You can be on Entrepreneur’s cover!

მითხარი, ვინ არის შენი HR და გეტყვი, ვინ ხარ შენ! გაიცანით მაკა ხეცურიანი, PSP

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge
მაკა ხეცურიანი, PSP ფარმას ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

მაკა ხეცურიანი, PSP ფარმას ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

შპს პსპ ფარმა. დასაქმებულების რაოდენობა - 4117.

როგორ ფიქრობთ, რა გამოგარჩევთ თქვენ, როგორც დამსაქმებელს, სხვა კომპანიებისგან?

PSP დღეს ბაზარზე არსებულ ყველაზე მსხვილი დამსაქმებლების ათეულშია. ჩვენ ამით ძალიან ვამაყობთ და გვესმის, რომ ეს სტატუსი თითოეული თანამშრომლის დიდი შრომისა და ძალისხმევის შედეგია, რასაც კომპანიის შიდა გარემო და წესები უმყარებს საფუძველს. ჩამოვთვლი რამდენიმეს:

  • მეგობრულ-კოლეგიალური გარემო;
  • თანამშრომელი ჩვენი ყველაზე მთავარი პრიორიტეტია!
  • მაღალი კორპორაციული კულტურა;
  • მიუკერძოებლობა და სამართლიანობა;
  • ინოვაციურობა და სწრაფვა სიახლეებისკენ;
  • დიდი ტერიტორიული დაფარვა;
  • სწრაფი განვითარების დინამიკა − როგორც ქსელის მოცულობაში, ასევე ასორტიმენტის თვალსაზრისით;
  • მოქნილი სამუშაო გრაფიკი სტუდენტებისთვის;
  • ჩვენთან შეუძლია მოვიდეს სრულიად გამოუცდელი კადრი, რომელიც ტრენინგებისა და გამოცდილი თანამშრომლების მუშაობის შედეგად, პროფესიონალად ყალიბდება;
  • სწავლის თანადაფინანსება სტუდენტებისთვის;
  • პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობა;
  • კომპანია, როგორც ერთი დიდი შეკრული ოჯახი!

რა გავლენა იქონია პანდემიამ თქვენს კომპანიაში დასაქმებულების სამუშაო რეჟიმზე?

როგორც კი პირველი შეზღუდვები დაწესდა, PSP გადავიდა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. ჩვენ გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია სააფთიაქო ქსელის შეუფერხებლად მუშაობა პანდემიის დროს, როდესაც საზოგადოებას მზრუნველობა და გვერდით დგომა ყველაზე მეტად სჭირდება. ამიტომ, პირველივე წუთებიდან ყველა აფთიაქი მომარაგდა საჭირო ინვენტარით, იმისათვის, რომ თითოეულ თანამშრომელს თავი უსაფრთხოდ, დაცულად ეგრძნო და სრულფასოვნად მომსახურებოდა მომხმარებლებს. დამონტაჟდა შუშის დამცავი ბარიერები, დეზობარიერები, სადეზინფექციო სითხეები. უწყვეტ რეჟიმში ტარდებოდა და დღემდე გრძელდება აფთიაქების დეზინფექცია. რა თქმა უნდა, ყოველ დილით და ცვლების გადაბარებისას მიმდინარეობს თანამშრომლების თერმოსკრინინგი, სამუშაო ზედაპირების შესაბამისი წესით დამუშავება. მკაცრადაა გამიჯნული თანამშრომლების განრიგები, რათა კვეთა მაქსიმალურად ცოტა ადამიანს ჰქონდეს და ამით, გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას. back-ოფისში, თუკი სამუშაო სპეციფიკა იძლევა ამის საშუალებას, დისტანციურად მუშაობენ თანამშრომლები. სადაც ოფისში ყოფნაა აუცილებელი, ვმუშაობთ მორიგეობის პრინციპით. საგანგებო მდგომარეობისას, კომპანია პსპ-მ სრულად აიღო თავის თავზე თანამშრომლების ტრანსპორტირების ორგანიზებისა და ხარჯების ანაზღაურების საკითხი. დღემდე აქტიურად მუშაობს კომპანიის ანტიკრიზისული საბჭო, რომელიც ყველა ნიუანსს აკვირდება და პროცესებს ისე გეგმავს, რომ თან მორგებული იყოს თანამშრომლების საჭიროებაზე და ამავდროულად, უზრუნველყოს ბიზნესპროცესების უწყვეტობა.

როგორ ახერხებთ თანამშრომლების მოტივაციის შენარჩუნებას?

ადამიანი თავის სახეს ყველაზე მეტად კრიზისულ დროს ავლენს. ვამაყობთ, რომ გაიაზრა რა კომპანიის მნიშვნელობა საზოგადოების წინაშე, თითოეული თანამშრომელი უდიდესი პასუხისმგებლობით მოეკიდა თავის ვალდებულებას და მაღალპროფესიული დამოკიდებულებით მიუდგა საქმეს. მიუხედავად იმისა, რომ რისკ-ჯგუფში მყოფ თანამშრომლებს თავისუფლად შეეძლოთ ესარგებლათ გრძელვადიანი შვებულებებით, ბევრი მათგანი გამოხატავდა მზადყოფნას, ყოფილიყვნენ წინა ხაზზე და მომსახურებოდნენ მომხმარებლებს. კომპანია PSP აფასებს თანამშრომლების პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას და სხვადასხვა მეთოდით გამოხატავს მათ მიმართ მადლიერებას: განხორციელდა მატერიალური წახალისება ქსელისა და საწყობის უკლებლივ ყველა თანამშრომლისთვის. ყველას, ვისაც ჰქონდა სურვილი, მიეცა შესაძლებლობა, ესარგებლა ანაზღაურებადი შვებულებებით, მიუხედავად იმისა, ეკუთვნოდა თუ არა შრომის კანონმდებლობის შესაბამისად; ტრანსპორტირების ხარჯები, განსაკუთრებით საგანგებო ვითარებისას, კომპანიამ სრულად უზრუნველყო; ახლაც, ღამის ცვლებში მომუშავე თანამშრომლები კომპანიის ხარჯით გადაადგილდებიან. ხელშეწყობა ხდება საცხოვრებელი ადგილის მიხედვით თანამშრომლების აფთიაქებში გადანაწილების მხრივ. სწავლა და მუშაობა შეთავსებადი რომ იყოს, სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია მოქნილი სამუშაო გრაფიკი.

გადავიღეთ მამოტივირებელი ვიდეორგოლი, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა თანამშრომლებში. განსაკუთრებით კი ყველა აფთიაქის წინ არსებულ Led-ეკრანებზე საკუთარი თავის დანახვამ გაახარათ. ხშირი ინტენსივობით მონაცვლე გამოსახულებებზე ერთმანეთს ცვლიდა აფთიაქის თანამშრომლების სურათები წარწერით: „ჩვენი გმირები". ეს ძალიან ამაღელვებელი იყო.

დიდ როლს თამაშობს მენეჯმენტის აქტიური კომუნიკაცია თანამშრომლებთან − იქნება ეს წერილობითი თუ პირდაპირი შეხვედრების გზით. ერთი მიზნისკენ წარმართვა და თითოეული კადრის მნიშვნელოვნების ხაზგასმა, მათი აღიარება და წახალისება მუშაობის მოტივაციას კიდევ უფრო უძლიერებთ.

„კოვიდ"-სიტუაციამდე, PSP გამოირჩეოდა გუნდშეჭიდულობის ხშირი ღონისძიებებით − როგორც სტაჟიორებისთვის, ასევე გუნდის სხვა წევრებისთვისაც. კორპორაციული საღამოები და გასვლითი ღონისძიებები პსპ-ს მუშაობის განუყოფელი ნაწილია. იმედია, მალე კვლავ მოგვეცემა ამის შესაძლებლობა.

რაც ყველაზე მთავარია, არსებული პანდემიის პირობებში, მაშინ, როდესაც კომპანიები სტაფის შემცირების პოლიტიკას მიმართავენ, პსპ-ს არცერთი თანამშრომელი არ გაუთავისუფლებია ხარჯების შემცირების მიზნით. პირიქით − აქტიურად ვართ ჩართული კადრების მოზიდვის აქტივობებში და განვაგრძობთ ახალი თანამშრომლების შერჩევას.

როგორია თანამშრომლის დაწინაურების პოლიტიკა?

ჩვენი კომპანია უკვე 26 წელია, ბაზრის ლიდერია და თავის სიტყვას თამამად ამბობს. ამ ხნის განმავლობაში ბევრი პროფესიონალი ჩამოყალიბდა და საშუალო მენეჯერების ბირთვს სწორედაც საწყისი პოზიციებიდან დაწინაურებული თანამშრომლები წარმოადგენენ. ჩვენი კომპანია ძალიან დიდია, მუდმივად იზრდება და ვითარდება. შესაბამისად, ხშირად ვათავსებთ შიდა თუ გარე ვაკანსიებს. შერჩევისა და დაწინაურების პროცესი გამჭვირვალეა და ეფუძნება სამართლიანობის პრინციპს. აქტიურად განვიხილავთ ახალი თანამშრომლების შემოერთებას, თუმცა პრიორიტეტი შიდა კადრების დაწინაურებას ენიჭება. ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია დააფიქსიროს პოზიციის ცვლილების სურვილი და თუკი მისი უნარები და შესაძლებლობები აკმაყოფილებს კონკრეტული პოზიციის მოთხოვნებს, გაივლის შერჩევის ეტაპებს და დაწინაურდება, ან პარალელური რანგის სხვა პოზიციაზე გადაინაცვლებს. მაგალითისთვის ვიტყვი, რომ ასე ყალიბდება ჩვენი აფთიაქების მენეჯერთა დიდი გუნდი. ამგვარად დაწინაურდნენ რეგიონული მენეჯერის პოზიციაზე მომუშავე თანამშრომლებიც, აღარაფერს ვამბობ თანაშემწეებზე, რომლებიც ფარმაცევტებად ჩამოყალიბდნენ.

როგორ ახერხებთ დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლებას?

PSP თავიდანვე უდიდესი პასუხისმგებლობით მოეკიდა თანამშრომლების სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საკითხს. ამ მიზნით შეიქმნა PSP-ს ტრენინგცენტრი, რომელიც წლების განმავლობაში დაიხვეწა, გამოცდილება დაიგროვა და ცოტა ხნის წინ PSP აკადემიის სახელი დაიმსახურა. აკადემიაში პროფესიონალი ტრენერები მუშაობენ და უკვე წლებია PSP-ს თანამშრომლების სწავლებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნავენ. ყოველი ფარმაცევტი თუ კონსულტანტი, რომელიც PSP-ში იწყებს მუშაობას, უპირველესად აკადემიაში გადის თეორიულ ტრენინგებს, ხოლო აფთიაქში პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს გამოიმუშავებს. შექმნილია სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს თანამშრომლების სწავლების, განვითარებისა და შეფასების უწყვეტ ციკლს. ხდება არამარტო ახალბედა თანამშრომლების გადამზადება, არამედ გვაქვს მენეჯერების სატრენინგო პროგრამა, გამოცდილი ფარმაცევტების მენტორებად თუ ექსპერტებად ჩამოყალიბების სისტემა, კვარტალური პროფესიული სიახლეების თუ ახალი ბრენდების გაცნობითი ტრენინგები. PSP-ში აქტუალურია სხვა ადამიანთა გამოცდილების გაზიარება და ამიტომ, ხშირად ვიწვევთ გარე ტრენერებს, რომლებიც სხვადასხვა საჭირო თემაზე ატარებენ ტრენინგებს და თანამშრომლების პიროვნულ განვითარებაში თავიანთი წვლილი შეაქვთ. არსებული კრიზისის პირობებშიც კი, კომპანია PSP-სთვის თანამშრომლების როგორც პროფესიული, ასევე პიროვნული განვითარება ნომერ პირველი პრიორიტეტია!

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

20 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამუშაო, რომელიც მთელ მსოფლიოში მოგზაურობის საშუალებას გაძლევთ

ამ სამუშაოებით მთელ მსოფლიოსაც დაათვალიერებთ და კომფორტულადაც იცხოვრებთ