რატომ არის ნებისმიერი დღე მადლიერების

By
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მართალია, მადლიერების დღე წელიწადში მხოლოდ ერთხელ მოდის, მაგრამ რა მოხდება, თუ ვიფიქრებთ, რომ მხოლოდ ეს ერთი დღე კი არა, ნებისმიერი დღე მადლიერებისაა და შესაბამისად მოვექცევით იმ ადამიანებს, ვისი მადლობელიც ვართ? ამასთან ერთად კი, მადლიერება იმ ყველაფრის გამოც გამოვხატოთ, რაც ცხოვრებაში გვაქვს?

entrepreneur.ge

ბავშვი ვიყავი, როდესაც მამაჩემმა ჩვენს ოჯახურ ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი − მადლიერების დღის ვახშამს, დღეს კი მე გავაგრძელებ მას ჩემს ოჯახთან ერთად. ჩვენ ლოცვით ვიწყებთ, შემდეგ მაგიდის გარშემო ვიკრიბებით და ერთმანეთს ვუზიარებთ საკუთარ მოსაზრებებს იმის შესახებ, თუ რატომ ვართ გასული წლის მადლობელი. ჩვენ ერთმანეთის მიმართ გამოვხატავთ მადლიერებას, საკუთარი ჯანმრთელობის, სამუშაოს, კოლეგების, მეგობრებისა და ოჯახის გამო ვართ მადლობლები. ეს ერთგვარი გულითადი საუბარია და მადლიერების ასეთი გაზიარება ნამდვილ სასწაულებს ახდენს, ყველა ჩვენგანის ემოციურ განწყობაზე მოქმედებს (გარდა ამისა, ასეთ დროს ისეთი შეგრძნება მიჩნდება, თითქოს მამაჩემი ჯერ კიდევ ჩვენთანაა).

ჩემი ოჯახის ერთ-ერთი წევრი ან რომელიღაც მეგობარი ყოველწლიურად მეუბნება, რომ მადლიერების დღის მცირე გამამხნევებელი საუბარი ნამდვილად აუცილებელი იყო მისთვის. სანაძლეოს დავდებ, რომ არც თქვენს თანამშრომლებს, კოლეგებს, ოჯახის წევრებსა და მეგობრებს აწყენდათ ამგვარი გამამხნევებელი საუბრები. თქვენ აუცილებლად უნდა იზრუნოთ ამაზე. თქვენი ბონუსი კი ის იქნება, რომ ეს განწყობა დადებითად იმოქმედებს თქვენსავე ორგანიზაციის საბოლოო ფინანსურ მაჩვენებლებზე და აი, რატომ.

ჰარვარდის ბიზნესსკოლის პროფესორმა ფრანჩესკა ჯინომ, უნივერსიტეტისათვის ფინანსების მოზიდვის საკითხზე თანამშრომლებს შორის კვლევა ჩაატარა. მან თანამშრომლები ორ ჯგუფად დაყო. პირველი ჯგუფი, ისე, როგორც წინა დღეებში, უწინდებურად ურეკავდა უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს ფინანსების მოსაძიებლად. მეორე ჯგუფს კი, რომელიც სხვა დღეს მუშაობდა, დირექტორი პირადად ესაუბრა ყოველწლიური შემოწირულებების მნიშვნელობაზე და იმაზე, თუ რაოდენ მადლიერი იყო მათი იმის გამო, რომ ასეთ მძიმე სამუშაოს ასრულებდნენ.

მომდევნო კვირის განმავლობაში მეორე ჯგუფის თანამშრომლებმა, რომლებსაც მადლობა გადაუხადეს შესრულებული სამუშაოსთვის, 50 პროცენტით მეტი ზარი განახორციელეს, პირველ ჯგუფთან შედარებით, რომელთათვისაც მადლობა არ გადაუხდიათ. სულ რამდენიმე კეთილი სიტყვის თქმაც კი საკმარისი აღმოჩნდა, რასაც მხოლოდ წუთები დასჭირდა და სულ სხვა შედეგი დადგა. დაფიქრდით, როგორ შეიძლება იმავე მიდგომის გამოყენება როგორც თანამშრომლებთან ურთიერთობისას, ისე ზოგადად, ბიზნესში.

თუ მადლიერებას არ გამოხატავთ თქვენი თანამშრომლების მიმართ, ეს იმას ნიშნავს, რომ მოტივაციის საუკეთესო ფორმაზე ამბობთ უარს, რომელიც ფაქტობრივად არაფერს მოითხოვს. თან, მხოლოდ მადლიერების დღეს კი არა, არამედ ნებისმიერ სხვა დღეს.

რაც მთავარია: მადლიერების გამოხატვა მხოლოდ თქვენი თანამშრომლებისთვის კი არა, თქვენთვისაც კარგია.

მადლიერების ფენომენის ორმა ცნობილმა მკვლევარმა − რობერტ ემონსმა (კალიფორნიის უნივერსიტეტი დეივისში) და მაიკლ მაკკალოუმ (მაიამის უნივერსიტეტი) ადამიანთა სამ ჯგუფს სთხოვა ყველაფრის დაწერა, რაც ყოველ კვირას ხდებოდა მათთან. „ა“ ჯგუფს იმის დაწერა სთხოვეს, რისთვისაც მადლიერები იყვნენ; „ბ“ ჯგუფს იმის დაწერა, რაც განწყობას უფუჭებდათ; „გ“ ჯგუფი კი, იმაზე წერდა, რამაც მათზე იმოქმედა, თუმცა დადებითი ან უარყოფითი განწყობის ხაზგასმის გარეშე.

კვლევა 10 კვირა გაგრძელდა და ბოლოს, „ა“ ჯგუფის (მადლიერების ჯგუფი) წევრებმა განაცხადეს, რომ უფრო ბედნიერებიც იყვნენ, მეტსაც ვარჯიშობდნენ და ნაკლებად მიდიოდნენ ექიმთან, „ბ“ ჯგუფის წევრებთან შედარებით, რომლებიც თავიანთ იმედგაცრუებაზე წერდნენ.

ალბათ, ადამიანთა უმრავლესობის მსგავსად, მადლიერების დღისთვის თქვენც „ა“ ჯგუფის სია გაქვთ შედგენილი, ხოლო წლის სხვა უმეტესი დღეებისთვის − „ბ“ ჯგუფის. საინტერესოა, რეალურად რა უნდა გააკეთოთ ამ შემთხვევაში?

რამდენიმე წლის წინ, სადილის შემდეგ, რომელზეც მთავარი კერძი შემწვარი ინდაური იყო, თითქმის კომატოზურ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. მამაჩემის ტრადიციაზე დავფიქრდი და მივხვდი, რომ მეტი უნდა მევარჯიშა, თუ მსურდა უფრო ხშირად მქონოდა მადლიერების გრძნობა. ყოველდღიური პრაქტიკა მართლაც ერთადერთი გზაა რაიმეს ჩვევად გადასაქცევად და კვლევამ უჩვენა, რომ ახალი ჩვევის შესაძენად 30-60 დღეა აუცილებელი.

შედეგად, ყოველდღიური თამაშის გეგმა შევადგინე, რომელიც მარტივი გზაა დაკავებული ადამიანებისთვის, რათა ყოველდღიურად ადევნონ თვალყური განრიგს და თავიანთ მადლიერების გრძნობას.

იფიქრეთ იმაზე, რომ თუ ყოველდღიურად ივარჯიშებთ, კუნთები გაგეზრდებათ. თუ თქვენს „მადლიერების კუნთებს“ დაძაბავთ, ისინიც გაიზრდება. ეს ისეთივე ავტომატური უნდა გახდეს, როგორც ყოველ დილით კბილების გახეხვა. ჩემს დილის რუტინაში, კბილების გახეხვასთან ერთად, ავტომატურად შედის ჩემი მადლიერების პრაქტიკა.

ჩემი მიზანია, დილის 9 საათზე, ყოველთვის, სანამ სამუშაო დღეს დავიწყებ, ხუთ ადამიანს გავუზიარო საკუთარი დადებითი განწყობა, მადლიერება ან პატივისცემა. სამუშაო დღეს არ ვიწყებ, სანამ ამას არ გავაკეთებ. თქვენც იმავეს მოგიწოდებთ. დილის 9 საათამდე გადაუხადეთ მადლობა ან თქვენი დადებითი მოსაზრებები გაუზიარეთ ხუთ ადამიანს.

ქვემოთ რამდენიმე სტრატეგიას გაეცნობით, რომლის გამოყენებას თქვენც შეძლებთ:

1. შეადგინეთ სია, რის გამო ხართ ცხოვრების მადლობელი და რით ამაყობთ. თქვენ ვერ გასცემთ იმას, რაც უპირველესად, თავად არ გაქვთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმისთვის, რათა სხვების მადლიერი იყოთ, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის მიმართ უნდა გქონდეთ მადლიერების გრძნობა.

2. მადლობის წერილი ან ბარათი აგზავნეთ. დიახ, ელექტრონული ბარათის გაგზავნაც შეგიძლიათ, მაგრამ თუ საფოსტო ბარათს გააგზავნით, ეს გაცილებით მნიშვნელოვანი იქნება (ეს ურთიერთობების გაღრმავებაშიც დაგეხმარებათ და ამასთან, მოდუნების შესაძლებლობასაც არ მოგცემთ).

3. გაიღიმეთ და დარეკეთ. მადლიერების წერილის ფოსტით გაგზავნის ნაცვლად, დაურეკეთ, ვისთვისაც მადლობის გადახდა გსურთ და უთხარით, რის თქმასაც წერილში აპირებდით.

4. სადილზე დაგეგმეთ შეხვედრა და მასზე სასურველი ადამიანი მიიწვიეთ. მას მადლობა გადაუხადეთ იმ წვლილისათვის, რომელიც საქმეში შეიტანა.

5. სია შეადგინეთ. როდესაც ისწავლით, როგორ უნდა გამოხატოთ ადამიანების მიმართ მადლიერება, მისი სრულყოფისათვის ყოველდღიურად საკმარის დროსაც გამონახავთ. დღეში ხუთი ადამიანი შეარჩიეთ და მომდევნო დღეებში ეცადეთ თქვენი სია სხვადასხვა ადამიანთა სახელებით გაამდიდროთ.

კარგია ადამიანებისთვის იმის თქმა, რომ მათ აფასებთ, მაგრამ ჩვენება კიდევ უკეთესია. კონკრეტულად აუხსენით, რის გამო სცემთ მათ პატივს, რის გამო ხართ აღფრთოვანებული და რას აფასებთ მათში. ჩვენ საკმაოდ ბევრი მიზეზი გვაქვს, ადამიანების მადლიერები არა მხოლოდ მადლიერების დღეს, არამედ ყოველდღე ვიყოთ.

მე უზომოდ მადლობელი ვარ თქვენი − ანტრეპრენერთა საზოგადოების, რომ ჩემი ცხოვრების ნაწილი ხართ და მეც მაძლევთ საშუალებას თქვენი ნაწილი ვიყო. მე საკუთარი ოჯახის წევრებსაც ვეკითხები მადლიერების დღეს და თქვენც მინდა გკითხოთ: რატომ და ვისი მადლობელი ხართ ამ წელს?

John Brubaker

Written By

John Brubaker is a nationally renowned performance consultant, speaker and award-winning author. Using a multi-disciplinary approach, Coach Bru helps organizations and individuals turn their potential into performance.