Get All Access for $5/mo

WOLT-ის ახალი ვერტიკალი ახლა უკვე ყველაფრის მიტანის სერვისი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ლაშა ღუღუნიშვილი
ნატალია ხიზანიშვილი, „Wolt საქართველოს“ გენერალური მენეჯერი

2020 წლის თებერვალში Financial Times-ის მიერ გამოქვეყნებული ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ტექნოლოგიური კომპანიების რეიტინგში მეორე ადგილი საკვების მიტანის ტექნოლოგიურმა კომპანია Wolt-მა დაიკავა. ამ დროს შეუძლებელი იყო იმის წინასწარმეტყველება, რომ სულ რამდენიმე კვირაში კომპანია უდიდესი გამოწვევების წინაშე დადგებოდა. შემდეგ თვეში დაწყებულმა პანდემიამ და მკაცრმა კარანტინმა მიტანის სერვისის კომპანიები ერთ ღამეში პირველადი საჭიროების მომსახურების კომპანიებად აქცია – დადგა სრულიად ახალი რეალობა და გაჩნდა გაუკვალავი გზა, თავისი შესაძლებლობებითა და სირთულეებით.

როგორ გაუმკლავდა "ვოლტი" გამოწვევებს და რა წარმატებებს მიაღწია ამ გზაზე, ამის შესახებ "Wolt საქართველოს" გენერალური მენეჯერი, ნატალია ხიზანიშვილი Entrepreneur-ს ესაუბრა:

"პანდემიის დაწყებისას ხშირად გვესმოდა, როგორ გაგვიმართლა, რადგან მაშინ, როდესაც არაერთ ბიზნესს შეექმნა პრობლემები, ჩვენი სექტორი იზრდებოდა. რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ასეც იყო, მაგრამ გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას კომპანიამ სწრაფი და ეფექტიანი ზრდით უნდა უპასუხოს. ეს იოლი ამოცანა არ არის. თუ გახსოვთ, მიტანის სერვისის ერთ-ერთი მსხვილი კომპანია სწორედ პანდემიის დაწყებიდან რამდენიმე თვეში გავიდა ბაზრიდან. ასე რომ, ეს უპირობოდ წარმატების მომტანი შესაძლებლობა არ ყოფილა.

მოთხოვნა მართლაც ძალიან სწრაფად იზრდებოდა − არამარტო მომხმარებლის, არამედ რესტორნების მხრიდანაც. თუკი ადრე ზოგი რესტორანი თავს არიდებდა მიტანის სერვისის კომპანიებთან თანამშრომლობას, მკაცრი კარანტინის დროს ეს პრაქტიკულად მათი შემოსავლების ერთადერთ წყაროდ იქცა. ახალი რეალობა ასეთი იყო − ჩვენს ეფექტიან ფუნქციონირებაზე არა მხოლოდ ჩვენი წარმატება, არამედ უამრავი პარტნიორი მეწარმის − რესტორნისა თუ კურიერის, ბედიც იყო დამოკიდებული.

ამ ვითარებამ ჩვენ უპირველესად უდიდესი პასუხისმგებლობა დაგვაკისრა და ორი უმთავრესი გამოწვევის წინაშე დაგვაყენა − ჩვენ უნდა მოგვეხერხებინა მზარდი მოთხოვნის მყისიერად დაკმაყოფილება ყოველდღიურად ცვალებადი რეგულაციების პარალელურად ისე, რომ შეგვენარჩუნებინა მომსახურების მაღალი ხარისხი, და ამავდროულად, გვეზრუნა პროცესში ჩართული თითოეული რგოლის − ჩვენი გუნდის, პარტნიორების, მერჩანტების და რაც მთავარია, მომხმარებელთა უსაფრთხოებაზე.

ვფიქრობ, გადამწყვეტი როლი ამ სრულიად ახალი, გაუკვალავი გზის წარმატებით გავლაში, "ვოლტის" მართვის სწორმა მოდელმა ითამაშა − ჩვენს კომპანიას მართვის არატრადიციული სტილი აქვს. საქართველოში, ამ თვალსაზრისით, ძალიან განსხვავებული ორგანიზაცია ვართ. "ვოლტი" გლობალური ოჯახია და მისი თითოეული წევრი ქვეყნის ოფისი ერთსა და იმავე მიდგომებს, ხედვებს, პრინციპებს, მიზნებსა და ორგანიზაციულ კულტურას იზიარებს. პანდემიის პერიოდში "ვოლტის" გუნდი კიდევ უფრო ერთიანი გახდა. როდესაც ევროპის ქვეყნებში ქალაქები ერთიმეორის მიყოლებით იკეტებოდა, ჩვენ გამოცდილებას ერთმანეთს უწყვეტ რეჟიმში ვუზიარებდით, ვინაწილებდით ამოცანებს და შედეგად, ცვლილებებს უფრო მომზადებულები ვხვდებოდით.

ამავდროულად, ჩვენს მომხმარებელს დამატებითი საჭიროებები გაუჩნდა და მათ, გარდა საკვებისა, სურსათისა და სხვა პროდუქტების მიტანის სერვისიც სჭირდებოდათ. ჩვენზე სწრაფად კი ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას ვერავინ შეძლებდა, რადგან "ვოლტს" ჰქონდა მზა ინფრასტრუქტურა იმისათვის, რომ ერთდროულად მაქსიმალურად ბევრი მომხმარებლის მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა და უზრუნველეყო არა მხოლოდ საკვების, არამედ სურსათისა და პირველადი საჭიროების სხვა პროდუქტების მიტანის სწრაფი სერვისი.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვგეგმავდით სურსათისა და სხვა საცალო პროდუქტების მიტანის სერვისის დამატებას, მაგრამ არა სწრაფად. როგორც მიკი (იგულისხმება მიკი კუუსი, "ვოლტის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და გენერალური მენეჯერი) ამბობს, ჩვენ ვაშენებთ სავაჭრო ცენტრს თქვენს ჯიბეში. უბრალოდ, მისი შენება ფუდ-კორტით დავიწყეთ. ამ მიმართულებას "ვოლტში" ახალ ვერტიკალს ვუწოდებთ, რომლის გაშვება საგანგებო რეჟიმში მოგვიწია. საქართველოს ოფისი კი ერთ-ერთი პირველი იყო "ვოლტის" 23 ქვეყნის ოფისს შორის, რომელმაც რესტორნებიდან მიტანის სერვისს სუპერმარკეტებიდან მიტანის სერვისიც დაამატა. ახლაც, სხვა საცალო პროდუქტების მიწოდების წილით ბიზნესში, საქართველო პირველ ადგილს იკავებს "ვოლტის" ოფისებს შორის. შესაბამისად, გეგმებიც ყველაზე ამბიციური გვაქვს და ამ მიმართულების ყველაზე დიდი ზრდა სწორედ ჩვენი ქვეყნის ოფისს აქვს დაგეგმილი.

ჩვენ ასე ვაფასებთ: მკაცრი კარანტინის დროს ჩვენ არ გვქონდა უფლება გვეთქვა, არა, ჩვენ ჯერ არ ვართ მზად ამისთვის და ყველაფერი გავაკეთეთ, რომ საკუთარი მომხმარებლის საჭიროებები მაქსიმალურად დაგვეკმაყოფილებინა. ამიტომაც, დღეს "ვოლტით" არა მხოლოდ სუპერმარკეტების პრაქტიკულად ყველა მსხვილი ქსელის პროდუქტების შეკვეთაა შესაძლებელი, არამედ საყოფაცხოვრებო ნივთების, სათამაშოების, ჭურჭლის, საჩუქრების, ტექნიკის და მრავალი სხვა პროდუქტის. უახლოეს მომავალში "ვოლტს" აფთიაქების ქსელებიც დაემატება.

სირთულეებმა ჩვენი გეოგრაფიული ექსპანსიაც ვერ შეაჩერა. 2020 წლის ზაფხულში ჩვენ ქუთაისშიც დავიწყეთ ოპერირება. ამ დროიდან, "ვოლტი" უკვე საქართველოს სამ ქალაქშია წარმოდგენილი − თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში.

კომპანიის მასშტაბური ეფექტიანი ზრდის უზრუნველყოფისა და ახალი ვერტიკალის განვითარების პარალელურად, ჩვენ უნდა გვეზრუნა უსაფრთხოებაზე. პანდემიის დაწყებისთანავე, "ვოლტის" 1500-ზე მეტი თანამშრომელი, მათ შორის საქართველოს ოფისის ყველა თანამშრომელი, მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა და ეს რეჟიმი დღემდე ნარჩუნდება. "ვოლტმა" ასევე ერთ-ერთმა პირველმა გამოაცხადა შეხვედრების გარეშე პოლიტიკა (non-meeting-policy), რამაც გუნდის წევრების უსაფრთხოება უზრუნველყო. ცხადია, არაერთი სირთულე იქნა დაძლეული, რათა შესაძლებელი ყოფილიყო კომპანიის ეფექტიანი მართვა დისტანციურ რეჟიმში.

მომხმარებელთა უსაფრთხოებისთვის ჩვენ მკაცრი კარანტინის პირველივე დღეებში უკონტაქტო მიტანის სერვისი დავნერგეთ, რომელიც დღემდე გრძელდება და ყველა შეკვეთის მიტანა ავტომატურად ამ რეჟიმში ხორციელდება, თუ არ არსებობს კონტაქტური მიწოდების განსაკუთრებული საჭიროება ან მოთხოვნა მომხმარებლის მხრიდან.

თუმცა, ყველაზე მეტი შეკითხვა კურიერების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩნდება. ცხადია, ჩვენ ვიცავთ ყველა წესს, რისკენაც მსოფლიო და ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანიზაციები მოგვიწოდებენ და ამისათვის აქტიურ კომუნიკაციას რეგულარულად ვაწარმოებთ. მაგრამ ჩვენს პარტნიორ კურიერებზე, რომელთაც ყოველდღიურად ასეულობით ადამიანთან უწევთ შეხება, ჩვენ განსაკუთრებულად უნდა ვიზრუნოთ. ამისათვის, უპირველეს ყოვლისა, შემუშავდა რეკომენდაციები პარტნიორი რესტორნებისთვის, კურიერიებისთვის საკვების უკონტაქტო გადაცემის კუთხეების მოწყობის შესახებ, რაც კურიერების დღიურ კონტაქტებს ერთიორად ამცირებს.

გარდა ამისა, "ვოლტმა" გლობალურად შეიმუშავა პარტნიორი კურიერების მხარდაჭერის პროგრამა, რაც მათი დაავადების შემთხვევაში, კურიერთა ანაზღაურების სრულ კომპენსაციას ითვალისწინებს. შედეგად, ჩვენს პარტნიორ კურიერებს არ აქვთ არანაირი მოტივაცია იმუშაონ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, რაც ძალიან გვეხმარება არსებული სიტუაციის მართვაში.

აღსანიშნავია, რომ "ვოლტი" ზოგადად ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს სამართლიანი და მოქნილი სამუშაო გარემოს შექმნას. ჩვენი პარტნიორი კურიერები მუშაობის სასურველ დროს თავად ირჩევენ, რაც განსაკუთრებულ მოქნილობასა და თავისუფლებას სძენთ. მათ აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ სამართლიანი ანაზღაურება. "ვოლტი" მიზნად ისახავს გახდეს #1 კომპანია მსოფლიოში სამართლიანი სამუშაო პლატფორმის შეთავაზების კუთხით.

დღეს შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ გამოწვევები, რომელთა წინაშეც პანდემიამ ამ ეტაპისთვის დაგვაყენა, ეფექტიანად დავძლიეთ. და დღეს უკვე ბევრად ძლიერები, მრავალრიცხოვნები და გამოცდილები ვაგრძელებთ საქმიანობას".

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

სიახლეები

მეიჯერელ საქართველო დისტანციურ დასაქმებას განაგრძობს

"მეიჯერელი" სწრაფად იზრდება, ყოველ წელს ახალი დამკვეთები შემოდიან საქართველოს ბაზარზე, რაც კომპანიას კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმების საშუალებას აძლევს

სიახლეები

მეიჯერელ საქართველო ახლა უკვე ბათუმში!

Majorel-ს თბილისის ორ ოფისში და ქუთაისში 1500-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული