You can be on Entrepreneur’s cover!

ბიზნესი VS კორონავირუსი გიორგი დოლიძე, Wyndham-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

გიორგი დოლიძე

Wyndham-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერი

"კორონავირუსის აფეთქებამ და მსოფლიო პანდემიამ წარმოუდგენელი ზარალი მიაყენა გლობალურ ეკონომიკას და არც საქართველოა გამონაკლისი. ტურიზმი − ეს იმ თითზე ჩამოსათვლელი მიმართულებებიდან ერთ-ერთი მოწინავე დარგია, რომელზეც იდგა ქვეყნის ეკონომიკა. როდესაც ვირუსმა გადადგა გავრცელების პირველი ნაბიჯები ჩინეთში, ვერავინ წარმოიდგენდა, თუ მიაღწევდა ამხელა მასშტაბებს.

2019 წლის ივნისის გამოწვევების შემდეგ, ტურიზმის სექტორი აკეთებდა გარკვეულ გათვლებს ჩინეთიდან ტურისტების მოზიდვასთან დაკავშირებით და სასტუმროების ბიუჯეტის ნაწილი იყო დაფუძნებული ამ მიმართულების გააქტიურებაზე. გვინდოდა, ნაწილობრივ დაგვეკომპენსირებინა რუსული ავიაემბარგო და მოგვეხდინა ბაზრის კიდევ უფრო ღრმა დივერსიფიკაცია.

ჩინელი ტურისტები საკმაოდ სასურველი და კომფორტულია ჩვენთვის, რადგან მათ არ ჰქონდათ რაიმე სახის სპეციფიკური მოთხოვნები კვებასთან მიმართებაში, როგორიცაა ქოშერული და ჰალალის ტიპი. ამასთან, უყვართ ჯგუფურად მოგზაურობა და არიან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები.

უბრალოდ, რომ წარმოვიდგინოთ, საქართველოში წლის განმავლობაში ჩინელი ტურისტების 0.5%-ის მასპინძლობა 3 წლის ჭრილში, დაახლოებით 750 000 ტურისტს მოუმატებდა ქვეყნის ტრაფიკს, ხოლო თითოეულ მათგანს საშუალოდ $1000 რომ დაეხარჯა, ეს იქნებოდა სერიოზული ნაბიჯი საქართველოს ეკონომიკისთვის.

როგორც აღვნიშნე, ჩინეთში კორონავირუსის გავრცელებიდან მოკლე პერიოდში გაგვიუქმდა ჩინეთიდან რეზერვაციების ჯერ 20%, შემდეგ 30% და ასე მოხდა სრულად ყველა ჯავშნის მოხსნა თებერვლის, მარტისა და აპრილის თვეებზე. პირველადი გაუქმებების ნიშნულმა გადააჭარბა ჩვენ შემთხვევაში 1200-1400 ღამისთევას. ამ შემთხვევაშიც არავინ ელოდა მსგავს გავრცელებას და იმ იმედით, რომ ჩინეთში სიტუაცია გამოსწორდებოდა და ჯავშნები აღდგებოდა, შევეჯახეთ უკიდურესად მძიმე ფაქტს, რასაც მსოფლიო პანდემია ეწოდა.

როგორც კი საქართველოში დაფიქსირდა კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა, მაშინვე დაიწყო ყველა ქვეყნიდან რეზერვაციების ისტერიული გაუქმებები და აქ უკვე ვიგრძენით სერიოზული სტრესი და შიში, თუ რა იქნებოდა მომავალში, როგორ მოვახდენდით ხარჯების ოპტიმიზაციას, თანამშრომლების შენარჩუნებას და რაც ყველაზე მთავარია − ჯანმრთელობის დაცვას.

ამ ეტაპზე გაუქმებულია აბსოლუტურად ყველა ჯავშანი თებერვლიდან აპრილის ბოლომდე, რაც 5000 ღამისთევას სცდება. თავდაპირველად, დიდი დარტყმა მიიღეს მცირე და საშუალო სასტუმროებმა, შემდეგ კი განურჩევლად ყველა ერთ დღეში ჩავვარდით. თანხობრივი ზარალი ექვსციფრიან ნიშნულზე ტრიალებს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც რაც უნდა კარგად გქონდეს ბაზარი დივერსიფიცირებული, რაც უნდა კარგად მუშაობდეს გაყიდვის სამსახური, ყველა უძლურია.

ოთახების აქციები სულ რომ უფასო გამოვაცხადოთ, მაინც ვერავინ ჩამოვა ქვეყანაში, რადგან დაბალი ტარიფი ვერასდროს გადაწონის ჯანმრთელობის რისკს და უარყოფითად აისახება სამომავლო პერსპექტივებზე.

აღსანიშნავია ის გარემობა, რომ მიმდინარე წელს საქართველოში იგეგმებოდა არაერთი საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს გახსნა, რაც სავარაუდოდ შეჩერებულია. დაიკეტა სასტუმროები, კაფეები, ბარები და რესტორნები. ბიზნესისთვის ყველაზე მტკივნეული თანამშრომლების დაკარგვა და მათი შინ გაშვებაა, რაზეც მაქსიმალურად ვზრუნავთ და ვცდილობთ, ბოლომდე ავიღოთ პასუხისმგებლობა მათ წინაშე.

მსოფლიო ეკონომიკამ რამდენიმე წლით უკან დაიწია და არავინ იცის, ხვალ რა იქნება, თუმცა მაინც იმედის თვალით ვიყურებით და ვფიქრობთ, პანდემიის გადავლის შემდეგ, შესაძლოა მოგზაურობას მოწყურებულმა ხალხმა, სწორედ ევროპისკენ და საქართველოსკენ აიღოს გეზი, მათ შორის − ჩინეთმაც. თუმცაღა, ვიდრე აღნიშნული ვირუსის რისკი გლობალური ხედვიდან არ გაქრება, რაც უნდა ვთქვათ, რომ საქართველოში უსაფრთხოა, ტურისტები მაინც თავს შეიკავებენ მოგზაურობისგან.

ჩვენ ამ დროისთვის გვყავს რამდენიმე სტუმარი და ვაგრძელებთ ფუნქციონირებას, მივყვებით იმ ყველა რეკომენდაციას, რომელსაც სახელმწიფო გასცემს. მივიღეთ კრიზისის მართვის ყველა ზომა პროტოკოლის მიხედვით, ადმინისტრაცია გადავედით დისტანციურ მუშაობაზე, ნაწილი თანამშრომლები გავუშვით ანაზღაურებად შვებულებაში, ნაწილი ახლაც მუშაობს. დავკეტეთ სართულები და ვიყენებთ ერთ სართულს ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით.

რეგიონებში ზოგიერთი სასტუმრო გადავიდა საკარანტინო რეჟიმზე, რაც მიმაჩნია, რომ მათ ბიზნესს დროებით მაინც შეუნარჩუნებს სიცოცხლეს. სწორედ ეს არის ერთ-ერთი სწრაფი, მაგრამ დროებითი გამოსავალი. თუ ვირუსის გავრცელება არ შეჩერდა და კიდევ გაგრძელდა, ეს ბოლომდე გაანადგურებს მსოფლიო ტურიზმს და ამასთან დაკავშირებით ჩემს პირად ფეისბუქ-გვერდზე სიმბოლურად გავიხუმრე კიდეც, რომ სიტყვა Hospitality მოიცავს Hospital-ს, ასე რომ, არცთუ რთულია პროფილის შეცვლა.

უშუალოდ რაიმე გეგმა, რომელიც სწრაფ რეჟიმში გამოგიყვანს ამ კრიზისიდან, ფაქტობრივად არ არსებობს. ერთადერთი გამოსავალი ვირუსის ძალების შესუსტება და ეტაპობრივად ტურისტების მიმოსვლის დაწყებაა. ახლა ყველა მოწოდებულია ხარჯის შემცირებისკენ და თან ისე, რომ არ დაკარგონ თანამშრომლები. ამიტომაც, ძირითადი საზრუნავი ეს არის და შესაძლოა მათი დროებითი დასაქმება მოხდეს ისეთ დარგში, როგორიცაა რითეილი და ა.შ. გვაქვს უკვე ამის პრეცედენტი და ვფიქრობ, კარგი ბერკეტია, ყველა მხრივ სასარგებლო.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, ჯანდაცვის სამინისტროს, საავადმყოფოებს და განურჩევლად ყველას, ვინც მონაწილეობას იღებს კორონავირუსთან ბრძოლაში. საქართველოს მზადყოფნამ ნამდვილად გადააჭარბა მოლოდინს.

დავრჩეთ შინ, ხელი შევუწყოთ მედპერსონალს და გამოვიჩინოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა. ძალიან დასაფასებელია მთავრობის ნაბიჯი და შუამდგომლობა ბანკებთან, სესხებისა და გადასახადების გადავადებასთან დაკავშირებით, რადგან დღეს ეს იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კრიზისში მყოფი ბიზნესგარემოსთვის.

ახლა ის დროა, ტურიზმით დაკავებული ყველა კომპანია დავდგეთ ერთად და ერთობლივი ძალებით გადავლახოთ კრიზისი."

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

მენეჯმენტი

რას გვასწავლიან ცუდი უფროსები

"მე მყავდა უფროსი, რომელიც მუდმივად მუშაობას ითხოვდა. მისი საყვარელი ფრაზა იყო, "სამუშაოს არასდროს სძინავს"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია