტალური ბაზრების, საკონსულტაციო, მეწარმეობისა და ოჯახური საწარმოების მიმართულებით. 9 წლის განმავლობაში იკავებდა სხვადასხვა პოზიციას ქართულ ბანკებში, 8 წლის განმავლობაში კი საქმიანობდა სტარტაპებისა და ვენჩურული კაპიტალის მიმართულებებით. იგი მართავდა 300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ვენჩურული კაპიტალის პორტფოლიოს ყატარში, 100 მლნ აშშ დოლარზე მეტი ოდენობის გეიმინგისა და ტექ-ვენჩურების პორტფოლიოს გაერთიანებულ სამეფოში.

მოწოდება ქართულ ბიზნესს

საქართველოს ვენჩურული კაპიტალის ასოციაციის თავმჯდომარის მთავარ მიზანს ასოციაციის განვითარებისთვის ინვესტიციების მოზიდვა წარმოადგენს. აიეტ კუკავას განცხადებით, ნებისმიერი მსურველი ანტრეპრენერი შეძლებს გახდეს ასოციაციის წევრი და საკუთარი წვლილი შეიტანოს სფეროს განვითარებაში. "მსურს, მივმართო ყველა ბიზნესს, საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, რომ ამ პროექტის ნაწილი გახდეს. იმ შემთხვევაში, თუკი საწყის ეტაპზე თუნდაც 15 მილიონი დოლარის შეგროვებას შევძლებთ, მოვახერხებთ, დავაფინანსოთ 300-მდე სტარტაპი. თუკი 10 კომპანიის საბაზრო ღირებულება მიაღწევს 100 მილიონ დოლარს, ქვეყანა მსოფლიო რუკაზე აინთება, როგორც თავის დროზე ჩვენი მგავსი გამოწვევების მქონე ქვეყნები: ისრაელი, ესტონეთი, ბელორუსი", − აცხადებს აიეტ კუკავა.

ვენჩურული კაპიტალის განვითარება, აიეტ კუკავას აზრით, ეკონომიკურ სურათს ქვეყანაში 5-7 წლის პერსპექტივაში საგრძნობლად შეცვლის. მის პროგნოზს ზემოთ მოყვანილი მაგალითები ამტკიცებს. ბაზრის გასავითარებლად, ვენჩურულ კაპიტალისტთა მონდომების პარალელურად, დამწყებ ანტრეპრენერთა ინიციატივა, იდეა და გამბედაობაა საჭირო, თუმცა ბოლო 3 წლის განმავლობაში სტარტაპეკოსისტემის განვითარება იმაზე მეტყველებს, რომ ინიციატივის, იდეებისა და გამბედაობის პრობლემის წინაშე არ ვდგავართ.

Whatsapp − Facebook-მა Whatsapp 22 მილიარდ დოლარად შეისყიდა. გარიგება ყველაზე მასშტაბურად მიიჩნევა ვენჩურული კაპიტალის ისტორიაში.

Cerent − Cisco-მ Cerent, 6.9 მილიარდ დოლარად შეისყიდა. Cerent-ის ტექნოლოგიამ სატელეფონო კომპანიებს მონაცემების გადაცემის პროცესი გაუმარტივა.

King Digital Entertainment − Candy Crush Saga-ს შემქმნელების შენაძენმა თამაში მსოფლიოში ყველაზე მსხვილ ქსელურ გართობად აქცია, რომელსაც 500 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

ვენჩურული კაპიტალით დაფინანსებული წარმატებული კომპანიები:

Google, Facebook, WhatsApp, twitter, skype − ეს და კიდევ ბევრი წარმატებული კომპანია დაფინანსდა ვენჩურული კაპიტალით.

ხატია გელოვანი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი

Business News

მერე ვერ იტყვი: მე მომკლეს, ბაბუ

შენ ცოცხალი ხარ, და 26-ში ვიწროს გადიხარ

ინდუსტრიული ტრენდები

K2 Invest - როცა ხარისხი პრიორიტეტია

"გვსურს, რომ ჩვენ მიერ აშენებულმა სახლებმა ქუთაისის უბნებში ახალი საზოგადოებრივი ჰაბები გააჩინოს"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია