⚡ Get All Content for 20% Off ⚡

''პროგრამის ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ შენს აკადემიურ ცხოვრებას მაქსიმალურად ერგება'' სოფიკო ქურდაძე, ლიდერატორი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფოტო: საქართველოს ბანკი

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება დასაქმების ხელშეწყობაა. „ლიდერატორი" სტუდენტებისთვის განკუთვნილი პროექტია, რომლის ფარგლებშიც 200-მდე მონაწილეს უკვე მიეცა შესაძლებლობა, ბანკის 40-მდე დეპარტამენტში სამუშაო გამოცდილება მიეღო, პროფესიული უნარ-ჩვევები ტრენინგებითა და მენეჯერული პოზიციის მქონე პროფესიონალების უშუალო მენტორობით განევითარებინა.

მათგან 95%-მა პროგრამის დასრულების შემდეგ კარიერა საქართველოს ბანკში გააგრძელა.

სოფიკო ქურდაძე პროექტის ერთ-ერთი მონაწილე და თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სკოლის მეოთხე კურსელია. კომპიუტერულ მეცნიერებამდე მათემატიკის სიყვარულმა მიიყვანა, თუმცა ძიება აქ არ შეუწყვიტავს.

უკმაყოფილების შეგრძნება მდევდა თან - გვერდზე მრჩებოდა ჩემი სიყვარული და აღფრთოვანება ქართული ენის მიმართ", - ამბობს სოფიკო, და გვიზიარებს, რომ სკოლის პერიოდში თავისუფალ დროს ხშირად უცხო ენებისა და გრამატიკის შესწავლას უთმობდა. სფეროში უკეთ გარკვევასთან ერთად, მისთვის ნათელი ხდებოდა, რომ ქართული ენა ფაქტობრივად არ ჩანდა ციფრულ სამყაროში.

როდესაც მის ორ უმთავრეს ინტერესს შორის თანაკვეთა აღმოაჩინა, სოფიკოს კარიერული გეგმები თითქოს თავისით დალაგდა. დღეს ის ლიდერატორის პროგრამას მონაცემთა მეცნიერების მიმართულებით გადის, სადაც დიდ დროს ენის მოდელირების საკითხებს უთმობს.

თავდაპირველად სოფიკოს გეგმებში სწავლის პარალელურად მუშაობა სულაც არ მოიაზრებოდა. მას სურდა დრო მხოლოდ უნივერსიტეტში განათლების მიღებისთვის დაეთმო, თუმცა სტუდენტებზე მორგებულმა პროგრამამ სოფიკოს აზრი შეაცვლევინა.

ვერ წარმომედგინა, რომ ფიზიკურად შევძლებდი სწავლის პარალელურად სხვა სტაბილურ საქმიანობას. ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი, რამაც ლიდერატორის პროგრამაში მონაწილეობის მიღებისკენ მიბიძგა, იყო წინადადება, რომელსაც შესავსებ ფორმაში წავაწყდი - „სასწავლო გრაფიკზე მორგებული". ჩემთვის თანაბრად მნიშვნელოვანია განათლების მიღება და ამ პროგრამის ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ შენს აკადემიურ ცხოვრებას მაქსიმალურად ერგება - იქნება ეს უნივერსიტეტთან დაკავშირებული თუ სხვა აკადემიური საქმიანობა. აუცილებელია დამსაქმებელი ღირებულად მიიჩნევდეს შენს დროს. ის, რომ პროგრამა ანაზღაურებადია, მნიშვნელოვნად წამახალისებელი ფაქტორი აღმოჩნდა და საბოლოო ჯამში, გადავწყვიტე ბედი მეცადა", - ამბობს სოფიკო.

როდესაც „ლიდერატორის" შესარჩევ ეტაპს იხსენებს, სოფიკო გასაუბრებების მნიშვნელობას უსვამს ხაზს და მიიჩნევს, რომ ის არის შესაძლებლობა, დასვა საჭირო კითხვები და ნათელი მოჰფინო ჯერ კიდევ ბუნდოვან საკითხებს.

„პირისპირ გასაუბრებაზე ვღელავდი, არ ვიცოდი, როგორ და რა მეთქვა ჩემ შესახებ. თუმცა ვიცოდი ის, თუ რა მინდოდა და რას მოველოდი პროგრამისგან. ვფიქრობ, თუ ლიდერატორობა გსურს, მცდელობის გარეშე არ უნდა დატოვო. შეიძლება, რეზიუმეს შევსების დროს იფიქრო, რომ არ გაქვს საკმარისი ცოდნა, გამოცდილება, ან GPA, თუმცა, თუ ნამდვილად გინდა, აუცილებლად იპოვი გზას".- ამბობს სოფიკო.

რაც შეეხება უშუალოდ „ლიდერატორის" ფარგლებში შეძენილ გამოცდილებას, სოფიკო ხაზს იმ გარემოებას უსვამს, რომ დღის განმავლობაში მრავალფეროვან საკითხებთან და ხალხთან უწევს შეხება.

„პროგრამას მარტო არ გადიხარ. ხვდები უამრავ ადამიანს სხვადასხვა გამოცდილებით, რასაც ერთმანეთს უზიარებთ. გეძლევა შესაძლებლობა, რომ მოტივაცია და ინტერესები სწორედ ამ ადამიანების დახმარებითაც იპოვო. დღის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის შეხვედრებზე ერთვები, უყურებ და სწავლობ, როგორ შეიძლება დაიგეგმოს საქმე, შეიცვალოს მიდგომა, როდის ჩაითვალოს პრობლემა გადაჭრილად თუ გადაუჭრელად", - ამბობს ის.

პროგრამის ფარგლებში სოფიკო სხვადასხვა ტრენინგს დაესწო, სადაც, როგორც თვითონ ამბობს, კიდევ უფრო კარგად დაინახა ის საკითხები, რაც ჯერ კარგად არ ესმის, თუმცა მისი გუნდის დახმარებით მარტივად სწავლობს.

„სამუშაო პროცესში უამრავი სიახლე და გამოწვევა გხვდება, თუმცა ეს ფაქტი არ გაშინებს, რადგან ხარ მეგობრულ გარემოში - გუნდში, სადაც ყოველთვის მზად არიან დაგეხმარონ. ნაყოფიერად ვთვლი დღეს, თუ დღის ბოლოს მეცოდინება ის, რაც აქამდე არ ვიცოდი. ამიტომ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ლიდერატორობის ყოველი დღე ნაყოფიერია", - ამბობს სოფიკო.

ინფორმაციისთვის, „ლიდერატორის" პროგრამა ანაზღაურებადია და სტუდენტების სასწავლო გრაფიკს არის მორგებული. პროექტის ფარგლებში სტუდენტები, როტაციის პრინციპით, სხვადასხვა დეპარტამენტში იღებენ სამუშაო გამოცდილებას. რაც მთავარია, შესაძლებლობა აქვთ, განივითარონ პროფესიული უნარ-ჩვევები ტრენინგებითა და მენეჯერული პოზიციის მქონე პროფესიონალების უშუალო მენტორობით. ლიდერატორის პროგრამა ყოველწლიურად, წლის დასაწყისში ცხადდება და ამჟამად სტუდენტებს 12 პროგრამას სთავაზობს, რომელიც ბანკის მასშტაბით 40-მდე დეპარტამენტს მოიცავს. დამატებითი ინფორმაცია პროგრამა „ლიდერატორის" შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

სიახლეები

BTU-ს ახალი კამპუსი და ინოვაციური პროგრამები ემატება

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ახალი კამპუსის მშენებლობას იწყებს

ტექნოლოგიური ტრენდები

ტურისტული აპლიკაციების 5 ქართული სტარტაპი

წარმოგიდგენთ აპლიკაციებს, რომლებიც ტურისტებისთვის საქართველოში მოგზაურობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდიან

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი