აპირებს თუ არა ტიმ კუკი გადადგომას? Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი პენსიაზე გასვლის შესახებ გავრცელებულ ხმებს პასუხობს
By Sherin Shibu
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი, ტიმ კუკი, წასვლას არ აპირებს.
ABC-ის გადაცემაში "Good Morning America", რომელიც ამ კვირაში გავიდა, 65 წლის დირექტორმა უარყო გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ ის მალე პენსიაზე გასასვლელად ემზადება. როდესაც პირდაპირ ჰკითხეს, გეგმავდა თუ არა პოსტის დატოვებას, კუკმა ABC-ს უთხრა, რომ მას მსგავსი რამ არასდროს უთქვამს.
"მე ძალიან მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ. 28 წლის წინ Apple-ში მივედი და მას შემდეგ ყოველი დღე მიყვარს", – განმარტავს ის.
ამ ვარაუდებს საფუძველი ჩაუყარა Apple-ის ხელოვნური ინტელექტის, იურიდიულ და დიზაინის განყოფილებებში ბოლოდროინდელმა საკადრო ცვლილებებმა (ხელმძღვანელი პირების წასვლამ), ისევე როგორც კითხვებმა AI ტექნოლოგიების განვითარების ტემპთან დაკავშირებით. თუმცა, კუკმა განაცხადა, რომ ის კომპანიაში რჩება. მან ხელოვნურ ინტელექტს "გარდამტეხი" ტექნოლოგია უწოდა და აღნიშნა, რომ Apple ამ მიმართულებას კონფიდენციალურობის დაცვის ძლიერი ფოკუსით უდგება.
კუკის გამოცდილება Apple-ამდე
კუკმა 1982 წელს ობერნის უნივერსიტეტში სამრეწველო ინჟინერიის ბაკალავრის ხარისხი მიიღო, მოგვიანებით კი, 1988 წელს, დიუკის უნივერსიტეტის ფუკუას ბიზნესის სკოლაში MBA-ის ხარისხი დაიცვა.
IBM-ში გატარებული 12 წლის განმავლობაში, მან პერსონალური კომპიუტერების ბიზნესში დიდი გზა გაიარა – ჩრდილოეთ ამერიკის მიმართულების დირექტორი გახდა და სრულად ჩაიბარა წარმოებისა და დისტრიბუციის მართვა მთელ ამერიკაში.
IBM-ის შემდეგ ის Intelligent Electronics-ის გადამყიდველების განყოფილების ოპერაციული დირექტორი გახდა, მოგვიანებით კი Compaq-ის კორპორაციული მასალების ვიცე-პრეზიდენტი, სადაც პერსონალური კომპიუტერების მწარმოებელი გიგანტის კომპონენტებისა და პროდუქციის უზარმაზარი მარაგების მართვაზე იყო პასუხისმგებელი.
რა მიზნით მივიდა ის Apple-ში
1998 წელს კუკმა მიიღო სრულიად არაორდინარული გადაწყვეტილება: მან დატოვა Compaq – იმ დროისთვის პერსონალური კომპიუტერების ბაზრის ლიდერი – და შეუერთდა კრიზისში მყოფ Apple-ს, გლობალური ოპერაციების უფროსი ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზე.
"ხარჯებისა და სარგებლის ნებისმიერი რაციონალური გათვლა Compaq-ის სასარგებლოდ მეტყველებდა, ხოლო ადამიანები, რომლებიც ყველაზე კარგად მიცნობდნენ, მირჩევდნენ, რომ იქ დავრჩენილიყავი. ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი, რომელსაც რჩევა ვკითხე, იმდენად დარწმუნებული იყო ამაში, რომ მითხრა, რომ სულელი ვიქნებოდი, Compaq Apple-ის გამო რომ დამეტოვებინა", – განაცხადა კუკმა 2010 წელს, ობერნის უნივერსიტეტის გამოსაშვებ საღამოზე სიტყვით გამოსვლისას.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაბიჯი ლოგიკას არ ექვემდებარებოდა, კუკმა გადაწყვიტა საკუთარი ინტუიციისთვის მოესმინა. CNBC-ის მონაცემებით, იგი Apple-ს 1998 წლის მარტში შეუერთდა; მისი საბაზისო ხელფასი 400 000 დოლარს შეადგენდა, ხოლო ერთჯერადი ბონუსი ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას – 500 000 დოლარს. ის ოპერაციული დირექტორის პოზიციამდე დაწინაურდა, სანამ 2011 წელს Apple-ის აღმასრულებელი დირექტორის (CEO) პოსტს დაიკავებდა.
რა გააკეთა კუკმა აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე დღემდე
კუკის ხელმძღვანელობით Apple-მა ისეთი ახალი პროდუქტები გამოუშვა, როგორიცაა Apple Watch და AirPods, პარალელურად კი განაგრძო iPhone-ისა და iPad-ის მუდმივი სრულყოფა. Macworld-ის მონაცემებით, დღეს Apple-ის შემოსავალი თითქმის ოთხჯერ აღემატება იმ მაჩვენებელს, რაც კუკის მოსვლისას იყო, რაც ძირითადად iPhone-იდან მიღებული შემოსავლების გაოთხმაგებამ განაპირობა.
კუკმა ასევე გააფართოვა სერვისების მიმართულება და ისეთი შეთავაზებები, როგორიცაა Apple Music და Apple TV+, რომელთა გამომწერებიც შემოსავლის მუდმივ წყაროდ აქცია. სერვისებიდან მიღებული შემოსავალი 2012 წლის 15 მილიარდი დოლარიდან 2024 წლისთვის 68 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
მისი მმართველობის პერიოდში Apple-ის საბაზრო ღირებულება 1 ტრილიონზე ნაკლებიდან რამდენიმე ტრილიონამდე გაიზარდა. ამ სტატიის წერის მომენტში Apple მსოფლიოს მესამე ყველაზე ძვირადღირებული კომპანიაა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია 3,67 ტრილიონ დოლარს შეადგენს. იგი ჩამორჩება Nvidia-ს (4,33 ტრილიონი დოლარი) და Alphabet-ს (3,68 ტრილიონი დოლარი).
კუკის ანაზღაურებამ 2025 წელს 74 მილიონი დოლარი შეადგინა, რითაც იგი აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი აღმასრულებელი დირექტორი გახდა.
თარგმანი: მარიამ ქობალია