Get All Access for $5/mo

"ვქმნით ინოვაციას - ვაძლიერებთ მომავალს" - როგორ აყენებს Arise Foundation-ი ტექნოლოგიას ახალგაზრდების სამსახურში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ტექნოლოგიური წინსვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დანიშნულება ადამიანებისთვის ყოველდღიურობის შემსუბუქებაა - მსოფლიოში უამრავი კომპანია თუ ორგანიზაცია მუშაობს იმაზე, რომ ჩვენი ცხოვრების ესა თუ ის ასპექტი ტექნოლოგიის საშუალებით გააუმჯობესოს.

სწორედ ეს არის Arise Foundation-ის დამფუძნებელთა მიზანიც - სურთ, შექმნან პლატფორმები, რომლებიც მომხმარებლებს სხვადასხვა საქმიანობას გაუმარტივებს და მეტ შესაძლებლობას მისცემს. ძირითადი ფოკუსი ამ ეტაპზე საგანმანათლებლო მიმართულებით რესურსების ხელმისაწვდომობაა.

"Arise-ს საბოლოო ხედვაა ქვეყნის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანა, რაზეც ჩვენივე სლოგანია დაფუძნებული, "ვქმნით ინოვაციას - ვაძლიერებთ მომავალს".

ორგანიზაცია ოთარ წულაიამ და ლუკა ებრალიძემ დააფუძნეს. მე-11 კლასის მოსწავლე ახალგაზრდები პატარა ასაკიდან დაინტერესებულნი არიან ტექნოლოგიით, ბიზნესით, პოლიტიკის მეცნიერებითა და ვებდეველოპმენტით.

ოთარმა ჯერ კიდევ 14 წლის ასაკში დააფუძნა პირველი ელ კომერციის სტარტაპი depot.ge. მას შემდეგ კი ბევრ მსგავს პროექტზე უმუშავია. ხოლო ლუკა ვებდეველოპმენტითაა დაინტერესებული და შექმნილი აქვს არაერთი პლატფორმა სკოლისთვის და სკოლის გარეთ.

Arise Foundation-ი ამჟამად 4 პლატფორმას აერთიანებს: ucompass.ge, resource.ge, subtitles.ge და tomara.ge. თითოეული მათგანი ორიენტირებულია იმაზე, რომ ახალგაზრდებს, პატარა ასაკიდან სტუდენტების ჩათვლით, სხვადასხვა აქტივობა გაუმარტივოს - იქნება ეს უცხოენოვანი მასალის მშობლიურ ენაზე თარგმნა, სამომავლო პროფესიის არჩევა, ზღაპრების მოსმენა თუ უცხოენოვან ფილმებზე სუბტიტრების დადება ყურების პროცესში.

როგორია ორგანიზაციის სამუშაო მიმართულება და განვითარების ხედვა, რა პროექტებს შეიძლება ველოდოთ სამომავლოდ და რა შთააგონებთ ლუკასა და ოთარს საქმიანობაში? - დეტალურად Arise Foundation-ის შესახებ სწორედ მისი შემქმნელები უამბობენ Entrepreneur-ის მკითხველს.

როგორ გაჩნდა Arise Foundation-ის შექმნის იდეა? რა გახდა თქვენი შთაგონების წყარო?

Arise-ის დაფუძნებამდე ცალკეულად გვქონდა იდეები, შეგვექმნა ის პლატფორმები, რომლებსაც ამჟამად ჩვენი ორგანიზაცია ერთიანებს. თითოეულ პლატფორმას ცალკეული შთაგონების წყარო ჰქონდა, რომლებიც დროთა განმავლობაში რეალობად იქცა. თვით Arise-ს შექმნის იდეა მაშინ დაგვებადა, როცა მესამე პლატფორმის აწყობაზე დავიწყეთ მუშაობა და მივხვდით, რომ ყველა ჩვენი non-profit პლატფორმა უნდა გაგვეერთიანებინა ერთი ორგანიზაციის ქვეშ და უფრო ორგანიზებულად გაგვეგრძელებინა ოპერირება. ასე შევძელით და გავაერთიანეთ ყველა პლატფორმაზე ჩართული მოხალისეები ერთ გუნდად, რამაც ხელი შეგვიწყო პროდუქტიულობის გაზრდასა და პლატფორმების გაუმჯობესებაში.

პირველ რიგში, ucompass.ge-ზე ვისაუბროთ - როგორ მუშაობს ის?

Ucompass.ge ჩვენი ფლაგმანი პლატფორმაა, რაზეც დიდ მოლოდინებს ვამყარებთ. იგი ეხმარება ქართველ სკოლის მოსწავლეებს, მიიღონ სწორი გადაწყვეტილება მომავლის კარიერის არჩევისას. პლატფორმა სპეციალური ქვიზის მეშვეობით, რომელიც უცხოურ მოდელებზე დაყრდნობით ჩვენ მიერ არის შექმნილი, მოსწავლეებს სთავაზობს რეკომენდაციებს და ინფორმაციას შესაფერისი ფაკულტეტისა და პროფესიის შესახებ, რაც ეხმარებათ მათ, მიიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილება საკუთარი სამომავლო კარიერის შესახებ. პორტალი ასევე აერთიანებს დეტალურ პროფესიების კატალოგს, სადაც აღწერილია სამუშაო პირობები და სხვა ისეთი დეტალები, რაც დიდ როლს თამაშობს გადაწყვეტილების მიღებისას.

რა იყო მისი შექმნის ინსპირაცია?

მე და ლუკა, ჩემი პარტნიორი და მეგობარი, ერთ სკოლაში ვსწავლობდით. როდესაც უნივერსიტეტში ჩაბარებისთვის აქტიური მზადება დავიწყეთ, აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენს ბევრ მეგობარსა თუ ნაცნობს პრობლემა ჰქონდა ფაკულტეტის არჩევასთან დაკავშირებით. სწორედ ამ დროს მოგვივიდა იდეა, შეგვექმნა მორგებული პლატფორმა, რომელიც დაეხმარებოდა ქართველ აბიტურიენტებს მათი მომავლის სწორად დაგეგმვაში. ჩემი გამოცდილება და ლუკას ხედვა შევაჯერეთ და ასე დაიბადა ucompass.ge.

და როგორ უმარტივებ მომავლის დაგეგმვის პროცესს აბიტურიენტებს და არამარტო მათ?

როგორც უკვე აღვნიშნე, პლატფორმაზე დაგხვდებათ ჩვენ მიერ შემუშავებული უნიკალური ქვიზი, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს საკუთარი პოტენციალის აღმოჩენაში. ქვიზი მორგებულია სპეციალურად ქართველ მოსწავლეებზე და რამდენიმე მარტივი კითხვის საშუალებით ადგენს მათ ინტერესებს, რის შემდეგაც სთავაზობს რეკომენდაციებს და დეტალურ ინფორმაციას შესაფერისი ფაკულტეტისა და პროფესიის შესახებ. ეს ეხმარება არა მხოლოდ აბიტურიენტებს, არამედ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება სამომავლო კარიერის შესახებ.

რაც შეეხება resource.ge- - რა არის ამ პლატფორმის სამუშაო მიმართულება?

resource.ge-ს აქვს ორი ძირითადი ფუნქცია: პირველი, ინოვაციური თარგმნის სერვისი, რომელიც ახორციელებს უცხოური ლიტერატურის თარგმანს ქართულ ენაზე მოკლე ვადაში, შეცდომების გარეშე. მეორე ფუნქცია მოიცავს ქართული ლიტერატურისა და ნაშრომებების შინაარსსა და ანალიზს, რომელიც თითოეული ნაწარმოებისთვის უცხოური პლატფორმა sparknotes-ის ფორმატში არის ვებგვერდზე განთავსებული. პლატფორმის შექმნისას ძალიან დიდი წვლილი შეიტანა Ჩვენ მიერ შემუშავებული AI თარგმნის ალგორითმის გამოყენებამ პროცესში, რამაც საგრძნობლად გააუმჯობესა ჩვენი სერვისის ხარისხი და სიჩქარე.

მისი შექმნა რა პირობებში გადაწყდა - იყო ეს პირადი თუ გარშემო მყოფების გამოცდილება?

მე და ლუკას სკოლაში გვასწავლიდა ისტორიის მასწავლებელი, ქალბატონი ქეთი, რომელიც ასევე ლექტორია ერთ-ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში. ერთხელ მან ახსენა, რომ უცხოური ლიტერატურის უნივერსიტეტის სტუდენტებთან მიტანა ხშირად დიდ სირთულეს წარმოადგენდა, ვინაიდან, სამწუხაროდ, ინგლისური ბევრმა არ იცის უნივერსიტეტში და თუ ნაშრომი ქართულად არ იყო ნათარგმნი, მისი სტუდენტთათვის მასალად წარდგენა ჭირდა.

სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რამაც მე და ლუკას გვიბიძგა resource.ge-ს შექმნისკენ. ჩვენ გვინდოდა შეგვექმნა პლატფორმა, რომელიც დაეხმარებოდა როგორც სტუდენტებს, ასევე ლექტორებს, მათ შორის ქალბატონ ქეთის, უცხოური ლიტერატურის სწრაფად და ეფექტურად თარგმნაში. პლატფორმის შექმნა შესაძლებელი გახადა AI ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, შეგვემუშავებინა ალგორითმი, რაც საშუალებას მოგვცემდა, მყისიერად გვეთარგმნა დიდი მოცულობის ტექსტები ქართულ ენაზე შეცდომების გარეშე.

ეს გამოცდილება კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ჩვენი პროექტები რეალურ საჭიროებებზეა მორგებული და შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს საგანმანათლებლო პროცესის გაუმჯობესებაში.

როგორც ვიცით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ამ პლატფორმების სასწავლო დაწესებულებებში დანერგვის შესახებ. თუ შეგიძლიათ მეტი რომ გვიამბოთ, რა პროექტზეა საუბარი?

ცოტა ხნის წინ შევხვდით განათლების მინისტრს ჩვენი პლატფორმების სასწავლო დაწესებულებებში დანერგვის განსახილველად. სექტემბრიდან ვგეგმავთ ucompass.ge-ის სატესტოდ გაშვებას 10 საჯარო სკოლაში. resource.ge-ს კი სამინისტროს დახმარებით გავაცნობთ ლექტორებსა და მასწავლებლებს, რომლებიც გატესტავენ ჩვენს ინოვაციურ თარგმნის სერვისს და მოგვაწვდიან უკუკავშირს, რის შემდეგაც გავაუმჯობესებთ პლტფორმას და უფრო ფართოდ გამოსაყენებელს გავხდით . ჩვენი საბოლოო მიზანია, ჩვენ მიერ შემუშავებული ინოვაციური ტექნოლოგიები ხელმისაწვდომი გახდეს ყველა მოსწავლისა და მასწავლებლისთვის საქართველოში.

თქვენი ორგანიზაცია კიდევ ორ პლატფორმას აერთიანებს - subtitles.ge და tomara.ge. როგორია მათი მუშაობის სპეციფიკა და სამომავლო გეგმები?

subtitles.ge არის პროექტი, რომელიც შევქმენით ჰოლივუდური ფილმების ქართული სუბტიტრებით უზრუნველსაყოფად, ვინაიდან ზემოთ ხსენებულის არარსებობა საქართველოში დიდი პრობლემაა. პლატფორმის მთავარი იდეაა, რომ სმენადაქვეითებულ საზოგადოებას გაუმარტივოს უცხოური ფილმების ყურება ქართულ ენაზე. ფილმების მასიობრივ თარგმნას იმავე ალგორითმით ვახორციელებთ, რომელიც resource.ge-შია ინტეგრირებული. ასე უზრუნველვყოფთ კონტექსტის შენარჩუნებას თითოეულ ნათარგმნ დიალოგსა თუ მონოლოგში.

tomara.ge კი არის ჩვენი უახლესი პროექტი, რომელიც ბავშვებს, მათ შორის უსინათლოებს, საშუალებას აძლევს, უფასოდ მოუსმინონ ქართულ და უცხოურ ზღაპრებს აუდიოფორმატში. Ჩვენ მიზანი იყო, შეგვექმნა ინკლუზიური გარემო, სადაც ყველა ბავშვს ექნებოდა თანაბარი წვდომა ლიტერატურაზე.

სამომავლოდ ვგეგმავთ ამ პლატფორმების გაფართოებას და მეტი კონტენტის დამატებას, რათა კიდევ უფრო მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა.

როგორია Arise Foundation-ის განვითარების ხედვა და სამომავლო გეგმები?

Arise Foundation-ი არის ორგანიზაცია, რომელიც დავაფუძნეთ ჩვენი ყველა პროექტის გასაერთიანებლად. ჩვენი ხედვაა, შევქმნათ ინოვაციური, ინკლუზიური და ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო რესურსები ყველასთვის. Ჩვენი მიზანია, სამომავლოდ გავაფართოოთ ჩვენი მოქმედების არეალი და შევქმნათ ახალი პროექტები, რომლებიც ფოკუსირებული იქნება ტექნოლოგიისა და განათლების შერწყმაზე. გვინდა გავხდეთ წამყვანი ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწეობს.

სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

სოციალური მედია

უფასო ფოტოების 14 საუკეთესო ვებგვერდი

ის, რაც უნდა იცოდეთ, თუ უფასო ფოტოების მოძიებას გადაწყვეტთ