Google-ის თანადამფუძნებელი სერგეი ბრინი აცხადებს, რომ კომპანიას უამრავი თანამშრომელი აჰყავს უმაღლესი განათლების გარეშე
By Sherin Shibu
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Google-ის თანადამფუძნებელი, სერგეი ბრინი აცხადებს, რომ ტექნოლოგიური გიგანტი სულ უფრო ხშირად ასაქმებს ადამიანებს ბაკალავრის ხარისხის გარეშე, რაც უნარებზე დაფუძნებულ ეკონომიკაზე გადასვლის ტენდენციას ასახავს.
ბრინმა სტენფორდის უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ Google-ის კადრების შერჩევის პროცესში ელიტური აკადემიური წარსულის მნიშვნელობამ იკლო. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიაში კვლავ ბევრი "აკადემიური ვარსკვლავი" მუშაობს, მისი თქმით, ზოგიერთი თანამშრომელი თვითნასწავლია ან არატრადიციული განათლების მქონეა.
"იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ბევრი აკადემიური ვარსკვლავი გვყავს დაქირავებული, ასევე გვყავს უამრავი ადამიანი, რომლებსაც ბაკალავრის ხარისხი არ აქვთ. მათ, უბრალოდ, თავადვე სადღაც, თავიანთ "უცნაურ კუთხეში", ყველაფერში გარკვევა შეძლეს", – ამბობს ბრინი.
ამ კულტურულ ცვლილებას მონაცემებიც ადასტურებს. არაკომერციული კვლევითი ორგანიზაციის, Burning Glass Institute-ის მონაცემებით, Google-ში იმ ვაკანსიების წილი, რომლებიც კოლეჯის ხარისხს მოითხოვდა, 2017 წლის 93%-დან 2022 წლის 77%-მდე შემცირდა. სხვა ტექნოლოგიურმა გიგანტებმა, როგორიცაა Microsoft, Apple და Cisco, ასევე შეამცირეს ხარისხის მოთხოვნები ბოლო პერიოდში. ისინი საგანმანათლებლო კვალიფიკაციის ნაცვლად დემონსტრირებადი უნარების შეფასებაზე გადადიან.
თავად ბრინის აკადემიური არჩევანიც უფრო ინტერესით იყო განპირობებული, ვიდრე კვალიფიკაციით.
"კომპიუტერული მეცნიერებები იმიტომ ავირჩიე, რომ სფეროთი გატაცებული ვიყავი. ალბათ, შეიძლება ითქვას, რომ გამიმართლა კიდეც, რადგან ასეთი ტრანსფორმაციული სფეროს ნაწილი ვიყავი", – თქვა ბრინმა.
ბრინი სტენფორდის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების დოქტორანტი იყო, როდესაც ლარი პეიჯი გაიცნო და Google-ის შექმნა დაიწყო. მან მაგისტრის ხარისხი 1995 წელს მიიღო, თუმცა სადოქტორო პროგრამა შეწყვიტა, რათა მთელი დრო Google-ზე მუშაობისთვის დაეთმო.
ბრინმა სტენფორდის სტუდენტები გააფრთხილა, რომ აკადემიური არჩევანი მხოლოდ იმ შიშით არ გააკეთონ, თითქოს ხელოვნური ინტელექტი (AI) კონკრეტულ პროფესიებს ჩაანაცვლებს. მაგალითად, მან ურჩია სტუდენტებს, ნუ გადავლენ ლიტერატურის ფაკულტეტზე მხოლოდ იმიტომ, რომ AI კოდის წერაში სულ უფრო ძლიერდება.
"სრული სიმართლე რომ ვთქვათ, ხელოვნური ინტელექტი ლიტერატურაში ალბათ კიდევ უფრო კარგად მუშაობს", – აღნიშნა მან.
ფინანსებისა და ტექნოლოგიების სფეროს ლიდერები იზიარებენ ბრინის სკეპტიციზმს აკადემიური რეგალიებისადმი გადაჭარბებული ნდობის შესახებ. JPMorgan Chase-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეიმი დეიმონმა, 2024 წელს განაცხადა, რომ ელიტური განათლება და მაღალი ნიშნები ავტომატურად არ ნიშნავს მაღალ ეფექტურობას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბევრი ადამიანის რეალური შესაძლებლობები რეზიუმეში ხშირად საერთოდ არ ჩანს.
ანალოგიურად, Palantir-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალექს კარპმა, გასულ წელს ერთ-ერთ შეხვედრაზე თქვა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, თანამშრომელმა საერთოდ არ ისწავლა უნივერსიტეტში, საშუალო დონის სასწავლებელი დაამთავრა თუ ჰარვარდი.
"როგორც კი Palantir-ში მოდიხართ, თქვენ ხდებით Palantir-ელი. სხვა დანარჩენი არავის აინტერესებს," – განაცხადა მან.
ბრინისთვის უნარებზე დაფუძნებული დასაქმების პოპულარობა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს თავად უმაღლესი განათლების დანიშნულებას.
"მე, უბრალოდ, უკეთ დავფიქრდებოდი თავად უნივერსიტეტში სწავლის არსზე", – განუცხადა მან სტენფორდის სტუდენტებს.
თარგმანი: მარიამ ქობალია