განწირულები ვართ? - Fiverr-ის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ხელოვნური ინტელექტი ნამდვილად წაგვართმევს სამსახურს. აი, რა შეიძლება გაკეთდეს ამის საპირწონედ

By Sherin Shibu

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

McKinsey-ის ანგარიშის მიხედვით, 2030 წლისთვის ხელოვნური ინტელექტი აშშ-ში სამუშაო ადგილების 30%-ის ავტომატიზებას შეძლებს. Goldman Sachs-ის ანგარიშის თანახმად კი, ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია გლობალურად 300 მილიონი სამუშაო ადგილი გააუქმოს, ხოლო აშშ-სა და ევროპაში სამუშაოს ორი მესამედის ავტომატიზება მოახდინოს.

ამის ფონზე კი, ერთ-ერთი უდიდესი ფრილანსერული კომპანიის, Fiverr-ის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა რომელ პროფესიას აირჩევთ - ხელოვნური ინტელექტი თქვენს სამსახურამდეც მივა.

"არ აქვს მნიშვნელობა, პროგრამისტი ხართ, დიზაინერი, პროდუქტის მენეჯერი, მონაცემთა მეცნიერი, იურისტი, მომხმარებელთა მხარდაჭერის წარმომადგენელი, გამყიდველი თუ ფინანსისტი - ხელოვნური ინტელექტი თქვენს სამსახურამდეც მოდის", - წერდა Fiverr-ის აღმასრულებელი დირექტორი, მიჩა კაუფმანი წინა თვეში შიდა მეილით გაგზავნილ წერილში, რომლითაც კომპანიის 775 თანამშრომელს აფრთხილებდა ხელოვნური ინტელექტის პოტენციალის შესახებ მათი სამუშაო ადგილების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით. მას შემდეგ კაუფმანმა აღნიშნული ინფორმაცია საჯაროდ გამოაქვეყნა X-ზე.

თანამშრომლებისთვის გაგზავნილ მეილში კაუფმანმა გაამხილა "უსიამოვნო სიმართლე" იმასთან დაკავშირებით, რომ ხელოვნური ინტელექტი მალე თავის თავზე აიღებს ყველა როლს, თუნდაც საკუთარს. ამოცანები, რომლებიც ოდესღაც "მარტივად" მიიჩნეოდა, აღარ იარსებებს, ხოლო რთული ამოცანები ახალ, მარტივ ამოცანებად იქცევა. ერთი სიტყვით, ხელოვნური ინტელექტი შექმნის გარემოს, სადაც კონკრეტულ სფეროში მუშაობისთვის ოსტატობა ან "განსაკუთრებული ნიჭი" აუცილებელი პირობა გახდება.

"თუ არ იქნები გამორჩეული, ოსტატი იმ საქმეში, რასაც აკეთებ, რამდენიმე თვეში კარიერის შეცვლის აუცილებლობის წინაშე აღმოჩნდები. განწირულები ვართ? ყველა არა, მაგრამ ისინი, ვინც სასწრაფოდ არ გამოიღვიძებენ და ახალ რეალობას ვერ აღიქვამენ, სამწუხაროდ, განწირულები არიან", - აღნიშნა კაუფმანმა.

მეილში კაუფმანმა ასევე განმარტა ნაბიჯები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოს პიროვნებამ იმისთვის, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით თავის სფეროში გამორჩეული გახდეს და სამსახური ავტომატიზაციისგან იხსნას.

კაუფმანმა თანამშრომლებს ურჩია, შეესწავლათ ხელოვნური ინტელექტის უახლესი, სპეციალიზებული შეთავაზებები (პროგრამისტებისთვის - Cursor-ი, ხელოვნური ინტელექტის კოდის რედაქტორი; იურისტებისთვის კი, ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტი - Legora, რომელიც კვლევასა და დოკუმენტების განხილვაში უწევს დახმარებას) და აგრეთვე, დაჰკავშირებოდნენ გუნდის ისეთ წევრებს, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს კარგად იცნობენ, რათა მათგან მეტი ისწავლონ.

"თქვენი ღირებულება მანამდე შემცირდება, სანამ გაიზრებთ, რა მოხდა, თუკი არ იცით, როგორ გამოიყენოთ გენერაციული ხელოვნური ინტელექტი",- წერდა კაუფმანი.

კაუფმანი ერთ-ერთია იმ მრავალ აღმასრულებელ დირექტორთა შორის, ვინც თანამშრომლებს სამუშაოსადმი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ურჩევს. გასულ კვირას Duolingo-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ლუის ფონ ანმა საჯაროდ გამოაქვეყნა თანამშრომლებისთვის გაგზავნილი წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ კომპანია კონტრაქტით დასაქმებულ თანამშრომლებს ხელოვნური ინტელექტით ცვლიდა. გარდა ამისა, წინა თვეში Shopify-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტობი ლუტკემ გამოაქვეყნა თანამშრომლებისთვის გაგზავნილი შიდა წერილი, რომელშიც მათ მოუწოდებდა, რომ გუნდში მეტი თანამშრომლის დამატებამდე ხელოვნური ინტელექტისთვის მიემართათ.

Fiverr-ი ფუნქციონირებს როგორც ფრილანსერების ბაზარი, სადაც იყიდება მომსახურება, რაც მოიცავს დიზაინს ან ქოფირაითინგს. Fiverr-ის უახლესი შემოსავლების ანგარიშის თანახმად, პლატფორმას 2024 წელს 3,6 მილიონზე მეტი წლიური აქტიური მყიდველი ჰყავდა. ამ ფაქტმა 2024 წელს 391,5 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მოიტანა, რაც 8,3%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით.

თარგმანი: მარიამ ქობალია

Sherin Shibu

Entrepreneur Staff

News Reporter

Sherin Shibu is a business news reporter at Entrepreneur.com. She previously worked for PCMag, Business Insider, The Messenger, and ZDNET as a reporter and copyeditor. Her areas of coverage encompass tech, business, strategy, finance, and even space. She is a Columbia University graduate.
ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი