ათი რჩევა ანტრეპრენერებს, რომ თავიანთი სამუშაოს შესრულება შეძლონ, როდესაც ბავშვები შინ სწავლობენ

ახლა უკვე ჩვეულებრივი ამბავია, რომ ბავშვებს შინ აქვთ სკოლა, მაგრამ საქმე ის არის, რომ ჩვენი სამუშაოც ხომ შესასრულებელი გვაქვს

By
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ახლა უკვე სულ სხვანაირად დავაფასე მასწავლებლები და ვიცი, რომ ერთადერთი არ ვარ. ჩვენი სკოლები სრულიად გაურკვეველი ვადით დაიკეტა, მშობელთა უმრავლესობა, ბუნებრივია, მუშაობს და ჩვენ ერთდროულად, ბავშვების სწავლებაც უნდა შევძლოთ შინ, ჩვენი ბიზნესის მართვაც და მუშაობაც. მართალია, ბევრ სკოლას ონლაინპროგრამებიც აქვს და სასწავლო პაკეტებიც, სტატიებიც მრავლად ქვეყნდება თემაზე, „როგორ უნდა მივიღოთ შინ განათლება“, მაგრამ ამ სტატიებში არავინ გვიხსნის, როგორ უნდა გავაგრძელოთ ეფექტურად მუშაობა შინ, ბავშვებსაც მივხედოთ და ვისწავლოთ კიდეც.

Pixabay

12 წელია შინიდან ვმუშაობ, და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილებისთვის ძიძები მყავდა დაქირავებული, 10 რჩევას გთავაზობთ, თუ როგორ უნდა გახადოთ გაცილებით ნაყოფიერი დრო, რომელსაც თქვენს შვილებთან ერთად ატარებთ და ამავე დროს, როგორ უნდა შეინარჩუნოთ თქვენი ბიზნესი.

1. ასწავლეთ, როგორ უნდა გახდნენ დამოუკიდებლები

ბავშვებმა უნდა იცოდნენ, თუ როგორ უნდა შეასრულონ თავიანთი დავალებები და ისიც უნდა გააცნობიერონ, რომ ჩვენ, როგორც მშობლებს, საკუთარი მოვალეობები და სამუშაო გვაქვს, და გარკვეული დროის განმავლობაში არ უნდა შეგვაწუხონ. როგორ უნდა მოახერხოთ ამის გაკეთება? თქვენს შვილებს წამზომი მიეცით (პატარა, კვერცხის ზომის შესანიშნავი იქნება) და უთხარით, რომ ზუსტად განსაზღვრული დროის განმავლობაში უნდა წაიკითხონ, ითამაშონ ან იმუშაონ ნებისმიერ პროექტზე. თუ ისინი დამოუკიდებლობას არ არიან მიჩვეულები, თავიდან დროის მცირე მონაკვეთებით დაიწყეთ, მაგალითად 15 წუთით და დროთა განმავლობაში, 60 წუთამდე გაზარდეთ.

მათი დროის ორგანიზებას ასე შეძლებთ − წიგნით, ონლაინ საგანმანათლებლო პროგრამით ან გარეთ სათამაშოდ გაშვებით. იგივე შეიძლება ითქვას ბუტერბროდის მომზადების სწავლებაზე, არაქისის კარაქითა და ჟელეთი, როდესაც მშივრები არიან. დამოუკიდებლობის სწავლებისას ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ პატარა დავალებებით დაიწყოთ, მათი შესრულებისას შეაქოთ ისინი და ეს დამოუკიდებელი ნაბიჯები ყოველდღიურ ჩვევად აქციოთ.

2. შექმენით კონკრეტული გრაფიკი (მაგრამ შეინარჩუნეთ მოქნილობა)

ბავშვები სკოლაში ცხრილებსა და ზარებს არიან შეჩვეულები, ამით ისარგებლეთ და ისეთი ცხრილი შეადგინეთ, რომ მთელი თქვენი დრო ბავშვების საშინაო სკოლას კი არ მიუძღვნათ, თქვენც შეძლოთ მუშაობა. მართალია, უფროსკლასელებს შესაძლოა თავისუფალი დრო და დამოუკიდებლობა მოსწონდეთ, უბრალოდ კითხვა და მეტი დასვენება, მაგრამ პატარებს სავარაუდოდ, სხვა რამ მოეწონებათ.

ჩემი 9 და 11 წლის ვაჟები ამ სტრუქტურას შესანიშნავად იყენებენ და მოსწონთ ერთი დღისთვის შედგენილი კონკრეტული ცხრილი. მისი დახმარებით ზუსტად შეუძლიათ დაადგინონ, რა დროის განმავლობაში უნდა იმუშაონ დამოუკიდებლად (პროგრამული უზრუნველყოფის ან რაიმე სხვა საკითხების შესასწავლად, რომლებიც კომპიუტერთან არ არის დაკავშირებული − ხელოვნება, თავსატეხები, წერა ან მშენებლობა), ასევე, როდის ვასწავლით მათ აქტიურად მე ან ჩემი მეუღლე, ან როდის ვთამაშობთ მათთან ერთად.

მე დილით ვუგეგმავ მათ კითხვასა და მათემატიკას (iPad-ით ან ელექტრონული ცხრილებით), ამას წასაუზმება და შესვენება მოსდევს, რაც საკმაოდ სოლიდურ სამსაათიან ბლოკს მაძლევს პრიორიტეტული სამუშაოს შესასრულებლად. შემდეგ კიდევ რაღაცას ვაკეთებ, მათ ვასწავლი, გაკვეთილებს ვუტარებ, მაგალითად, ისტორიის, ესპანურის, და სამეცნიერო ექსპერიმენტებს, ეს ყველა ჩვენგანისათვის სასიამოვნოა.

კიდევ ერთი სასკოლო ღონისძიება, რომელიც დღის წესრიგში შედის, როგორც მე ვეძახი, „სამწერლო სახელოსნოა“, და ის მუდმივად იცვლება, ზოგჯერ ესეს დაწერას ეძღვნება, ზოგჯერ შემოქმედებით წერას, ზოგჯერ კი, სიურპრიზია. გუშინწინ ასეთი სიურპრიზი იყო − ორი წერილის მიწერა მეგობრის, მასწავლებლის ან ოჯახის წევრისთვის, ამ საშინელი დღეების გასალამაზებლად. ბავშვების უმრავლესობას ყველაზე მეტად საკუთარი მეგობრები ენატრებათ და ამაზე უფრო მეტად დარდობენ, ვიდრე საფონდო ბირჟის ინდექსების დაცემაზე ან კიდევ, სადეზინფექციო ერთჯერადი ხელსაწმენდების დეფიციტზე. ამიტომ, წინასწარ დაგეგმეთ და თქვენს ერთ-ერთ მეგობარს FaceTime-ით დაუკავშირდით დღის ბოლოს, რაც სასკოლო დღის კარგი ჯილდო იქნება თქვენთვის. მოქნილი გრაფიკი უნდა შეადგინოთ. სრულიად ნორმალური იქნება, თუ სხვადასხვა საქმეს გადაავადებთ და ყველაფერს მნიშვნელოვან ზარებსა და ვიდეო შეხვედრებს მოარგებთ.

3. ასწავლეთ მათ სახლის ეკონომიკა

ჩვენს გრაფიკში მთავარი სასწავლო საგნებიც შედის და მათ გარდა, სხვა თემებიც: სასწავლო თამაშები, თავსატეხები, მუსიკა და საშინაო დავალებები. შინ მთელი დღის განმავლობაში ბავშვების ყოფნა უფრო მეტ სარეცხს, უფრო მეტ ჭურჭელს, უფრო მეტ საჭმელს და იმასაც ნიშნავს, რომ სამსახურის ბევრი საქმე გაუკეთებელი დარჩება. ჩვეულებრივ, სადილის შემდეგ 30 წუთს ვამატებთ გრაფიკში, რომ ბავშვებმა საშინაო საქმეები შეასრულონ, თუმცა ეს თქვენთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროსაც შეგიძლიათ. თანმიმდევრულები იყავით, შეაქეთ და დააჯილდოვეთ თქვენი ბავშვი. ეს მასში კარგი ჩვევების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, თქვენ კი მეტ დროს მოგცემთ სამუშაოდ.

4. თქვენს ბავშვებს სამუშაო გარემო შეუქმენით

ჩვენ საკმაო დროს ვხარჯავთ საკუთარი ოფისისა და სამუშაო ადგილის ორგანიზებაზე, ამიტომ, თქვენი შვილებისთვისაც იგივე უნდა გააკეთოთ. სამუშაო ადგილას საჭიროა სისუფთავე, არაფერი იყოს ხელისშემშლელი − არც სათამაშოები დახვავებული და არც უწესრიგობა. ლეპტოპებით, კალმებით, ფანქრებითა და ხმის ჩამხშობი ყურსასმენებით შეაიარაღეთ ისინი, როდესაც კომპიუტერთან ან iPad-თან მუშაობენ.

5. ტექნოლოგია თქვენი მეგობარია

ჩვენი ბავშვების უმრავლესობა უკვე ინტერნეტით სწავლობს და შესაძლოა iPads-საც იყენებს სკოლებში. პროგრამული უზრუნველყოფა საშინაო სკოლისთვის მართლაც შესანიშნავია. განსაკუთრებით, ჭკვიანი პროგრამები, რომლებიც მათ შესაძლებლობებთან ავტომატურად არის ადაპტირებული. სკოლების უმრავლესობა ელექტრონულ წერილებს უგზავნის ყოველ ბავშვს კონკრეტული დავალებებით, რომლებიც კვირის განმავლობაში უნდა შეასრულონ. ეს ყველაფერი ნამდვილად გასაოცარია, მაგრამ ჩვენი ბავშვებისთვის საკმარისი არ არის, ამიტომ კიდევ ერთ საფეხურს ვამატებთ.

შინ მათემატიკისთვის Zearn-ს, DreamBox-სა და Freckle-ს ვიყენებთ, ხოლო კითხვისა და ენებისთვის Raz-Kids, Sora-სა და Newsela-ს. ამ სფეროში უამრავი შესანიშნავი პროგრამაა, ამიტომ თქვენს მასწავლებლებსა და საზოგადოებას სთხოვეთ რეკომენდაცია გაგიწიონ. შეამოწმეთ, გაქვთ თუ არა შერჩეული თქვენი შვილისთვის სწავლების შესაბამისი დონე. დრო გამონახეთ, მასთან ერთად დაესწარით გაკვეთილს, მშვიდად უნდა იგრძნოთ თავი, რომ თქვენი შვილი ამ სირთულის სასწავლო პროგრამას ნამდვილად გაართმევს თავს.

6. პერიოდულად დაუკავშირდით თქვენს პარტნიორს, ოჯახის ახლობლებს ან მეგობრებს

თუ პროექტის ჩასაბარებლად გარკვეული ვადა გაქვთ დაწესებული, ან თუ ზარს ელოდებით, თქვენს პარტნიორს დაელაპარაკეთ, რომ ამ დროის განმავლობაში ბავშვებს მან მიაქციოს ყურადღება. ჩვენს სახლში, მათემატიკასა და ისტორიას ჩემი მეუღლე ასწავლის. დედაჩემი მხატვარია, ჩვენ შორიახლოს ცხოვრობს, მათ ხატვის გაკვეთილებსაც უტარებს და სხვა პროექტებზეც მუშაობენ დღეში ერთი საათის განმავლობაში. მე კი ამ დროს გრძელ სამუშაო ბლოკს ვგეგმავ, ან სასეირნოდ გავდივარ და ტელეფონს ვთიშავ.

7. კლასგარეშე სამუშაოებისთვის Skype ან FaceTime გამოიყენეთ

სკოლის შემდეგ ზოგიერთი ჩვენგანი ჩვეულებრივ მუშაობდა, თუნდაც, ეს საველე სამუშაოების დროს ტელეფონზე გადარეკვა ყოფილიყო ან ელექტრონული წერილების მიღება პრაქტიკისას (ნუ ღელავთ, გარკვეული დროის შემდეგ ამ ყველაფერს ისევ დავუბრუნდებით). მაგრამ ბეისბოლის, ფორტეპიანოსა და ცურვის გარეშე, ჩვენი სამუშაო დღეები საკმაოდ მოკლეა. ზრდასრულები გუნდებთან ურთიერთობებისთვის გაცილებით ხშირად FaceTime-ს, Zoom-სა და Skype-ს იყენებენ, და რატომ არ უნდა გამოიყენოთ ეს საშუალებები თქვენი ბავშვისთვის მუსიკის სასწავლებლად ინსტრუქტორთან ერთად, საცეკვაო კლასების ან სპორტული შეჯიბრებებისთვის? შინ ისეთ აპლიკაციებს ვიყენებთ, როგორებიცაა Simply Piano და ბავშვების ყოველდღიურ გრაფიკში სამეცადინოდ დრო გვაქვს გამოყოფილი.

მართალია, თქვენი შვილები ვერ შეძლებენ ფეხბურთის თამაშს თავიანთ გუნდებთან ერთად, მაგრამ ნამდვილად შეძლებენ ვიდეორგოლების ნახვას, რომ უნარები განივითარონ და ისწავლონ, თუ როგორ უნდა ივარჯიშონ შინ. თუ ღია სივრცე არ გაქვთ, ბევრ საცხოვრებელ კომპლექსს დახურული სატრენაჟორო დარბაზები ან დერეფნები აქვს, რომელთა გამოყენება, სავარაუდოდ, სოციალური დისტანცირების პერიოდში შეგიძლიათ. თუ ღია სივრცე გაქვთ, თქვენი ბავშვები გარეთ გაუშვით და სავარჯიშოების გაკეთება დაავალეთ. კონკრეტული დავალება მიეცით (20-ჯერ ჩააგდე ბურთი კალათში ან მოკლე დისტანციაზე 10 წრე გააკეთე) და თუ შეგიძლიათ, ზოგიერთი რამ მათთან ერთად გააკეთეთ.

8. დაგეგმეთ დრო შესვენებისთვის

დიდი მტკიცება არ სჭირდება იმას, რომ დასვენება ნებისმიერისთვის აუცილებელია. თუ თქვენი ბავშვები ბედნიერად გრძნობენ თავს, თამაშობენ და დამოუკიდებლად სადილობენ, შეგიძლიათ ეს დრო სამუშაოდ გამოიყენოთ, მაგრამ თუ საკუთარ თავს შესვენების უფლებას მისცემთ, გაოცდებით, თუ რა შეუძლია ამ 15-წუთიან შესვენებას − ბურთის თამაში იქნება ეს, ცეკვა თუ მაგიდის თამაშები. ნებისმიერი მათგანი ბედნიერების შეგრძნებას მოგანიჭებთ და გაცილებით ნაყოფიერად შეძლებთ მუშაობას. შინიდან მუშაობა იმას ნიშნავს, რომ სამსახურში არ დადიხართ, ამიტომ არ არის აუცილებელი თავს მუდამ დაკავებულად გრძნობდეთ. ჩვენი ფსიქიკური, ფიზიკური ჯანმრთელობისა და გონებისთვის ეს თამაშები და სიცილი, ახლა ადრინდელზე გაცილებით მეტადაა აუცილებელი.

9. იყავით პრინციპული მასწავლებელი

ბავშვები ყველაფერს გააკეთებენ, რაც კი გაუვათ თავის დასაძვრენად − სცენას გაითამაშებენ, როდესაც თემა არ აინტერესებთ, რომელსაც თქვენ ასწავლით. მნიშვნელოვანია, სკოლის წესების მიმართაც ისეთივე პრინციპულობა გამოიჩინოთ, როგორც სხვა წესების მიმართ იჩენთ. დაეხმარეთ თქვენს ბავშვებს გააცნობიერონ, რომ ეს სრულიად უჩვეულო დროა, და ჩვენ − მშობლებმა, საკუთარი სამუშაო უნდა შევასრულოთ, რომ ოჯახის შენახვა შევძლოთ, ყველაფრის გადახდა − კვება იქნება ეს, გადასახადები თუ სხვა ხარჯები. არ შეაშინოთ ისინი (არ დაივიწყოთ, რომ ეს მათთვისაც რთულია), ისე აუხსენით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია განათლების მიღება და მუშაობა. მათაც უნდა შეიტანონ წვლილი ცხრილის შედგენაში, და სხვადასხვა ღონისძიებისა თუ საგნების ვარიანტებიც შემოგთავაზონ. თქვენც უნდა დაინტერესდეთ და უნდა ჰკითხოთ − დღეს ბიოლოგია გირჩევნია თუ ქიმია? ან ერთ მშვენიერ დღეს სთხოვოთ, ერთ-ერთი გაკვეთილი მათაც გასწავლონ.

10. დააჯილდოვეთ თქვენი სტუდენტები

ჩვენც კი, ზრდასრულებს, მადლიერების გრძნობა გვიჩნდება, როდესაც ჩვენი კოლეგები ან ხელმძღვანელები გვეუბნებიან, რომ ჩვენი გამოსვლა კარგი იყო ან შესანიშნავად ვიმუშავეთ პროექტზე. დღის ბოლოს გამონახეთ დრო და იმ დღის პრობლემები და მიღწევები შეაფასეთ. ჩვენთვის ეს, როგორც წესი, სადილის დროა. ჩვენს შვილებს კვირის განმავლობაში ტელე და ვიდეოთამაშებით თავის შექცევის უფლებას არ ვაძლევთ, მაგრამ ამ დროს შეგვიძლია ვუთხრათ, რომ თუ ყველა ამოცანას შეასრულებენ და კარგი დღე აქვთ, შეუძლიათ საღამოს 30 წუთი უყურონ ტელევიზორს. თავს ნუ დაიდანაშაულებთ, თუ რომელიღაც მიზეზის გამო, ბევრი სამუშაო გაქვთ, და ბავშვებს ამიტომ აძლევთ უფლებას, 60 წუთი უყურონ ტელევიზორს. ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი ბავშვების წახალისებაა − მათ უნდა დაინახონ, რომ კარგ მოსწავლეებს აჯილდოვებენ.

ეს ყველაფერი მომავლისთვის შემოინახეთ

სრულიად არანორმალურია ის, რისი გადატანაც დღეს გვიწევს. იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში უკან მოხედვას და გახსენებას შევძლებთ, თუ როგორ გადავიტანეთ ეს მსოფლიო კრიზისი. როდესაც თქვენი ბავშვები შინ არიან, შეუძლებელია მოქმედების რაიმე გეგმა გქონდეთ მუშაობისთვის, და ეს ნორმალურია, ყველაფერი გზადაგზა იცვლება. ჩვენს სახლში ასეთი დევიზია: „დინების მიმართულებით იცურეთ“. ჩვენთვის − ანტრეპრენერთათვის, გაურკვევლობა და შიში იქნება ჩვენი დიდი პრობლემა, მაგრამ სწორედ ეს ნიშნავს იმას, რომ ანტრეპრენერი ხართ.

ეს იმის ცოდნასაც ნიშნავს, თუ როგორი რეაქცია უნდა გქონდეთ მოვლენებზე, როგორ უნდა მოახერხოთ მათთად ადაპტირება და როგორ მიიღოთ ყველაზე გონივრული გადაწყვეტილებები როგორც სამუშაოს, ისე ცხოვრების სტილის შემთხვევაში. უნდა გჯეროდეთ, რომ ამ ოღროჩოღრო გზაზე ყველაფერს ისწავლით − ახალი ენის შესწავლა იქნება ეს, სპორტის ახალი სახეობის, ახალი ბიზნესიდეის, ან რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმისა, თუ როგორ უნდა იცხოვროთ გაცილებით მარტივად თქვენს ოჯახებთან ერთად. იყავით გულმოწყალე საკუთარი თავის მიმართ და მათ მიმართაც, ვინც თქვენ გარშემო არიან. ეცადეთ, რაც შეიძლება პოზიტიური იყოთ.