ვასილ ბაბლუანი - როგორ მოვიზიდოთ ინვესტიციები ევროპიდან

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოს მსგავსი განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისათვის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ამიტომ, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ინიციატივის დონეზე, განსაკუთრებით ევროპიდან ინვესტიციის მოზიდვა, ყოველთვის პრიორიტეტული სფერო იყო. Entrepreneur-ს სურს გაიგოს, რა სახის გამოწვევებთან და სირთულეებთანაა დაკავშირებული ევროპელ ინვესტორთა საქართველოთი დაინტერესება და საამისოდ საინვესტიციო-საკონსულტაციო კომპანია GeEs Iberia LLC-ს თანადამფუძნებელს და ესპანეთიდან საქართველოში არაერთი მილიონი ევროს დაბანდების მოთავეს, ვასილ ბაბლუანს გაესაუბრა.

ფოტო: ალექსეი სეროვი

სანამ უშუალოდ საინვესტიციო თემატიკას შევეხებოდეთ, გვსურს ორიოდე სიტყვით ვასილის შთამბეჭდავ წარსულსა და გამოცდილებაზეც გიამბოთ. ვასილ ბაბლუანი საქართველოში, 1986 წელს დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ, 17 წლის ასაკში მან საქართველო დატოვა და ესპანეთში გაემგზავრა ენის შესასწავლად. შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ იმ დროისათვის, ვასილს გამოცდების თეატრალურ ფაკულტეტზე ჩაბარება ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ცხოვრება მას სულ სხვა მომავალს უქადდა. „მოხდა ისე, რომ ენის სწავლის პარალელურად, მშენებლობაზე დავიწყე მუშაობა. ჩემი სახლიდან სამსახურამდე მეტროს 21 გაჩერების გავლა მიწევდა და ამ დროს ესპანური ენის კონსპექტების დამუშავებას ვანდომებდი. დაახლოებით 6-7 თვეში უკვე პირველი ხარისხის ხელოსანიც გავხდი და ევროპაში დარჩენა გადავწყვიტე. საბუთების მოწესრიგებას, ბიუროკრატიას და ესპანეთში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვებას 2 წელი დასჭირდა. მთელი ეს პერიოდი პარალელურად ფიზიკურად ვმუშაობდი, არაერთი ქართველის მხარდამხარ, და ვხედავდი ყველა იმ პრობლემას, რაც მათ აწუხებდათ. ამ ადამიანებმა საქართველო მძიმე ეკონომიკური პირობების გამო დატოვეს, მე კი ყოველთვის მინდოდა ჩემთან ერთად მყოფი ხალხისთვის ცხოვრება გამემარტივებინა. ამიტომ, 2007 წელს საკუთარი სამშენებლო კომპანია გავხსენი ესპანეთში და ქართველებისათვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შეთავაზებაზე დავიწყე ზრუნვა“, − გვიამბობს ვასილ ბაბლუანი.

ბიზნესის დამოუკიდებლად წარმოებისას მიღებულ გამოცდილებას, ვასილი ეტაპობრივად თეორიული ცოდნითაც ამყარებდა. პარალელურად, სწავლობდა ბიზნესს, ბუღალტერიას, აიღო ესპანური ენის სერტიფიკატი და მოგვიანებით გრანადის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის მიმართულებით ჩაირიცხა.

ვასილ ბაბლუანის სამშენებლო კომპანია წარმატებით ოპერირებდა და მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობდა, თუმცა მალევე მის ბიზნესს 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი წამოეწია. „2010 წელს ჩვენი კომპანია სერიოზული ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა და მოგვიწია საქმიანობის შეჩერება. ბიზნესის წარმოების პროცესში იმდენი პერსონალური ურთიერთობა და მნიშვნელოვანი კონტაქტი შევიძინე, რომ სხვა სექტორში გადასვლა არ გამჭირვებია და „ჰორეკას“ მიმართულებით წავედი. ესპანეთში 3 ბარ-რესტორანი გავხსენით და აქაც უპირატესად ქართველებს ვასაქმებდი. დღესდღეობით, ახალგაზრდები, რომლებიც ჩემთან იწყებდნენ მუშაობას, უკვე წარმატებული ბიზნესმენები არიან. გრანადაში დღემდე ფუნქციონირებს 3 ქართული ბარ-რესტორანი, რომლებსაც ეს ქართველი ბიჭები უდგანან სათავეში. მე კი მეტის კეთების ამბიცია მქონდა და არსებული კონტაქტებიდან გამომდინარე, დავფიქრდი, რა შემეძლო გამეკეთებინა საქართველოში. 2013 წელს, ჩემს ესპანელს პარტნიორებთან ერთად ჩამოვაყალიბე საინვესტიციო-საკონსულტაციო კომპანია GeEs Iberia და სერიოზულად დავიწყეთ საქართველოს პოტენციალის ათვისებაზე ფიქრი“, − იხსენებს ვასილ ბაბლუანი.

მოგეხსენებათ, 2012 წელს საქართველოში მთავრობის ცვლილება მოხდა, რასაც ბევრ სექტორში პოზიტიური მოლოდინი მოჰყვა, მათ შორის − ბიზნესის ხელშეუხებლობისა და სტაბილურობის მიმართულებით. ჯერ კიდევ 8-9 წლის წინ, საქართველოს შესახებ ევროპაში ცოტა თუ ფლობდა ინფორმაციას. სწორედ ამ დროს, ვასილმა პერსონალურ ნდობასა და რეპუტაციაზე დაყრდნობით, ესპანეთიდან 18 ინვესტორი ჩამოიყვანა, დაათვალიერებინა საქართველო, დაარწმუნა ადგილობრივ ბაზარზე ყურადღების გამახვილების უპირატესობებში და მათ ხელშესახები სარგებელი დაანახვა. ვიზიტს უძღოდა 4-თვიანი ინტენსიური სამუშაოები ვასილის და მისი პარტნიორების მხრიდან და შედეგად, საუკუნოვანი გამოცდილების მქონე რამდენიმე ესპანურმა ოჯახმა კასპში დაფუძნება და თავიანთი აგურისა და კერამიკის ქარხნის საქართველოში გადმოტანა გადაწყვიტა. ამ პროექტის ჯამურმა ინვესტიციამ 10 მილიონი ლარი შეადგინა.

შემდეგი ვიზიტები ქართული ადგილობრივი ჯიშის მთის ღორის აღდგენა/მოშენებასა და „ხამონის“ წარმოებას დაეთმო, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც მომხრეების, ისე კრიტიკოსების მხრიდან. „პერსონალურად ჩემი ორგანიზებით, ვალენსიასა და მადრიდში ორი ბიზნესფორუმი შედგა. დაახლოებით 50 ინვესტორი მოვიზიდეთ, რომელთაგან ზოგი უკვე ოპერირებს, ზოგი კი, განხილვის ეტაპზეა. თუკი ადრე ესპანელი ინვესტორები რთულად რისკავდნენ და აინტერესებდათ საქართველოში ევროპელთა მიერ ბიზნესის წარმოების გამოცდილება, დღეს მათთვის ბევრად მარტივი აღსაქმელი გახდა, თუ რა არის საქართველო და რატომ ღირს აქ ფულის დაბანდება“, − გვიამბობს ბატონი ვასილი.

ვასილ ბაბლუანი საქართველოში ბიზნესის მთავარ გამოწვევებზეც გვესაუბრა. მისი თქმით, ადგილობრივი ბაზრის მთავარ პრობლემას გამოცდილების არარსებობა წარმოადგენს. „ცხადია, კრიტიკული მსჯელობისას შეუძლებელია არ გავითვალისწინოთ კონტექსტი. 70-წლიანი საბჭოთა მმართველობის დროს საქართველო ცენტრიდან იმართებოდა, ხოლო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ქვეყანას გარკვეული დრო დასჭირდა პირველი ნაბიჯების გადასადგმელად. 21-ე საუკუნის დასაწყისში, როდესაც ცივილიზებული მსოფლიო განვითარების პიკში იყო, ჩვენ ჯერ კიდევ ფუნდამენტური ინსტიტუტების მშენებლობების ეტაპზე ვიყავით, რამაც გამოიწვია ის, რომ გამოცდილება პრაქტიკულად არცერთ სექტორში არ გვაქვს. არსებობენ პროფესიონალები, მაგრამ მათი რიცხვი იმდენად მცირეა, რომ ბიზნესი აშკარა დეფიციტს განიცდის. გვაკლია კვალიფიკაცია აგროსექტორში, ფინანსებში, და რაც მთავარია, გვაკლია პოლიტიკური გამოცდილებაც. ახლა საუკეთესო დროა საიმისოდ, რომ ვისწავლოთ შეცდომებზე, გამოცდილი ხალხი დავარწმუნოთ ჩვენთან ერთად საქმის კეთებაში და იმაში, რომ ამ ქვეყანას დიდი პოტენციალი აქვს. 2000-იანების დასაწყისში მოხდა მასშტაბური ინტელექტუალური გადინება და იმ ადამიანების უმეტესობა, ვინც განათლების მისაღებად ქვეყნიდან გავიდა, აღარ დაბრუნებულა. შედეგად მივიღეთ ის, რომ გვყავს ასაკოვანი თაობა, რომელსაც აქვს თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა და საკმაოდ ჭკვიანი ახალგაზრდობა, რომელიც წიგნიერია, თუმცა გამოცდილება არ უმაგრებს ზურგს. ამ ნაპრალის ამოვსებას სახელმწიფო პროგრამები და ბიუროკრატიის მაქსიმალური გამარტივება სჭირდება, რისი ნიშნებიც გვაქვს, თუმცა თუ ამ მიმართულებას მეტი ყურადღება დაეთმობა, სულ ახლო მომავალში საქართველო მეტად მიმზიდველი გახდება, როგორც ქართველი ემიგრანტებისთვის, ისე უცხოელი ინვესტორებისთვისაც“, − აცხადებს ვასილ ბაბლუანი.

და მაინც, როგორ მოვიზიდოთ ინვესტიცია ევროპიდან? − ამ შეკითხვას ბატონი ვასილი ორი მიმართულებით განიხილავს. მისი თქმით, ევროპელი ინვესტორისათვის, დალაგებული ბაზრიდან ისეთ ქვეყანაში საქმის საკეთებლად წასვლა, სადაც პროფესიული განათლების პრობლემაა, დიდ რისკს წარმოადგენს. თუმცა, მეორე მხრივ, საქართველოს ბაზარი ნაკლებად გაჯერებული და კონკურენტულია, რაც შესაძლებლობას წარმოადგენს დასავლელი ბიზნესმენებისათვის. „უპირველეს ყოვლისა, დასაქმების ბაზარზე საჭიროა მონდომება და დროის სწორად აღქმა. უნდა ვისწავლოთ პუნქტუალურად მოქმედება, სამუშაო დროის მიზნობრივად გადანაწილება და გულმოდგინე შრომა. შესაძლოა რაიმე არ ვიცოდეთ, მაგრამ თუ საქმეს ერთგულად და ენთუზიაზმით ვემსახურებით, აუცილებლად მივაღწევთ პროფესიონალიზმს, რასაც ევროპელები დიდ ყურადღებას აქცევენ. ანუ ხვალინდელი ქათამი უნდა ვამჯობინოთ დღევანდელ კვერცხს. მეორე და უმთავრესი, სახელმწიფოს მეტი ჩართულობაა. ამჟამად გვაქვს კარგი პროგრამები, რომლებიც ინვესტორთან პირველადი კონტაქტისა და ინტერესის აღძვრისათვის საკმარისია, თუმცა აუცილებელია საქმეზე დავანახვოთ რამდენად მოქნილები და ეფექტურები ვართ. ბევრ ევროპულ ქვეყანას ვუსწრებთ, თუნდაც იუსტიციის სახლის არსებობით და ბიუროკრატიის დაბალი დონით. ის, რისი გაკეთებაც საქართველოში ერთ კვირაში შეგიძლია, ევროპაში შესაძლოა თვეები დასჭირდეს. თუ სხვა ტიპის ბიუროკრატიული და საგადასახადო პოლიტიკაც გამარტივდება, ქვეყანაში ინვესტიციის ნაკადის შემოდინება საგრძნობლად გაიზრდება“, − გვიამბობს ვასილ ბაბლუანი.

საინტერესო ფაქტია, რომ ბატონი ვასილის წინაპრები სვანეთში განთქმული მომრიგებლები, მედიატორები იყვნენ და თავადაც აღნიშნავს, რომ გენეტიკური კოდის ეს ნაწილი, მის საინვესტიციო შუამავლად ფორმირებას დიდად წაადგა. მისი ინიციატივით, სულ ახლახან შეიქმნა სავაჭრო პალატა, რომლის დამფუძნებლები ახალგაზრდა ესპანელი მეწარმეები არიან. მათ საქართველოში ხელოვნური ინტელექტის, კრიპტოვალუტებისა და ტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარება სურთ და ამ ეტაპზე, უკვე 70-მდე მათი წარმომადგენელია საქართველოში დასახლებული. ვასილი აღნიშნავს, რომ ეს პროექტი მნიშვნელოვანია ადგილობრივ ბაზარზე ევროპული გამოცდილების გასაზიარებლად, ვინაიდან წამყვანი ესპანელი ეკონომისტები, ფინანსისტები, იურისტები თუ სხვა სფეროების წარმომადგენლები საქართველოში მასშტაბური საგანმანათლებლო პროცესების განხორციელებასაც გეგმავენ.

„დღესდღეობით, პრაქტიკულად ყველა ტიპის ბიზნესთან გვაქვს შეხება და საქართველოს აქვს პოტენციალი ნებისმიერი მიმართულებით საინტერესო და მიმზიდველი გახდეს. რაც შეეხება ტექნოლოგიურ პროექტებს, გამოვირჩევით იმით, რომ გეოგრაფიულად ახლოს ვართ ევროპასთან, ადამიანებს აქვთ უსაფრთხო გარემოში მუშაობის საშუალება, საგადასახადო წნეხი დაბალია და გვყავს ევროპულ ბანკებთან ასოცირებული ბანკები. სხვა მხრივ, საქართველოში საცხოვრებელი ხარჯებიც ბევრად დაბალია და დასავლელი ტექნოლოგიურ სფეროში მომუშავე ახალგაზრდებისთვის აქედან მუშაობა ბევრად ხელსაყრელი და მომგებიანია“, − აცხადებს ვასილ ბაბლუანი.

ბატონმა ვასილმა საუბრისას ახსენა, რომ მცირე ზომის ქვეყნებისათვის ნიშური პროდუქტების შექმნა და მსოფლიო ბაზარზე მაღალი ხარისხით პოზიციონირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამის ნათელ მაგალითად გამოდგება Native Georgian-ისა და Native Racha-ს პროექტი, რომელიც ქართული მთის ღორის გადარჩენასა და ქართული „ხამონის“ წარმოებას მოიაზრებს. ჩვენმა რესპონდენტმა აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის პროდუქტი, ერთი მხრივ ჩაანაცვლებს იმპორტს, ვინაიდან ხორცის იმპორტი წელიწადში ასობით მილიონი უჯდება ქვეყანას, ხოლო მეორე მხრივ წინ წასწევს ტურიზმის მზარდ სფეროსაც, რომელიც უკვე ადგილობრივი ნაწარმით იქნება წარმოდგენილი. თანამედროვე გასტროტურიზმი მზარდი ინდუსტრიაა, სადაც ტურისტს ღირსშესანიშნაობების გარდა, ავთენტური წარმომავლობის პროდუქტიც აინტერესებს, განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ამ მიმართულებითაც მდიდარია.

„ზოგადად, ადამიანები ორ ტიპად იყოფიან: მარათონელებად და სპრინტერებად. მე მარათონელი ვარ, ანუ არ მაშინებს გრძელვადიანი, 10-20-წლიანი პროექტები. როდესაც მთის ღორის პროექტს ვიწყებდით, საინვესტიციო მედიატორი ვიყავი და ჩემი ერთგულებისა და სანდოობის აღსანიშნავად, მოგვიანებით დამფუძნებლებისგან გენერალური მინდობილობა დავიმსახურე. თანადამფუძნებლები 55-დან 70 წლამდე ასაკის ბიზნესმენები იყვნენ, რომლებიც თამამად საუბრობდნენ 10-15-წლიან პროექტზე. ეს ყველაფერი კი იმაზე მეტყველებს, რომ პროფესიონალიზმი არა შედეგის მოლოდინში, არამედ პროცესისგან სიამოვნების მიღებაში მდგომარეობს. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფულის გამომუშავებისთვის მუშაობენ და არიან ისეთებიც, ვისაც სექტორის შექმნა და განვითარება აინტერესებს. მე სწორედ ამ უკანასკნელთა რიცხვს მივეკუთვნები. და თუ მკითხავთ, როგორი იქნება საქართველო 20 წელიწადში, გეტყვით რომ საკმაოდ განვითარებული და ინვესტორთათვის მიმზიდველი ქვეყანა იქნება, თუმცა მონდომების, დროის მართვის ცოდნისა და საქმის სიყვარულის წყალობით, ამის მიღწევა 10 წელიწადშიც შეგვიძლია“, − აღნიშნავს ვასილ ბაბლუანი.