You can be on Entrepreneur’s cover!

თქვენი ანტრეპრენერული აზროვნების განვითარების 10 გზა თქვენს მიზანზე ყოველდღიურად იფიქრეთ, იკითხეთ, სხვებს მოუსმინეთ, ღონისძიებებს დაესწარით. სამყარო ცდილობს გაცილებით ჭკვიანი გაგხადოთ. მიეცით ამის საშუალება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

წარმატებული ანტრეპრენერი რომ გახდეთ, აუცილებელად უნდა ისწავლოთ, თანაც ციფრების დათვლასა და ფინანსების მართვაზე გაცილებით მეტი. როგორც ანტრეპრენერს, ათ წელიწადზე მეტი ხნის გამოცდილება მაქვს და დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს ელემენტები თქვენს ბიზნესში ნამდვილად ასრულებენ დიდ როლს, მაგრამ რაღაც მნიშვნელოვანი თუ გაქვთ განზრახული, მის მისაღწევად შემოქმედებითი აზროვნება, ლიდერის უნარები და საზრიანობა აუცილებლად დაგჭირდებათ.

ეს უნარები ნამდვილად არ არის ისეთი კონკრეტული, როგორიც მათემატიკის შესასწავლადაა აუცილებელი, მათი შესწავლა სულ სხვა გზით ხდება. ანტრეპრენერული მენტალიტეტის გასამტკიცებლად აუცილებელია გაკვეთილები, რომლებსაც კლასშიც მიიღებთ და მის გარეთაც. გაკვეთილების მოძებნას კი, შემდეგი საშუალებებით მოახერხებთ:

უსმინეთ გამოცდილ მენტორებს

ერთ-ერთი პრაქტიკული რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, მენტორის მოძებნაა, თანაც ერთის კი არა, რამდენიმესი, და ყურადღებით მოსმენა, რასაც ისინი ამბობენ. სამყაროს ფინანსურად წარმატებულ ადამიანთა შორის ზოგიერთი, მაგალითად, მარკ ცუკერბერგი, საკუთარ წარმატებას იმ გამოცდილებას უმადლის, რომელიც მენტორებთან ურთიერთობისას მიიღო.

მენტორები თქვენი იდეების საუკეთესო შემფასებლები არიან. ისინი გეტყვიან, რა არის პერსპექტიული ან რას შეიძლება მოჰყვეს უარყოფითი შედეგები. გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელი არ არის მათ წინასწარ იცნობდეთ, ან შეგიძლიათ სულაც ისეთი რესურსები გამოიყენოთ, როგორიცაა LinkedIn და SCORE, ადამიანები მოძებნოთ, რომლებიც გამოცდილებას გაგიზიარებენ.

რაც შეიძლება ბევრი იკითხეთ

მენტორების გარდა, ცოდნის მიღებას წიგნებითა და სტატიებითაც შეძლებთ. ადამიანებს, რომლებიც საკუთარ გამოცდილებაზე წერენ და მას მთელ სამყაროს უზიარებენ, სურთ მათ შეცდომებსა და წარმატებებზე ისწავლოთ. ისინი რეალურ ისტორიებს გიამბობენ და თქვენც შეგიძლიათ საკუთარ კომპანიას მიუსადაგოთ.

როგორც ყველაზე წარმატებული აღმასრულებელი დირექტორები ირწმუნებიან, ისინი კვირაში სულ მცირე ერთ წიგნს მაინც კითხულობენ.

დაესწარით ანტრეპრენერულ ღონისძიებებს

გინდათ უკეთესად გააკეთოთ თქვენი საქმე?

თუ ასეა, სხვა ანტრეპრენერების გარემოცვაში სცადეთ ყოფნა. გამოფენებს, კონფერენციებს, ვებინარებსა და სხვა ღონისძიებებს დაესწარით. ასეთი ღონისძიებები ურთიერთობის დამყარების შესანიშნავი საშუალებაა. ასევე, კავშირები თქვენს დარგში თქვენც მოგიტანთ წარმატებას. კონტაქტების დასამყარებლად და ინფორმაციის გასაცვლელად, შემდეგ ანტრეპრენერული ღონისძიებებზე − TechCrunch Disrupt, Startup Weekend და the 140 Character Conference, დასწრება საუკეთესო იქნებოდა.

ჩემს წარმატებას მთლიანად ამ ანტრეპრენერულ ღონისძიებებს ვუკავშირებ. არ დაივიწყოთ, რომ მათზე დასწრება საზოგადოებისთვის პრეზენტაციის ჩატარებას სულაც არ ნიშნავს იმის თაობაზე, თუ რას ყიდით, და არც ფინანსების მოძიებას. ნაცვლად ამისა, პროფესიული კავშირები უნდა დაამყაროთ და დაარწმუნოთ ისინი, რომ „ლიდების" (პოტენციური კლიენტი) გაგზავნაც შეგიძლიათ დიდი ხნის განმავლობაში და მათი მიღებაც.

ახალი გამოწვევები ეძიეთ

ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც ანტრეპრენერს შეიძლება ჰქონდეს, პრობლემების გადაჭრის ნიჭია. სწრაფად აზროვნება, ვითარების სხვადასხვა კუთხიდან შესწავლა და ისეთი შემოქმედებითი გადაწყვეტილებების მიღება უნდა ისწავლოთ, რომელიც ადრე არავის უცდია. ამ უნარების განვითარება რომ შეძლოთ, თავად უნდა ეძიოთ სირთულეები, რომლებიც კრიტიკული აზროვნების განვითარებაში დაგეხმარებათ. მაგალითად, კრიტიკული აზრის მშვიდად მიღება, სხვების მოსაზრებებისა და იდეების მოსმენა და შედეგებსა თუ გადაწყვეტილებებზე ყურადღების გამახვილება უნდა ისწავლოთ.

თქვენს მიზანზე ყოველდღიურად იფიქრეთ

ანტრეპრენერობა იმიტომ გსურთ, რომ იდეა − ხედვა გაქვთ. თქვენს იდეასა და მის განხორციელებაზე ყოველდღიურად იფიქრეთ, რომ საკუთარ თავს შეახსენოთ, რატომ გსურთ უნარების სრულყოფა და საკუთარი თავის სტრესულ ვითარებაშიც გამოცდა.

როდესაც დაგჭირდებათ, თავად შეაგულიანეთ საკუთარი თავი. ალექსანდრია ოკასიო-კორტესი, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის წევრი საკუთარი თავისთვის მიზნების შესახსენებლად და შთაგონებისთვის ინდუისტურ მანტრებს კითხულობს. „ამ საქმეში საკმაოდ გამოცდილი ვარ, ინფორმირებულიც, მამაციც და საკმაოდ მოწიფულიც, და თამამად მივმართავ ამ გზას", − აცხადებს იგი.

მე კი ციფრული დაფები და მთელ ოფისში მიმობნეული ფურცლები მიყვარს შთამაგონებელი ფრაზებით. არ აქვს მნიშვნელობა ყოველდღიურად რამდენის გაკეთებას ასწრებთ, ბევრს ცდილობთ თუ ცოტას, რომ თქვენი მიზანი ყოველთვის გახსოვდეთ. ეს ჩემი მეთოდია, თქვენ კი ის გააკეთეთ, რაც დაგეხმარებათ.

მსგავსი სტატია: სახელმძღვანელო დამწყებთათვის ანტრეპრენერობაში წარმატების მისაღწევად

კლიენტებს დანაპირებზე მეტი გაუკეთეთ

კონკურენტებისგან რომ გამოირჩეოდეთ, კლიენტებს დანაპირებზე მეტი უნდა გაუკეთოთ. თქვენ ხომ არ ხართ ის პროგრამისტი, რომელიც ვიღაცას უმაღლესი კლასის ვებ გვერდის გაკეთებას დაპირდა? თუ გვერდს იმ ფუნქციებიც დაამატებთ, რომელსაც თქვენი კლიენტი არც ელის, ეს თქვენს რეპუტაციასაც გააუმჯობესებს, ურთიერთობასაც განამტკიცებს კლიენტთან და უბიძგებს კიდევაც მას სხვებთან გაგიწიოთ რეკომენდაცია.

ბიზნესის ყველა სფერო სცადეთ

რადგან მარტოხელა ანტრეპრენერი ხართ, ბუნებრივია უთვალავი ამოცანა გექნებათ შესასრულებელი. როდესაც თქვენი ბიზნესი გაიზრდება და თანამშრომლებიც გეყოლებათ, სავსებით შესაძლებელია დაგავიწყდეთ, რამდენად რთულია ყველა ამ მოვალეობის შესრულება. თითოეული თანამშრომლისადმი მადლიერების გრძნობა რომ შეინარჩუნოთ და ეგოცენტრისტი არ გახდეთ, საკუთარი თავი ბიზნესის ყველა ასპექტში უნდა გამოსცადოთ.

თქვენს თანამშრომლებთან ერთად იმუშავეთ, საკუთარი თვალით იხილეთ, რას აკეთებენ ისინი. ამის წყალობით ყველა საქმის კურსში იქნებით, რაც მომავალში მათთან თანამშრომლობის შესაძლებლობასაც მოგცემთ და გუნდსაც გააერთიანებს.

თვითდისციპლინაზე იზრუნეთ

წარმატებული ანტრეპრენერი რომ გახდეთ, დისციპლინა აუცილებლად უნდა დაიცვათ. დროს უნდა გაუფრთხილდეთ − არც პროფესიულ და არც პირად ცხოვრებაზე ფუჭად არ უნდა დახარჯოთ. მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ, რამდენ დროს ატარებთ სოციალურ მედიაში, საკმარისად თუ გძინავთ და ჯანსაღად თუ იკვებებით. ვარჯიშისა და კითხვისთვისაც უნდა გამოყოთ დრო და ეცადოთ, რაიმე სხვამ არ გაგიფანტოთ ყურადღება. იცოდეთ, რომ დღიურის წარმოება ნამდვილად დაგეხმარებათ და ბევრად ორგანიზებულსა და დისციპლინირებულს გაგხდით. ეს ბევრ ანტრეპრენერს მოსწონს − დროის პროდუქტიულად და შემოქმედებითად გატარებად მიიჩნევენ.

იმაზე მეტი მოისმინეთ, ვიდრე ლაპარაკობთ

ყოველთვის იმაზე მეტი მოისმინეთ, ვიდრე ლაპარაკობთ. როგორც ამბობენ, სწორედ ამიტომ გვაქვს ორი ყური და მხოლოდ ერთი პირი. განსაკუთრებით კი, როდესაც საქმე რთულსა და უხერხულ საუბრებს ეხება. ასეთ დროს სჯობს მხოლოდ დამსწრე იყოთ და ყურადღებით მოუსმინოთ რას ამბობს მეორე ადამიანი, დაუფიქრდეთ წარმოთქმულ სიტყვებს (მხოლოდ სიტყვებს კი არა, სხეულის ენას და სხვა სოციალურ სიგნალებსაც დაუკვირდით).

ხშირად მეორე ადამიანს მხოლოდ იმისთვის ვუსმენთ, რომ პასუხი გავცეთ და არა იმისთვის, რომ გავიგოთ, სინამდვილეში რის თქმას ცდილობს იგი. ნებისმიერ ვითარებაში, პასუხის გაცემამდე, მოსმენა და ნათქვამის გააზრება სჯობს.

დაეხმარეთ სხვა ადამიანებს

ჩვენ ზუსტად იმდენს ვსწავლობთ, რამდენსაც სხვებს ვასწავლით. ამ თვალსაზრისით, სხვა ადამიანების დახმარება ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო რამაა, რისი გაკეთებაც შეგვიძლია. სხვების დახმარება ანტრეპრენერულ წამოწყებებში თქვენს ბიზნესზეც ბევრს გასწავლით, რადგან ეს დიდ დაფიქრებას მოითხოვს.

თუნდაც მაგალითისთვის ეს შემთხვევა განვიხილოთ. თქვენი ბიზნეს-პარტნიორი წარუმატებელ სოციალურ მედია კამპანიასთან გამკლავებას ყველანაირად ცდილობს; თქვენ კი, საკუთარი სურვილით მიზეზის დადგენაში ეხმარებით. თუ სტრატეგიებზე გაკეთებულ ჩანაწერებს ერთმანეთს შეადარებთ სოციალურ ქსელებში თქვენს მარკეტინგზე სრულიად სხვა წარმოდგენა შეგექმნებათ და მომავალში ახალი ნაბიჯების გადასადგმელად ახალი იდეები გაგიჩნდებათ.

ანტრეპრენერობა მხოლოდ ბიზნესის მართვას არ ნიშნავს; იგი ახლებურად აზროვნებასაც მოითხოვს. თქვენ როგორ ფიქრობთ ანტრეპრენერული აზროვნების გამახვილებას?

მსგავსი სტატია: ბიზნესში წარმატების მისაღწევად სტარტაპული აზროვნებაა აუცილებელ