You can be on Entrepreneur’s cover!

პროფესიული უნარ-ჩვევები, რომლებიც სტარტაპის სამართავად გამოგადგებათ "შემიძლია თამამად ვთქვა, "ყველაფერშიკობა" ძალიან გამომადგა ბიზნესში!"

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ნინო ცხვიტაია

ბავშვობიდან მომყვება ერთი უცნაური ჩვევა: მიყვარს ახალ-ახალი სფეროების შემეცნება, ახალი გამოცდილების მიღება, ახალი რაღაცების სწავლა. ხანდახან, როდესაც რაიმე ახალს არ ვუკირკიტებ, მაქვს დისკომფორტის შეგრძნება და მგონია, რომ ერთ ადგილზე ვიყინები. მიუხედავად ამისა, შემეცნებითი პროცესის გარკვეულ ეტაპზე, როდესაც აუცილებელი ხდება რაიმეს სიღრმისეული შესწავლა და ძალისხმევა, ხშირად მბეზრდება, თავს ვანებებ და ვცდილობ ახალი ინტერესი ვიპოვო. დღემდე ჯერ კიდევ ვერ ჩამოვყალიბდი, ეს ჩემი კარგი თვისებაა თუ ცუდი. ერთი მხრივ, ბევრ რაღაცაში ვერკვევი საშუალო დონეზე, მაგრამ უმეტესობა სფეროების პროფესიონალი არ ვარ. ერთი, რაც შემიძლია თამამად ვთქვა, „ყველაფერშიკობა" ძალიან გამომადგა ბიზნესში!

წინა სტატიაში ზუსტად ამაზე მქონდა საუბარი. როდესაც საკუთარი ბიზნესი გაქვს, ვერ იქნები ძლიერი მხოლოდ ფინანსებში, ან მხოლოდ მარკეტინგში. გინდა თუ არა, გიწევს ახალ-ახალი რაღაცების სწავლა, ახალი უნარების შეძენა და სფეროების შემეცნება. ეს პროფესიული თუ სხვა უნარ-ჩვევები ძალიან გამოგადგებათ, რადგან პატარა ბიზნესს საწყის ეტაპზე არ აქვს იმის საშუალება, ყველა მიმართულებით პროფესიონალი კადრი დაიქირავოს და ხელფასი უხადოს.

რა თქმა უნდა, თუ ადამიანი ძლიერია ფინანსებში, კულინარიაში, ან რომელიღაც კონკრეტულ საქმეში, უმჯობესია ბიზნესი ისეთ სფეროში დაიწყოს, სადაც საკუთარ ცოდნას კარგად გამოიყენებს, მაგრამ არის უნარ-ჩვევები, რომლებიც ნებისმიერ ადამიანს გამოადგება, სფეროს მიუხედავად. მაშ ასე, ამ სტატიაში ვისაუბრებ 10 პროფესიულ უნარ-ჩვევაზე, რომელიც სტარტაპის სამართავად გამოგადგებათ.

1. Microsoft Excel

მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველას უწერია რეზიუმეში საოფისე პროგრამების ცოდნა, Excel-ის ფუნქციებს სიღრმისეულად ბევრი ადამიანი არ იცნობს. ჩემი, და არა მარტო ჩემი აზრით, ეს არის ძალიან ძლიერი, მრავალფუნქციური და საჭირო პროგრამა თქვენი ბიზნესისთვის. ფინანსური კალკულატორების შექმნა, გაყიდვების დიაგრამებისა და სტატისტიკის შედგენა, მარაგების აღრიცხვა და კონტროლი, დიდი ინფორმაციის გადამუშავება, სხვადასხვა ბაზების, სიების შექმნა და მენეჯმენტი – ეს იმ ფუნქციათა მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ამ პროგრამას აქვს. ამიტომ, თუ საკუთარი ბიზნესის შექმნაზე ფიქრობთ, დღესვე დაიწყეთ Excel–ის შესწავლა.

2. მმართველობითი ფინანსური აღრიცხვა

ფინანსები საკმაოდ რთული და ტექნიკური საგანია, მაგრამ მასში არის საკითხები, რომელთა ცოდნა აუცილებლად გამოადგება დამწყებ ბიზნესმენს, ფინანსური თუ მენეჯერული გადაწყვეტილებების მისაღებად. მაგალითად, ყველაზე მარტივი – ცვლადი და ფიქსირებული ხარჯების გააზრება. ამ ორი ტიპის ხარჯის ცოდნა დაგეხმარებათ პროდუქტის ან მომსახურების ფასის დადგენაში, გაყიდვების პროგნოზების გასაკეთებლად, ასევე იმის გასაანალიზებლად, თუ როგორ აისახება გაყიდვების ცვლილებები კომპანიის მოგება-ზარალის მაჩვენებლებზე. თქვენ, როგორც ბიზნესმენს, კომპანიის ფინანსური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, აუცილებლად დაგჭირდებათ სხვადასხვა ტიპის გადაწყვეტილების მიღება, რაშიც ძალიან გამოგადგებათ ფინანსების ცოდნა.

3. მარკეტინგისა და ბრენდინგის საფუძვლები

ძალიან ღრმა ბავშვობაში, ერთ-ერთ პოპულარულ რადიოში მუდმივად ისმოდა ფრაზა: „კარგ გაყიდვებს რეკლამა არ სჭირდება". ჩემი აზრით, დღეს რაც უნდა კარგი პროდუქტი ან სერვისი შექმნათ, მარკეტინგის, რეკლამისა და ბრენდინგის გარეშე, უზომოდ რთული, თითქმის შეუძლებელია ფეხის მოკიდება. მარკეტინგი, თავისი არსით, ძალიან ახლოს დგას ბიზნესთან – უნდა შექმნათ პროდუქტი ან სერვისი, მოუფიქროთ ფასი, დაგეგმოთ, სად და როგორ გაიყიდება ეს პროდუქტი, და გაუკეთოთ ე.წ. „ფრომოუშენი". ბრენდინგის ცოდნაც აუცილებელია, რადგან პატარა კომპანიებს განსაკუთრებით სჭირდებათ კარგ და ძლიერ ბრენდად ჩამოყალიბება, რაც რთულია მცირე ცოდნის გარეშე.

4. სოციალური მედია/ციფრული მარკეტინგი

ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს, რომ სოციალურ მედიაში და ციფრულ მარკეტინგში ერკვეოდეთ. უპირველესად, ციფრულ ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, უფრო და უფრო ნაკლებ ყურადღებას უთმობენ ტრადიციულ მედიას. ასევე, ვინაიდან სტარტაპების მარკეტინგული რესურსები, როგორც წესი, შეზღუდულია, სოციალური მედიისა და ციფრული მარკეტინგის არხები შეუცვლელია იმისათვის, რომ ხმა მიაწვდინოთ სასურველ აუდიტორიას და გააცნოთ თქვენი ბრენდი. საბედნიეროდ, ისეთ გიგანტებს, როგორებიცაა Facebook და Google, აქვთ თავიანთი სასწავლო პლატფორმები, სადაც შეგიძლიათ გაიაროთ ციფრული მარკეტინგისა და სოციალური მედიის ონლაინკურსი და დაეუფლოთ ამ ცოდნას.

5. ფოტოგრაფია და გრაფიკული პროგრამები

ვიდრე საკუთარი ბიზნესის სოციალური მედიისა და მარკეტინგული არხების მართვა თავად გიწევთ, აუცილებლად დაგჭირდებათ ფოტოების გადაღება, მათი დამუშავება, მარტივი დიზაინის აწყობა და ა.შ. ამისთვის არ არის აუცილებელი ძვირფასი კამერა გქონდეთ – რამდენიმე ხრიკის ცოდნაც კი საკმარისია სასურველი შედეგის მისაღებად. რაც შეეხება გრაფიკული დიზაინის პროგრამებს, ინტერნეტში მრავლადაა ვიდეოები (ე.წ. Tutorial-ები) მათ შესასწავლად. მომავალში, როდესაც თქვენი ბიზნესი საკმარისად დიდი და ძლიერი იქნება, ამისთვის შეგიძლიათ პროფესიონალი ფოტოგრაფები და გრაფიკოსები დაიქირავოთ.

6. „ნეთვორქინგი"

თუ ბიზნესს შეეჭიდებით, ეცადეთ გახდეთ რაც შეიძლება კომუნიკაბელური ადამიანი. აუცილებლად დაგჭირდებათ ე.წ. „ნეთვორქინგი", რაც გულისხმობს საჭირო ადამიანებთან საჭირო ურთიერთობის დამყარებას და მათი კეთილგანწყობის მოპოვებას. „ნეთვორქინგი" შესაძლოა არ იყოს კონკრეტული პროფესია, მაგრამ საჭირო დროს საჭირო ადამიანებთან შეხვედრით და გაცნობით, შესაძლებელია თქვენი ბიზნესის ახალი პერსპექტივები გამოავლინოთ, გამოცდილება გაიზიაროთ ან ბიზნესპარტნიორები შეიძინოთ.

7. მომხმარებლებთან ურთიერთობა

როდესაც კარიერას ვიწყებდი, პირველი ოთხი წელი ბანკში ვიმუშავე. მრავალ ტრენინგს დავესწარი სერვის პლუსის თუ მომხმარებლებთან ურთიერთობის თემაზე, მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას კი ყოველდღიურად ვიყენებ. ნებისმიერ ბიზნესს, იქნება ეს B2B თუ B2C უწევს მომხმარებლებთან ურთიერთობა, რომელიც მაქსიმალურად კომფორტული და სასიამოვნო უნდა იყოს. თქვენ, როგორც მომავალ ან არსებულ ბიზნესმენს, აუცილებლად მოგიწევთ მომსახურების სტანდარტიზაცია, პერიოდულად უკმაყოფილო მომხმარებლებთან გამკლავება. კარგი ურთიერთობები ლოიალური ურთიერთობების სახეს მიიღებს, რაც ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

8. ავტომობილის მართვა

როდესაც ამ სიას ვასრულებდი, დიდხანს ვფიქრობდი, რა უნარ-ჩვევა იყო, რომელიც მუდმივად მეხმარებოდა. ამ პუნქტს ალბათ არ ელოდით და პირველი რეაქცია შესაძლოა სიცილი იყოს, მაგრამ პირადად მე ძალიან გამიჭირდებოდა ბიზნესის საწყის ეტაპზე, ავტომობილის მართვა რომ არ მცოდნოდა. ქალაქში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმართაობის გამო საკმაოდ რთულია გადაადგილება, ხანდახან სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ერთი პუნქტიდან მეორემდე სწრაფად მისვლას, პროდუქციის დროულად მიწოდებას და ა.შ. რა თქმა უნდა, თუ თქვენი ბიზნესი ერთ ადგილზეა ლოკალიზებული, მანქანის მართვა არაფერში დაგჭირდებათ, მაგრამ თუ გადაადგილება გიწევთ, აუცილებლად გამოგადგებათ.

რეზი ბესელაშვილი

ანტრეპრენერი, მარკეტინგის სპეციალისტი და ლექტორი, გრაფიკული დიზაინერი. კომპანია AlterSocks-ის თანადამფუძნებელი

ანტრეპრენერი, მარკეტინგის სპეციალისტი და ლექტორი, გრაფიკული დიზაინერი.

კომპანია AlterSocks-ის თანადამფუძნებელი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"