არეა ჯგუფი - ნინო ჯინჯოლავა, თამარ მაშავა

"14 -15 წლის განმავლობაში კორპორაციულ იერარქიაში მუშაობა საკმარის გამოცდილებას გაძლევს დაინახო, რამდენად მზად ხარ დამოუკიდებლად აკეთო ის, რაც ძალიან გიყვარს."
არეა ჯგუფი - ნინო ჯინჯოლავა, თამარ მაშავა
ფოტო: არეა ჯგუფი

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
3 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur წარმოგიდგენთ თანამედროვე ქალ ანტრეპრენერებს, რომლებიც საკუთარი გაბედულებით, შემართებითა და შეუპოვრობით სხვებსაც აღაფრთოვანებენ და საკუთარ ძალებში თავდაჯერებულობას უმაღლებენ. საქართველოში ყოველწლიურად იზრდება ქალ ანტრეპრენერთა რიცხვი, რაც ძალიან გვახარებს, თუმცა ჯერ კიდევ ბევრ ქალს შესაძლოა უჭირს საკუთარი საქმის დასაწყებად გადაწყვეტილების მიღება. იმედი გვაქვს, წარმატებული ქალების ბიზნესისტორიების, მათი გამოცდილებისა და მომავლის გეგმების გაცნობა ბევრ ქალს გაუჩენს მოტივაციას, თავადაც სცადოს ბედი ბიზნესში და მომავალში უკვე თავად გახდეს მაგალითი სხვა ქალებისთვის.  

არეა ჯგუფი, არეა ექსპო

ნინო ჯინჯოლავა, თამარ მაშავა − დამფუძნებლები

 

რა მიზეზების გამო მიიღეთ გადაწყვეტილება საკუთარი საქმის დაწყების შესახებ? რატომ გადაწყვიტეთ ანტრეპრენერობა და არა კარიერა კორპორაციულ იერარქიაში?

ძირეულ მიზეზს წარმოადგენდა საკუთარი თავისა და შესაძლებლობების ამოწურვა კორპორაციულ იერარქიაში. ამავდროულად, გადავწყვიტეთ საკუთარი რესურსები მიგვემართა ისეთი საქმის კეთებისკენ, რომელიც ბაზარზე დადებით ცვლილებებს განაპირობებდა და ბაზარს განავითარებდა. 14 -15 წლის განმავლობაში კორპორაციულ იერარქიაში მუშაობა საკმარის გამოცდილებას გაძლევს დაინახო, რამდენად მზად ხარ დამოუკიდებლად აკეთო ის, რაც ძალიან გიყვარს, გარისკო და დიდი გამოწვევების წინაშე დააყენო საკუთარი თავი. დაახლოებით ასე ჟღერს: „რა არის შენი გენგეგმა“?

თქვენი აზრით, ვინ არის ანტრეპრენერი? რა განასხვავებს მას მეწარმე/ბიზნესმენისგან?

ანტრეპრენერი უფრო მეტია, ვიდრე ბიზნესმეწარმე, რადგან ანტრეპრენერისთვის ბიზნესში წარმატება არ განისაზღვრება მხოლოდ ფინანსური ამონაგებით, არამედ რამდენად ღირებულია მისი ბიზნესის არსებობა საზოგადოებისთვის. შესაბამისად, მიზნად ისახავს პოზიტიური ცვლილებების განხორციელებას ბაზარზე. მისთვის უცხო არ არის არატრადიციული მიდგომების გამოყენება. ანტრეპრენერს საქმისადმი კრეატიული მიდგომა აქვს და მეტადაც რისკავს. ჯინსების ბრენდ „დიზელის“ ერთ-ერთ კამპანიაში არის ასეთი ფრაზა: stupid creates, smart critiques – აი, ეს stupid კარგად ასახავს ანტრეპრენერულ სულისკვეთებას. 

რა კონკრეტული პრობლემის გადაჭრას ემსახურება თქვენი ბიზნესი?

„არეა ჯგუფის“ მისიად შექმნის დღიდანვე განისაზღვრა უძრავი ქონების ბაზრის განვითარების ხელშეწყობა საერთაშორისო აპრობირებული პრაქტიკის დანერგვითა და ინოვაციური მიდგომების იმპლემენტაციით, რაც თავის მხრივ მაღალ საფეხურზე აიყვანს კომუნიკაციას დეველოპერსა და მომხმარებლებს შორის და უზრუნველყოფს მომხმარებელთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის მაღალ ხარისხს. 

ფიქრობთ თუ არა, რომ თქვენ მიერ ბიზნესის დაწყება, კონკრეტულ დროსა და ვითარებაში, მოითხოვდა გაბედულებას, სიმამაცეს, რაც იმ დროს მხოლოდ თქვენ აღმოგაჩნდათ?

ნინო ჯინჯოლავა: „გულწრფელად რომ ვაღიაროთ, ბიზნესის დაწყების დროისთვის ასე ნამდვილად არ ვფიქრობდით. ზოგადად, სამყაროში ყველაფერს მარტივად აღვიქვამ და ვუყურებ იქ, სადაც ლოგიკური ჯაჭვი არსებობს. აკვიატებული ფრაზა მაქვს: „მარტივია, რა უნდა ამის გაკეთებას“, რაზეც თამუნა ყოველთვის მეუბნება, ხმამაღლა ნუ აჟღერებ ამას, თორემ მართლა ჰგონიათ, რომ გასაკეთებელი არც არაფერია. მაგრამ ჩვენი გამოჩენის შემდეგ გამძაფრებულმა კონკურენციამ, მათ შორის არაკეთილსინდისიერი სახით, იძულებული გამხადა, მეღიარებინა. იქ გავიფიქრე, რა კარგია რომ მარტივად ვუყურებდი. თურმე სიმამაცე სჭირდებოდა „არეა ექსპოს“ – უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვის ჩატარებას, რომელიც მანამდე არასოდეს ჩატარებულა. დიახ, სიმამაცე სჭირდება რისკის გაწევასა და პასუხისმგებლობის აღებას – ორ თვეში, მხოლოდ საკუთარი რესურსებით შექმნა აქამდე არარსებული პროდუქტი, რომელიც შენდა გასაკვირად, საზღვარგარეთ მუშაობს. აქ კი, ბაზარზე, ინდუსტრიაში, რომელიც მშპ-ის 10%-ს ქმნის, არ გვაქვს. „არეა ექსპოს“ შემდეგ, ბაზარზე ჩატარდა და ტარდება სხვადასხვა მიმართულების ღონისძიებები, რომლებიც მხოლოდ უძრავ ქონებაზეა ორიენტირებული − იქნება ეს პროფესიული შეხვედრები თუ საინვესტიციო ხასიათის გამოფენები, თავად ღონისძიებამ კი ყოველწლიური ხასიათი მიიღო და ჩვენს ერთ-ერთ პროდუქტად იქცა.

რა არის თქვენი მთავარი მოტივაცია?

ორი მიზანი გვამოძრავებს: პირველი − მონაწილეობა მივიღოთ და წვლილი შევიტანოთ უძრავი ქონების ბაზრის განვითარებაში, საერთაშორისო სტანდარტის შემოტანითა და დანერგვით ჩვენს სერვისებში; ასევე, ინოვაციური პროდუქტების შემუშავებით. მეორე – თავისუფალი კორპორაციული კულტურის დამკვიდრება კომპანიაში, სადაც თითოეული გუნდის წევრი თვითრეალიზებული იქნება.

მიუძღვის თუ არა თქვენს წარმატებაში წვლილი ბედს, იღბალს, და ზოგადად, როგორ უყურებთ იღბლიანობის ფენომენს?

გვწამს, რომ იღბალსა და ბედს თვითონვე ვქმნით. ბედი გაგვიღიმებს თუ არა, დამოკიდებულია ჩვენსავე გამბედაობაზე, შრომისმოყვარეობასა და იდეის რწმენა-ერთგულებაზე. 

რა გასწავლათ დამოუკიდებელმა ბიზნესსაქმიანობამ და თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რას ურჩევდით დამწყებ ანტრეპრენერებს?

უმთავრესი, რაც ვისწავლეთ, არის ის, რომ მიზნის მიღწევას სჭირდება იდეის განუხრელი რწმენა-ერთგულება და ჟინი. ამ უკანასკნელის გარეშე, ფაქტობრივად წარმოუდგენელია განვითარება. დიდ როლს თამაშობს პარტნიორი, და თვისება, მიუხედავად დაბრკოლებებისა, გააგრძელო გზა წინ.

Latest on Entrepreneur