Get All Access for $5/mo

ამერიკის სამუშაო ვიზისა და მუდმივი ბინადრობის უფლების მოპოვების შესაძლებლობები - ანა ქამხაძე, ქართველი წარმატებული საიმიგრაციო სამართლის ადვოკატი აშშ-ში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

თავისუფლების ნაპირი. თანაბარი შესაძლებლობების სამყარო, განურჩევლად რელიგიისა, ეროვნებისა, ასაკისა და სქესისა. იმედების გამართლების და ოცნებების ასრულების ქვეყანა - კიდევ მრავალი ეპითეტის მოხმობა შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატების დასახასიათებლად. ამერიკის შესახებ არსებული ლეგენდები, მითები და, უპირველეს ყოვლისა, რეალობა ნებისმიერ ადამიანს აღუძრავს შტატებში ჩასვლის სურვილს. ამერიკული ოცნება ადამიანებს საკუთარი შესაძლებლობების რწმენის განმტკიცებას, თავისი უნარებისა და ნიჭის აღმოჩენა-გამჟღავნებასა და მათი რეალიზების საშუალებას ჰპირდება.

საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენების საქმეში არცთუ მცირე წვლილი ქართველ ემიგრანტებს მიუძღვით, რომელთა თავდადების, შესაძლებლობებისა და სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულის სჯერა და ეიმედება მთელ საქართველოს; სწორედ მათი, ვინც უცხოეთიდან ერის მომავლს ჰქმნის და ქვეყნის განვითარებისთვის დაუღალავად შრომობს, რათა უძველესი ისტორიისა და კულტურის ქვეყანამ შეძლოს და სხვა წარმატებულ ერთა შორის დაიმკვიდროს თავისი ღირსეული ადგილი.

აშშ-ში ემიგრირებული საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილისთვის, მათ რეალურ კვალიფიკაციასთან შეუსაბამო მძიმე ფიზიკური შრომა უცხო არ არის. ხშირად ისინი უამრავ დროსა და ფინანსურ რესურსს კარგავენ, მხოლოდ იმიტომ რომ საკუთარი საემიგრაციო საქმეების მოგვარებას საადვოკატო ლიცენზიის არმქონე ადამიანებს ანდობენ და, კიდევ მეტად, ირთულებენ ემიგრაციის ისედაც რთულ გზას.

გვსურს, წინამდებარემ პუბლიკაციამ პოტენციური შესაძლებლობის განსხვავებული პერსპექტივები დაანახოს მათ, ვისაც არ აქვს საკმარისი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ლეგალური გზებითა და საშუალებებით არის შესაძლებელი აშშ-ში სამუშაო ვიზის ან ბინადრობის მუდმივი უფლების მოპოვება და, შესაბამისად - ცხოვრების სათანადო პირობების უზრუნველყოფა.

გვინდა გაგაცნოთ ანა ქამხაძე - აშშ-ში ლიცენზირებული საიმიგრაციო სამართლის ადვოკატი, რომელიც სრულ იურიდიულ მხარდაჭერას გთავაზობთ.

ანამ სამართალმცოდნეობაში განათლება თავდაპირველად საქართველოში, ხოლო შემდგომ კი, ამერიკაში მიიღო, სადაც მან დიდი მონდომებისა და დაუღალავი შრომის ფასად, ასევე, მოიპოვა ბიზნესის მართვისა და ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი. ანა აშშ-ში საიმიგრაციო სამართლის ლიცენზირებული ადვოკატი გახლავთ და უკვე შვიდი წელია, ამერიკის საიმიგრაციო სამართლის სფეროში წარმატებით საქმიანობს. იგი ასევე არის ამერიკის საიმიგრაციო სამართლის იურისტთა ასოციაციისა (American Immigration Lawyers Association "AILA") და ნიუ იორკის შტატის ადვოკატთა ასოციაციის (New York State Bar Association "NYSBA") წევრი.

"ამერიკაში წასვლა შვიდი წლის წინ ცოდნისა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გადავწყვიტე. იმჟამად საქართველოში ერთ-ერთ წამყვან იურიდიულ კომპანიაში ვმუშაობდი, იურისტის პოციზიაზე, ბიზნეს სამართალში.

ამერიკაში ჩასვლისთანავე საქმიანობა საიმიგრაციო სამართლის სფეროში განვაგრძე. ჩემთვის, როგორც ერთ-ერთი ემიგრანტისთვის, ცნობილი იყო სწორი საიმიგრაციო სამართლის სტრატეგიის დასახვის მნიშვნელობა და მინდოდა, სხვებსაც დავხმარებოდი ამერიკული ოცნების ასრულებაში. თითოეული წარმატებულად დასრულებული საქმე მთლიანად ცვლის ემიგრანტების ცხოვრების კურსს და მათ კარს უხსნის ამოუწურავი შესაძლებლობებისკენ. ჩემთვის, ასევე, საინტერესოა იმ ადამიანებთან თანამშრომლობა, რომელთაც გამორჩეული უნარები და მიღწევები აქვთ თავიანთი საქმიანობის სფეროში და სურთ ეს საქმიანობა ქვეყნის საზღვრებს გარეთ გააფართოვონ.

ჩვენი კომპანიის მისია სწორედ ასეთი ადამიანებისთვის საიმიგრაციო სამართლის კუთხით სრული იურიდიული მომსახურების გაწევაა, რაც ითვალისწინებს როგორც იურიდიულ კონსულტაციას, ისე სამართლებრივი სტრატეგიის განსაზღვრას, საქმის მომზადებასა და ამერიკის მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურთან (U.S. Citizenship and Immigration Services "USCIS") საქმის წარმოებას.

ამერიკაში ცხოვრებისა და საქმიანობის მსურველებს ხშირად მწირი ინფორმაცია აქვთ იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელებიც აშშ-ს საიმიგრაციო კანონმდებლობითაა განსაზღვრული. სწორედ აღნიშნული ფაქტის გამო, ადამიანები აშშ-ში ემიგრაციასა და, შესაბამისად, წარმატების მიღწევას საზღვრის უკანონო კვეთით, ვიზის პირობების დარღვევითა და არასწორი კატეგორიის ვიზის მიღებით ცდილობენ, რაც, ცხადია, თავის მხრივ, მათ საემიგრაციო გზას კიდევ უფრო ართულებს. უნდა აღინიშნოს, რომ სწორი ლეგალური სტრატეგიის გამოყენებით, შესაძლებელია ბინადრობის ან ლეგალურად საქმიანობის უფლების მოპოვება", - აღნიშნავს აშშ-ში ლიცენზირებული ქართველი ადვოკატი და სწორედ ამ შესაძლებლობების ჩვენთვის გაცნობით აგრძელებს საუბარს.

"აშშ-ს საიმიგრაციო პოლიტიკა ორიენტირებულია, მიიზიდოს ის ადამიანები, რომლებსაც თავიანთ სფეროში გამორჩეული მიღწევები აქვთ, ან იმ ტიპის ბიზნესის წარმოება სურთ, რომელიც აშშ-ს ეკონომიკურ კეთილდღეობას გაზრდის. აშშ-ს "მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახური" განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულად მიიჩნევს ისეთ ადამიანს, რომელიც თავისი საქმიანობის სფეროში წარმატებულთა შორისაა. აღნიშნული, ცხადია, უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი დოკუმენტაციით, რომელიც (მათ შორის და არა მხოლოდ) მოიცავს: მათ პროფესიულ გამოცდილებას, მიღებულ ჯილდოებს, მედიაში ცნობადობას, კომერციულ წარმატებას, ექსპერტების მიერ აღიარებას, სამეცნიერო ნაშრომებს, გამორჩეული ორგანიზაციების წევრობას, ჟიურის სახით კონკურსებში მონაწილეობასა და თავისი საქმიანობის სფეროს განვითარებისთვის მნიშვნელოვანი და ინოვაციური წვლილის შეტანას.

ამერიკის საიმიგრაციო კანონმდებლობა განსხვავებულ მოთხოვნებს უყენებს იმ ადამიანებს, რომლებსაც ამერიკაში ბიზნესის წარმოება და ამ გზით სამუშაო ვიზის ან ბინადრობის უფლების მოპოვება სურთ. ამ შემთხვევაში კანონმდებლობა ითხოვს ინვესტიციის ჩადებას, წარმატებული ბიზნეს მოდელის შემუშავებას, ამერიკის ბაზარზე დადებითი ეკონომიკური ზეგავლენის მოხდენასა და სამუშაო ადგილების შექმნის პროცესს.

ამერიკის საიმიგრაციო სამართლის ღრმა და კომპლექსური ცოდნა, კომპანიის მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად, გვაძლევს საშუალებას, სწორად განვსაზღვროთ სამართლებრივი სტრატეგია და წარმატებით წარვმართოთ თითოეული საქმე", - განმარტავს ანა.

უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიცოდეთ, რომ აშშ-ის საიმიგრაციო სამართალი ვიზებს ორ ძირითად კატეგორიად ჰყოფს, ესენია: არასაიმიგრაციო და საიმიგრაციო ვიზები. არასაიმიგრაციო ვიზა დროში შეზღუდულია, ხოლო საიმიგრაციო ვიზა გულისხმობს აშშ-ში მუდმივი ბინადრობის უფლებას.

ამერიკის საიმიგრაციო კანონმდებლობა 20-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის არასაიმიგრაციო და ამაზე კიდევ უფრო მეტ საიმიგრაციო ტიპის ვიზას იცნობს. სწორედ ამ მიზეზის გამო, ანა განგვიმარტავს მხოლოდ რამდენიმე ყველაზე მოთხოვნადი ვიზის კატეგორიას:

H1B ვიზა - ეს არის არასაიმიგრაციო ვიზის კატეგორია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ სპეციალიზებული ცოდნა და ფლობენ ბაკალავრის ხარისხს.

"როცა ვსაუბრობთ ამ ტიპის არასაიმიგრაციო სამუშაო ვიზის მიღებაზე, უნდა ვიცოდეთ, რომ აუცილებელია, არსებობდეს ამერიკული კომპანია, რომელიც მზადყოფნას გამოთქვამს აპლიკანტის დასაქმების თაობაზე", - ამბობს ანა და იქვე აზუსტებს, რომ აღნიშნულ ვიზაზე პეტიციის გაგზვნა წელიწადში მხოლოდ ერთხელაა შესაძლებელი. აშშ-ის ,,მოქალაქეობისა და მიგრაციის" სამსახური ატარებს ყოველწლიურ ლატარიას იმისთვის, რომ შეირჩეს პეტიციები, რომელთა განხილვაც შემდგომში მოხდება. თუ აპლიკანტი მაგისტრის ხარისხს ფლობს, მას ლატარეის მოგების გაცილებით მეტი შანსი აქვს, ვიდრე - ბაკალავრის ხარისხის მფლობელს.

O1 ვიზა - ეს არის არასაიმიგრაციო სამუშაო ვიზის კატეგორია იმ ადამიანებისათვის, რომელთაც აქვთ გამორჩეული უნარები და მიღწევები სხვადასხვა სფეროში, მათ შორის - ბიზნესში, სპორტში, ტექნოლოგიებში, ხელოვნებასა და მეცნიერებაში. გამორჩეული უნარებისა და მიღწევების მნიშვნელოვნება განისაზღვრება აშშ-ს კანონმდებლობით და სასამართლო პრაქტიკის მიერ დამკვიდრებული განმარტებების საფუძველზე, რაც, თავის მხრივ, მოიცავს სხვადასხვა კრიტერიუმს; მათ შორის ყურადღება ექცევა აპლიკანტის როლს სხვადასხვა ორგანიზაციაში, მის მიერ მიღებულ ჯილდოებს, მედიაში ცნობადობას, მიღწეულ კომერციულ წარმატებას, დარგის ექსპერტთა აღიარებას, სამეცნიერო ნაშრომებს, პროფესიული საქმიანობით მიღებული შემოსავლის ოდენობას, გამორჩეული ორგანიზაციების წევრობას, საკუთარი საქმიანობის სფეროში ჩატარებულ კონკურსებში ჟიურის სახით მონაწილეობასა და თავიანთი საქმიანობის სფეროს განვითარებისთვის მნიშვნელოვანი და ინოვაციური წვლილის შეტანას. აქვე უნდა აღნიშნოს, რომ აუცილებელი არ არის აპლიკანტის მიერ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმი იყოს დაკმაყოფილებული.

არასაიმიგრაციო სამუშაო ვიზის კიდევ ერთი ტიპი არსებობს - E2 ვიზა, რომელიც განკუთვნილია ინვესტორებისათვის. ამ კატეგორიის ვიზის მისაღებად აპლიკანტმა აშშ-ში უნდა დაარსოს კომპანია, განახორციელოს საჭირო ინვესტიცია და განსაზღვროს შესაბამისი ბიზნეს გეგმა.

E2 ვიზის მისაღებად, აუცილებელია აპლიკანტი იყოს იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელთანაც აშშ-ს გაფორმებული აქვს E2 ხელშეკრულება. საბედნიეროდ, საქართველო 1997 წლიდან წარმოადგენს E2 შეთანხმების ხელმომწერ ქვეყნას, თუმცა, სამწუხაროდ, აქვე უნდა აღნინიშნოს, რომ დღემდე ამ ტიპის ვიზას საქართველოს მოსახლეობის მცირე ნაწილი იყენებს. უნდა ითქვას ისიც, რომ ინვესტიციის ოდენობა კანონმდებლობით არ არის დადგენილი და მისი განისაზღვრა კონრეტული ბიზნესის საჭიროებების მიხედვით ხდება.

E2 ტიპის ვიზა ითვალისწინებს ვიზას ინვესტორის მიერ კომპანიაში დასაქმებული პირებისათვისაც. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის 50%-იანი წილის მესაკუთრე საქართველოს მოქალაქეა, მას საშუალება ეძლევა, კომპანიაში დაასაქმოს საქართველოს სხვა მოქალაქეები აღმასრულებელ, მენეჯერულ და სპეციალიზებულ პოზიციებზე. აღსანიშნია, რომ, H1B ვიზისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში არ ხდება ლატარიის ჩატარება პეტიციების განსახილველად.

არსებობს არასაიმიგრაციო სამუშაო ვიზის კიდევ ერთი ტიპი - L1 ვიზა, რომელიც ითვალისწინებს ვიზის გაცემას აშშ-ში კომპანიის ფილიალის გახსნის შემთხვევაში და, მაშინ, როდესაც უცხოური ფილიალებიდან ამერიკულ ფილიალში ხდება თანამშრომლების ტრანსფერი. სტარტაპებისათვის გაიცემა ერთწლიანი ვიზები, ხოლო მოქმედი კომპანიების დამფუძნებლებისა და თანამშრომელბისათვის კი - სამწლიანი ვიზები.

აშშ-ს საემიგრაციო კანონმდებლობა ითვალისწინებს სპეციალურ ვიზის ტიპს სპორტსმენებისთვის, მუსიკალური ბენდებისთვის, მსახიობთა დასებისთვის, ანსამბლებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის.

ზემოთ ჩამოთვლილი ვიზის ტიპებიდან, E2 ვიზის გარდა, ნებისმიერი მათგანის მოსაპოვებლად გასავლელი პროცედურა იდენტურია და გულისხმობს შემდეგს: იმ შემთხევაში, თუ აპლიკანტი აშშ-ს გარეთ იმყოფება, პეტიცია თავდაპირველად იგზავნება ამერიკის შეერთებული შტატების ,,მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურში". დადებითი პასუხის შემთხვევაში აპლიკანტი მიმართავს საკონსულოს, რომელიც, თავის მხრივ, გასცემს ვიზას. თუ აპლიკანტი აშშ-ს ტერიტორიაზე იმყოფება ლეგალურად, მას შეუძლია ქვეყნის დატოვების გარეშეც შეიცვალოს საიმგრაციო სტატუსი.

ანას პრაქტიკის ყველაზე დიდი ნაწილი ეთმობა მუშაობას იმ საიმიგრაციო ვიზების პეტიციებზე, რომლებიც გაიცემა განსაკუთრებული მიღწევების მქონე ადამიანებისათვის. საიმიგრაციო ვიზები გულისხმობს მუდმივი ბინადრობის უფლებას, რაც გარკვეული ვადის შემდეგ საშუალებას აძლევს აპლიკანტს, მიიღოს აშშ-ს მოქალაქეობა:

Eb11 ვიზა არის საიმიგრაციო ვიზის კატეგორია იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც განსაკუთრებული მიღწევები აქვთ სხვადასხვა სფეროში, მათ შორის - ბიზნესში, სპორტში, ტექნოლოგიებში, ხელოვნებასა და მეცნიერებაში; ხოლო EB2 NIW არის საიმიგრაციო ვიზის კატეგორია იმ ადამიანებისათვის, რომლთა საქმიანობაც ამერიკის ეროვნულ ინტერესებში შედის. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ამ ორი ტიპის ვიზის მისაღებად აუცილებლობას არ წარმოადგენს აშშ-ში სპონსორის ან დამსაქმებლის არსებობა.

აშშ-ს კომპანიებში დასაქმებული ადამიანებისთვის, დამსაქმებლის მიერ საიმიგრაციო საქმის წარმოების შემთხვევაში, დასაქმებულებისათვის ხელმისაწვდომია მუდმივი ბინადრობის უფლება განსაკუთრებული მიღწევების მქონე პირებისათვის ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების გარეშეც.

აგრეთვე, არსებობს მუდმივი ბინადრობის უფლების მიღების შესაძლებლობა ოჯახის გაერთიანების მიზნით, ან პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებლებისათვის.

ამერიკაში მოღვაწე ერთ-ერთი წამყვან პროფესიონალად აღიარებული ქართველი იურისტი როგორც გვიამბობს, ხშირია შემთხვევები, როდესაც წარმატებული სპორტსმენები, მსოფლიო თუ ევროპის ქართველი ჩემპიონები აშშ-ში საკმაოდ რთულ საემიგრაციო გზას გადიან, მაშინ, როდესაც მათი უმრავლესობა კვალიფიციურია Eb11 ვიზისთვის, ანუ მუდმივი ბინადრობის უფლებისთვის. ყოველივე ეს კი სწორედ ინფორმაციის ნაკლებობის, ან არაკომპეტენტური და საადვოკატო საქმიანობისთვის არალიცენზირებული პირების მიერ არასწორი რჩევის გაცემის გამო ხდება. წარმატებული ქართველი სპორტსმენები, ხშირ შემთხვევაში, ირთულებენ ბინადრობის უფლების მოპოვების პროცესს და წლების განმავლობაში საიმიგრაციო სამსახურიდან ელოდებიან პასუხს სხვა, მათთვის შეუსაბამო, ტიპის ვიზების მისაღებად.

უმოკლეს დროში წარმატებით დასრულებული ქართული საქმე:

"ბრატერის" კომპანიაში მუშაობისას ანას პროფესიულ გამოცდილებაში არსებულ ერთ-ერთ განსაკუთრებულ საქმეზე ვისაუბრეთ. ეს არის ახალგაზრდა ქართველი ბიზნესმენის, ირაკლი სარავას, საიმიგრაციო საქმე.

"ირაკლი სარავას საქმე, თავისი შინაარსით, მსვლელობითა და, რა თქმა უნდა, შედეგით, პროცესში ჩართული მხარეების საუკეთესო თანამშრომლობის თვალსაჩინო ნიმუშია. როდესაც მხარეებს ერთმანეთის კარგად ესმით, როდესაც ერთ ენაზე საუბრობენ და როდესაც იურისტი კარგად იცნობს აპლიკანტის მშობლიურ გარემოს, ასეთ შემთხვევაში წარმატება გარდაუვალია.

ირაკლის ჰქონდა საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ საფინანსო სექტორში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის საინტერესო გამოცდილება და გამორჩეული მიღწევები. პირველ ეტაპზე დავიწყეთ საქმის მომზადება ვადიანი ვიზის მისაღებად. თუმცა, მუშაობის პროცესში საქმის ძლიერი არგუმენტაციის საფუძველზე გამოიკვეთა შესაძლებლობა, რომ მოთხოვნა პირდაპირ ბინადრობის უფლებაზე გაგვეგზავნა. მუშაობის პროცესი უნიკალური იყო თავისი შინაარსით, ვინაიდან ქართული ბაზრის ცოდნა დამეხმარა ირაკლი სარავას განვლილ გზაში ის დეტალები აღმომეჩინა, რომლებიც მეტად საინტერესო აღმოჩნდებოდა აშშ-ის ,,მოქალაქეობისა და მიგრაციის" სამსახურისთვის. ამ ტიპის კოლაბორაციამ, თავის მხრივ, უნიკალური შედეგები მოიტანა.

თავად განსაჯეთ - აშშ-ს საიმიგრაციო სამსახური იძლევა საშუალებას (ცხადია, დამატებითი საფასურის გადახდის შემთხვევაში) აპლიკანტმა 15 დღის ვადაში მოითხოვოს საქმის განხილვა. ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ საქმის განხილვის სტანდარტული პროცედურის ხანგრძლივობაამ ტიპის ვიზისთვის ერთი წელია. ირაკლი სარავას შემთხვევაში ბინადრობის უფლებაზე დადებითი პასუხი მოთხოვნიდან მესამე დღეს მივიღეთ. ეს უპრეცედენტო შემთხვევა იყო, რადგან, როგორც წესი, პასუხი მოდის საპროცედურო ვადის ამოწურვის დღეს. საიმიგრაციო სამსახური დაგვეთანხმა, რომ ამ აპლიკანტის მიღწევები და განსაკუთრებული შესაძლებლობები ნამდვილად იყო იმ მასშტაბისა და მნიშვნელობის, რომ იგი პირდაპირ იმსახურებდა აშშ-ში მუდმივი ბინადრობის უფლებას.

კითხვაზე - თუ რა არის ის კონკრეტული უპირატესობა, რაც მის სერვისს კონკურენტულსა და განსაკუთრებით საინტერესოს ხდის აშშ-ში ემიგრაციის მსურველებისათვის - ანა პასუხობს, რომ აქ რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი.

"ჩემს პრაქტიკაში იურისტისა და ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის კვალიფიკაციები გაერთიანდა. ასეთი კვალიფიკაცია და გამოცდილება განსაკუთრებით მეხმარება საიმიგრაციო საკითხებზე მუშაობისას, როდესაც საკითხი ბიზნეს-სფეროში მომუშავე ადამიანებს ეხება. ამგვარი გამოცდილება და უნარები იძლევა იმის საშუალებას, რომ კომუნიკაცია იყოს სწრაფი, ლაკონიური და მაქსიმალურად გასაგები ორივე მხარისთვის, რაც, თავის მხრივ, აჩქრებს პროცესსა და ზრდის საქმის წარმატებით დასრულების შანსს. საქართველოს კანონმდებლობის ცოდნა, ასევე, მეხმარება იმაში, რომ კლიენტებს გავუწიო ეფექტური იურიდიული კონსულტაცია არა მხოლოდ ამერიკის საიმიგრაციო სამართლის კუთხით, არამედ - საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. საქართველოს ბაზარზე მიღებული გამოცდილება მანიჭებს კონკურენტულ უპირატესობას, რათა ჩემი და ქართველი კლიენტის კოლაბორაცია გავხადო მაქსიმალურად ეფექტური როგორც საქმისთვის საჭირო დოკუმენტაციის მოპოვების ეტაპზე, ასევე საქმის საიმიგრაციო სამსახურისთვის გადაცემის პროცესში."

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინდუსტრიული ტრენდები

ქართული ჩაის ახალი ბრენდი გურიიდან

უმაღლესი ხარისხის ქართული ჩაი ჩაის მოყვარულთათვის!