ვინ არის სოციალური ანტრეპრენერი? სოციალური ანტრეპრენერების საქმიანობა მიზანმიმართულია არა იმდენად მოგების მიღების, რამდენადაც სოციალური და საზოგადოებრივი პრობლემების გადაჭრისკენ
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
თანამედროვე მსოფლიოში უფრო და უფრო აქტუალური ხდება სოციალური ანტრეპრენერობის ტრენდი, რომლის მნიშვნელობის შესახებ მსოფლიოს ყველაზე მაღალი, ყველაზე პრესტიჟული ტრიბუნებიდან საუბრობენ თანამედროვეობის წამყვანი მოაზროვნეები, მეცნიერები, სპიკერები და რაც მთავარია, თავად ანტრეპრენერები.
სოციალური ანტრეპრენერების საქმიანობა მიზანმიმართულია არა იმდენად მოგების მიღების, რამდენადაც სოციალური და საზოგადოებრივი პრობლემების გადაჭრისკენ. ისინი წარმატებას ზომავენ იმით, თუ რამდენად შეძლეს დახმარებოდნენ საზოგადოებას მათ წინაშე არსებული სოციალური, კულტურული, ჯანმრთელობასა თუ გარემოსთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში.
სოციალური ანტრეპრენერები ახერხებენ ერთმანეთთან დააკავშირონ, გააერთიანონ სოციალური და კომერციული საკითხები და ბიზნესის საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით გადაჭრან საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემები.
ისინი ცდილობენ ახალი ბიზნეს მოდელების დანერგვით, ინოვაციური მიდგომებით შეცვალონ ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ და ამავე დროს თავად აიღონ პასუხიმგებლობა შედეგებზე.
ისინი დარწმუნებული არიან, რომ ამ გზით უფრო ეფექტურად შეძლებენ ყველაზე მწვავე პრობლემასთან – სიღარიბესთან და უმუშევრობასთან გამკლავებას და უფრო მეტ ადამიანს მისცემენ საშუალებას, თავად შეცვალონ საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ.
სოციალური ანტრეპრენერების მამოძრავებელი ძალა არის სოციალური პასუხისმგებლობა, რომელსაც ისინი გრძნობენ საზოგადოების წინაშე. მათი მისია არ არის მხოლოდ ფინანსური ან სხვა ტიპის სარგებლის ნახვა, არამედ დადებითი გავლენის მოხდენა სოციუმზე. ისინი პირადი რისკითა და ძალისხმევით ცდილობენ პოზიტიური ცვლილებების განხორციელებას.
რა განასხვავებს სოციალურ ანტრეპრენერს დანარჩენებისგან? პირველი და მნიშვნელოვანი არის ბიზნესის დაწყების მოტივი – სოციალური ანტრეპრენერები ერთმნიშვნელოვნად არიან დაინტერესებული საზოგადოებრივი კეთილდღეობის შექმნით. მათ სურთ უკეთესი ქვეყანა, უკეთესი მსოფლიო და მიაჩნიათ, რომ დადებითი შედეგის მისაღწევად საჭიროა არა მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ზრუნვა, არამედ მათ ხელთ არსებული რესურსების გადანაწილება მასშტაბური ცვლილებებისთვის.
როცა ანტრეპრენერთა უმეტესობა ყურადღებას ამახვილებს მხოლოდ მოგების მიღებაზე, სოციალური ანტრეპრენერების ფიქრები დამატებით მიმართულია საზოგადო კეთილდღეობის შექმნაზე.
ბიზნესის ზრდაზე ფიქრი არ გამორიცხავს ამ ბიზნესის დადებითი გავლენას გარემოსა და ირგვლივ მყოფ ადამიანებზე. შოტლანდიელ ფილოსოფოსსა და პოლიტიკურ ეკონომისტს, ადამ სმიტს მიაჩნდა, რომ მაგალითად მცხობელს, რომელსაც სურს თავისი საქმიანობით საკუთარი ოჯახი შეინახოს, შეუძლია დიდ შედეგებზე გასვლა, რადგან მისი საქმიანობა ემსახურება არა მარტო ოჯახის, არამედ იმ მომხმარებლების კეთილდღეობას, რომლებიც პურს ყიდულობენ. ასე რომ, თუკი სმიტს დავუჯერებთ, მივხვდებით, რომ ადამიანი, რომელიც საკუთარ ინტერესებს აანალიზებს და მათ დაკმაყოფილებაზე ზრუნავს, აუცილებლად მივა იმ ეტაპამდე, როცა მისი ქმედებით სარგებელს საზოგადოებაც ნახავს.
სოციალური ანტრეპრენერები ბიზნესის მართვის პარალელურად ცდილობენ გამოერკვნენ, თუ რა მიზეზების გამო არის ესა თუ ის ჯგუფი მოწყვლადი, რატომ არსებობს სოციალური სტიგმები, ვის როგორ შეუძლია გადაჭრას ესა თუ ის პრობლემა?
საოცარია, როგორ შეიძლება ერთმა ადამიანმა შეცვალოს სხვათა ცხოვრება შთაგონებით, მიზანმიმართულობით, იმედით... Schwab Foundation for Social Entrepreneurship-ის თანადამფუძნებლისა და პრეზიდენტის, ქალბატონ ჰილდე შვაბისთვის ასეთი პიროვნება მუჰამედ იუნუში (Muhammad Yunus) აღმოჩნდა.
შვაბმა და მისმა მეუღლემ, კლაუს შვაბმა, რომელიც დავოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი და დირექტორია, მუჰამედი მაშინ გაიცნეს, როცა სულ ცოტა ადამიანმა იცოდა მის შესახებ. მან ბანგლადეშში Grameen Bank-ი დააფუძნა მოსახლეობის ღარიბი ფენებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად და მსოფლიოს მიკროდაკრედიტების იდეა გააცნო. 2006 წელს იგი გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი. როცა ჰილდე შვაბმა იუნუში გაიცნო, უცნაურად მოეჩვენა, რომ სამყარო არ იცნობდა მუჰამედს, რომელიც სწორი იდეების განხორციელებით მილიონობით ადამიანს ეხმარებოდა. ჰილდე სწორედ მაშინ დაფიქრდა და გადაწყვიტა, რომ უნდა შეექმნა ფონდი, რომლის მიზანი საზოგადოების "უჩინარი" წევრების მხარდაჭერა, პოპულარიზაცია და წახალისება იქნებოდა.
ამიტომაც, ჰილდე და კლაუს შვაბებმა შექმნეს Schwab Foundation for Social Entrepreneurship, რომლის მიზანი ინოვაციური იდეების მქონე სოციალური ანტრეპრენერების და სოციალური მეწარმეობის იდეის პოპულარიზაციაა, რომ ერთობლივი ძალებით გლობალური სოციალური პრობლემების წინააღმდეგ გაილაშქრონ.
შვაბები სოციალურ ანტრეპრენერებს როლურ მოდელებად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ გამოწვევებითა და წინააღმდეგობებით სავსე თანამედროვე მსოფლიოში ისინი შეუპოვრად მუშაობენ მილიონობით ადამიანისთვის უკეთესი ცხოვრების, შესაძლებლობებისა და მათთვის სიამაყის გრძნობის დაბრუნებისთვის!
ფონდი პარტნიორებთან ერთად ცდილობს აღმოაჩინოს სოციალური ანტრეპრენერები მთელ მსოფლიოში. ადამიანები, რომელთა დახმარებით შესაძლებელია სოციალურ პრობლემებთან გამკლავება, რადგან მათ ყველაზე კარგად იციან საზოგადოების საჭიროებები, მოთხოვნები, და შესაბამისად, აქვთ ძალა და შესწევთ უნარი, იპოვონ პრობლემის გადაჭრის რეალური გზები.
როცა ფონდმა მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ შეკრებაზე 10 წლის იუბილე აღნიშნა, ჰილდე შვაბმა ყველა მომავალ თუ ამჟამინდელ სოციალურ ანტრეპრენერს იმედი მისცა, რომ ეს სფერო უკან არასოდეს დაიხევს, პირიქით − განვითარდება, რადგან Schwab Foundation სოციალური ანტრეპრენერების წარმატებისა და განვითარების სადარაჯოზე დგას და ეს ორგანიზაცია აუცილებლად გააგრძელებს სოციალური ანტრეპრენერების აღმოჩენას მთელ მსოფლიოში.