ამ პლატფორმაზე შემქმნელებმა უკვე 400 მილიონი დოლარი გამოიმუშავეს: და, როგორც გარი ვაინერჩუკი ამბობს, ეს მხოლოდ დასაწყისია
By Leo Zevin
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
როდესაც ჯონ ჰუ COVID-19-ის პანდემიის დასაწყისში TikTok-ზე უსასრულოდ სქროლვისას შემთხვევით გადააწყდა გარი ვაინერჩუკს, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ერთ დღეს ისინი ბიზნესპარტნიორები გახდებოდნენ. იმ პერიოდში ჰუს კოლეჯი უკვე რამდენიმე წლის დამთავრებული ჰქონდა და უოლ-სტრიტზე მუშაობდა. მას ეგონა, რომ მისი ცხოვრების გზა უკვე განსაზღვრული იყო.
თუმცა ვაინერჩუკის მანტრამ, "რა ღირებულების შექმნა შეგიძლია მსოფლიოსთვის", ჰუს უბიძგა, საკუთარი ისტორიის გაზიარება ონლაინ დაეწყო.
ჰუსთვის კარიერული კოუჩინგის შესახებ კონტენტის გამოქვეყნების ერთი შეხედვით მარტივი გადაწყვეტილება გარდამტეხი აღმოჩნდა.
"ეს იყო პირველი შემთხვევა ჩემს ცხოვრებაში, როდესაც შემეძლო კრეატიულობის გამოვლენა. ვეხმარებოდი ადამიანებს და ამავდროულად საკუთარი საქმის კეთებაც შემეძლო", – განუცხადა მან Entrepreneur-ს.
ერთადერთი, რაც აკლდა, იყო მონეტიზაციის გზის პოვნა. ხელოვნური ინტელექტის არაერთი ხელსაწყოს გამოცდის შემდეგ, რომლებშიც იმაზე მეტს ხარჯავდა, ვიდრე გამოიმუშავებდა, ჰუ კვლავ ვაინერჩუკის პრინციპს მიჰყვა და საკუთარი გადაწყვეტა შექმნა.
"შვეიცარიული დანა" კრეატორებისთვის
Stan არის ერთიანი პლატფორმა შემქმნელებისთვის, სადაც მათ შეუძლიათ გაყიდონ თითქმის ნებისმიერი ტიპის ციფრული პროდუქტი: ონლაინკურსები, გამოწერები, ელექტრონული წიგნები და სხვა. თავდაპირველად ჰუმ ეს პლატფორმა საკუთარი შეთავაზებების განსათავსებლად შექმნა, თუმცა მალევე მეგობრებმა დაუწყეს გამოკითხვა, რა იყო მისი წარმატების საიდუმლო.
"იქნება ეს კონტენტის შემქმნელი, იურისტი, სტომატოლოგი თუ ბუღალტერი, ისინი ყველანი იყენებენ Stan-ს, სოციალური ქსელების მეშვეობით პოტენციური მომხმარებლების მოსაზიდად", – ამბობს ჰუ.
"მათ არ სურთ ტექნოლოგიებთან ჭიდილი, ეს ბევრისთვის დამაბნეველი და დამთრგუნველია. Stan მათ სთავაზობს დაწყების ყველაზე მარტივ, მოსახერხებელ და ხელმისაწვდომ გზას".
სწორედ ეს ბალანსი, მრავალფუნქციური ინსტრუმენტების შეთავაზება მომხმარებლების გადატვირთვის გარეშე, გახდა Stan-ის სწრაფი ზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი.
პლატფორმა მომხმარებლებს სთავაზობს რამდენიმე საფასო პაკეტს: საბაზისო ვარიანტს, რომელიც მონეტიზაციის დასაწყებად აუცილებელ ფუნქციებს მოიცავს, და გაფართოებულ ვერსიას დამატებითი შესაძლებლობებით, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის აგენტით, რომელიც გარი ვეინერჩუკის კონტენტზეა გაწვრთნილი.
"წარმოიდგინეთ, რომ ჯიბეში გყავთ პატარა გარი, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ გასწავლით ყველაფერს", – ამბობს ჰუ.
მნიშვნელოვანია, რომ Stan არ არის გათვლილი ისეთი მეგავარსკვლავებისთვის, როგორებიც არიან MrBeast ან Alix Earle. მისი მთავარი სამიზნე აუდიტორიაა ის, რასაც ჰუ და ვაინერჩუკი "საშუალო კლასის შემქმნელს" უწოდებენ. ადამიანები, რომლებიც მზად არიან მცირე თანხა გადაიხადონ ინსტრუმენტში, რომელიც მათ რეალურ ღირებულებას აძლევს.
"ბევრისთვის შეცდომაა თავიდანვე ათასობით დოლარის დახარჯვა, – განმარტავს ვაინერჩუკი, – ეს ჰგავს ჩოგბურთის თამაშის დაწყებას, არ გინდა 7 000 დოლარი დახარჯო აღჭურვილობაზე და შემდეგ აღმოაჩინო, რომ თამაში ან არ გამოგდის, ან საერთოდ არ მოგწონს".
ამის ნაცვლად, Stan ერთგვარი მწვრთნელის როლს ასრულებს და გეხმარებათ, მაქსიმალურად გამოიყენოთ უკვე არსებული რესურსები.
"Stan-ზე წელიწადში 300-400 დოლარის დახარჯვა ფულის ერთ-ერთი საუკეთესო ინვესტიციაა, რადგან ის ადამიანებს არაპროპორციულად დიდ შესაძლებლობას აძლევს, თავიანთი საქმიანობა მონეტიზებულ შემოსავლად აქციონ", – ამბობს ვაინერჩუკი.
"ეს ამ სფეროსთვის ნამდვილი "შვეიცარიული დანაა". ბევრი შემქმნელი წელიწადში 1000-დან 10 000 დოლარამდე გამოიმუშავებს რეკლამებიდან ან შემთხვევითი პროდუქციის გაყიდვიდან. მაგრამ თუ მათ ეს ინსტრუმენტი სწორად გამოიყენეს, სავსებით შესაძლებელია, მათი შემოსავალი ექვსნიშნა რიცხვამდეც კი გაიზარდოს".
კიდევ ერთი ინვესტიცია
ვაინერჩუკი Stan-ის მიმართ იმდენად ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ შექმნა GaryVee Stan Challenge, მენტორობის პროგრამა, რომელიც მისი აუდიტორიის შექმნის მრავალწლიან გამოცდილებას Stan-ის პლატფორმასთან აერთიანებს, რათა შემქმნელებს მდგრადი ბიზნესის აშენებაში დაეხმაროს.
პროგრამა მოიცავს რვა პირდაპირ (Live) ქოუჩინგ-სესიას გარივისთან, კითხვა-პასუხის ფორმატსა და ყოველკვირეულ პროგრესის შეფასებას. ათი საუკეთესო გამყიდველი, ასევე ხუთი wild card გამარჯვებული, რომლებიც მთლიან გაყიდვებში (GMV) მინიმუმ 555 დოლარს გამოიმუშავებენ, მიიღებენ შესაძლებლობას, ნიუ-იორკში ექსკლუზიურ ღონისძიებაზე პირადად შეხვდნენ ვაინერჩუკს. მონაწილეებისთვის ეს არის შანსი, ისწავლონ იმ ადამიანისგან, რომელსაც ჰუ "ონლაინ პერსონალური ბრენდის შექმნის პირველყოფილ მაგალითად" მოიხსენიებს.
თავად ვაინერჩუკისთვის ეს გამოწვევაც ძლიერი მოტივაციის წყაროა.
"სწორედ ასეთ გარემოში ვარ საუკეთესო ფორმაში, როცა რეალურად შემიძლია ადამიანებს დავეხმარო. იმის ცოდნა, რომ მათ უკვე გადადგეს პირველი ნაბიჯი და დაიჯერეს, დამატებით მოტივაციას მაძლევს, რადგან მჯერა, რომ ისინი მიღებულ რჩევებს რეალურ ქმედებებად აქცევენ. დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ მხოლოდ ჩემი მოსმენაც უკვე საქმის კეთებას ნიშნავს".
თანამედროვე "ამერიკული ოცნება"
ციფრული პროდუქტების ონლაინგაყიდვისთვის შექმნილი პლატფორმის იდეა შეიძლება თანამედროვე ეპოქის პროდუქტად ჩანდეს, თუმცა თავისი არსით Stan მარადიულ პრინციპებს ეფუძნება.
"მე და გარი ამერიკული ოცნების ცოცხალი მაგალითები ვართ", – ამბობს ჰუ.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბევრისთვის ამერიკული ოცნების იდეა სკეპტიციზმს იწვევს, ჰუს კვლავ სჯერა საკუთარი ძალებით მიღწეული წარმატების, და იმის, რომ რთულ სამყაროშიც შესაძლებელია ადამიანებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა. მისი თქმით, ამის საუკეთესო გზა არის ადამიანებისთვის ისეთი ინსტრუმენტების, რესურსებისა და ცოდნის მიწოდება, რომლებიც საკუთარ ოცნებებს რეალობად აქცევს.
Stan-ის მეშვეობით შემქმნელებმა უკვე თითქმის 400 მილიონი დოლარი გამოიმუშავეს. ჰუს თქმით, ამ ადამიანებიდან ბევრმა სწორედ ამ შემოსავლით შეძლო ცხოვრების რადიკალურად შეცვლა.
"იმედი მაქვს, რომ როდესაც ამ გამოწვევასა და ჩვენს პარტნიორობას მომავალში გადავხედავთ, დავინახავთ, რომ მინიმუმ კიდევ ერთ მილიონ ადამიანს დავეხმარეთ საკუთარი ოცნებების ასრულებასა და საკუთარი საქმის შექმნაში", – ამბობს ჰუ.
"Stan-ისა და გარის მასშტაბების გათვალისწინებით, ვფიქრობ, ეს სრულიად რეალისტური მიზანია".
თარგმანი: ანო ტვილდიანი