Get All Access for $5/mo

500-მდე მოსწავლე და 120-ზე მეტი განაცხადი - ალტე უნივერსიტეტი მასშტაბური სასკოლო Start-up მარათონის მონაწილეთათვის ტრენინგების სერიას იწყებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალტე უნივერსიტეტი

სკოლის მოსწავლეებში სამეწარმეო უნარ-ჩვევების განსავითარებლად, ალტე უნივერსიტეტი უკვე მეორე წელია, რაც ტრადიციულ, მასშტაბურ პროექტს − Start-up მარათონს ახორციელებს. პროექტში, რომელიც Start-up გარაჟის, ბიზნესის სკოლისა და IT-სკოლის ჩართულობით მიმდინარეობს, მონაწილეობის მიღება მე-10, მე-11 ან მე-12 კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ. მსურველებს, რომლებსაც აქვთ Start-up იდეა, შეუძლიათ შეიტყონ მეტი ანტრეპრენერობის პრინციპების შესახებ და მენტორების მხარდაჭერით, განახორციელონ ან განავითარონ საკუთარი იდეა.

მიმდინარე წლის Start-up მარათონი 500-მდე სკოლის მოსწავლის ჩართულობით ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები მონაწილეობას არა მხოლოდ თბილისიდან, არამედ რეგიონებიდანაც იღებენ. კონკურსის ფარგლებში შემოსულია 120-ზე მეტი განაცხადი, რომელსაც უახლოეს პერიოდში სპეციალურად შერჩეული კომისია გადაარჩევს.

აპლიკანტები რამდენიმე ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით შეირჩევიან, მათ შორის: იდეის ინოვაციურობა, იდეის განხორციელებადობა, რამდენად მნიშვნელოვან პრობლემას ეხება და რამდენად ეფექტიანია მისი გადაწყვეტა? რა სახის ცვლილებების მომტანია ბიზნესიდეა და სხვა. აღსანიშნავია, რომ ალტე უნივერსიტეტი კონკურსის მონაწილეებისთვის ტრენინგების სერიას იწყებს, რომლის ფარგლებში გამოცდილი და პროფესიონალი მენტორები მათ თითოეულ იდეაზე მორგებულ, ინდივიდუალურ რჩევებს გაუზიარებენ და იდეების დახვეწაში დაეხმარებიან.

"საოცარი ამბავია, რომ ამდენი ახალგაზრდა ადამიანი დაინტერესდა ამ პროექტით და შემოიტანა განაცხადი. აღსანიშნავია ფაქტი, რომ მეტწილად, ტექნოლოგიური განაცხადები შემოვიდა და აპლიკაციების საკმაოდ დიდ ნაწილში ნაფიქრია კონკრეტულ პრობლემაზე, რომელსაც მათი იდეა აგვარებს.

ვინაიდან მონაწილეების ნაწილი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდანაა, გადაწყდა ტრენინგის ონლაინრეჟიმში ჩატარება. ტრენინგზე გავივლით ბევრ თემას სტარტაპის შენებასთან დაკავშირებით, მათ შორის: გუნდის ფორმირება, იდეის დახვეწა, პროდუქტის ბაზარზე გაყვანის მეთოდები, პრეზენტაციის ჩატარების "ხრიკები" და სხვა.

ჩემი მთავარი მოლოდინი და სურვილი ასეთ პროექტებში ჩართვისას არის ის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა, მაქსიმალურად უმტკივნეულოდ და სწრაფად დაადგინოს, არის თუ არა ანტრეპრენერისა და სტარტაპის დამფუძნებლის გზა მისთვის ნამდვილად სასურველი.

მონაწილეებს ვურჩევ, მაქსიმალურად დახარჯონ ენერგია მარათონის განმავლობაში მიღებული ცოდნისა და ინფორმაციის რეალურ ცხოვრებაში დასანერგად, ხოლო მათ, ვინ წელს ვერ ან არ მიიღებს მონაწილეობას, ვუსურვებ მაქსიმალურად დაახლოებას საკუთარი მიზნების განხორციელებასთან", − Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს ნიკოლოზ გოგოჭური, Startu-up მარათონის ტრენერი − 15+-წლიანი გამოცდილების მქონე ანტრეპრენერი, VRex Immersive-ისა და "ნეიროპილოტის" თანადამფუძნებელი.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მხარდაჭერა ალტე უნივერსიტეტის მისიის ნაწილი და ერთ-ერთი გამოკვეთილი პრიორიტეტია. ამ მიმართულების გაძლიერებისთვის, უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს კერძო და სახელმწიფო სექტორთან, და ამასთან, მუდმივად ამყარებს პარტნიორულ ურთიერთობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან. უნივერსიტეტის გუნდში აღნიშნავენ, რომ სტარტაპ-მარათონის პროექტი ყოველწლიურად გაგრძელდება და მუდმივ რეჟიმში შეეცდება სკოლის მოსწავლეებში სამეწარმეო უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების განვითარებას.

"სტარტაპ-მარათონის მიზანი სკოლის მოსწავლეების სამეწარმეო უნარების, ანტრეპრენერული აზროვნების განვითარება და საქართველოს სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარებაში წვლილის შეტანაა. ჩვენს პარტნიორებთან ერთად მაქსიმალურად ვეხმარებით სკოლის მოსწავლეებს საკუთარი იდეების რეალიზებაში და ვაჩენთ რეალურ შესაძლებლობებს ამ მიმართულებით. ცალსახაა, რომ მარათონის მიზანი სრულად შეესაბამება ალტე უნივერსიტეტის ზოგად ხედვას და ამასთან, პირდაპირ პასუხობს მის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას − მეწარმეობას, რაც გულისხმობს, რეალობასთან ადაპტირების ნაცვლად, მუდმივ სწრაფვას ცვლილებებისკენ, არსებული საზღვრების მიღმა ხედვას. ამასთან, პროექტის განხორციელებით მიზნად ვისახავთ ახალი ცოდნის შექმნის ხელშეწყობას", − განმარტავს ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანი, გიორგი აბაშიშვილი.

"ბოლო წლების აქტიურობა სხვადასხვა მხრიდან, როგორც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსგან, ასევე კერძო კომპანიებისგან და რაც მთავარია, უნივერსიტეტებისგან, არის ძალიან მნიშვნელოვანი კატალიზატორი საქართველოში სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარებისთვის. ჩემი აზრით, ასეთი დიდი ინტერესი და ჩართულობა სწორედაც რომ ბოლო წლებში გაღებული ამ ძალისხმევის ერთ-ერთი ნათელი შედეგია. ზოგადად, საზოგადოებაში, როგორც იქნა, ამაღლდა ცნობიერება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის ინოვაციებსა და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობა.

ინოვაციური ეკოსისტემის მშენებლობისას ყველა ქვეყანაში აუცილებელი და მნიშვნელოვანი ადგილი უნივერსიტეტების ჩართულობას უჭირავს. აქედან გამომდინარე, ძალიან მიხარია, რომ ალტე უნივერსიტეტი გააქტიურდა ამ მიმართულებით", − აღნიშნავს ნიკოლოზ გოგოჭური.

სტარტაპ-მარათონის გამარჯვებულ და რჩეულ გუნდებს გადაეცემათ სიმბოლური და ფულადი პრიზები, როგორც ალტე უნივერსიტეტისგან, ასევე პარტნიორი ორგანიზაციებისგან. უკვე მეორე წელია სასკოლო სტარტაპ-მარათონის მხარდამჭერია "თიბისი ახალი თაობისთვის", "თიბისის სტარტაპერი", "ანტრეპრენერი" და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA).

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ