You can be on Entrepreneur’s cover!

დიზაინერული აზროვნება, ანუ პრობლემის ძიების ხელოვნება ბიზნესიდეების გასაჩენად

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

ბოლო 4 წელიწადში ჩვენს ოჯახში, ორი ბავშვის გარდა, დაახლოებით 20-მდე „ბიზნესიდეა" გაჩნდა. ზოგიერთი მომწიფდა, ზოგი „თაროზე შემოიდო", ორი მათგანი განხორციელდა წარმატებით, მესამე გზაშია და კიდევ ორი – აქტიური განხილვის ფაზაში.

2016 წელს, როცა 4-ჯერადი დიეტური საკვების ადგილზე მიტანის სერვისზე დავიწყეთ საუბარი, მეგობრებს უკვირდათ, საიდან მოიტანეთო, ან საიდან მოიგონეთ, რომ ამის ბიზნესად ქცევა შეიძლება საქართველოშიო.

ზოგადად, ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ იდეების გენერირებისა და ბრეინშტორმინგის გამოცდილება, ალბათ ჰგონიათ, რომ ბიზნესიდეა უცებ უნდა დაგესიზმროს, ან შხაპის მიღების დროს დაგარტყას გენიალურმა აზრმა თავში, მაგრამ სინამდვილეში, ეს არის დაკვირვების, პრობლემების აღმოჩენისა და გადაწყვეტილებების ძიების უწყვეტი პროცესი.

სხვანაირად რომ ვთქვათ, საღამოს, იმის ნაცვლად, რომ ფილმს ვუყუროთ, ჩვენ ვსხდებით და ვსაუბრობთ, ვკამათობთ, ვმსჯელობთ ჩვენთვის პრობლემატურ თუ საინტერესო საკითხებზე, ამ პროცესში კი ჩნდება ახალი შესაძლებლობები, რომლებსაც ვიჭერთ და შემდგომ ვავითარებთ.

ამ პროცესს ამერიკელები დიზაინერულ აზროვნებას უწოდებენ. ეს არის პრობლემისადმი კომპლექსური მიდგომა, როდესაც ვეძებთ კონკრეტულ ტკივილებს, ადამიანებს, რომლებსაც ეს ტკივილები აწუხებთ, და ვქმნით ზუსტად მათთვის მორგებულ პროდუქტს/სერვისს, რომლის მეშვეობითაც ეს ტკივილი მსუბუქდება.

პროცესში ხდება პრობლემის ძალიან სიღრმისეულად შესწავლა, მიზნობრივი აუდიტორიის დეტალური კვლევა, ტიპური სიტუაციების წარმოდგენა და დაკვირვება, იდეის შემუშავება და დახვეწა, რათა ზუსტად მოერგოს იმ ადამიანებს, ვისთვისაც იქმნება ეს გადაწყვეტილება.

როგორ ვიპოვოთ სწორი პრობლემები?

ყველა პრობლემა არ არის ისეთი, რომლის გადაჭრაც ღირს ბიზნესისთვის. ალბერტ აინშტაინმა თქვა, 1 საათი რომ მომცენ დედამიწის გადასარჩენად, 59 წუთს პრობლემის მოძიებას დავუთმობდი, მხოლოდ 1 წუთს მის გადაჭრასო.

ჩვენ უნდა ვიპოვოთ ისეთი პრობლემა, რომლის მოგვარებაშიც ადამიანები მზად არიან ფული გადაიხადონ. ამერიკული კვლევის თანახმად, სტარტაპების 90% კრახს განიცდის, და ამ მარცხებიდან 42% გამოწვეულია იმით, რომ ვერ იპოვეს ადამიანები, რომლებიც მათ პროდუქტში ფულს გადაიხდიდნენ, ანუ არასწორი პრობლემა გადაჭრეს.

მიმოიხედეთ გარშემო

პრობლემების ძიება იწყება ჩვენგან, ჩვენი ოჯახის წევრებიდან თუ მეგობრებიდან. მაგალითად, ჩვენ გარშემო მწვავედ იდგა წონის კლების პრობლემა. ვაკვირდებოდით ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში უამრავ მეთოდს მიმართავდნენ, რომ მოეშორებინათ ზედმეტი კილოგრამები. დადიოდნენ ერთი დიეტოლოგიდან მეორესთან, ტესტავდნენ ინტერნეტში მოძიებულ ყველანაირ დიეტას, მაგრამ შედეგს ვერ აღწევდნენ. ექიმებისა და ფიტნესინსტრუქტორების მიერ დანიშნული დიეტა მაცივარზე გაკრული რჩებოდა. როგორც წესი, თვითონ ეს ადამიანები პრობლემას ხედავდნენ დანიშნულებაში, და ამიტომ ეძებდნენ ახალ ექიმს, რომელიც უკეთ დაუწერდა დიეტას.

თუმცა მათთან საუბრების შემდეგ, აღმოვაჩინეთ, რომ ძირეული პრობლემა თავად ამ ადამიანების დღის რეჟიმშია – ისინი იმდენად დაკავებულნი არიან, რომ ვერ ამზადებენ სათანადო კვებას, ვერ ასრულებენ დანიშნულებას, შესაბამისად ვერ დგება შედეგიც. იმედგაცრუებულები კი სტანდარტულ გზას მიმართავენ, ეძებენ ახალ დიეტას ან ახალ დიეტოლოგს, და ყველაფერი თავიდან იწყება.

სწორედ ამ ძირეული პრობლემის გადასაჭრელად მოგვივიდა იდეა, დიეტური, 4-ჯერადი საკვების ადგილზე მიტანის სერვისი შეგვექმნა.

შეაფასეთ ბაზარი

ძიების პროცესში უამრავი ტიპის პრობლემას წააწყდებით, რომელთა გადაჭრაც მოგინდებათ, თუმცა აქ მეორე ცვლადი შემოდის – რამდენად ბევრ ადამიანს უდგას ეს პრობლემა? ანუ რამდენად დიდია პოტენციური ბაზარი, რომელსაც ფულის გადახდა მოუნდება ამ გადაწყვეტილებაში.

ჩვენი გეოგრაფიულ-დემოგრაფიული მონაცემები ამ ნაწილში ჩვენ წინააღმდეგაა, რადგან სრულად ათვისების შემთხვევაშიც კი, ძალიან პატარა ბაზარია, დაბალი მსყიდველუნარიანობით. თუმცა ერთი დიდი პლუსი აქვს მცირე ბაზარს – გასატესტად გამოდგება, და მარცხი ძალიან დიდ ზარალთან არ იქნება დაკავშირებული, წარმატების შემთხვევაში კი აქაური გამოცდილება შეგვიძლია გამოვიყენოთ მსოფლიოს სხვა ბაზრებზე შესასვლელად.

ასე რომ, თუ აქამდე საკუთარ საქმეს იმიტომ არ იწყებდით, რომ იდეა არ გქონდათ, თავი გაანებეთ ჰაერში იდეების ძებნას და დაიწყეთ საინტერესო პრობლემების შესწავლა თქვენ გარშემო. დარწმუნებული ვარ, გზადაგზა ბევრი იდეა დაიბადება.

მარიტა გენებაშვილი

"Inebe.ge"-ის, "მიკროგრინისა" და "მინდორის" თანადამფუძნებელი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"