Wendy's-ის, Dunkin'-ის და Subway-ს სტრატეგიულ მრჩეველს – ჯორჯი ტომასს ლეგენდარული ბრენდები საქართველოში ზრდის ახალ ეტაპზე გადაჰყავს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Wendy's-ს, Dunkin'-ს და Subway-ს საქართველოში ახალი სტრატეგიული მრჩეველი – ჯორჯი ტომასი ჰყავს. სწრაფი კვებისა და საცალო ვაჭრობის გლობალურ ბაზრებზე მრავალწლიანი გამოცდილებით ჯორჯი მიზნად ისახავს, რომ ლეგენდარულმა ამერიკულმა ბრენდებმა ადგილობრივ ბაზარზე კიდევ მეტ წარმატებას მიაღწიოს.

სწორედ ამ თემებზე გვესაუბრება ის ინტერვიუში:

რა იყო თქვენი მოტივაცია, როცა საქართველოს Wendy's-ის, Dunkin-ის და Subway- გუნდს შემოუერთდით?

"ვისოლ ჯგუფს" საქართველოში წარმატებული ბიზნესსაქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ჩემი წინა პოზიციიდანაც მქონდა კონტაქტი ბატონ სოსო ფხაკაძესთან, შესაბამისად, როცა მან გამიზიარა, რომ ჩემი ექსპერტიზა სტრატეგიულ მარკეტინგში, ბრენდისა და P&L-ის მართვაში საინტერესო იქნებოდა საქართველოში Wendy's-ის, Dunkin'-ისა და Subway-ს განვითარებისა და ახალ ეტაპზე აყვანისთვის, სიამოვნებით დავთანხმდი. ჩემი ახალი პოზიცია გამოწვევებით სავსე და, ამავე დროს, ძალიან საინტერესოა. მე სამი ძლიერი ბრენდის განვითარებაზე ვზრუნავ ისეთ ლამაზ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, თან ისეთ ძლიერ გუნდთან ერთად, როგორიც "ვისოლ ჯგუფს" ჰყავს.

თქვენი გლობალურ ბრენდებთან მუშაობის გამოცდილების საფუძველზე, როგორ მუშაობს აქ "think global, act local"-ის კონცეფცია?

ჩემი წარსული გამოცდილებიდან ვიცი, რომ ხანდახან შეცდომები ხდება მაშინ, როდესაც "think global, act local"-ის კონცეფცია მცდარადაა გაგებული. ზოგჯერ ჩვენ საუკეთესოდ ვახორციელებთ "რას", "როდის" და ალბათ "როგორსაც". მაგრამ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ხშირად გვავიწყდება გავითვალისწინოთ "რატომ" დასაწყისშივე. მაშინ, როდესაც "რატომ"-ზე პასუხი ნათლად გვექნება, დანარჩენი ყველა ასპექტი ავტომატურად დალაგდება.

ჩვენ ვმოქმედებთ გლობალურად, თუ ეს ეხება ხარისხისა და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს, თუმცა ვითვალისწინებთ ადგილობრივ ფაქტორებს, როგორიცაა გემოვნური პრეფერენციები, ფასები, დღის გარკვეულ მონაკვეთებში მეტად მოთხოვნადი პროდუქტები, ახალი შეთავაზებების გაშვების ხანგრძლივობა და სხვა ინიციატივები.

როგორ იქნება წარმოდგენილი მარკეტინგი კომპანიისთვის მომდევნო ორ კვარტალში და რა შედეგებს უნდა ველოდოთ?

ჩვენ დავასრულეთ ინტენსიური სტრატეგიული სესიების სერია სამივე ბრენდისთვის – Wendy's, Dunkin' და Subway. მათი მთავარი მიზანი იყო ბრენდებისა და ბიზნესების ღრმად გაანალიზება და შემდეგი 3-5 წლისთვის მკაფიო სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება. აღფრთოვანებული და კმაყოფილი ვარ იმ კოლოსალური სამუშაოთი, რომელიც გუნდმა გაწია და უკვე დაიწყო კიდეც ამ გეგმების ნაწილის აღსრულება.

თითოეული ბრენდისთვის ხელახლა გადავხედეთ უკვე არსებულ გეგმებს წლის ბოლომდე და ახლა დავასრულებთ 2026 წლის კალენდრის დაზუსტებას. აუცილებლად დაინახავთ განახლებულ ფოკუსს ძირითადი ბრენდის იმიჯისა და კაპიტალის სტრატეგიულ გაძლიერებაზე ყველა იმ მიმდინარე მცდელობასთან ერთად, რომელიც ყველა არხში გაყიდვებისა და ტრანზაქციების ზრდისკენ არის მიმართული. Wendy's-ის შემთხვევაში, სულ ახლახან დავიწყეთ ბრენდის განახლების პროგრამა, რომელიც დააკავშირებს მრავალ შეხების წერტილს და გაგრძელდება მთელი მომავალი წლის განმავლობაში.

უკვე გვაქვს ორნიშნა პროცენტული ზრდა ტრანზაქციებსა და საშუალო ჩეკზე ყველა ბრენდის მასშტაბით, რაც გარდაუვლად მიგვიყვანს გაცილებით უფრო ძლიერ EBITDA-მდე.

ციფრული ტრანსფორმაცია და მონაცემები: აპი, კიოსკები, ლოიალურობა, დინამიკური მენიუს ეკრანები და AI როგორია ჩვენი რუკა და როგორ იმოქმედებს ეს საშუალო ჩეკსა და ვიზიტების სიხშირეზე?

ციფრული არხები და მონაცემები ძირითადი საყრდენი სვეტებია, რომლებიც აუცილებელია წარმატებისა და მდგრადი განვითარებისთვის. მიმდინარეობს ძალიან დიდი სამუშაო აპის და მაღაზიაში არსებული კიოსკების გასაუმჯობესებლად და უკვე ვხედავთ საოცარ შედეგებს ამ მიმართულებით.

ჩვენ გვაქვს სუპერაპი, რომელიც მოიცავს სამივე ბრენდს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გვაქვს საერთო ინტერფეისი სამივე ბრენდისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი აპლიკაცია საკმაოდ რთული სამართავია, ის უნიკალური შეთავაზებაა მომხმარებლებისთვის, რომლებსაც მრავალფეროვანი მენიუს შერჩევა ერთ სივრცეში სურს.

ახლახან გავუშვით ჩვენი აპის ახლებური და გაუმჯობესებული ვერსია, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა აპიდან გაყიდვების წილი და ველოდებით, რომ ეს მაჩვენებელი მომდევნო თვეებში კიდევ უფრო გაიზრდება. ექსკლუზიური შეთავაზებების, მიმზიდველი ლოიალურობის (ქულების) სქემისა და სხვადასხვა ფაქტორის გამო, დარწმუნებული ვარ, რომ აპის გამოყენება მნიშვნელოვნად გაიზრდება, შესაბამისად – ტრანზაქციებიც და საშუალო ჩეკიც.

ჩვენ ასევე დავნერგეთ თვითმომსახურების კიოსკის (self-ordering-kiosk) გაუმჯობესებული ვერსია. ახალი სისტემის მთავარი მიზანი იყო, გაცილებით უფრო პერსონიზებული და მარტივი ინტერფეისი შეგვექმნა მომხმარებლისთვის, რომ მომსახურების სასიამოვნო გამოცდილება მიეღოთ.

"ვისოლ ჯგუფი" ძალიან სერიოზულად ავითარებს AI-სა და მასთან დაკავშირებულ ტექნოლოგიებს საკუთარ ბრენდებში. ჩვენ უკვე დიდი ხანია ვთანამშრომლობთ AI სპეციალიზებულ სარეკლამო სააგენტოსთან. ჩვენი საკუთარი ვირტუალური Wendy's-ის გოგონაც შევქმენით, რომელიც, უნდა ვაღიარო, ისეთივე კარგია, როგორიც ჩვენი ზოგიერთი "ნამდვილი" ინფლუენსერი!

თქვენი აზრით, რომელი KPI-ები განსაზღვრავს წარმატებას: NPS, სერვისის სისწრაფე, პროდუქტის ხარისხი თუ?..

ამ ჩამონათვალში ყველა პარამეტრი კრიტიკულად მნიშვნელოვანია განვითარებისთვის. თითოეულ მათგანს თავისი როლი აქვს, თან ერთმანეთზე მჭიდროდ არის გადაჯაჭვული.

მაღალი ხარისხის პროდუქტი, სწრაფი მომსახურება, თანმიმდევრულობა, რეგულარული ინოვაციები, რელევანტური კომუნიკაცია და საერთო გამოცდილება ბუნებრივად მიგვიყვანს მაღალ NPS ქულამდე. და, რა თქმა უნდა, მაღალი NPS რეიტინგი უზრუნველყოფს ტრანზაქციებისა და საშუალო ჩეკის სტაბილურ ზრდას.

უმაღლესი მიზანი არის მდგრადი განვითარება, მაღალი ორნიშნა EBITDA პროცენტული მაჩვენებლით. მაგრამ გაყიდვებსა და მოგებაზე ზემოთ წარმატების ნამდვილი საზომი არის ბრენდის მიმართ სიყვარული. ბრენდთან სიახლოვე და უპირობო სიყვარულია ის, რისკენაც მივისწრაფვით.

და დიახ, ბრენდის სიყვარული შეიძლება გაიზომოს NPS მეტრიკის საშუალებით, მაგრამ ასევე, შესაძლებელია მისი ხარისხობრივად და რაოდენობრივად გაზომვა პერიოდული სამომხმარებლო კვლევებითა (Brand Health Tracker-ებით) და Google-ს რეიტინგებით, Trip Advisor-ის რეიტინგებითა და ა.შ.