"ვიწრო" – ბრენდი, რომელიც აქცენტს ხარისხსა და მრავალფეროვანებაზე ამახვილებს
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
კომპანიის ისტორია 5 წლის წინ სამხატვრო აკადემიიდან დაიწყო, როცა თათია კვირკველიამ გადაწყვიტა საკუთარი შესაძლებლობები ქსოვილზე ხატვაშიც გამოეცადა. პირველი ნამუშევრები მეგობრებისთვის იყო განკუთვნილი – სახასიათო ილუსტრაციებით შექმნილმა მაისურებმა კი მალე საზოგადოებაშიც დიდი ინტერესი გამოიწვია და თათიამ ელენე გაბრიჩიძესთან ერთად სოციალურ ქსელში გვერდი – "ვიწრო" შექმნა, რომელიც დაეხმარა ნამუშევრების ონლაინ განთავსებაში, შეკვეთების მიღებასა და ცნობადობის გაზრდაში.
მართალია ყველაფერი მაისურებზე ხატვით დაიწყო, თუმცა დროის მსვლელობასთან ერთად თათია მიხვდა, რომ მომხმარებლისთვის პერიოდულად უნდა შეეთავაზებინა სიახლე. ასე დაემატა ბრენდის პროდუქტებს ხელით მოხატული და შეკერილი ჩანთები თუ ბალიშები. როგორც "ვიწროს" დამფუძნებელი აღნიშნავს, ყველაზე მოთხოვნადი და შედარებით ახალი ხაზი ქართული ასოებითა და სიტყვებით შექმნილი გულსაბნევებია, რომლებიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში. თითოეული გულსაბნევის შეფუთვას ახლავს აღნიშნული სიტყვის განმარტება და ტრანსკრიპცია ინგლისურად. თავდაპირველად 10 სიტყვა იყიდებოდა. დაინტერესების ზრდასთან ერთად კი გაფართოვდა სიტყვების ასორტიმენტიც. ამჟამად, ქართული ანბანის ასოებთან ერთად, "ვიწროს" არჩევანში აქვს 60-მდე ქართული სიტყვა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში იყიდება.
დღესდღეობით ბრენდის სათავეში თათია კვირკველიასა და გია ჯანანაშვილს იხილავთ. ისინი ცდილობენ ხელი შეუწყონ ქართული ენის მაქსიმალურ პოპულარიზაციას, ამავდროულად კი სურთ "ვიწროს" პროდუქცია ყველასთვის ყველგან ხელმისაწვდომი გახდეს. "როგორც გითხარით, შემოვიტანეთ გულსაბნევების ქართული ხაზი (ასოები და სიტყვები), ხოლო მაისურებზე, ბალიშებსა და ჩანთებზე სტანდარტულად ტექსტი იწერება ქართულ ენაზე (გამონაკლისია დამკვეთისთვის შესრულებული ნამუშევრები, რომელთაც ტექსტის დაწერა სხვა ენაზე სურთ). ჩვენთან ფასები კონკურენტებთან შედარებით ბევრად ხელმისაწვდომია, რაც დამეთანხმებით საკმაოდ დიდი უპირატესობაა, რადგან ეს ხალხს ჩვენი პროდუქტის შეძენის შესაძლებლობას აძლევს" - აღნიშნავს თათია.
როგორც თითქმის ყველა სტარტაპს, საწყის ეტაპზე გუნდის მთავარ სირთულეს სეგმენტისა და საკუთარი ნიშის განსაზღვრა წარმოადგენდა. თავდაპირველად ადვილი არ იყო ობიექტების დაინტერესება, თუმცა "ვიწრომ" შეძლო დაემტკიცებინა, რომ საჭირო, საინტერესო და მიმზიდველ პროდუქტს ქმნიდა. როგორც ბრენდის დამფუძნებელი ამბობს, ისინი აქცენტს სამუშაოს შესრულების ხარისხზე, ოპერატიულობასა და მრავალფეროვანებაზე ამახვილებენ.
"ბოლო წლების განმავლობაში, მოვახერხეთ ქვეყნის მასშტაბით ბევრი მაღაზიისა და მუზეუმის დაინტერესება. დღესდღეობით ჩვენი ნივთების შეძენა მრავალ ლოკაციაზე გახდა შესაძლებელი. ვიღებთ კორპორაციულ შეკვეთებს, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი გულსაბნევები დიდი რაოდენობით გადის საზღვრებს გარეთ. ვინც თვალს გვადევნებს, ალბათ ხედავს, როგორ იზრდება "ვიწრო". ჩვენი სურვილი და მიზანია ბევრი შთამბეჭდავი იდეა შევთავაზოთ მომხმარებელს, რაზეც განუწყვეტლივ ვმუშაობთ. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, შემიძლია გითხრათ, რომ ამ ეტაპზე მოლაპარაკებები გვაქვს ერთ-ერთ სტარტაპთან, რომელთან კოლაბორაციით სულ მალე ახალ პროდუქტს შემოგთავაზებთ", – გვიყვება თათია კვირკველია.